რუჟი და პომადა

გააზიარე:

გაკვეთილი 4

– პრაიმერის, ტონალური კრემისა და კორექტორის წყალობით სახეზე იდეალური ოვალი შევქმენით, ახლა კი დროა, ის ოპტიკურად გამოვაცოცხლოთ. მაგალითად, შეგვიძლია, სახეს ბლაშით (რუჟით) და ჰაილაითერით შევმატოთ სიცოცხლე. ეს არც ისე ძნელია, თუმცა პატარ-პატარა ხრიკების ცოდნა ძალიან გამოგადგებათ, – გვეუბნება კოსმეტოლოგ-ვიზაჟისტი, ვიზაჟის პედაგოგი და ტრენერი მარინა საფრონოვა.

ბლაში

– ბლაშს უმთავრესად ყოველდღიური მაკიაჟისთვის ბუნებრივი იერის მისანიჭებლად იყენებენ, ხოლო განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, უფრო ინტენსიური ან გლამურული მაკიაჟისთვის უმჯობესია ბრონზერი გამოიყენოთ. ის მსუბუქი რუჯის იმიტაციას ახდენს, კანს სითბოს და ბზინვარებას ანიჭებს. ძალიან უხდება გარუჯულ კანსაც.

არსებობს სხვადასხვა ფერისა და კონსისტენციის ბლაში: მშრალი, ცხიმიანი, გელისებური და თხევადი. მშრალი, დაპრესილი ბლაში უკეთ განაწილდება კანზე, თუ სახეს წინასწარ პუდრით დაიმუშავებთ. თუ პუდრს არ ისვამთ, უმჯობესია, კრემისებური ან თხევადი ბლაში გამოიყენოთ. ეს უკანასკნელი უმაკიაჟო სახეზეც კარგად ნაწილდება, ისევე როგორც მხოლოდ ტონალურზე ან მხოლოდ BB კრემზე.

უნდა გაითვალისწინოთ თქვენი კანის ტიპიც. პუდრისებრი ბლაში საუკეთესოა ცხიმიანი კანისთვის, თხევადი კი, პირიქით, მშრალისთვის.

რაც შეეხება ფერს, ბაც კანზე უფრო ბუნებრივად გამოიყურება ნაზი ვარდისფერი ან ატმისფერი. თუ შერჩევა გიჭირთ, ორიენტაცია ტუჩის ბუნებრივ ფერზე აიღეთ. ტუჩისფერი ბლაში ყოველთვის ჰარმონიულად ერწყმის კანს. საღამოს მაკიჟისთვის კი შეგიძლიათ უფრო მკვეთრი ფერები შეარჩიოთ. ჟღალთმიანებს უფრო ნაზი მარჯნისფერი, ბაცი ბრინჯაოსფერი და გარგარისფერი მოუხდებათ. ოდნავ გარუჯულ კანს მარჯნისფერი, საშუალო ბრინჯაოსფერი და ატმისფერი მიესადაგება. თუ მუქი კანი გაქვთ, უფრო ინტენსიური ფერები გამოიყენეთ, მაგალითად, მუქი ბრინჯაოსფერი, მკვეთრი ნარინჯისფერი, ხავერდოვანი ვარდისფერი. განსაკუთრებით ჰარმონიულად გამოიყურება მაკიაჟი, როცა პომადისა და ბლაშის ფერი ერთი და იმავე ტონალობისაა.

50 წლიდან ბაცი, ნათელი ფერები შეარჩიეთ, მაგალითად, ბაცი ვარდისფერი, ატმისფერი. უმჯობესია, ბლაში პომადის ფერს ეხამებოდეს.

ბლაში კარგად რომ განაწილდეს და ლაქებად არ დარჩეს კანზე, სპეციალური ფუნჯით წაისვით. გაიღიმეთ და ფუნჯი ლოყის ყველაზე ამოწეულ ნაწილზე გადაიტარეთ. ბლაში წაისვით თანაბრად, წვეთის ფორმით, დამრეცად, წვერით ქვემოთ, ლოყის მხოლოდ ორ მესამედზე. ეცადეთ, მოხვდეს კონტურინგის მუქ ტონსა და ყვრიმალის ძვალს შორის.

წასმამდე ფუნჯი მსუბუქად დაიბერტყეთ ხელის ზურგზე, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ.

ჰაილაითერი

– ჰაილაითერი შეიცავს მბზინავ პიგმენტებს, რომლებიც სინათლეს ირეკლავს, ატლასისებრ სიპრიალეს სძენს კანს და უფრო მეტად წამოსწევს იმ ადგილებს, სადაც დაიდებთ, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, წაისვათ ზუსტად იქ, სადაც გჭირდებათ.

ჰაილაითერს ხშირად ყვრიმალის ძვალზე ისვამენ, მაგრამ თუ ეს ადგილი ბუნებრივად ამოწეული გაქვთ, აქ წასმას მოერიდეთ.

ჰაილაითერს ხშირად იყენებენ ცხვირის კონტურირებისთვის. ცხვირი პატარა და თხელი რომ გამოჩნდეს, ჰაილაითერი ცხვირის წვერზე ოდნავ უნდა წაიცხოთ, ცხვირის ზურგზე კი წვრილ ზოლად გაიყოლოთ, ოღონდ თუ ზოლი ფართო გამოგივიდათ, საპირისპირო შედეგს მიიღებთ. თუ მიგაჩნიათ, რომ გრძელი ცხვირი გაქვთ, წვერზე ჰაილაითერის ნაცვლად პატარა წერტილი დაისვით მუქი კორექტორით.

სახის კიდევ უფრო გამოსაცოცხლებლად ჰაილაითერი წარბებს შორის წაისვით. შეგიძლიათ, მისი მეშვეობით ვიზუალურად ამოსწიოთ ჩავარდნილი საფეთქლები. თუ ტუჩის შუაში დაიდებთ, მასაც შემატებთ მოცულობას, თვალის შიდა კუთხეში ერთი ციცქნა წერტილი კი თვალს ოპტიკურად გააფართოებს. ძალიან უხდება პატარა ნიკაპსაც. თუ ბრჭყვიალა ჩრდილებს არ ისვამთ, შეგიძლიათ, სულ ცოტა წარბების ქვეშაც წაიცხოთ. თუ წვულებაზე ღრმად ამოჭრილი კაბის ჩაცმას აპირებთ, ლავიწის ძვლებზეც გადაისვით – ეს კიდევ უფრო ამოსწევს ამ ადგილებს და დეკოლტესაც გაალამაზებს. მთავარია, ზომიერებამ არ გიღალატოთ.

ჰაილაითერები ერთმანეთისგან ფერითაც განსხვავდება. ოქროსფერი ძალიან უხდება გარუჯულ კანს. სხვა შემთხვევებში კანის ფერზე აიღეთ ორიენტაცია. მაგალითად, თეთრ კანს უფრო გრილი ტონები – სადაფისფერი, მოთეთრო-მოვერცხლისფრო – შეუხამეთ, მუქს – მკვეთრი ვარდისფერი ან ატმისფერი. მაკიაჟი ხელოვნური რომ არ გამოვიდეს, ჰაილაითერი კანის ფერზე ერთი ან ორი ტონით ბაცი უნდა იყოს.

თუ გამონაყარი გაქვთ, ბრჭყვიალა აქცენტებს ერიდეთ – დეფექტები უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.

ტუჩების მოდელირება

– სრულყოფილი მაკიაჟის ბოლო ნაბიჯი ტუჩების სწორი მოდელირებაა. სხვაგვარად პომადა შესაძლოა სახეზე გადავიდეს და მთელი ძალისხმევა წყალში ჩაგეყაროთ.

– არსებობს თუ არა ტუჩების მაკიაჟის მკაცრად განსაზღვრული წესები? რით უნდა ვიხელმძღვანელოთ მათი მოდელირებისას?

– წინათ, თუ თვალები მკვეთრად იყო შეღებილი, ტუჩებს მსუბუქად იღებავდნენ და პირიქით. მე დღესაც ამ წესით ვხელმძღვანელობ, თუმცა ახლა სხვაგვარი შეხამებაც დაშვებულია – შეგიძლიათ, ტუჩებიც და თვალებიც გამოკვეთოთ. ასეთ მაკიაჟს ბევრი მაინც საღამოს წვეულებაზე ამჯობინებს, დღისით კი, მაგალითად, ოფისში, იდეალურია გამოკვეთილი თვალები და მსუბუქად შეღებილი ტუჩები. დღის განმავლობაში შესაძლოა უფერო ან ოდნავ შეფერილი პრიალა ტუჩის ბალზამიც საკმარისი იყოს.

რით ვიწყებთ ტუჩების მაკიაჟს?

– ტუჩები ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, გამომშრალი და დახეთქილი არ უნდა იყოს. თუ ტუჩებს არ მოვუვლით, არავითარ მაკიაჟს არ ექნება სასურველი ეფექტი. ტუჩებზე კანი განსაკუთრებით თხელი და მგრძნობიარეა. აქ არ არის ცხიმოვანი ჯირკვლები, ძალიან ცოტაა ფერის პიგმენტიც, ამიტომ ტუჩები ნაკლებად დაცულია გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. მათ ყოველდღე უნდა მოუაროთ, მაკიაჟისთვის კი წინასწარ მოამზადოთ. მაგალითად, უხვად წაისვათ ტუჩის ბალზამი და რბილი კბილის ჯაგრისით წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილოთ. ეს მკვდარ უჯრედებსაც მოაშორებს ტუჩების კანს, სიგლუვესა და სიპრიალეს შემატებს და სისხლის მიმოქცევასაც გაააქტიურებს.

უფრო უკეთესი იქნება, თუ წინა საღამოს, ძილის წინ, სქლად წაისვამთ ტუჩის ბალზამს. ის მთელი ღამის განმავლობაში ოპტიმალურად დაატენიანებს ტუჩებს.

შეგიძლიათ, დახეთქილი ტუჩები თაფლითა და შაქრით გაიწმინდოთ. თაფლს არა მხოლოდ მკვებავი, არამედ ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს.

რა გვჭირდება:

– ტუჩის ფანქარი, პომადა ან გლოსი, პრაიმერი ან ტონალური, პუდრი.

პრაიმერი ან ტონალური

– უპირველეს ყოვლისა, ტუჩები კარგად უნდა დაფაროთ ტონალურით ან პრაიმერით, ფაქტობრივად, გააქროთ. ეს ეგრეთ წოდებული საფარია, რომელიც მსუბუქ დეფექტებსა და ნაოჭებს ფარავს და კანს ათანაბრებს, ამასთან ერთად, ტუჩებს გამოშრობისგან იცავს და ტუჩსაცხის მდგრადობასაც უზრუნველყოფს.

კონტური

– კონტური ტუჩის ფორმას კარგად გამოკვეთს, კიდეებს აფიქსირებს და ხელს უშლის პომადის სახეზე გადასვლას. თუ თქვენი ტუჩების ფორმა არ მოგწონთ, შეგიძლიათ, კონტურით შეცვალოთ. მაგალითად, თუ ზედა ტუჩის შუა ადგილი მეტისმეტად კუთხოვანი გაქვთ – მოამრგვალოთ, თუ კუთხეები გაქვთ დაშვებული – ოდნავ ასწიოთ. ზოგს არასიმეტრიული ტუჩის კუთხეები აქვს – ერთი უფრო დაწეულია, ვიდრე მეორე. კონტურით ამასაც გამოასწორებთ. კონტურით ტუჩებს მოცულობასა და სისავსესაც შემატებთ, თუ ტუჩის კიდეზე ზემოდან წაისვამთ ან, პირიქით, დაითხელებთ, თუ ხაზს ტუჩის კიდის ქვეშ გაივლებთ. მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ, რომ ტუჩებმა ბუნებრივი შესახედაობა არ დაკარგოს.

ფანქარს წასმის წინ წვერი კარგად წაუთალეთ – უფრო ადვილადაც წაისვამთ და არც გაგედღაბნებათ. თავიდან, ვიდრე ხელს გაიწაფავთ, ტუჩს მოკლე შტრიხებით შემოუარეთ.

უმჯობესია, კონტური ტუჩსაცხზე ერთი ტონით მუქი იყოს. თუ ფანქარსა და ტუჩსაცხს შორის მკვეთრი კონტრასტია, ფერები თითით გადაიყვანეთ ერთმანეთში, რათა გადასვლა რბილი და ჰარმონიული იყოს.

პომადა

– პომადის ფერი თვალისა და თმის ფერის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ ლუქიც და ისიც, სად მიდიხართ. ქალის ოთხი ტიპი არსებობს – ქერა, ხორბლისფერი, შავგვრემანი და ჟღალი. ქერებს განსაკუთრებით შვენით პასტელური ტონები, მაგალითად, ბაცი ვარდისფერი და ატმისფერი. ხორბლისფერი და შავგვრემანი ქალები თითქმის ყველა ფერს იხდენენ, – როგორც ბაცს, ისე მუქ ტონებსაც, – ჟღალთმიან ქალებს კი ატმისფერი, ოქროსფერი, სტაფილოსფერი, ბეჟი, ქვიშისფერი, წითელი, მოყავისფრო ტონები უხდებათ.

თუ თხელი ტუჩები გაქვთ, მქრქალი ტუჩსაცხის გამოყენებას უნდა ერიდოთ – ის კიდევ უფრო გაათხელებს ტუჩებს, მბზინავი კი, პირიქით, მოცულობას შემატებს. თხელტუჩებიან ქალებს არ ვურჩევ წითლის თვალისმომჭრელ ტონებს, უმჯობესია, ტუჩისფერი ან ბაცი ვარდისფერი მბზინავი გლოსი გამოიყენონ.

დამატებითი მოცულობის მისანიჭებლად არსებობს კიდევ ერთი ხრიკი: ჰაილაითერითა და ბრონზერით ტუჩებზე აქცენტებისა და ჩრდილების შექმნა. ტუჩების შუა ნაწილში არათითით სულ ცოტა ჰაილაითერი წაიცხეთ. სწორედ ამ ადგილებს ეცემა მეტი სინათლე და მბზინავი პიგმენტები სავსე ტუჩების ეფექტს ქმნის. თუ ქვედა ტუჩის ქვეშ, ზუსტად შუაში, კანზე ცოტა ბრონზერსაც წაისვამთ, უფრო მეტი მოცულობის ილუზიას შექმნით.

დასკვნითი აკორდი

– თუ წვეულებაზე ან ღონისძიებაზე მიდიხართ და მაკიაჟმა რამდენიმე საათი უნდა გაგიძლოთ, უმჯობესია, თავი დაიზღვიოთ და მეტი მდგრადობისთვის სპეციალური ფიქსატორით დააფიქსიროთ. არსებობს თხევადი სპრეისმაგვარი (მათ შორის – წყალგამძლეც) და გამჭვირვალე პუდრისმაგვარი ფიქსატორები. სპრეი ყველა ტიპის კანზე შეგიძლიათ მიიფრქვიოთ, პუდრი კი მხოლოდ ცხიმიანზე ან კომბინირებულზე. ფიქსატორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს, რადგან ასეთი სახე მალე იწყებს პრიალს, ფიქსატორი კი მქრქალ საფარს შექმნის და სახის სიპრიალეს დამალავს.

სპრეი სახიდან დაახლოებით 30 სმ-ის მოშორებით დაიჭირეთ და წრული მოძრაობით მსუბუქად შეიფრქვიეთ. ის სწრაფად შრება. რაც შეეხება პუდრს, უმჯობესია, ცოტაოდენი კოლოფის სახურავზე გადმოყაროთ, ფუნჯით ამოიღოთ, ოდნავ დაბერტყოთ და მსუბუქად მოისვათ სახეზე. მთავარი ყურადღება თ ზონასა და თვალის უპეებს დაუთმეთ.

როგორ მოვიშოროთ მაკიაჟი

– კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მაკიაჟი შინ მისვლისთანავე მოიშოროთ.

მნიშვნელობა არ აქვს, თვალებზე მხოლოდ ტუში გისვიათ თუ ექსტრავაგანტული მაკიაჟი გაქვთ – სახის ამ ნაწილზე კანი განსაკუთრებით ნაზი და მგრძნობიარეა, ამიტომ თვალების გასასუფთავებლად მხოლოდ თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური საშუალებები გამოიყენეთ. ბამბის საფენი კარგად დაასველეთ და 20-30 წამით თვალებზე დაიფინეთ. მერე ნაზად გაიწმინდეთ. ასე გაიმეორეთ, სანამ თვალები ბოლომდე არ გასუფთავდება.

თუ თვალების გარშემო არე განსაკუთრებით მგრძნობიარე გაქვთ, კანზე თითებით შეიზილეთ თვალის მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური ზეთი ან გამწმენდი რძე, მერე კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახის დარჩენილი ნაწილი ორმაგ წმენდას მოითხოვს. ამ კორეულმა მეთოდმა თითქმის უკვე ყველგან მოიკიდა ფეხი. ზეთის ბაზაზე შექმნილ გამწმენდს კარგად შეიზელთ მშრალ სახეზე და თბილი წყლით ჩამოიბანთ. ეს ძირითად მაკიაჟს მოგაცილებთ, თუმცა შესაძლოა, ცოტა დარჩეს. ამის შემდეგ სახე კარგად ჩამოიბანეთ ქაფით ან გელით, რომელიც თქვენი კანის ტიპს შესაბამება. იმაში დასარწმუნებლად, რომ კანი კარგად არის გასუფთავებული, რბილი პირსახოცი თბილ წყალში დაასველეთ, კარგად გაწურეთ და სახეზე ნაზად აატარ-ჩამოატარეთ. მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელეთ სახის მოვლის ჩვეული რუტინა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: