დემოდეკოზი
გააზიარე:
ტკიპა დემოდექსი ისეთი პატარაა, შეუიარაღებელი თვალით არც კი ჩანს. ის ადამიანის თმის ფოლიკულებისა და მათთან დაკავშირებული ცხიმოვანი ჯირკვლების ბინადარია. მისი საყვარელი ადგილებია შუბლი, ლოყები, ნესტოები, წამწამები და ყურები.
დემოდექსი ხუთ წელს გადაცილებულ თითქმის ყველა ადამიანს ჰყავს (ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებთან იშვიათია). ჩვეულებისამებრ, უვნებელია, თუმცა ზოგჯერ მრავლდება და იწვევს კანის დაავადებას – დემოდეკოზს, იმავე Demodex folliculitis-ს.
დემოდექსის სამოცზე მეტი სახეობაა ცნობილი, თუმცა დაავადების გამოწვევის დადასტურებული უნარი აქვს მხოლოდ ორ მათგანს – Demodex folliculorum-ს და Demodex brevis-ს.
Demodex folliculorum წვრილი თმის, განსაკუთრებით წამწამების ფოლიკულებში სახლობს, სიგრძით 0.3-0.4მმ-ია და კანის უჯრედებით იკვებება.
Demodex brevis კი უმთავრესად ცხიმის ჯირკვლებს ეტანება და იკვებება ცხიმით, რომელსაც ეს ჯირკვლები წარმოქმნის. მისი სიგრძე 0.15-0.2მმ-ია.
დემოდექსს აქვს წაგრძელებული, ნახევრად გამჭვირვალე, ქერცლით დაფარული სხეული და რვა ფეხი. მისი მოძრაობის სიჩქარე 8-16 მმ`სთ-ია. ტკიპა უმთავრესად ღამღამობით გადაადგილდება, სინათლეზე კი ფოლიკულშია ჩამალული. ის დაახლოებით ორ კვირას ცოცხლობს.
რა იწვევს დემოდეკოზს
მიუხედავად იმისა, რომ დემოდექსის გვარის ტკიპები ფართოდ არის გავრცელებული, დემოდეკოზი იშვიათია. ის მაშინ ვითარდება, როდესაც ტკიპა უკონტროლოდ მრავლდება. ასეთი გამრავლება მოსალოდნელია იმუნური სისტემის სისუსტის ფონზე, მაგალითად, მათთან, ვინც იმუნიტეტის დამთრგუნველ მედიკამენტებს იღებს, იტარებს ქიმიოთერაპიას ან აქვს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი. კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორია კანის დააავადებები, მათ შორის – როზაცეა. ზოგჯერ დემოდეკოზის განვითარება ქავილის საწინააღმდეგო კრემის, მაგალითად ჰიდროკორტიზონის გამოყენებას უკავშირდება.
დაავადების ნიშნები
ტკიპის გამრავლება იწვევს სახის კანის სიწითლეს, კანის მგრძნობელობის მომატებას, ფოლიკულურ ქერცლს, ქავილს. შეინიშნება წვის შეგრძნებაც. ყალიბდება პუსტულები - თეთრთავა გამონაყარი, კანი უხეშდება და ზუმფარის ქაღალდს ემსგავსება, კანსა და ქუთუთოებზე თეთრი ბზინვარება ჩნდება. ზოგიერთი უჩივის თვალების გაღიზიანებას, ქავილს, წამწამების ცვენას, ქუთუთოების გასქელებას ან აქერცვლას, კონიუნქტივის ანთებას და მხედველობის დაქვეითებასაც კი.
სამედიცინო მდგომარეობები, რომლებსაც დემოდექსის გამრავლება იწვევს:
* ფოლიკულური დემოდეკოზი, იგივე ფოლიკულური პიტირიაზი. ამ დროს შეინიშნება მსუბუქი სიწითლე და კანის გაუხეშება თმის ფოლიკულებში ქერცლის წარმოქმნის გამო, გაღიზიანება და წვის შეგრძნება. ფოლიკულური დემოდეკოზი უფრო ხშირად აქვთ იმ ქალებს, რომლებიც ცხიმოვან ბაზაზე დამზადებულ სახის კრემებს და მძიმე მაკიაჟს იყენებენ.
* ყურის დემოდეკოზი – ყურის ნიჟარაზე ჩნდება მოვერცხლისფრო, ქვიშისებრი ფოლიკულური ქერცლი.
* როზაცეის მსგავსი დემოდეკოზი – ამ უკანასკნელს ახასიათებს სწრაფი, უეცარი დაწყება, ფოლიკულური ქერცლი, ზედაპირული გამონაყარი და ბუშტუკები. წარმონაქმნები ასიმეტრიულად არის განაწილებული. შესაძლოა, ქუთუთოებიც დააზიანოს. როზაცეის მსგავს დემოდეკოზს არ ახასიათებს მუდმივი სიწითლე და სინათლისადმი მგრძნობელობა (ფოტოსენსიტიურობა), რაც მას ნამდვილი როზაცეისგან განასხვავებს.
* პერიორალური (პირის ირგვლივი) დერმატიტის ზოგიერთი შემთხვევა, რასაც თან ახლავს ქუთუთოების ირგვლივ და ყურის ირგვლივ უბნების ჩართულობაც.
დემოდექსი გადამდებია. გავრცელება შესაძლებელია როგორც პირდაპირი კონტაქტის გზით, ისე ტკიპებით დაბინძურებული პირსახოცის, საბნის, ღრუბლის საშუალებით. საერთო კოსმეტიკური პროდუქტების, ტუშის და სხვათა გამოყენება დემოდეკოზის გავრცელების პოტენციურ გზად მიიჩნევა, თუმცა უცნობია, რამდენ ხანს ძლებენ ტკიპები კოსმეტიკურ ნაწარმში.
დათრგუნული იმუნური სისტემის მქონე პირებთან დემოდექსის გამრავლებამ შესაძლოა გამოიწვიოს მქავანა ანთებითი გამონაყარი, რომელიც ზოგჯერ ჩირქს შეიცავს, კვანძები ან აბსცესები არა მხოლოდ სახეზე, არამედ ტანსა და კიდურებზეც.
როგორ დიაგნოსტირდება
დემოდექსის აღმოსაჩენად ტარდება დერმატოსკოპია – მძლავრ სინათლეზე, გამადიდებელ ლუპაში, ჩანს წვეტებიანი თეთრი სტრუქტურები, რომლებიც ახშობს ფორებს.
ტკიპა შეიძლება ინახოს კანის ანაფხეკსა და ბიოფსიის გზით მიღებულ ნიმუშშიც მიკროსკოპის ქვეშ შესწავლის დროს.
დემოდეკოზის დიაგნოზს სვამენ მაშინ, როდესაც მაღალია ტკიპების სიმჭიდროვე – 5-ზე მეტი ტკიპა კანის ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე.
მართვა და მკურნალობა
დემოდექსი, ჩვეულებრივ, უვნებელია. მკურნალობას მოითხოვს მხოლოდ მაშინ, როდესაც უკონტროლოდ მრავლდება და შემაწუხებელ სიმპტომებს იწვევს. დემოდეკოზის სამკურნალოდ გამოიყენება აკარიციდის შემცველი კრემი, გელი, ლოსიონი ან დასაბანი საშუალება. აკარიციდი პესტიციდია და ტკიპებს ანადგურებს. მედიკამენტებიდან გამოიყენება ბენზილ ბენზოატი, კროტამიტონი, ივერმექტინი, მეტრონიდაზოლი, პერმეტრინი, სალიცილის მჟავა, სელენის სულფიდი, გოგირდის პროდუქტები. სამკურნალო საშუალებას დერმატოლოგი არჩევს. კურსის ხანგრძლივობასაც ის ადგენს პაციენტის მდგომარეობის შესაბამისად.
პერიორბიტალური (თვალბუდის ირგვლივი) დემოდეკოზის დროს საჭიროა წამწამების ძირში მალამოს წასმა და მთელი ღამით დატოვებას, რადგან ტკიპები, როგორც უკვე იცით, ღამღამობით ამოდიან კანის ზედაპირზე და ერთი ფოლიკულიდან მეორეში გადადიან.
პაციენტებს ურჩევენ ბალიშისპირებისა და ზეწრების ცხელ წყალში გარეცხვას და მაქსიმალურ ტემპერატურაზე გაშრობას, აგრეთვე – ძველი კოსმეტიკური საშუალებების გადაყრას.
დაავადების თავიდან ასაცილებლად
დაიცავით კანის სისუფთავე. დღეში ორჯერ დაიბანეთ პირი, კვირაში ერთხელ კი სახის მსუბუქი პილინგი ჩაიტარეთ ზედმეტი ცხიმისა და მკვდარი უჯრედების მოსაცილებლად, რომლებითაც ტკიპები იკვებებიან. თავი არიდეთ ცხიმოვან კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც ფორებს ახშობს. პროგნოზი დემოდეკოზის მიზეზზეა დამოკიდებული. თუ ტკიპების გამრავლება იმუნოდეფიციტურ მდგომარეობას უკავშირდება, შესაძლოა, დაავადება ისევ განვითარდეს.
მარიამ რამაზაშვილი