ბავშვის საკუთარი დრო

გააზიარე:

მშობლებს გვიყვარს ჩვენს პატარებთან ერთად დროის გატარება, მათი მოფერება, ჩახუტება, მოღუტუნება და მათი კისკისის მოსმენა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დამოუკიდებლად თამაშს ბავშვის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მშობლებმა ჩვილი ასაკიდანვე უნდა მივცეთ ბავშვს საშუალება, დამოუკიდებლად იკვლიოს სამყარო, რადგან ამ პერიოდში ჩამოყალიბებული უნარები: პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის, გამოწვევებთან დამოუკიდებლად გამკლავების, საკუთარი თავის გართობისა და დამშვიდების, – ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

ეს მშობლისთვისაც ხელსაყრელია, რადგან სანამ პატარა დამოუკიდებლად ერთობა, დედას და მამას შეუძლიათ, აკეთონ ის საქმე, რასაც ბავშვთან ერთად ვერ გააკეთებდნენ ან უბრალოდ დაისვენონ, დასვენებული და მშვიდი მშობელი კი შვილთან ერთად უფრო პოზიტიურად და ხარისხიანად ატარებს დროს.

განვიხილოთ, რა ასაკში რამდენ დროს უნდა ატარებდეს პატარა დამოუკიდებლად და როგორ შეგვიძლია მშობლებს, ხელი შევუწყოთ მას დამოუკიდებლად თამაშის უნარის ჩამოყალიბებაში.

დამოუკიდებლად თამაშის დადებითი შედეგები

დამოუკიდებლად თამაში და უფროსებსა და სხვა ბავშვებთან კომუნიკაცია პატარას განვითარებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. დროის დამოუკიდებლად გატარება ბავშვს მრავალ გამოწვევას უსახავს: დაუხმარებლად უნდა მიაღწიოს სასურველ ადგილს, აიღოს სათამაშო, რომელსაც ვერ სწვდება, წამოდგეს, გადაწყვიტოს, რას მოეჭიდება, დაუძახოს დედას, მოიფიქროს, როგორ დაამყაროს კომუნიკაცია თანატოლთან. ამ ყველაფრის შედეგად ბავშვს უვითარდება კონცენტრაციის უნარი, ემატება თავდაჯერება და საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.

ბავშვი დედისგან განცალკევებულ ადამიანად საკუთარი თავის აღქმას დაახლოებით რვა თვიდან იწყებს. ამ ასაკში დამოუკიდებლად თამაში მას საკუთარი იდენტობის განცდას განუმტკიცებს. როდესაც რამე გამოუვა, ბავშვი საკუთარ თავს ტაშს უკრავს და ჩვენც უნდა შევაქოთ, როდესაც დავინახავთ, რომ მორიგ გამოწვევას დამოუკიდებლად გაართვა თავი: ადგა, ჟურნალების მაგიდას დაყრდნობილმა გაიარა და ა.შ. მნიშვნელოვანია კიდევ ერთი რამ: ბავშვი, რომელიც მარტო თავს კომფორტულად გრძნობს, მომავალში მეგობრებს გაიჩენს არა იმიტომ, რომ მარტოობა აშინებს და ვიღაცასთან კონტაქტი უნდა, არამედ იმის მიხედვით, ვისთან ერთად უკეთესად გაატარებს დროს.

დამოუკიდებელი თამაშის სხვა დადებითი შედეგებია:

* წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარის განვითარება;

* საკუთარი ინტერესების გაცნობიერება;

* დაბრკოლებების დასაძლევად საკუთარი მეთოდების მოფიქრება;

* დამოუკიდებლობის განცდით მიღებული სიამოვნება.

როდის რამდენი

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო მეტი დროის გატარება შეუძლია დამოუკიდებლად.

* 6 თვის პატარა დაახლოებით 5-7 წუთს ჩერდება მარტო, სანამ მშობელი მისი თვალთახედვის არეში არ არის.

* 8-9 თვიდან განსაკუთრებით იზრდება მშობელზე მიჯაჭვულობის ხარისხი, ამიტომ ამ ასაკში მარტო ყოფნის დრო შესაძლოა კი არ გაიზარდოს, პირიქით, შემცირდეს და მშობლის მეორე ოთახში გასვლისთანავე ბავშვმა ტირილი მორთოს.

* 10-12 თვისთვის პატარა ამ ეტაპსაც გაალახავს. ერთი წლის ბავშვი დაახლოებით 15 წუთს უთმობს დამოუკიდებლად თამაშს.

* წლინახევრის პატარა 15-20 წუთი ერთობა მარტო.

* ორი წლისთვის ბავშვი დაახლოებით 30 წუთი ირთობს თავს.

უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ხასიათიც. მშვიდი, გაწონასწორებული პატარა უფრო მეტ დროს ატარებს მარტო, იკვლევს გარემოს და მეტხანს ძლებს უფროსის გარეშე, ხოლო მომთხოვნ, ფიცხ ბავშვს უფრო მალე ბეზრდება თავის გართობა და გარშემო მყოფებისგან ყურადღებას ითხოვს.

ვიწყებთ დამოუკიდებლად თამაშს

დამოუკიდებლად თამაშისთვის რომ წაახალისოთ, დასვით პატარა უსაფრთხო ადგილას, მოიმარაგეთ მისი საყვარელი სათამაშოები და წიგნები, დაიწყეთ მასთან თამაში და როდესაც ის მთელი არსებით ჩაერთვება პროცესში, შეუმჩნევლად გაეცალეთ. დადექით შორიახლოს.

წლამდე ასაკის ბავშვი, უმჯობესია, ოთახში სულ მარტო არ დატოვოთ – იქვე იყავით და დროდადრო სიტყვიერად გაამხნევეთ პატარა, ტაში დაუკარით ან მოესიყვარულეთ. როცა ასაკი მოემატება, შეგიძლიათ, რამდენიმე წუთით გახვიდეთ ოთახიდან და დააკვირდეთ, როგორ მოახერხებს ადაპტაციას.

თუ პატარა ტირის და გეძახით, აუცილებლად მიდით მასთან, ჩაეხუტეთ, დაამშვიდეთ. მან უნდა იცოდეს, რომ როდესაც სხვა ოთახში გადიხართ, ყოველთვის დაბრუნდებით.

პატარებს დროის შეგრძნება არ გააჩნიათ და ვერ ხვდებიან, რამდენი ხანი გავიდა, რაც ვეღარ გვხედავენ, ამიტომ როდესაც გააცნობიერებენ, რომ მათ გვერდით აღარ ვართ, ტირილით გვიხმობენ. ამ შემთხვევაში ბავშვი მარტო დატოვეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის თავად გახოხდება სხვა ოთახში. უმალვე ნუ გაჰყვებით, აცადეთ და დააკვირდით, როგორ მოიქცევა, როდესაც შეამჩნევს, რომ მასთან აღარ ხართ. თუ თვითონვე დაბრუნდა თქვენთან, შეაქეთ, აჩვენეთ, როგორ გაგიხარდათ მისი დანახვა. ის ისევ და ისევ გაიმეორებს ამ ქმედებას და ნელ-ნელა მიხვდება, რომ თქვენ ყოველთვის მის გვერდით ხართ, თუნდაც სხვა ოთახში ეგულებოდეთ.

მოიშორეთ დანაშაულის გრძნობა

ხშირად ბავშვის მარტო დატოვებას თავად მშობელი არიდებს თავს, რადგან ჰგონია, რომ მისი სწორი განვითარებისთვის აუცილებელია, გამუდმებით მის გვერდით იყოს, გაართოს და მისი ყოველი ნაბიჯი აკონტროლოს. ნამდვილად არ არის ასე. მართალია, მშობელთან ერთად ნაყოფიერად გატარებული დრო ბავშვისთვის აუცილებელია, მაგრამ დამოუკიდებლად თამაშიც ძალიან მნიშვნელოვანი უნარების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ამიტომ მოიშორეთ დანაშაულის გრძნობა და მიეცით პატარას მისი ასაკისთვის შესაფერისი თავისუფლება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: