ცხოვრება ბებიასა და ბაბუასთან ერთად

გააზიარე:

ბებიასა და ბაბუასთან ერთად ცხოვრება მშობლებს ხშირად საქმეს უადვილებს. მათ ნაკლები ენერგია ეხარჯებათ ბავშვების აღზრდაზე და, შესაბამისად, უფრო მშვიდები და გაწონასწორებულები არიან. რა თქმა უნდა, ყოველგვარ სიტუაციაში არსებობს გამონაკლისიც, – მაგალითად, შესაძლოა, დედას ძველი წყენა ახსოვდეს და ბებიასთან ერთად ცხოვრებას ვერ ეგუებოდეს, – მაგრამ სტატიაში მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე ვისაუბრებთ, როდესაც ოჯახის წევრებს შორის შუღლი არ არის.

ბებიასა და ბაბუას ბავშვის განვითარებაში ძალიან დიდი როლის შესრულება შეუძლიათ. ამასთანავე, ისინი თაობათა შემაკავშირებელ რგოლსაც წარმოადგენენ. მიუხედავად ამისა, ერთად ცხოვრება ზოგჯერ უთანხმოებაში გადაიზრდება ხოლმე, განსაკუთრებით – ისეთ ოჯახებში, სადაც მშობლები თვითონ არ გაზრდილან ბებიისა და ბაბუის გვერდით. თავს იჩენს ავტორიტეტის გადანაწილების პრობლემა, ზოგჯერ – ფინანსურიც, მაგრამ მთავარი კონფლიქტი, როგორც წესი, ბავშვის აღზრდას უკავშირდება. სცადეთ მათთან საერთო ენის გამონახვა. თუ ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს მოაგვარებთ, მიიღებთ ჰარმონიულ, მოსიყვარულე ოჯახს, სადაც ყველა წევრი ერთმანეთს ეხმარება და ერთმანეთზე ზრუნავს.

მაინც რითაა კარგი ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრება?

თუ ბავშვობიდან დამოუკიდებლობას ხართ მიჩვეული, მაგრამ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მშობლებთან ან მეუღლის მშობლებთან ერთად ცხოვრება მოგიწიათ, თავდაპირველად ვითარება საკმაოდ სტრესული მოგეჩვენებათ, მაგრამ კარგად თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ამ გარემოებას შეუძლია, ცხოვრება გაგიმარტივოთ:

* ბებიასა და ბაბუას შეუძლიათ, ბავშვის აღზრდაში დაგეხმარონ. შესაძლოა, ძიძა არც კი დაგჭირდეთ. თუ მაინც დაგჭირდათ, გეცოდინებათ, რომ თქვენს პატარას მასთან ერთად ოჯახის წევრიც აქცევს ყურადღებას. ბევრი მშობლისთვის ეს შვებაა, რადგან სანდო ძიძის პოვნა დღეს ნამდვილად არ არის ადვილი. თუ იმხელა შვილი გყავთ, რომ ბაღში ან სკოლაში დადის, მისი ავად გახდომისას სამსახურის გაცდენა არ მოგიწევთ – გეცოდინებათ, რომ სახლში გყავთ ადამიანი, რომელიც ბავშვს თქვენზე არანაკლები სიყვარულით მოუვლის.

* ბებიას საოჯახო საქმეებში დახმარებაც შეუძლია, მომუშავე ქალებისთვის კი უმნიშვნელო დახმარებაც ბევრს ნიშნავს. სულ ცოტა, მეტ თავისუფალ დროს თავის მოვლისთვის ან შვილთან გასატარებლად.

* ბებიას და ბაბუას შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში ფინანსურადაც გაგიმართონ ხელი (თუ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება ექნებათ).

* ბებიისა და ბაბუის ყოლა დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოლოგიურ განვითარებაზე. ფსიქოლოგების აზრით, იმის ცოდნა, რომ თუ მშობლებს რამე დაემართათ, მას კიდევ ჰყავს ახლობელი ადამიანები, რომლებიც მასზე იზრუნებენ, ბავშვს სიმშვიდისა და დაცულობის განცდას მატებს. ასეთ ოჯახებში გაზრდილი ბავშვები მეტ პატივს სცემენ მოხუცებს, არიან უფრო მიმტევებლები და გულისხმიერები.

მშობლებს ხშირად არ სცალიათ და ბავშვმა შესაძლოა ვერ მოახერხოს მათთვის განცდების გაზიარება, არადა ზოგჯერ ბავშვებს ძალიან სჭირდებათ საიმედო, სანდო მსმენელი. როდესაც ბავშვმა იცის, რომ ოჯახში კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც მოუსმენენ, გაუგებენ, დაამშვიდებენ და საჭიროების შემთხვევაში რჩევას მისცემენ, მას უადვილდება რთული გადაწყვეტილებების მიღება და, საზოგადოდ, ცხოვრების პრობლემური ეტაპების გადალახვა.

რა სირთულეები ახლავს თან?

ახლა მოდი, იმ სირთულეებზე ვისაუბროთ, რაც ბებიასა და ბაბუასთან ერთად ცხოვრებას ახლავს თან და მათი დაძლევის გზებიც განვიხილოთ.

დააწესეთ საზღვრები

საზღვრები ერთად ცხოვრებამდე უნდა დააწესოთ და შეთანხმდეთ იმის თაობაზე, რა არის მიღებული თქვენს ოჯახში და რა – არა. თუ საერთოდ არ გინდათ, ბებია-ბაბუა თქვენი შვილების აღზრდაში ჩაერიონ, უმჯობესია, ეს თავიდანვე უთხრათ, მოისმინოთ მათი აზრიც და, საუკეთესო შემთხვევაში, შეთანხმებას მიაღწიოთ.

თუ ფიქრობთ, რომ მათაც შეუძლიათ თქვენი შვილების აღზრდაში მონაწილეობა, უნდა იმსჯელოთ იმაზე, როდის და რა დოზით ჩაერევიან აღზრდის პროცესში. მათ უნდა იცოდნენ, რისი ნება აქვთ ბავშვებს და რისი – არა, რამდენ ხანს შეიძლება უყურონ ტელევიზორს, რომელი გადაცემების ყურების უფლება აქვთ, რომელ საათს არ უნდა გადააცილონ დაძინება, რამდენი ტკბილეულის შეჭმა შეუძლიათ დღის განმავლობაში... ამით დიდ სტრესს და გაუგებრობას აიცილებთ თავიდან.

პირადი სივრცე აუცილებელია

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს სახლში – პირადი სივრცე ყველას უნდა ჰქონდეს. თუ საკუთარი ოთახი არა, კუთხე მაინც, რომ ოჯახის წევრებმა საჭიროების შემთხვევაში განმარტოება მოახერხონ.  ბავშვებსაც უნდა აუხსნათ, რომ ბებია-ბაბუასაც სჭირდებათ საკუთარი სივრცე, სადაც ზოგჯერ მარტო უნდა დატოვონ და ხელი არ შეუშალონ. იმას, რასაც მშობლებთან ვერ ბედავენ, ბავშვები ხშირად ბებია-ბაბუასთან აკეთებენ ხოლმე. თავიდანვე უნდა აუხსნათ, რომ ასე არ შეიძლება.

გაინაწილეთ ვალდებულებები

ის ფაქტი, რომ მეუღლის ან თქვენი მშობლები თქვენთან ერთად ცხოვრობენ, იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ აიღოთ ხელი საოჯახო საქმეებზე და დედა ან დედამთილი მოსამსახურედ აქციოთ, მაგრამ არც პირიქით უნდა მოხდეს – თუ მოხუცებს თავის მოვლა შეუძლიათ, თქვენ არ უნდა შეითავსოთ მათი მოსამსახურის როლი.

გაინაწილეთ საოჯახო საქმეები. თუ უთოობა არ გიყვართ, შეგიძლიათ, დათმოთ და სამაგიეროდ ჭურჭლის რეცხვა ითავოთ. ასე სამართლიანი იქნება და, რაც მთავარია, ყველასთვის სასარგებლო.

განამტკიცეთ კავშირი

რამდენჯერაც არ უნდა შეთანხდეთ აღზრდის პრინციპებზე, ბებიას და ბაბუას მაინც სჩვევიათ პატარების განებივრება. “ცუდი” მშობლის პოზიციაში რომ არ აღმოჩნდეთ, ეცადეთ, რეგულარულად გამონახოთ დრო მხოლოდ მეუღლესა და შვილებთან ერთად გასატარებლად. ითამაშეთ “თქვენი”  თამაშები, ისეირნეთ “თქვენს” ადგილებში... ასე თქვენც შეინარჩუნებთ ბავშვებთან ემოციურ კავშირს და ბებია-ბაბუასაც მისცემთ დასვენების საშუალებას.

მოთოკეთ ნერვები

უფროს ადამიანთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ყოველთვის ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს ადამიანი თქვენი მშობელია. ასეთ დროს ხშირად ბავშვობა გვახსენებს თავს, ვწუწუნებთ, გვინდა, პატარასავით გაგვანებივრონ... დიდი შანსია, ჩვენს მეორე ნახევარს ამაზე ნერვები აეშალოს და შედეგად კონფლიქტი მივიღოთ. კარგად დაფიქრდით, რაზე კამათობთ. თავს შემოუძახეთ, თუ ატყობთ, რომ ზედმეტი მოგდით. კონფლიქტში ცხოვრება ხომ უწინარესად თქვენს ოჯახურ იდილიას დააზარალებს.

დათმეთ

თქვენს სახლში მცხოვრები ყველა ადამიანი მუდამ ისე ვერ მოიქცევა, როგორც თქვენ გსურთ. ყველაფერს პრობლემად ნუ აქცევთ. დააკვირდით, რა გაღიზიანებთ, აწონ-დაწონეთ, ღირს თუ არა ამის გამო ნერვების აშლა. თუ საკითხი თქვენს ზნეობრივ პრინციპებს ან აღზრდის თქვენეულ მეთოდიკას ეხება, მაშინ, რა თქმა უნდა, დიალოგი აუცილებელია. მაგრამ თუ, მაგალითად, თქვენ ფერების მიხედვით ალაგებთ ჭიქებს, თქვენი დედამთილისთვის კი სულერთია, შესაძლოა, ღირდეს დაფიქრებად – იქნებ ეს მხოლოდ თქვენი ახირებაა? ნუთუ შეიძლება, ამით მართლა გაფუჭდეს რამე?

 

 ლიკა ქათამაძე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: