როგორ მოვამზადოთ სარეცხი

გააზიარე:

ქებათა ქება სარეცხ მანქანას, რომელმაც უამრავი დრო და ენერგია დაგვიზოგა! თუმცა არის რაღაცები, რასაც ტექნიკა ჩვენ მაგივრად ვერ გააკეთებს. მაგალითად, სარეცხის დახარისხება, მომზადება, რეცხვის სათანადო რეჟიმის შერჩევა... სულ ახლახან ჩემი საყვარელი სვიტერი დაუფიქრებლად შევაგდე მანქანაში და ისე დაპატარავდა, თოჯინას თუ მოერგება...

როგორ დავახარისხოთ და მოვამზადოთ გასარეცხად ტანსაცმელი, პეწი რომ არ დაკარგოს?

ვამზადებთ  გასარეცხად

* დააცარიელეთ ჯიბეები. ძალიან უსიამოვნო შედეგს მიიღებთ, თუ ჯიბეში ქაღალდის ცხვირსახოცი ჩაგრჩათ: ტანსაცმელი დაიფარება თეთრი ბუსუსებით, რომლებსაც კარგა ხანს ვეღარ გააცლით.

* შეკარით ელვა-შესაკრავი – ზოგჯერ მას ისეთი ბასრი კბილები აქვს, რომ შესაძლოა, ქსოვილი დააზიანოს. თუ შესაძლებელია, ტანსაცმელს ლითონის დეტალებიც მოხსენით.

* დააცალკევეთ წინდები და კარგად რომ გაირეცხოს, სათითაოდ გაასწორეთ.

* გადმოაბრუნეთ ტანსაცმელი. ჯინსები, მოხატული მაისურები, მოქარგული ბლუზები გაცილებით მეტხანს გაგიძლებთ, თუ ამობრუნებულს გარეცხავთ.

* ისეთი ფაქიზი ნივთები, როგორიცაა ბიუსტჰალტერი, საცვლები, კოლგოტები, სპეციალურ ბადეებში ჩააწყვეთ და ისე გარეცხეთ.

* ლაქებიანი ტანსაცმელი წინასწარ ჩაალბეთ ლაქების მოსაცილებელ სითხეში ან ლაქები სპეციალური ქაფით მოაცილეთ.

* ნუ ჩაყრით მანქანაში დაკეცილ სარეცხს, ყოველთვის გაშალეთ.

რა კრიტერიუმების მიხედვით ვახარისხებთ სარეცხს?

ფერის მიხედვით

სხვადასხვა ფერის ტანსაცმლის ერთად გარეცხვა დიდი შეცდომაა, თუნდაც დარწმუნებული იყოთ, რომ ქსოვილს ფერი არ გაუვა.

გირჩევთ, სარეცხი ბაც და მუქ ფერებად დაახარისხოთ, მერე კი თითოეული ჯგუფი კიდევ დაყოთ კატეგორიებად:

ბაცი – თეთრი, ბაცი ცისფერი, ბაცი ვარდისფერი, ბაცი იისფერი, ბაცი ნაცრისფერი, თუმცა სასურველია თეთრი ტანსაცმელი მაინც ცალკე გარეცხოთ.

ბაცი ფერადი – ფორთოხლისფერი, ვარდისფერი, ყვითელი ...

მუქი ფერადი – ლურჯი, მწვანე, წითელი, იასამნისფერი...

მუქი – შავი, ყავისფერი, მუქი ნაცრისფერი...  რეკომენდებულია ასევე შავი ტანსაცმლის ცალკე გარეცხვა.

რეცხვის ტემპერატურის მიხედვით

ძალიან მნიშვნელოვანია რეცხვის ტემპერატურა, ამიტომ აუცილებელად წაიკითხეთ ტანსაცმლის ეტიკეტი. შეგიძლიათ, ტანსაცმელი უფრო დაბალ ტემპერატურაზე გარეცხოთ, ვიდრე ეტიკეტზეა მითითებული, მაგრამ არამც და არამც – უფრო მაღალზე.

30 0C – ნაზი ქსოვილის ფარდები, აბრეშუმის ტანსაცმელი, მსუბუქად დასვრილი ასევე ფაქიზი ტანსაცმელი, თუნდაც იგივე ბიუსტჰალტერი

40 0C – კაბები, შარვლები, ბლუზები, პულოვერები, ჯინსები

60 0C – ბალიშისა და საბნის პირები, პირსახოცები, ბამბის წინდები, საღამურები, საცვლები. თუ რომელიმე მათგანი ელასტანს შეიცავს, გირჩევთ,  30 გრადუსზე გარეცხოთ.

90 0C – ძლიერ დაბინძურებული ბამბის თეთრი სარეცხი

ქსოვილის ტიპის მიხედვით

ზოგი ქსოვილი უხეშია, ზოგი კი სათუთი. ბუნებრივი და სინთეზური ბოჭკოები სხვადასხვანაირ მოვლას მოითხოვს. სათუთი ქსოვილი შეიძლება ადვილად დაზიანდეს მანქანაში ხახუნის შედეგად, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სარეცხის დახარისხება ქსოვილის ტიპის მიხედვით.

რეცხვის პროგრამაც ამავე კრიტერიუმით უნდა შეარჩიოთ.

ხელით რეცხვა: ბუნებრივი ბოჭკო – შალი, აბრეშუმი

დელიკატური რეჟიმი: სინთეზური ბოჭკო, ვისკოზა, ნაქსოვი ტანსაცმელი, მიკროფიბრა

შერეული რეჟიმი: ბამბის თეთრეული, ტანსაცმელი, პირსახოცები

გირჩევთ: ჭრელი და ზოლებიანი ტანსაცმელი ხელით გარეცხოთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: