ეთერ ჭკადუა – ხელოვანი, რომელიც კომპრომისებს არ ცნობს
გააზიარე:
ეთერ ჭკადუა გახლავთ მხატვარი ქართული ფესვებით და ამერიკული ცხოვრების სტილით. მისი ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ საგამოფენო სივრცეში გახლდათ გამოფენილი. მათი უმრავლესობა ცნობილი კოლექციონერისა და არტდილერის ჯან ენცო სპერონეს (Gian Enzo Sperone) კოლექციაშია დაცული.
ფუნჯით მოთხრობილი ამბები
ეთერის ნახატები თხრობითი სტილით დაგამახსოვრდებათ – თითოეული ტილო ცალკე სიუჟეტია, ყოველ მათგანს ჰყავს პერსონაჟი: ქალი თავისი ისტორიით, განწყობით, ხასიათით. ნახატის მთავარი გმირი ხან ძალიან ჰგავს ავტორს, ხან – ნაკლებად, ხან თამამი, მებრძოლი და შეუპოვარია, ხან – მაცდური, მომხიბლავი, იდუმალი...
მისი ფერწერა სიმბოლოების სიმრავლითაც გამოირჩევა. მაგალითად, ქართულ დეტალებში მხატვრის გაუსაძლისი ნოსტალგიაა არეკლილი. ტაბუდადებულ თემებსაც ხშირად ეხება, ეკოლოგიურ და სოციალურ პრობლემებსაც. მეამბოხე ხელოვანია, განუმეორებელი ხელწერით, თემატიკით და ისტორიით.
– ჩემი ნახატების სტილს შეარქვეს ჯადოსნური ფემინიზმი (Magic Feminism) და ჰალუცინაციური რეალიზმი (Hallucinatory realism). თემებს ძირითადად ჩემი პირადი გამოცდილებიდან, ემოციებიდან, სხვადასხვა სიტუაციისადმი ჩემი დამოკიდებულებიდან ვიღებ. ჩემთვის მთავარია, რაც შეიძლება ბუნებრივი და ნამდვილი ვიყო საკუთარ შეგრძნებებთან და ეს ისე გადმოვცე ნახატებში, რომ მაყურებელმაც გაითავისოს ჩემი განცდები.
თბილისიდან ნიუ-იორკამდე
ბავშვობა თბილისში გაატარა. რაც თავი ახსოვს, სულ ხატავდა. რეჟისორობაზე ოცნებობდა, თუმცა საბოლოოდ სამხატვრო აკადემია არჩია. მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტი დაამთავრა. 80-იან წლებში საზღვარგარეთ წასვლაზე ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ბედისწერამ თავისი სცენარით წარმართა ეთერის ცხოვრება. ახალგაზრდა ხელოვანმა კავკასიური ენების შესასწავლად საქართველოში ჩამოსული ამერიკელი ქართველოლოგი კევინ ტუიტი გაიცნო, რომელსაც სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობისას ეთერის მამა – ლინგვისტი ამბაკო ჭკადუა უწევდა კოორდინაციას. დაქორწინდნენ და საცხოვრებლად კევინის სამშობლოში გაემგზავრნენ. ასე დაიწყო ეთერ ჭკადუას ამერიკული ისტორია.
პირველი წარმატებული გამოფენის შემდეგ, რომელიც ჩიკაგოში გაიმართა, კალიფორნიის სანტა-ბარბარას უნივერსიტეტში მიიწვიეს, სადაც ხატვას, ფერწერასა და კომპოზიციას ასწავლიდა. შემდეგ ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის მიწვეული პროფესორი იყო. მოგვიანებით ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად და ამ საოცარ ქალაქში საკუთარი თავი იპოვა. ექვსწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეც მიხვდა, რომ ეთერს, როგორც ყველა ხელოვანს, თავისუფლება ჰაერივით სჭირდებოდა...
კომპრომისების გარეშე
– საკმაოდ თავდაჯერებული ვიყავი ბავშვობიდან. კარგად ვსწავლობდი და ხატვაშიც მაქებდნენ, ამის გამო მშობლებთან ბევრი გამდიოდა და ალბათ ამანაც იმოქმედა ჩემს ხასიათზე. თითქმის ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ მივცურავ... ჩემს თავდაჯერებას ხშირად გამოუსწორებელი შეცდომებიც მოჰყოლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სწორედ ამ შეცდომებმა და მათთან დაკავშირებულმა ემოციებმა შექმნა ჩემი ნახატების პერსონაჟი, რომელთანაც მაყურებელი კავშირს გრძნობს.
ახალი ჩამოსული ვიყავი, როდესაც ამიხსნეს, რომ ხელოვნების სამყაროში შესაღწევად აუცილებელია კონტაქტები და ამ კონტაქტების დასამყარებლად უნდა იმუშაო. სამწუხაროდ, არასოდეს მქონია საამისო არც დრო, არც პრაგმატიზმი, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელია, აქ ვცხოვრობ, ამერიკის ხელოვანთა წრეებში “საჭირო ნაცნობები" დღემდე არ მყავს... შემთხვევით გამაცნეს ხელოვნების რამდენიმე დილერი, რომლებიც ჩემი ნახატების შეძენით და გამოფენით დაინტერესდნენ. ამის წყალობით გავიტანე თავი წლების განმავლობაში და გადავრჩი როგორც ხელოვანი.
ვფიქრობ, ქართველებს უფრო ესმით ჩემი ნახატების სათქმელი და მათში გადმოცემული ემოციები, ვიდრე უცხოელებს, რადგან მათთვის საქართველოს პრობლემები არ არის აქტუალური. ასეთი ნამუშევრებით კომერციული წარმატება ძნელი მისაღწევია. საბედნიეროდ, არსებობენ მეგობრები, ხელოვანები და უბრალოდ ინტელექტუალები, რომლებიც ჩემს ნახატებს შემოქმედებითი ასპექტით აფასებენ. მათი რეაქციიდან გამომდინარე, ვხვდები, რომ ისინიც აღიქვამენ ნამუშევარში ჩადებულ ემოციას, ენერგიას და ეს მათამამებს, სტიმულს მაძლევს, რომ ჩემს არჩეულ მიმართულებას მივყვე. მინდა, ჩემი ფერწერა საინტერესო იყოს როგორც კონცეპტუალურად, ისე ტექნიკურადაც, ამიტომ თითოეულ ტილოს ბევრ დროს ვანდომებ და მიხარია, როცა დამთვალიერებელი ჩემს ნამუშევართან ჩერდება, დიდხანს ინტერესით აკვირდება, არ ჩქარობს... დღემდე ვაგრძელებ ხატვას კომპრომისების გარეშე და ეს მიმაჩნია ჩემს წარმატებად. სხვა წარმატება მე არ გამაჩნია და არც ის ვიცი, რა იქნება მომავალში.
საკუთარი ოთახი
უმეტესად თავის სახელოსნოშია "გამოკეტილი" და ხატავს. ხანდახან კომპიუტერში ახალ ამბებს უსმენს. სახელოსნოშივე სახელდახელოდ იმზადებს ვეგეტარიანულ კერძებს და იქვე, მოლბერტთან სადილობს.
– ბოლო რამდენიმე თვეა, ერთ პროექტზე ვმუშაობ – ფერში გადამაქვს 90-იანებში ფანქრით შესრულებული კომპოზიციები. მინდა, აღვწერო იმდროინდელი სიტუაციებით გამოწვეული ჩემი ემოციები. ეს ნახატები თითქოს ჩემი მემუარებია.
უკვე თორმეტი წელია, ჩემს ძმასთან გოჩასთან ერთად ვმუშაობ ინსტალაციების სერიაზე "Alien Bloom", რომლებიც მთლიანად პლასტმასის გადაყრილი ბოთლებისგან არის შექმნილი. გვინდა, ამ ინსტალაციებით შევახსენოთ საზოგადოებას, რა საფრთხეს უქმნის ბუნებას პლასტმასის ნარჩენები. უახლოეს მომავალში მინდა ფილმის გადაღება, სადაც მაყურებელი “ობიექტივის თვალით” იმოგზაურებს გოჩას სკულპტურებითა და ჩემი ნახატებით შექმნილი უცხო პლანეტის პეიზაჟებში, ფილმის გახმოვანებიდან კი გაიგებს, რა ხდებოდა ჩვენს ცხოვრებასა და აზროვნებაში, როდესაც ემიგრაციაში ყოფნისას კონკრეტულ ნამუშევრებს ვქმნიდით.
ფესვებთან დაბრუნება
– ორ წელიწადში ერთხელ საშინელი ნოსტალგია მეწყება და ამ დროს ძალიან მჭირდება საქართველოში ჩამოსვლა, მეზობლების, ნათესავების, ბავშვობისა და სტუდენტობის მეგობრების მონახულება და მათთან ერთად გართობა, თბილისის ქუჩებში სიარული.
როცა საქართველოში ვარ, ხშირად ვფიქრობ გამოფენის მოწყობაზე იმ თემების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ მიუღებელია ტრადიციებზე შეყვარებული ქართველის გონებისთვის. მინდა, შევანჯღრიო არსებული დოგმები და ბიძგი მივცე იმ დიალოგის დაწყებას, რომელსაც ჩვენი თანამემამულეები ხშირად გაურბიან. დარწმუნებული ვარ, ასეთი გამოფენები მნიშვნელოვანი იქნება მომავალი თაობებისთვის.
მთავარი სათქმელი
ეთერის ერთ-ერთი ცნობილი ტილოს – "ოტობაიას" პრინტი შარშან უკრაინის დასახმარებლად გამართულ საქველმოქმედო გამოფენაზე გაიყიდა. სწორედ ეს ნახატი იქცა ინსპირაციის წყაროდ ნიუ-ორკის კინემატოგრაფიის სკოლის ქართველი სტუდენტისთვის – ქეთევან ბერაიასთვის, რომელმაც ეთერ ჭკადუას შემოქმედების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი "ოტობაია" ნიუ-იორკის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე წარადგინა.
ოტობაია გალის რაიონის სოფელია, რომელიც 90-იანი წლებიდან რუსების მიერ არის ოკუპირებული. იქ დაიბადა და გაიზარდა ეთერის დედის დედა – ეთერ სოტკილავა. დედის ბიცოლას, მერის, რომელიც ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი იყო, მიუხედავად საფრთხისა, სიცოცხლის ბოლომდე არ დაუტოვებია სოფელი...
– ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ნახატმა ასეთი ინტერესი გამოიწვია და მადლობელი ვარ რეჟისორის, რადგან მისი ფილმის დამსახურებით ამერიკელმა და უცხოელმა მაყურებელმა იგრძნო და განიცადა ჩვენი განსაცდელი.
ამჟამად იტალიის ქალაქ ტრევისოში, ყოფილი ციხის შენობაში, რომელიც “ბენეტონის” ფონდმა საგამოფენო სივრცედ გადააკეთა, მიმდინარეობს გამოფენა ომზე, რომელზეც ჩემი ორი ნახატია წარმოდგენილი. ორივე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის თემაზეა. ამის შესახებ დიდ აუდიტორიასთან ვილაპარაკე. გამოფენა ადგილობრივმა ტელევიზიამ და რამდენიმე გაზეთმაც გააშუქა და ბედნიერი ვარ, რომ ამ ნამუშევრებმა გააკეთა თავისი საქმე... მინდა, დამთვალიერებელი საქართველოთი დავაინტერესო, რადგან ბევრმა დღესაც არაფერი იცის ჩვენი პატარა ქვეყნის შესახებ. ვფიქრობ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ყველა ქართველი ხელოვანი რაღაც დონეზე საქართველოს კულტურის ელჩია და ვამაყობ, რომ, მიუხედავად ბევრი სირთულისა, ერთგულად ვასრულებ ამ როლს.
თამარ ციბალაშვილი