თვალის ამოღების შემდეგ - იმპლანტი და პროთეზი

გააზიარე:

ზოგჯერ დაზიანებული თვალის შენარჩუნებას აზრი არ აქვს. უფრო მეტიც: შესაძლოა, მისი ამოღება აუცილებელიც კი იყოს მეორე თვალის გადასარჩენად. თვალბუდის ცარიელ ნაპრალში პროთეზს სვამენ. დროთა განმავლობაში თვალბუდე ფორმას იცვლის, პროთეზი სიღრმეში ვარდება და დაზიანებული თვალი ჯანსაღთან შედარებით ასიმეტრიული ხდება. ამ ესთეტიკური დეფექტის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ მკურნალობის პროცესი თავიდანვე სწორად დაიგეგმა და ცარიელი თვალბუდე იმპლანტით შეივსო.

თვალის იმპლანტირებისა და პროთეზირების შესახებ “ავერსის კლინიკის” ოფთალმოქირურგი, მედიცინის დოქტორი მაია ბერაია გვესაუბრა. 

– როდის არის აუცილებელი თვალის ამოღება?

– თვალის ზოგიერთი ტრავმისა და დაავადების – ინფექციის, სიმსივნის, გლაუკომის – დროს თვალის კაკალში შეუქცევადი ცვლილებები ვითარდება. მდორედ მიმდინარე ანთებითმა პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს დაუზიანებელი თვალის ქრონიკული ანთება, სხეულმა დაიწყოს ავტოანტისხეულების – საკუთარი თვალების წინააღმდეგ მიმართული ანტისხეულების – გამომუშავება და ყველაფერი სიბრმავით დასრულდეს, ამიტომ საჭიროა ბრმა, ანთებადი, უპერსპექტივო თვალის ამოღება. პატარა, დეფორმირებული არამხედველი თვალის არსებობისას იგივე ოპერაცია კოსმეტიკური მიზნით ტარდება.

ჩავარდნილი თვალი

– თვალის კაკლის ამოღების შემდეგ ვითარდება ანოფთალმიური სინდრომი - კოსმეტიკური დეფექტების ერთობლიობა. ეს დეფექტებია პროთეზის უმოძრაობა და ღრმა დგომა, თვალის ზედა ღარის ჩავარდნა, ზედა და ქვედა ქუთუთოს დაწევა (ფთოზი). ანოფთალმიური სინდრომის თავიდან აცილებას შევძლებთ, თუ:

* სწორად ავარჩევთ ოპერაციის მეთოდს;

* გამოვიყენებთ სწორად არჩეული ზომის ორბიტალურ იმპლანტს;

* სწორად განვახორციელებთ პროთეზირებას.

ოპერაციის ერთ–ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს არის – მივაღწიოთ სიმეტრიულობას ჯანმრთელ თვალსა და პროთეზს შორის, რათა კოსმეტიკური დეფექტი გამოსწორდეს.

– როგორ მკურნალობენ უკვე განვითარებულ ანოფთალმიურ სინდრომს და თვალის ამოღებიდან რამდენი ხნის შემდეგ შეიძლება იმპლანტის ჩასმა?

– სასურველია, თვალის ამოღებასთან ერთად, ერთი ოპერაციის ფარგლებში, ჩატარდეს იმპლანტაციაც და პროთეზირებაც (მაგალითად, ასეა ჩვენს კლინიკაში). თუ პაციენტს იმპლანტის ჩანერგვის გარეშე ჩაუტარდა ოპერაცია და ანოფთალმიური სინდრომი განუვითარდა, მკურნალობა შესაძლებელია თვალის ამოღებიდან ექვსი თვის შემდეგ განმეორებითი ოპერაციით, რაც მოიცავს იმპლანტის ჩასმას, თვალბუდეში დარჩენილი ქსოვილებით მის საიმედოდ შეფუთვას და ღრუს პროთეზირებას.

ენუკლეაცია და ევისცერაცია

– როგორ ტარდება თვალის ამოღების ოპერაცია?

– არსებობს თვალის ამოღების ორი ძირითადი მეთოდი: ენუკლეაცია და ევისცერაცია.

ენუკლეაცია თვალის მთლიანად ამოღებაა. თვალბუდეში რჩება მხოლოდ  თვალის სწორი კუნთები. იმპლანტი თავსდება თვალბუდის ღრუში და იფუთება ქსოვილების რამდენიმე შრით.

ევისცერაციის დროს ვინარჩუნებთ თვალის კარკასს. ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ხელუხლებელი რჩება სკლერა (თვალის თეთრი გარსი) და თვალის ყველა კუნთი. განაკვეთები კეთდება თვალის სწორი კუნთების გასწვრივ, იმპლანტი თავსდება სკლერის კარკასში და ზემოდან საიმედოდ იფუთება. რაკი თვალის გარეთა კარკასი და კუნთები შენარჩუნებულია, ტაკვი ისე ფორმირდება, რომ იმპლანტი მეორე თვალთან ერთად სიმეტრიულად მოძრაობს და პროთეზის არსებობა ნაკლებშესამჩნევია.

– რის მიხედვით ირჩევა ოპერაციის მეთოდი?

– პათოლოგიის მიხედვით. თუ შესაძლებელია, რეკომენდებულია, ჩატარდეს ევისცერაცია – მას ნაკლები ხანი სჭირდება, ნაკლებად ინვაზიურია და კოსმეტიკური ეფექტიც უკეთესი აქვს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ენუკლეაციას. მაგალითად, მაშინ, როდესაც თვალის კაკალი დაპატარავებული და დეფორმირებულია ან შეხორცებულია ორბიტასთან, ასევე – იმუნოლოგიური რეაქციის, თვალის კიბოს, თვალის სერიოზული ტრავმის დროს.

ოპერაცია ზოგადი ანესთეზიით ტარდება.

იმპლანტი

– რა არის იმპლანტი?

– იმპლანტი თვალის კაკლის ამოღების შემდეგ თვალბუდეში დარჩენილი ცარიელი სივრცის შემავსებელი ნივთიერებაა. ის სხვადასხვა მასალისგან მზადდება: სილიკონისგან, პლასტმასისგან, ფოროვანი პოლიეთილენისგან, ჰიდროქსიაპატიტისგან, ბიოკერამიკისგან. ჩვენს კლინიკაში ვიყენებთ ბიოთავსებად ნახშირბადოვან კომპოზიტს – კარბოტექსტიმს. მას ფორებიანი  სტრუქტურა აქვს, რისი წყალობითაც მასში ადვილად ჩაიზრდება ქსოვილები.

– შესაძლოა თუ არა, ოპერაციას გართულება მოჰყვეს?

– შესაძლო გართულებებია სისხლდენა, ინფექცია, შეხორცება, იმპლანტის ამოვარდნა. მაგალითად, სილიკონის ბურთის ფორმის იმპლანტში ირგვლივ მდებარე ქსოვილები არ ჩაიზრდება და ის მცირე ანთებითი პროცესის დროსაც კი შეიძლება ამოვარდეს. ნახშირბადოვანი კომპოზიტის იმპლანტს ამოვარდნა ნაკლებად ემუქრება, თხუთმეტი წელია, ამ ოპერაციას ვატარებთ და ერთი ასეთი შემთხვევაც კი არ გვქონია.

პროთეზირება

– ოპერაციის შედეგად კარგ კოსმეტიკურ ეფექტს ვერ მივიღებთ, თუ სწორად არ განვახორციელეთ თვალის ღრუს პროთეზირება. პროთეზი სპეციალური ფირფიტაა, რომელზეც თვალია დახატული. პროთეზირება უნდა მოხდეს ოპერაციის დროსვე ან ოპერაციიდან მცირე ხნის შემდეგ. თავდაპირველად მცირე ზომის, ერთკედლიანი პროთეზი ისმება. შეშუპების კლებასთან ერთად იწყება საფეხურებრივი პროთეზირება: თვალბუდეში ჯერ უფრო დიდი, ორკედლიანი პროთეზი თავსდება, ექვსი თვის შემდეგ კი – ინდივიდუალური პროთეზი. პირველადი პროთეზირების მიზანია, ჩამოყალიბდეს სწორი კონიუნქტივური ღრუ. ამის შემდეგ პროთეზი სამ წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს, რადგან ცრემლის ზემოქმედებით ის ფუჭდება. ღამით პროთეზის ამოღება არ არის საჭირო, საკმარისია, გასაწმენდად ამოიღოთ ერთ ან ორ თვეში ერთხელ.

– როგორ ფასდება იმპლანტაციისა და პროთეზირების შედეგი?

– კომპიუტერული ტომოგრაფიით მოწმდება ტაკვისა და ირგვლივ მდებარე ქსოვილების მდგომარეობა, ტაკვისა და პროთეზის სიმეტრიული დგომა ჯანმრთელ თვალთან შედარებით.

მიკროფთალმია

– არსებობს იშვიათი პათოლოგია – მიკროფთალმია: ბავშვი იბადება პატარა, განუვითარებელი თვალით, რომელსაც არ აქვს მხედველობის პერსპექტივა. ამ პათოლოგიის მართვა სასურველია ჩვილ ასაკშივე დაიწყოს, უკიდურეს შემთხვევაში, არა უგვიანეს ხუთი წლისა – თვალის ორბიტა ამ ასაკამდე ვითარდება. უნდა ჩატარდეს საფეხურებრივი პროთეზირება ანუ ექვს თვეში ერთხელ, თვალის ორბიტის ზრდასთან ერთად, გაიზარდოს პროთეზის ზომაც. ამით უზრუნველვყოფთ ორივე ორბიტის სიმეტრიულ განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში ორბიტის კედლები არ განვითარდება, მისი მოცულობა არ გაიზრდება და კოსმეტიკური დეფექტის გამოსწორება შეუძლებელი გახდება.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: