მეჭეჭები

გააზიარე:

თუ თქვენს პატარას კანზე მეჭეჭი შეამჩნიეთ, არ გაგიკვირდეთ – ეს კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ბავშვების 10-20%-ს აქვს. ქვემოთ სწორედ მეჭეჭების გამომწვევ მიზეზებზე, თავისებურებებსა და მკურნალობის მეთოდებზე გესაუბრებით.

რა არის მეჭეჭი

მეჭეჭი კანზე არსებული მცირე ზომის არასიმსივნური წარმონაქმნია. უმთავრესად ბავშვებშია გავრცელებული, ყველაზე ხშირად კი 12-დან 16 წლამდე ასაკში გვხვდება. სტატისტიკა იმასაც აჩვენებს, რომ ბიჭებზე ხშირად მეჭეჭები გოგონებს უჩნდებათ.

მეჭეჭები შეიძლება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე გაჩნდეს, თუმცა ყველაზე ხშირად ფრჩხილების გარშემო, ტერფებზე, სახეზე და მუხლების გარშემო შეინიშნება.

მეჭეჭების უმეტესობა უმტკივნეულოა, მაგრამ ფეხისგულებზე არსებული წარმონაქმნები სიარულისას ტკივილს იწვევს.

მეჭეჭის ტიპები გავრცელების მიხედვით

მეჭეჭები ყველაზე ხშირად ხელის მტევნებზე ჩნდება. ესენია მცირე ზომის გუმბათისებრი წარმონაქმნები, რომელთა შეფერილობაც მონაცრისფროდან ყავისფრამდე მერყეობს. აქვს უხეში ზედაპირი, რომელიც ყვავილოვანი კომბოსტოს თავს მოგაგონებთ, და შავი წერტილისებრი ჩანართები.

ბრტყელი მეჭეჭები შედარებით მცირე ზომის, დაახლოებით ქინძისთავისოდენა, რბილი და ბრტყელზედაპირიანი წარმონაქმნებია. შესაძლოა იყოს ვარდისფერი, ბაცი ყავისფერი, მოყვითალო. სწრაფად მრავლდება. შესაძლოა, ერთ ადგილას 20-დან 100-მდე მეჭეჭი გაჩნდეს. ბრტყელი მეჭეჭები ბავშვებს უმეტესად სახეზე აქვთ, თუმცა შეიძლება სხეულის ნებისმიერ სხვა ადგილზეც შეგვხვდეს.

პლანტარული მეჭეჭები, ჩვეულებრივ, ფეხისგულებზე ჩნდება. სიარულისას იწვევს ისეთ შეგრძნებას, თითქოს რბილ ქვებზე დადიხართ. შესაძლოა, ტკივილიც გამოიწვიოს.

ძაფისებრ მეჭეჭებს თითისმაგვარი ფორმა და ხორცისფერი შეფერილობა აქვს. ხშირად ჩნდება პირის, თვალებისა და ცხვირის გარშემო.

რა აჩენს მეჭეჭს

მეჭეჭებს იწვევს ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), რომელიც ადამიანისგან ადამიანს გადაეცემა ფიზიკური კონტაქტით ან ისეთი ზედაპირის საშუალებით, რომელსაც მეჭეჭებიანი ადამიანი შეეხო. ეს შეიძლება იყოს პირსახოცი, აბაზანა, საშხაპის იატაკი... ვირუსი ოდნავ გაკაწრულ კანშიც კი ადვილად აღწევს. მისი გავლენით იწყება კანის გარეთა შრეში ეპითელური უჯრედების სწრაფი ზრდა და საბოლოოდ ყალიბდება კანისფერი ან ოდნავ მუქი, უხეში ან რბილი კონსისტენციის წარმონაქმნები.

ვირუსით ინფიცირებიდან მეჭეჭების გაჩენამდე სხვადასხვა დრო გადის. მეჭეჭები ძალიან ნელა იზრდება, შესაძლოა, ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე დროც კი დასჭირდეს.

ბავშვებს, რომლებიც ფრჩხილებსა და ნუნებს იკვნეტენ, მეჭეჭების გაჩენის უფრო მაღალი რისკი აქვთ, რადგან ისინი მექანიკურად ქმნიან ღია კარიბჭეს, საიდანაც ვირუსი სხეულში იჭრება. უკვე არსებული მეჭეჭების მექანიკურმა გაღიზიანებამ კი შესაძლოა ხელი შეუწყოს სხეულის სხვა უბნებზე ვირუსის გავრცელებას.

გენიტალური მეჭეჭები ბავშვებთან არ გვხვდება, რადგან, ჩვეულებრივ, ისინი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის შედეგია.

მეჭეჭები გაცილებით ხშირად უჩნდებათ ბავშვებს, რომლებიც სუსტი იმუნური სისტემით გამოირჩევიან, მაგალითად, ორგანო აქვთ გადანერგილი, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს ჯანმრთელი იმუნური სისტემის მქონე ბავშვებთანაც, რომლებსაც ფრჩხილების კვნეტის მავნე ჩვევაც კი არ აქვთ.

როდის მივმართოთ ექიმს

როგორც უკვე ვთქვით, მეჭეჭები კეთილთვისებიანი და სიცოცხლისთვის უსაფრთხოა. ხშირად რამდენიმე თვეში ან რამდენიმე წელიწადში თავისთავად ქრება, მაგრამ თუ შემაწუხებელი და მტკივნეული აღმოჩნდა, თვითმკურნალობას ნუ დაიწყებთ, მიმართეთ ექიმს.

საჭიროა თუ არა მკურნალობა

არსებობს მეჭეჭების მკურნალობის როგორც მედიკამენტური, ისე ქირურგიული მეთოდები:

* დამტკიცებულია სალიცილის მჟავას, იმავე ასპირინის, ეფექტურობა ადგილობრივი გამოყენებისას. გაუსუფთავეთ ბავშვს მეჭეჭის გარშემო არე და დაადეთ სალიცილის მჟავას შემცველი საფენი. ეფექტიანობა 75%-ია, შედეგს კი 6-12 კვირაში მიიღებთ.

* მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის მოძლიერებაც, რადგან სუსტი იმუნიტეტის მქონე ბავშვები უფრო მოწყვლადნი არიან პაპილომავირუსის მიმართ, ხოლო იმუნური სისტემის მოძლიერება მეჭეჭების გაქრობას შეუწყობს ხელს.

* მკურნალობის ეფექტური მეთოდია კრიოთერაპია (მოყინვა), თუმცა გამოირჩევა ისეთი გვერდითი ეფექტების მაღალი რისკით, როგორიცაა ტკივილი და მეჭეჭების ადგილას ბუშტუკების წარმოქმნა. არსებობს მოსაზრება, რომ სალიცილის მჟავასა და კრიოთერაპიის კომბინაცია გვერდითი ეფექტების განვითარების ალბათობას ამცირებს.

* მკურნალობის მექანიკური მეთოდების, მაგალითად, ლაზეროთერაპიის შესახებ მონაცემები მწირია, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მან შეიძლება კანის შეუქცევადი დაზიანებაც კი გამოიწვიოს.

როგორ ავიცილოთ თავიდან

როგორც არ უნდა ვეცადოთ, მეჭეჭების გაჩენას ყოველთვის ვერ შევუშლით ხელს, მაგრამ რისკი მკვეთრად შემცირდება, თუ ბავშვებს ხელების რეგულარულად და კარგად ბანას ვასწავლით. თუ ბავშვს კანზე ჭრილობა ან ნაკაწრი აქვს, მობანეთ ეს არე საპნითა და გამდინარე წყლით, რადგან სხეულის ის უბნები, სადაც კანის მთლიანობა დარღვეულია, ხელსაყრელი გარემოა ყოველგვარი ინფექციისთვის.

გონივრული იქნება, თუ საზოგადოებრივ საშხაპეებში და საცურაო აუზებზე ბავშვს წყალგაუმტარი ღია ფეხსაცმელი ეცმევა – ეს შეამცირებს პლანტარული მეჭეჭების გავრცელების რისკს.

ასწავლეთ ბავშვს, არ მისცეს სხვას მისი პირადი ნივთებით სარგებლობის უფლება და არც თვითონ გამოიყენოს სხვისი.

შეეცადეთ, გადააჩვიოთ ფრჩხილებისა და ნუნების კვნეტას.

თუ მეჭეჭები უკვე აქვს, ყურადღება მიაქციეთ, რომ მექანიკურად არ გაიღიზიანოს ისინი, რათა ვირუსი სხეულის სხვა არეებზეც არ გავრცელდეს.

მარიამ ჯანიაშვილი

გააზიარე: