მეორე შვილი – ახალი გამოწვევა დედისთვის

გააზიარე:

ალბათ ბევრი დედისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც კეთილმოსურნეები დამრიგებლური კილოთი გეუბნებიან: “მარტო ცოდოა, აუცილებლად უნდა დაიკო ან ძამიკო”. დედებზე წნეხი ძალიან დიდია, მაშინ როდესაც შორიდან მარტივია იმის თქმა, რომ დედობა საჩუქარია და ბავშვზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

დედობა მართლაც საჩუქარია და შვილზე დიდი ბედნიერებაც არ არსებობს, მაგრამ ამ უდიდეს ბედნიერებას უამრავი გამოწვევა ახლავს თან და მათთან გასამკლავებლად დედას არა მოწოდებები, არამედ ახლობლების რეალური დახმარება სჭირდება.

პირველი შვილი სრულიად ახალი გამოწვევაა დედისთვის. მისთვის უცნობია ლაქტაცია, მისი თანმხლები სირთულეები, მუდმივად ტონუსში ყოფნა, ის აურაცხელი ყურადღება, რაც პატარას სჭირდება. მეორე შვილის დაბადებისთვის თითქოს უკვე მზად ვართ, ეს ყველაფერი თითქოს უკვე გავლილი და ნაცნობია, ამიტომ ველით, რომ საქმე გაცილებით მარტივად წავა. გარკვეულწილად ასეც არის, მაგრამ მეორე შვილის დაბადებას თან ახლავს ისეთი გამოწვევები, რომლებზეც ერთი შვილის აღზრდისას არც კი გიფიქრიათ.

რა მალე გაიზარდა!

არ აქვს მნიშვნელობა, რამხელა შუალედია ბავშვებს შორის – პირველი, რასაც ყველა დედა აღნიშნავს, არის ის საოცარი შეგრძნება, რომელსაც, პატარასთან ერთად სამშობიაროდან შინ დაბრუნებულს, პირველი შვილის დანახვისას ეუფლება. დედას ეჩვენება, რომ ამ სამ-ოთხ დღეში ბავშვი თითქოს გაიზარდა და მის გონებაში უამრავი კითხვა იბადება: “ამხელა როდის გახდა? ვიყავი კი მისთვის საუკეთესო დედა? რამე ხომ არ დავაკელი? ბედნიერია? რას გრძნობს ახლა, პატარასთან ერთად რომ მხედავს? როგორ გავანაწილო დრო, რომ მას ყურადღება არ მოვაკლო?”

ეს ზღვაში წვეთია იმ ემოციებთან შედარებით, რასაც დედა ამ პირველი შეხვედრისას განიცდის. მერე კი იწყება გრძელი გზა, რომელიც ცრემლით, სიხარულით, სევდით, დანაშაულის გრძნობით არის სავსე.

დანაშაულის გრძნობა

ჩვილი დედისგან იმდენ ყურადღებას ითხოვს, რომ დედა იფიტება, იღლება. ამას ერთვის უძილობა, მუდმივი დაღლილობა, მოჭარბებული ემოციები. დედას ძალიან უჭირს ჩვილის მოვლის პარალელურად სხვა საქმის კეთება, მაგრამ როდესაც მისი ყურადღება კიდევ ერთ პატარას სჭირდება, დედა იძულებულია, თავი ხელში აიყვანოს და ყოველგვარი სირთულე დაძლიოს.

თუ ჩვილთან ერთად ჩაეძინა ან უფროსი ავადმყოფობის გამო ბებოსთან გაუშვა, რათა პატარას ვირუსი არ გადასდებოდა, თავს იჩენს მძაფრი დანაშაულის გრძნობა, რომელიც დედისთვის აქამდე უცნობი იყო. თუ წინათ სიცხიანი უფროსი შვილის სახლიდან გაშვებას ვერც კი წარმოიდგენდით, ახლა სხვა გზა არ გაქვთ; თუ აქამდე მის ცხოვრებაში მთელი არსებით იყავით ჩართული, ახლა მას მამა აბანავებს, მამა უყვება ძილის წინ ზღაპარს, ბებოს გაჰყავს ეზოში სათამაშოდ...

არ თქვათ უარი დახმარებაზე

საუკეთესო რჩევა, რაც შეიძლება მისცე დედას, ალბათ ეს არის: არ თქვათ უარი, თუ ვინმემ დახმარება შემოგთავაზათ. ნუ ჩათვლით, რომ ყველაფერი თქვენი საკეთებელია და ნუ დაისახავთ მიზნად, იდეალური დედა და დიასახლისი იყოთ. იდეალური ადამიანები არ არსებობენ. მიეცით ახლობლებს საშუალება, ტვირთი შეგიმსუბუქონ. მეტად ჩართეთ მამა ბავშვების მოვლაში. უფრო ხშირად ესტუმრეთ ბებიებს. ხშირად წადით სასეირნოდ მეგობრებთან ერთად, გქონდეთ ურთიერთობა სხვა დედებთან, გაუზიარეთ გამოცდილება, მოისმინეთ მათი რჩევები, ეცადეთ, არ ჩაჯდეთ სახლში და თავი უბედურად არ იგრძნოთ იმის გამო, რომ ჭურჭელი დასარეცხია ან სახლში იდეალური სისუფთავე არ არის – მთავარი თქვენი და თქვენი შვილების ფსიქიკური სიჯანსაღეა.

გაატარეთ დრო უფროს შვილთან ერთად

დედის დანაშაულის გრძნობას ისე არაფერი შველის, როგორც უფროს შვილთან ერთად გატარებული დრო. გამოყავით ყოველდღიურად თუნდაც ნახევარი საათი მხოლოდ მისთვის. ეთამაშეთ, მოუსმინეთ, უთხარით, როგორ გიყვართ, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ ისევე, როგორც მაშინ, როდესაც ოჯახში ის იყო ყველაზე პატარა.

ჩართეთ უფროსი შვილი უმცროსის მოვლაში

იმისთვის, რომ მთელი დღის განმავლობაში შეძლოთ უფროს შვილთან ურთიერთობა, დაიხმარეთ ის ჩვილის მოვლაში. სთხოვეთ, მოგაწოდოთ სუფთა საფენი ან პატარა სათამაშოთი გაართოს, სანამ თქვენ საკვებს მოუმზადებთ. შეაქეთ, უთხარით, რა ყოჩაღია, როგორ უვლის პატარა ძამიკოს თუ დაიკოს. სტუმრებთან აუცილებლად აღნიშნეთ, როგორი კარგი დამხმარე გყავთ, რომ მის გარეშე ძალიან გაგიჭირდებოდათ.

სტუმრები, ოჯახის წევრები იქნებიან ესენი, მეგობრები თუ შორეული ნათესავები, აუცილებლად გააფრთხილეთ, რომ სახლში შემოსვლისას ჯერ უფროს ბავშვს მიეფერონ, გაესაუბრონ და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდნენ პატარასთან.

თუ რეალურ მიზნებს დაისახავთ, არ მოსთხოვთ საკუთარ თავს იდეალურობას და პასუხისმგებლობას ახლობლებსაც გაუნაწილებთ, მთელი სისავსით იგრძნობთ იმ უდიდეს ბედნიერებას, რასაც ორი შვილის დედობა ჰქვია.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: