შრატი – მისტიკური კოქტეილი

გააზიარე:

ტენის დამატებითი ულუფა ფუფუნებაა კანისთვისო, თქვეს ექსპერტებმა. კოსმეტიკურმა ინდუსტრიამაც არ დააყოვნა და ექსტრა პროდუქტი შექმნა. ეს შრატია, დამატებითი საფეხური გაწმენდასა და დატენიანებას შორის.

შრატის შესახებ მრავალი კითხვა არსებობს. ჩვენ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს ვუპასუხებთ.

რა არის შრატი და როგორ მოქმედებს ის?

შრატი აქტიური ნივთიერებების მაღალკონცენტრირებული კოქტეილია. იმის მიხედვით, რომელ ნივთიერებას შეიცავს: ჰიალურონის მჟავას, რეტინოლს, ამინმჟავებს თუ ვიტამინებს, – ის მიზანმიმართულად აგვარებს კანის ისეთ პრობლემებს, როგორიცაა პიგმენტური ლაქები, აკნე, ნაოჭები და უზრუნველყოფს მის სუფთა, თანაბარ ელფერს. კვლევების თანახმად, შრატი საუკეთესო საშუალებაა კანის ნაადრევი დაბერების პრევენციისთვის.

მაინც რას უნდა ვუმადლოდეთ მის ასეთ თვისებებს?

შრატს აქვს წყლის ან გელის მსგავსი ტექსტურა. მსუბუქი კონსისტენციის წყალობით ის სწრაფად და ღრმად შეიწოვება კანის ქვედა ფენებში. იმავდროულად, მის შემადგენლობაში შემავალი მოლეკულები განსაკუთრებით მცირე ზომისაა, რაც  მათ ათვისებას აადვილებს.

რა ასაკიდან უნდა ჩავრთოთ შრატი მოვლის რუტინაში?

სპეციალისტების აზრით, შრატის გამოყენების დასაწყებად განსაზღვრული ასაკი არ არსებობს. ყველაფერი კანის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, აკნეს მქონე თხუთმეტი წლის მოზარდს შეუძლია გამოიყენოს ჰიალურონის მჟავათი მდიდარი შრატი კანის ღრმად დასატენიანებლად და აკნეს მკურნალობის გვერდითი ეფექტების თავიდან ასაცილებლად,  აქტიური ინგრედიენტების, მაგალითად, C ვიტამინის შემცველი ანტიასაკობრივი ფორმების გამოყენება კი 25 წლიდან ჯობია, რადგან სწორედ ამ დროს იწყება კანში კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის დაქვეითება.

ექსპერტები გვირჩევენ, კანის ღრმა ფენების დასატენიანებლად ჰიალურონის მჟავას შემცველი შრატი 20 წლიდან გამოვიყენოთ, 25-30 წლიდან კი მიმიკური ნაოჭების პრევენციაზეც ვიზრუნოთ – ამისთვის საუკეთესოა ჩ ვიტამინის შემცველი შრატი.

30-40 წლიდან, სასურველია, რეტინოლის (A ვიტამინი) შემცველ შრატზე გადავიდეთ კანის უჯრედთა განახლების სტიმულირებისთვის.

დიმეთილამინოეთანოლი (DMAE) ამკვრივებს და ელასტიკურობას უნარჩუნებს კანს. მისი შემცველი შრატი უმჯობესია 50 წლიდან ჩავრთოთ თავის მოვლის რუტინაში.

უნდა გავითვალისწინოთ თუ არა კანის ტიპი შრატის შერჩევისას?

თუ გამწმენდის, ტონიკის, დამატენიანებლის ან თუნდაც მზისგან დამცავი კრემის შერჩევისას კანის ტიპია გადამწყვეტი, სპეციალისტები გვირჩევენ, შრატის შეძენისას ფოკუსირება მთლიანად აქტიურ ინგრედიენტზე მოვახდინოთ.

რა განსხვავებაა შრატსა და კრემს შორის?

ეს ორი პროდუქტი კონსისტენციითაც განსხვავდება ერთმანეთისგან  და შემადგენლობითაც. იდეალური ეფექტი შრატისა და კრემის კომბინირებული გამოყენებით მიიღწევა. თითოეული მათგანი ასრულებს თავის ფუნქციას და აქვს სპეციფიკური თვისებები, რომლებსაც უნდა ვიცნობდეთ ორივე პროდუქტის სწორად გამოყენებისთვის.

შრატში მოლეკულები, როგორც გითხარით, უფრო მცირე ზომისაა, ვიდრე კრემში. ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ბიოელემენტებისა და აქტიური ნივთიერებების უფრო მაღალი კონცენტრაციაა, რომლებიც კანის  ღრმა ფენაში – დერმაში აღწევს. კრემი კი კანის ზედაპირზე (ეპიდერმისზე) რჩება, რადგან ის უფრო კონცენტრირებული ემულსიისგან შედგება. კრემებს უმთავრესად დამატენიანებელი ფუნქცია აქვს და მათში უფრო მაღალია ცხიმიანი, ნაკლებწყლიანი კომპონენტების წილი, რომელთა ასათვისებლად მეტი დროა საჭირო, ამიტომ კრემი უფრო მკვრივია, შრატი კი – თხევადი და მსუბუქი.

აუცილებელია თუ არა შრატის შემდეგ კრემის  წასმა?

სწორედ იმიტომ, რომ კანში ღრმად შეღწევის უნარი შესწევს, სპეციალისტების აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სახის მოვლის რუტინის  კრემით დასრულება. სხვაგვარად ეპიდერმისი დაუცველი დარჩება. ამავე დროს, შრატი არ შეიცავს მზისგან დამცავ ფორმულას, რომელიც აუცილებელია ნაადრევი დაბერების პრევენციისთვის.

ასე რომ, სახის მოვლის სრულყოფილი რუტინა შრატისა და კრემის კომბინირებულ გამოყენებას გულისხმობს. მეტიც: ერთი და იმავე აქტიური ინგრედიენტის შემცველი შრატი და კრემი კიდევ უფრო ძლიერ ეფექტს იძლევა. შრატი აძლიერებს კრემის მოქმედებას, რომლის ძირითადი ფუნქცია ეპიდერმისის დატენიანება და გარეგანი ფაქტორებისგან მისი დაცვაა.

მხოლოდ ძალიან ცხიმიანი კანის შემთხვევაში შეიძლება კრემის შრატით ჩანაცვლება, რადგან კანი თავად  წარმოქმნის საკმარის ცხიმს, თუმცა არ უნდა დაგავიწყდეთ დღისით მზისგან დამცავი კრემის გამოყენება.

როგორ შევარჩიოთ

შრატის შესარჩევად ზუსტად უნდა ვიცოდეთ კანის მოთხოვნები. დერმატოლოგები გვირჩევენ:

* თუ აკნე ან აკნესადმი მიდრეკილი კანი გაქვთ, გამოიყენეთ შრატი  სალიცილის მჟავას, გოგირდის, ფიტინის მჟავასა და ფარნესოლის შემცველობით.

* ანტიასაკობრივი შრატი უნდა შეიცავდეს რეტინოლს, ფერულის მჟავას, პეპტიდებსა და გლიკოლის მჟავას. ისინი ხელს უწყობენ ბუნებრივი ბარიერის აღდგენას და სიმკვრივეს სძენენ კანს.

* პიგმენტური ლაქების დროს საუკეთესოა დათვის კენკრას, თუთის, ძირტკბილას ექსტრაქტებისა და C ვიტამინის შემცველი შრატი. ის ათანაბრებს, სიგლუვეს მატებს და თავისუფალი რადიკალებისგან იცავს კანს. ამასთან, საუკეთესოა პიგმენტური ლაქების პრევენციისთვის, რადგან ხელს უშლის მელანინის ჭარბ სინთეზს.

* ნაოჭებთან საბრძოლველად საუკეთესოა შრატი C ვიტამინის, რეტინოლის, ალფა და ბეტა ჰიდროქსიმჟავებისა და ჰიალურონის მჟავას შემცველობით.

* ფართო ფორებისთვის არჩევანი შეაჩერეთ შრატზე, რომელიც წყალნაწყენის ექსტრაქტს შეიცავს.

* მოშვებულ კანს ძალიან უხდება შრატი C ვიტამინითა და ჰიალურონის მჟავათი.

* მშრალი კანისთვის იდეალურია ჰიალურონის მჟავასა და ალოე ვერას შემცველი შრატი.

გაწითლებული და გაღიაზიანებული კანისთვის კი გამოიყენეთ შრატი, რომელიც შეიცავს თერმულ წყალს და დამამშვიდებელ კომპონენეტებს – ალოე ვერას, კალენდულას, მწვანე ჩაის ექსტრაქტს.

* ნორმალური კანისთვის C ვიტამინისა და ჰიალურონის მჟავას შემცველი შრატი გამოგადგებათ.

კანის მოთხოვნების შესაბამისად, შეგიძლიათ სხვადასხვა შრატის კომბინაცია გამოიყენოთ.

როგორ ჩავრთოთ მოვლის რუტინაში

შრატი უნდა წაისვათ დამატენიანებლის წასმამდე და არამც და არამც – მის შემდეგ. ჯერ ერთი,  კრემის სქელი ფენა ხელს შეუშლის შრატის შეწოვას, მეორე – შრატში შემავალ აქტიურ ინგრედიენტებს შეუძლია, კრემის მოქმედებას ხელი შეუწყოს.

ასე რომ, თანმიმდევრობა ასეთია: გამწმენდი, ტონიკი, შრატი, დამატენიანებელი საცხი და მზისგან დამცავი კრემი (ეს უკანასკნელი – მხოლოდ დღისით).

ვინაიდან შრატი ძალიან კონცენტრირებულია, რამდენიმე (მაქსიმუმ სამი ან ოთხი) წვეთი საკმარისია მთელ სახესა და ყელზე წასასმელად.

წასმის წესები კი ასეთია:

საფუძვლიანად გაიწმინდეთ და კარგად გაიმშრალეთ სახე – თუ სველი დაგრჩათ, შრატი კარგად ვერ შეიწოვება.  შუბლზე, ლოყებზე, კისერსა და დეკოლტეზე თითო წვეთი შრატი გადაინაწილეთ და თითების წრიული ან დარტყმითი მოძრაობებით კარგად შეიზილეთ. მოქმედებისთვის 10-15 წუთი საკმარისია. ბოლოს დღის`ღამის საცხი გადაისვით.

ზოგიერთი შრატი, მაგალითად, აკნესთვის ან გაღიზიანებული კანისთვის განკუთვნილი, უმჯობესია ლოკალურად, პრობლემურ ადგილებზე წაისვათ, სუფთა ადგილები კი სხვა შრატით დაიმუშაოთ.

რამდენად ხშირად უნდა წავისვათ?

პროდუქტს გააჩნია. უმჯობესია, თვალი გადაავლოთ შეფუთვაზე მითითებულ მწარმოებლის რეკომენდაციებს. თუმცა მიზნის მისაღწევად აუცილებელია შრატის გამოყენება, სულ ცოტა, დღეში ერთხელ.

დღის რომელ მონაკვეთში ჯობია შრატის წასმა?

არსებობს მხოლოდ დღის შრატები. ისინი უმთავრესად ანტიოქსიდანტურ ვიტამინებს შეიცავს, მაგალითად, C-სა და E-ს, რომლებიც კანს დაბინძურებისა და ულტრაიისფერი სხივების უარყოფითი ზემოქმედებისგან იცავს.

შრატი, რომლის შემადგენლობაში შედის ანტიასაკობრივი ნივთიერებები, მაგალითად, რეტინოლი, AHA და BHA მჟავები, უმჯობესია ძილის წინ წაისვათ, რადგან ეს ნივთიერებები ზრდის კანის მგრძნობელობას სინათლის მიმართ.

შეიძლება თუ არა ერთი და იმავე შრატის დღისით და ღამით გამოყენება? 

ექსპერტების აზრით, ეს აქტიურ ინგრედიენტებზეა დამოკიდებული. როგორც უკვე გითხარით, მაქსიმალური ეფექტის მისაღებად უმჯობესია, დღისით C და E ვიტამინების შემცველი შრატები გამოიყენოთ, ხოლო საღამოს – რეტინოლის, AHA ან BHA მჟავების შემცველი. სხვების გამოყენება დღისითაც შეიძლება და ღამითაც.

DMAE იძლევა მყისიერი დაჭიმვის ეფექტს, ამიტომ მისი შემცველი შრატის გამოყენება დღისით ჯობია.

რჩევა: შეგიძლიათ, შრატი პრაიმერის ნაცვლადაც გამოიყენოთ – წაისვათ კარგად გასუფთავებულ კანზე. ის ხელს შეუშლის ნაოჭებსა და ფორებში ტონალური კრემის ჩაჯდომას და იმავდროულად  ბზინვარებას მიანიჭებს მაკიაჟს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: