როდის და როგორ ვესაუბროთ ბავშვებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე

გააზიარე:

არცთუ ისე ადვილია, ბავშვს გულსატკენი ამბები სწორად მივაწოდოთ. მაგალითად, ის, რომ მისი საყვარელი ფუმფულა სათამაშო სარეცხ მანქანაში ჩაგვეკეტა, ან კარი ღია დაგვრჩა და ზაზუნა სახლიდან გაგვეპარა. ხოლო ისეთი მოვლენების ახსნა, როგორიცაა ძალადობა, მკვლელობა, პანდემია ან ომი, სულაც წარმოუდგენელი ჩანს.

დღეს ყოველი მხრიდან ახალი ამბების უზარმაზარი ნაკადი მოედინება და მათი დიდი ნაწილი უსიამოვნოა. უფროსებმა შესაძლოა ვერც კი შევამჩნიოთ, მაგრამ ეს ამბები ბავშვის ცნობიერებაში ილექება და მომავალში უარყოფითად აისახება მის ფსიქიკაზე.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების სწორად ახსნა ბავშვს დაცულობის განცდას მატებს და უფრო მკაფიო წარმოდგენას უქმნის იმ სამყაროს შესახებ, რომელშიც ცხოვრობს. როდესაც ვასწავლით, რომ აუცილებლად დასვას კითხვები, აუცილებლად გადაამოწმოს მიღებული ინფორმაცია, მას უვითარდება კრიტიკული აზროვნება, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გამოადგება. ზრდასრულ ადამიანებსაც კი გვიჭირს, მოვერიოთ უსამართლობის განცდას, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელი ზოგადსაკაცობრიო პრობლემების გააზრებისას გვეუფლება, მაგრამ ბავშვისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია საკმარისი ცოდნა და ძლიერი ხასიათი, რათა ცხოვრებისეულ სირთულეთა გადალახვა შეძლოს. ცოდნის შეძენასა და ხასიათის გამოწრთობაში კი ჩვენ, მშობლები უნდა დავეხმაროთ.

ასაკი მნიშვნელოვანია

დღეს ბავშვებს ინტერნეტის მეშვეობით მათთვის საინტერესო თითქმის ყველა თემაზე შეუძლიათ ინფორმაციის მოპოვება, და არა მხოლოდ საყვარელ სპორტსმენზე ან ფილმზე, არამედ ძალადობაზე, თვითმკვლელობასა და სხვა მძიმე თემებზეც, ამიტომ სანამ ინფორმაციას დამახინჯებული სახით მიიღებენ მომხმარებელთა კომენტარებიდან თუ ასაკისთვის შეუფერებელი ვიდეოებიდან, ეცადეთ, შეუქმნათ ისეთი გარემო, რომ ინტერესის შემთხვევაში პირველად თქვენთან მოვიდნენ, თქვენ კი, იმისდა მიუხედავად, სასიამოვნოა თუ არა ეს თემა თქვენთვის, დააკმაყოფილოთ მისი ცნობისმოყვარეობა. თუ მიგაჩნიათ, რომ სათანადოდ კომპეტენტური არ ხართ, შეგიძლიათ, მოიძიოთ სანდო ინფორმაცია და ერთად გაეცნოთ.

გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი და განვითარების დონე, რათა უკეთ ახსნათ მოვლენები. 4 წლის ბავშვი და 15 წლის თინეიჯერი მოვლენებს სხვადასხვანაირად აღიქვამენ და მიდგომაც, ცხადია, სხვადასხვა უნდა აირჩიოთ.

მაგალითად, სკოლამდელი ასაკის პატარებს ყველაფერი პირდაპირ ესმით და ყველაფრის სჯერათ. თუ სამი წლის ბავშვს ეტყვით, რომ საწოლის ქვეშ ბუა იმალება, ის თავქუდმოგლეჯილი გამოიქცევა საძინებლიდან და ალბათ შიში კარგა ხანს გაჰყვება. თინეიჯერს კი იგივე, რა თქმა უნდა, სიცილად არ ეყოფა. ასე რომ, უნდა იცოდეთ, რა ასაკში როგორ აღიქვამს ბავშვი მოვლენებს და როგორ რეაგირებს მათზე. ამ შემთხვევაში საჭირო დროს საჭირო ინფომაციის მიწოდება აღარ გაგიჭირდებათ. გასათვალისწინებელია ბავშვის ხასიათი და გამოცდილებაც, რომლებიც მის აღქმაზე არანაკლებ გავლენას ახდენს. ამ ყველაფრის კომბინაცია სწორი ნაბიჯების გადადგმისკენ გიბიძგებთ.

გთავაზობთ რჩევებს სხვადასხვა ასაკის ბავშვთან სენსიტიური თემების განხილვისთვის.

2-6 წელი

ამ ასაკის ბავშვებს არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება რთული თემების გასაგებად და აღსაქმელად. ისინი ვერც გადატანით მნიშვნელობას ხვდებიან, ვერც სარკაზმს და ვერც შავ იუმორს. მათი სამყაროს ცენტრი ოჯახია და მოვლენებზე რეაგირებასაც ოჯახის წევრების მიბაძვით სწავლობენ. თუ ჭიქის გატეხვაზე დედა კივის და იწყევლება, დიდი შანსია, შვილიც ასევე მოიქცეს.

ბავშვები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახის წევრების, განსაკუთრებით კი მშობლების ემოციურ მდგომარეობას. თუ მოწყენილი ხართ, ბავშვმა კი მიზეზი არ იცის, შესაძლოა იფიქროს, რომ მან გაწყენინათ და თვითონაც მოიწყინოს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიმართ თქვენს დამოკიდებულებასაც სარკესავით ირეკლავს მისი ფსიქიკა.

ეცადეთ, მოარიდოთ ამ ასაკის ბავშვები ცუდ ახალ ამბებს. საინფორმაციო გადაცემის ყურებისას ჩაუწიეთ ტელევიზორს ან მაშინ უყურეთ, როდესაც ბავშვი ოთახიდან გავა.

შესაძლოა, პატარამ იმწუთას არაფერი შეიმჩნიოს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ამოუტივტივდეს გონებაში ნანახი ან გაგონილი და ააფორიაქოს.

დაამშვიდეთ, დაარწმუნეთ, რომ ყველაფერი რიგზეა, რომ მშობლები მუდამ მასთან იქნებიან, ჩაეხუტეთ და მოეფერეთ.

უთხარით, რომ შიში ნორმალური გრძნობა, რომ ყველას რაღაცის გვეშინია, მაგრამ სანამ საყვარელი ადამიანები გვერდით გყავთ, ყველაფერი კარგად იქნება.

გაარკვიეთ, რა იცის ბავშვმა ან რა ჰგონია, რომ იცის. თუ მისი წარმოდგენა მიმდინარე მოვლენების შესახებ მცდარია, მისთვის გასაგები ენით აუხსენით, როგორ არის საქმე სინამდვილეში.

გაუმარტივეთ მოვლენების აღქმა. შეიარაღებული დანაშაულის შესახებ ინფორმაციას თუ მოჰკრა ყური, უთხარით, რომ იარაღიანმა ადამიანმა იარაღი გამოიყენა, რათა სხვა ადამიანებისთვის ევნო. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევაში აუხსენით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გარკვეული მიზეზების, მაგალითად, კანის ფერის გამო უსამართლოდ ექცევიან. უთხარით, რომ ეს არასწორი საქციელია.

ეცადეთ, თავად არ დაუშვათ შეცდომა. ყველას გვჩვევია დროდადრო ასეთი ფრაზების დაუფიქრებლად წამოსროლა: "უი, რა მსუქანია", "რა შავია", "რა ლამაზია". არ მიაჩვიოთ ბავშვი ადამიანების შეფასებას რასის, წონის, ფინანსური სტატუსის მიხედვით.

დაუკავშირეთ მოვლენები მათ პირად გამოცდილებას. მაგალითად, ქურდობაზე საუბრისას გაახსენეთ, როგორ მოიპარა ვიღაცამ მისი სათამაშო პარკში. ეს სიტუაციის აღქმას გაუადვილებს.

ვითარების აღწერისას გამოიყენეთ სიტყვები "გაბრაზებული", "შეშინებული", "გაკვირვებული", "ბედნიერი“... ბავშვი მათ მნიშვნელობას ადვილად გაიგებს, ხოლო ტერმინ "ფსიქიკურ აშლილობას", დიდი ალბათობით, ვერ ჩასწვდება. ერიდეთ ბავშვთან ურთიერთობისას ისეთ გამოთქმებს, როგორიცაა "გააფრინა", "გაფსიხდა", "გაუბერა"...

აუცილებლად თქვით, რომ სიტუაციას აკონტროლებთ. მამიკო და დედიკო ყოველთვის დაიცავენ პატარას, პოლიციელები აუცილებლად დაიჭერენ ქურდებს.

7-12 წელი

ამ ასაკის ბავშვებმა წერა-კითხვა უკვე იციან და ადვილად პოულობენ ინფორმაციას საინტერესო თემებზე, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ არჩევენ სიმართლეს გამონაგონისგან, ამიტომ დიდი შანსია, მცდარი დასკვნები გამოიტანონ და აფორიაქდნენ.

ამ ასაკის ბავშვები ინტერნეტში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში, ამიტომ, როგორც არ უნდა აკონტროლოთ, მაინც გადააწყდებიან ეროტიკული შინაარსის რეკლამას თუ ძალადობის ამსახველ კადრებს. უნდა მისცეთ საშუალება, ნანახი თუ წაკითხული ყოველგვარი სირცხვილის გრძნობის გარეშე გაგიზიარონ.

დაელოდეთ საჭირო მომენტს. ამ ასაკის ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა და, დიდი ალბათობით, კითხვებზე პასუხის მისაღებად პირველს თქვენ მოგმართავთ. თუ ასე არ მოხდა, მაგრამ ატყობთ, რომ უჩვეულოდ მოიწყინა ან შფოთავს, მშვიდად ჰკითხეთ, რა აწუხებს, შეახსენეთ, რომ შეუძლია, განცდები თამამად გაგიზიაროთ – თქვენ არასოდეს დასცინებთ, ყოველთვის გაუგებთ და დაუჯერებთ.

ნუ გადააჭარბებთ. ეცადეთ, ბავშვისთვის ამა თუ იმ საკითხის ახსნისას ზედმეტი არ მოგივიდეთ ან მეტისმეტად ემოციურად არ მოახვიოთ თავს თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, თორემ შეიძლება უფრო მეტად შეაშინოთ და დაძაბოთ.

უპასუხოდ ნუ დატოვებთ მის ნურცერთ კითხვას. რა სენსიტიურიც არ უნდა იყოს ბავშვის მიერ წამოჭრილი საკითხი, შეძლებისდაგვარად, ყველა კითხვაზე უპასუხეთ, – რა თქმა უნდა, მისთვის გასაგები, მარტივი ენით. მაგალითად, მასობრივ მკვლელობაზე საუბრისას შეგიძლიათ უთხრათ, რომ იმ ადამიანს, ვინც ეს ჩაიდინა, გონებაში არეული ჰქონდა და თავის მოქმედებას ვერ აკონტროლებდა. თუ საქმე რასობრივი მიუღებლობის ნიადაგზე ჩადენილ ძალადობას ეხება, აუხსენით, რომ, ზოგი ადამიანის აზრით, თეთრკანიანები მუქკანიანებზე უკეთესები არიან, ამიტომ უფლება აქვთ, დაამცირონ ისინი, რაც სრულიად მიუღებელია. თუ ამ საკითხით დაინტერესდა, შესთავაზეთ მისი ასაკისთვის შესაფერისი წიგნები რასიზმზე, მაგალითად, ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას".

ნუ გამოამჟღავნებთ გადაჭარბებულ რეაქციას. თუ ბავშვი ისეთი თემით დაინტერესდა, როგორიცაა პორნოგრაფია, ნუ შეიცხადებთ, ნუ უყვირებთ და ნუ დატუქსავთ. ნუ გამოიყენებთ ფრაზები: "შენი საქმე არ არის", "რა დროს შენი ასეთებია", "ჯერ ადრეა შენთვის ამაზე ფიქრი", – ამით მხოლოდ გაუმძაფრებთ ინტერესს ამ თემის მიმართ და იმას მიაღწევთ, რომ ამ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად არა თქვენ, არამედ სხვა, დიდი ალბათობით, არასანდო წყაროს მიმართავს. არასწორმა ან არასათანადო ფორმით მიღებულმა ინფორმაციამ კი შესაძლოა დიდი ტრავმა მიაყენოს. სქესობრივი განათლება ძალიან ფაქიზი თემაა და აუცილებელია, ბავშვს თავიდანვე სწორი წარმოდგენა შეექმნას ამ თემასთან დაკავშირებული საკითხების მიმართ.

შეაჩვიეთ კრიტიკულ აზროვნებას. ნებისმიერი საკითხის განხილვისას ჩააბით დისკუსიაში, გაუზიარეთ თქვენი ემოციები და ჰკითხეთ, მან როგორ იგრძნო თავი ამა თუ იმ ამბის გაგებისას. რატომ? რატომ არ მოეწონა ეს ამბავი ასე ძალიან? ან, პირიქით, რატომ გაახარა ამ ამბის გაგებამ?

ნებისმიერ სიტუაციაში აქცენტი დადებით მხარეზე დასვით. მაგალითად, მასობრივი მკვლელობის განხილვისას ყურადღება იმაზე გაამახვილეთ, რა გმირულად მოიქცნენ პოლიციელები, ხანძარზე საუბრისას მეხანძრეების თავგანწირვას და შეუპოვრობას გაუსვით ხალხი, რათა ბავშვმა იცოდეს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მსგავს შემთხვევებში მის უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

თინეიჯერები

ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვი კითხულობს, უყურებს და, რაც მთავარია, ინტერაქციაშია მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან – აკომენტარებს, გამოხატავს საკუთარ აზრს. ამ დროს მშობლებს ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს, რათა არ გამოგვეპაროს საფრთხე, რომელიც სოციალურად აქტიურ ბავშვს ემუქრება და რომელსაც თავად ან აცნობიერებს, ან ვერა. ამ პერიოდში ყველაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ნდობას და სასურველია, ამ ასაკისთვის ის უკვე მოპოვებული გქონდეთ.

ყოველთვის მზად იყავით გულახდილი საუბრისთვის. რა მოუცლელიც არ უნდა იყოთ, აუცილებლად გამონახეთ დრო მისთვის სასურველ თემებზე სასაუბროდ. მოისმინეთ მისი აზრი, გაუზიარეთ თქვენიც. კითხვებით თავი არ მოაბეზროთ. აცადეთ გახსნა. ნება მიეცით, იქამდე გადაგიშალოთ გული, სადამდეც თვითონ მოისურვებს.

არ შეგეშინდეთ იმის აღიარების, რომ რაღაც არც თქვენ იცით, ან იცით, მაგრამ არც ისე ბევრი. თინეიჯერობა ის ასაკია, როდესაც ბავშვს დიდად არ ავნებს იმის გაგება, რომ მისი მშობლები ყოვლისმცოდნეები არ არიან. ასეთ საკითხებზე ერთად მოიძიეთ ინფორმაცია და გაუზიარეთ ერთმანეთს საკუთარი გრძნობები და მოსაზრებები.

ისაუბრეთ მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებზე. აგრძნობინეთ ბავშვს, რომ თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანია და ყველას შეუძლია სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა, მთავარი მონდომებაა.

 ლიკა ქათამაძე

 

 

 

 

 

 

გააზიარე: