ნაწლავთა დაავადებები
გააზიარე:
ყოველგვარ ორგანიზმს სჭირდება საკვები სიცოცხლისა და ფუნქციობისთვის, ზრდისა და თვითაღდგენისთვის. საკვებიდან ის იღებს ნუტრიენტებს - სასიცოცხლო ნივთიერებებს: ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს, მინერალებს და წყალს.
საკვების გადამუშავება და ამ ნივთიერებების სრულფასოვანი ათვისება ევალება საჭმლის მომნელებელ სისტემას, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია ნაწლავები.
ფუნქცია
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი გრძელი მილია, რომელიც პირით იწყება და ანუსით მთავრდება. პირიდან საკვები გადადის საყლაპავში, საყლაპავიდან – კუჭში, კუჭიდან – წვრილ და მსხვილ ნაწლავებში, ნარჩენები კი ანუსის გავლით გამოდის გარეთ.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრილი ნივთიერებები უმცირეს ნაწილებად იშლება, რათა ორგანიზმმა მათი შეწოვა და გამოყენება შეძლოს:
* ცილები – ამინმჟავებად;
* ცხიმები – ცხიმოვან მჟავებად და გლიცერინად (გლიცეროლად);
* ნახშირწყლები – მარტივ შაქრებად.
ამ პროცესში მონაწილეობენ საჭმლის მომნელებელი ორგანოები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებული ბაქტერიები (ნაწლავის ფლორა, მიკრობიომა), ნერვული სისტემა, სისხლის მიმოქცევის სისტემა, ჰორმონები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტში საკვები და სითხე ერთად მოძრაობს. მას შემდეგ, რაც საკვები საკმარისად მცირე ნაწილებად დაიშლება, მისი სასარგებლო კომპონენტები წვრილი ნაწლავის კედლიდან შეიწოვება. წყლის ძირითად ნაწილს მსხვილი ნაწლავი შეიწოვს. დარჩენილი მასა განავალია.
პერისტალტიკას, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვებისა და სითხის გადაადგილებას, მისი კუნთების ტალღისებური შეკუმშვა-მოდუნება განაპირობებს.
მონელება
საკვების მონელება პირიდანვე იწყება. ნერწყვის დახმარებით ის უფრო ადვილად გადადის საყლაპავში. იმავდროულად, ნერწყვი იწყებს საკვებში შემავალი სახამებლის დაშლას. კუჭში მას ემატება ლორწოვანი გარსის მიერ წარმოქმნილი მჟავა და ფერმენტები. პანკრეასის მიერ გამომუშავებული საჭმლის მომნელებელი წვენი წვრილ ნაწლავში ჩადის. მისი ფერმენტები შლის ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს. მათ ეხმარება ღვიძლში წარმოქმნილი ნაღველი, რომელიც ხელს უწყობს ცხიმებისა და ზოგიერთი ვიტამინის მონელებას. ნაღველსა და პანკრეასის წვენს ერევა წვრილი ნაწლავის მიერ წარმოქმნილი საჭმლის მომნელებელი წვენიც. ის საბოლოოდ შლის ცილებს, ნახშირწყლებსა და ცხიმებს. ნახშირწყლების მონელებაში ბაქტერიების მიერ წარმოქმნილი ფერმენტებიც მონაწილეობს.
წვრილი ნაწლავი, ერთი მხრივ, სისხლიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადმოქაჩავს წყალს, რათა ადვილად მოინელოს საკვები, მეორე მხრივ კი იწოვს წყალს საკვებ ნივთიერებებთან ერთად. მსხვილი ნაწლავიდან სისხლში უფრო მეტი წყალი გადადის. აქ არსებული ბაქტერიები ხელს უწყობენ დარჩენილი საკვები ნივთიერებების დაშლას და K ვიტამინის წარმოქმნას, რომელიც, სხვა ფუნქციებთან ერთად, სისხლის შედედებაშიც მონაწილეობს. ამ გზის დასასრულს ნაწლავებში რჩება მხოლოდ საჭმლის მონელების ნარჩენი პროდუქტი – განავალი.
წვრილი ნაწლავიდან შეწოვილი მარტივი შაქრები, ამინმჟავები, გლიცეროლი, ზოგიერთი ვიტამინი და მარილი სისხლს ღვიძლში მიაქვს. ღვიძლი მათ ინახავს, გადაამუშავებს და საჭიროებისამებრ აწვდის სხეულის სხვა ნაწილებს. ცხიმოვანი მჟავები და ვიტამინები კი წვრილი ნაწლავიდან ლიმფაში ხვდება.
კონტროლი
საჭმლის მონელების პროცესი ჰორმონებით და ნერვებით კონტროლდება. კუჭისა და წვრილი ნაწლავის უჯრედები წარმოქმნიან და სისხლში გამოათავისუფლებენ ჰორმონებს, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას აკონტროლებენ. მათ მიაქვთ ორგანოებამდე ინფორმაცია იმის შესახებ, როდის გამოიმუშაონ საჭმლის მომნელებელი წვენები და აცნობონ ტვინს, რომ მშიერი ხართ ან უკვე დანაყრდით.
ნერვები აკავშირებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (თავის ტვინსა და ზურგის ტვინს) საჭმლის მომნელებელ სისტემასთან და აკონტროლებენ მონელების პროცესს. მაგალითად, საკვების დანახვისას ან მისი სუნის შეგრძნებისას ტვინი გზავნის სიგნალს, რომელიც იწვევს სანერწყვე ჯირკვლების გააქტიურებას და ნერწყვის წარმოქმნას, რათა ორგანიზმი ჭამისთვის მოამზადოს.
როდესაც საკვები ჭიმავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებს, მათში არსებული ნერვები ათავისუფლებენ ნივთიერებებს, რომლებიც აჩქარებენ ან ანელებენ საკვების მოძრაობას და საჭმლის მომნელებელი წვენების გამომუშავებას. ნერვები გზავნიან სიგნალებს ნაწლავის კუნთების მოქმედების გასაკონტროლებლად, რადგან საკვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სწორედ ამ კუნთების შეკუმშვა-მოდუნების საშუალებით მოძრაობს.
წვრილი ნაწლავი
წვრილი ნაწლავი კუჭიდან იწყება და ბრმა ნაწლავთან მთავრდება. ის სამი ნაწილისგან შედგება: თორმეტგოჯასგან, მლივი ნაწლავისა და თეძოს ნაწლავისგან. წვრილი ნაწლავი საჭმლის მომნელებელი სისტემის ყველაზე გრძელი ნაწილია - დაახლოებით ექვსი მეტრი სიგრძისა, და იმისთვის, რომ მუცლის ღრუში მოთავსდეს, მრავალჯერ არის მოკეცილი. საკვების დიდ ნაწილს სწორედ წვრილი ნაწლავი ინელებს.
წვრილი ნაწლავის გავრცელებული პრობლემებია:
- ინფექციები;
- პეპტიკური წყლული;
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
- სისხლდენა;
- გაუვალობა;
- ცელიაკია;
- კრონის დაავადება;
- კიბო.
მსხვილი ნაწლავი
მსხვილი ნაწლავი წვრილი ნაწლავის გაგრძელებაა. ის შედეგება ბრმა ნაწლავისგან, კოლინჯისა და სწორი ნაწლავისგან. თავის მხრივ, კოლინჯი ასწვრივი, განივი, დასწვრივი და სიგმოიდური ნაწილებისგან შედგება. მსხვილი ნაწლავი წვრილ ნაწლავთან შედარებით განიერია, მაგრამ მოკლე – დაახლოებით ოთხი მეტრი სიგრძისა. მასში მთავრდება საკვების მონელების პროცესი.
მსხვილი ნაწლავის გავრცელებული პათოლოგიებია:
* პოლიპები;
* წყლულოვანი კოლიტი;
* დივერტიკულიტი;
* გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
* კოლორექტალური კიბო.
ნაწლავთა დაავადებებს, მათი სახეობისა და სიმძიმის მიხედვით, სხვადასხვანაირად მკურნალობენ. მკურნალობა მოიცავს დიეტას, მედიკამენტებს და ზოგიერთ შემთხვევაში – ოპერაციას.
***
ნაწლავის ინფექციები
ნაწლავის ინფექციები ძირითადად სამი სახისაა: ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული.
ბაქტერიული ინფექცია ვითარდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში საკვებთან ერთად ბაქტერიების ან მათი ტოქსინების მოხვედრის შედეგად. ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს მიეკუთვნება სალმონელა, ნაწლავის ჩხირი, კამპილობაქტერია, შიგელა, კლოსტრიდია, ლისტერია, სტაფილოკოკი. ინფექციის გამოწვევა ბაქტერიებით დაბინძურებულ ნებისმიერ საკვებს შეუძლია, მაგრამ ყველაზე დიდი რისკის შემცველია:
* უმი ან არასაკმარისად მოხარშული ცხოველისა და ფრინველის ხორცი და კვერცხი;
* არაპასტერიზებული რძე და მისი ნაწარმი, არაპასტერიზებული წვენები;
* დაბინძურებული წყალი;
* ხორციანი ან კვერცხიანი კერძები, რომლებიც არასაკმარისად დაბალ ტემპერატურაზე ინახება;
* ძეხვეული;
* გაურეცხავი ხილი და ბოსტნეული.
ვირუსული ინფექციების ყველაზე გავრცელებული გამომწვევებია ნოროვირუსი, როტავირუსი, ადენოვირუსი, ასტროვირუსი. ვირუსები უმთავრესად ადამიანისგან ადამიანს გადაედება.
პარაზიტებიდან ნაწლავის ინფექციებს ყველაზე ხშირად იწვევენ ლამბლია და კრიპტოსპორიდიუმი. ადამიანის ორგანიზმში ისინი ხვდებიან დაავადებულის განავლით დაბინძურებული ნიადაგიდან და წყლიდან. ზოგიერთ პარაზიტულ ინფექციას ცხოველებიც ავრცელებენ. მაგალითად, კატები – ტოქსოპლაზმოზს.
სიმპტომები
კუჭ-ნაწლავის ინფექციების უმეტესობას ერთნაირი, თუმცა სხვადასხვა სიმძიმის სიმპტომები აქვს. ესენია:
* დიარეა;
* გულისრევა;
* ღებინება;
* კუჭის ტკივილი;
* მადის დაკარგვა;
* ცხელება;
* კუნთების ტკივილი;
* შებერილობა;
* წონის დაკარგვა.
კუჭ-ნაწლავის ვირუსული დაავადებები უმეტესად მოულოდნელად იწყება და ერთ კვირამდე გრძელდება (ზოგჯერ – უფრო მეტხანსაც). ბაქტერიული ინფექციები ვირუსულის მსგავსად მიმდინარეობს, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა უფრო მაღალი ცხელება ან სისხლიანი დიარეა გამოიწვიოს. პარაზიტული ინფექციები ხშირად იწვევს სისხლის ან ლორწოს შემცველ დიარეას და გრძელდება მანამდე, სანამ ადამიანი არ იმკურნალებს.
როდის მივმართოთ ექიმს
კუჭ-ნაწლავის ინფექციას, განსაკუთრებით – ვირუსულს, უმეტესობა თვითონვე უმკლავდება, მაგრამ საშიშია დეჰიდრატაცია – გაუწყლოება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ:
* ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
* მაღალი სიცხე;
* დიარეა, რომელიც ორ დღეზე მეტია გრძელდება;
* შავი, კუპრისებრი განავალი;
* ნაწლავთა მოქმედება დღეში ექვსჯერ ან მეტჯერ წყლიანი ან უფორმო განავლით;
* ხშირი ღებინება;
* ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებები;
* დეჰიდრატაციის ნიშნები – ძლიერი წყურვილი, იშვიათი შარდვა მუქი შარდით, ჩაცვენილი ლოყები და თვალები, პირის სიმშრალე, კანის ელასტიკურობის დაქვეითება (მოჭმუჭვნის შემდეგ აღარ სწორდება), თავბრუხვევა.
ორსულებს, დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პირებს, ხანდაზმულებს, ჩვილებს, მცირეწლოვან ბავშვებს გართულებების მაღალი რისკი აქვთ, ამიტომ თუ კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ინფექციის ნიშნები შევატყვეთ, რაც შეიძლება მალე უნდა ვაჩვენოთ ექიმს.
მკურნალობა
ნაწლავის ინფექციის მიზეზის დასადგენად უმეტესად საკმარისია პაციენტის გამოკითხვა, გასინჯვა და განავლის ანალიზი. ზოგიერთი ინფექცია, განსაკუთრებით – პარაზიტული, მედიკამენტურ მკურნალობას მოითხოვს, თუმცა უმეტესობას განსაკუთრებული ჩარევა არ სჭირდება; საკმარისია, ავადმყოფი იმუნურ სისტემას ინფექციასთან ბრძოლაში დაეხმაროს დასვენებით და ბევრი სითხის მიღებით. განსაკუთრებით სასურველია ელექტროლიტების შემცველი სითხე. ელექტროლიტების მარაგის აღდგენაში მარილიანი კრეკერებიც დაგეხმარებათ.
მძიმე შემთხვევებში ავადმყოფს რეჰიდრატაციისთვის შესაძლოა საავადმყოფოში დაწვენა და სითხის გადასხმაც დასჭირდეს. სიმპტომების შესამსუბუქებლად, მაგალითად, სიცხის დასაწევად, ასევე შეიძლება დაინიშნოს წამალი.
პრევენცია
კუჭ-ნაწლავის მრავალი დაავადება ძალზე გადამდებია, მაგრამ მათი გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელია სათანადო ჰიგიენით, რაც გულისხმობს:
* ხელების კარგად ბანას საპნითა და წყლით,
* ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვას,
* ხორცის მომზადების წესების დაცვას,
* მზა საკვების შენახვის წესების დაცვას (მაცივარში შედგმა მომზადებიდან არა უგვიანეს 2 საათის შემდეგ).
***
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გნს (Irritable bowel syndrome, IBS), სიმპტომების ჯგუფია: მუცლის განმეორებად ტკივილს პლუს დიარეა, ყაბზობა ან ორივე ერთდროულად. მისი მოძველებული სახელებია კოლიტი, ლორწოვანი კოლიტი, სპასტიკური ნაწლავი, ნერვული ნაწლავი.
აშშ-ში გნს მოსახლეობის დაახლოებით 12%–ს აღენიშნება, ქალებს – ორჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების ზუსტი მიზეზი უცნობა. მიიჩნევა, რომ ზოგიერთი ფაქტორი (მძიმე, სტრესული ბავშვობა, დეპრესია, შფოთვა, ნაწლავთა ინფექციები, წვრილ ნაწლავში ბაქტერიების ჭარბი გამრავლება, საკვების აუტანლობა, გენეტიკური მიდრეკილება) ზრდის მისი განვითარების რისკს.
გნს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევაა, უფრო ზუსტად, ნაწლავისა და ტვინის შეთანხმებული მოქმედების დარღვევა. ამ სინდრომის მქონე ბევრ ადამიანს ნაწლავთა მოქმედება ზოგ დღეს ნორმალური აქვს, ზოგი დღეს კი – დარღვეული.
გნს ყაბზობით ნიშნავს, რომ დღეში ერთხელ მაინც განავლის მეოთხედზე მეტი მკვრივია, ხოლო მეოთხედზე ნაკლები – ფაფისებრი ან წყლიანი.
გნს დიარეით – დღეში ერთხელ მაინც განავლის მეოთხედზე მეტი ფაფისებრი ან წყლიანია, ხოლო მეოთხედზე ნაკლები – მკვრივი.
გნს შერეული – დღეში ერთხელ მაინც განავლის მეოთხედზე მეტი მკვრივია, მეოთხედზე მეტი – ფაფისებრი ან წყლიანი.
გნს-ის სხვა სიმპტომებია:
* შებერილობა;
* შეგრძნება, რომ ნაწლავის მოქმედება არ დასრულებულა;
* მოთეთრო ლორწო განავალში.
გნს-ის მქონე ქალებს სიმპტომები უფრო ხშირად მენსტრუაციის პერიოდში უმწვავდებათ. ისინი შესაძლოა აღძრას სტრესმა ან განსაზღვრული სახის საკვებმა (ხორბლის ნაწარმი, რძის ნაწარმი, ციტრუსები, ლობიო, კომბოსტო, რძე, გაზიანი სასმელები).
გნს შესაძლოა შემაწუხებელი იყოს, მაგრამ არ იწვევს ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს და არ აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს. ის ქრონიკულია, ხშირად წლობით გრძელდება, თუმცა სიმპტომები არ არის მუდმივი – პერიოდულად იჩენს თავს და გაივლის.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოსტიკის დროს სხვა პრობლემების გამოსარიცხად ითვალისწინებენ სიმპტომებს, პირად და ოჯახურ სამედიცინო ისტორიას, გასინჯვას, სისხლის, განავლის, ენდოსკოპიურ გამოკვლევებს.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ პაციენტს სთავაზობენ კვებისა და ცხოვრების წესის შეცვლას, მაგალითად, მეტი ბოჭკოსა და ნაკლები გლუტენის შემცველი საკვების მიღებას, ფიზიკური აქტივობის გაზრდას, საკმარის ძილს, სტრესული სიტუაციების შემცირებას.
ზოგჯერ საჭირო ხდება დიარეის ან შეკრულობის სამკურნალო მედიკამენტების, ბოჭკოს შემცველი დანამატების, პრობიოტიკების, სპაზმის საწინაამდეგო საშუალებების, ანტიდეპრესანტების გამოყენებაც. შესაძლოა, შედეგი გამოიღოს კოგნიტიურ-ქცევითმა თერაპიამ (CBT) და სარელაქსაციო ტექნიკებმა, რომლებიც კუნთების მოდუნებას და სტრესის შემცირებას ისახავს მიზნად.
***
ცელიაკია
ცელიაკია საჭმლის მომნელებელი და იმუნური სისტემების ქრონიკული დაავადებაა, რომელიც წვრილ ნაწლავს აზიანებს. დაავადების გამოვლენას იწვევს ცილა გლუტენის შემცველი საკვების მიღება. გლუტენს შეიცავს ხორბალი, ქერი და ჭვავი, შესაბამისად – პური, მაკარონი, ნამცხვრები. ის შეიძლება შეგვხვდეს პომადების, კბილის პასტების, ვიტამინებისა და სხვა საკვები დანამატების შემადგენლობაშიც.
ვარაუდობენ, რომ ცელიაკია ასიდან ერთ ადამიანს აქვს. მისი განვითარების ალბათობა იმატებს, თუ ადამიანის მემკვიდრეობა დატვირთულია ცელიაკიის გამომწვევი გენებით. დაავადება ქალებთან უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებთან. ხშირად აღირიცხება ქრომოსომული დარღვევების მქონე (დაუნის სინდრომი, ტერნერის სინდრომი, უილიამსის სინდრომი) პირებთანაც.
ცელიაკიის გამო ორგანიზმმა შესაძლოა ვერ მიიღოს ყველა საჭირო საკვები ნივთიერება. ასეთ ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ დიაბეტი ტიპი 1, ადისონის დაავადება, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, იმუნოგლობულინ A (IgA)-ს შერჩევითი დეფიციტი, რევმატული დაავადება, ღვიძლის დაავადება.
რა იწვევს
კვლევებმა აჩვენა, რომ ცელიაკია მხოლოდ იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებსაც აქვთ განსაზღვრული გენები და იღებენ გლუტენის შემცველ საკვებს, თუმცა ამ ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს, რომ დაავადება აუცილებლად განვითარდება. რისკს ზრდის ხშირი ინფექცია ადრეულ ასაკში, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზოგიერთი ინფექცია, მიკრობიომის ცვლილებები.
სიმპტომები
ცელიაკიის სიმპტომები სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვანაირად გამოიხატება, ამასთან, პერიოდულად იჩენს თავს და ქრება. საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული სიმპტომები ბავშვებთან უფრო ხშირია, ვიდრე მოზრდილებთან. ესენია:
* შებერილობა;
* ქრონიკული დიარეა;
* შეკრულობა;
* აირების გამოშვება;
* ლაქტოზის აუტანლობა წვრილი ნაწლავის დაზიანების გამო;
* ცხიმიანი, გაფუებული, მყრალი განავალი;
* გულისრევა, ღებინება;
* მუცლის ტკივილი.
ბავშვებთან ნუტრიენტების შეწოვის უუნარობა ხელს უშლის ნორმალურ ზრდასა და განვითარებას. შეიძლება გამოვლინდეს:
• მუდმივი კბილების მინანქრის დაზიანება
• დაგვიანებული პუბერტატი
• წონასა და სიმაღლეში ჩამორჩენა
• განწყობის ცვლილებები (გაღიზიანება, მოუთმენლობა)
ცელიაკიამ შესაძლოა სხვა ორგანოებსა და სისტემებზეც იმოქმედოს. შედეგად ვითარდება დაღლილობის შეგრძნება, ჰერპეტიფორმული დერმატიტი, სახსრების ან ძვლების ტკივილი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები (დეპრესია, შფოთვა), თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა, კრუნჩხვები, პერიფერიული ნეიროპათია, წყლულები პირის ღრუში, პირის სიმშრალე, უნაყოფობა, მენსტრუაციის დაგვიანებული დაწყება და მისი გამოტოვება, განმეორებითი აბორტები.
სანამ დიაგნოზი დაისმება და მკურნალობა დაიწყება, ცელიაკიით დაავადებულთა უმეტესობას ერთი ან მეტი სიმპტომი აქვს. უგლუტენო დიეტის შედეგად მდგომარეობა უმჯობესდება, ზოგჯერ სიმპტომები საერთოდ ქრება, თუმცა შესაძლოა დაბრუნდეს, თუ პაციენტმა თუნდაც მცირე რაოდენობის გლუტენი მიიღო.
***
გართულებები
ცელიაკიის მოგვიანებითი გართულებებია:
* დაჩქარებული ოსტეოპოროზი ან ოსტეომალაცია (ძვლის დარბილება);
* ანემია;
* მალნუტრიცია – აუცილებელი საკვები ნივთიერებების (ვიტამინები, მინერალები და სხვა) დეფიციტი;
* ნერვული სისტემის დარღვევები;
* რეპროდუქციული დარღვევები;
* იშვიათად – ადენოკარცინომა, ციროზი ან ღვიძლის უკმარისობა, არაჰოჯკინის ლიმფომა.
არის შემთხვევები, როცა ადამიანს, მიუხედავად მკაცრი უგლუტენო დიეტისა, მაინც დარღვეული აქვს ნუტრიენტების ათვისება. ასეთ დროს რეფრაქტერიულ ცელიაკიაზე საუბრობენ. ეს ის მდგომარეობაა, როცა წვრილი ნაწლავი ისეა დაზიანებული, რომ ვეღარ აღდგება. ასეთ პაციენტს საკვებ ნივთიერებებს ინტრავენურად უსხამენ და სპეციალიზებულ მკურნალობას უტარებენ.
დიაგნოზი და მკურნალობა
საეჭვო სიმპტომების არსებობისას ტარდება სისხლის ანალიზი სპეციფიკურ ანტისხეულებზე და ენდოსკოპიური გამოკვლევა, რომლის დროსაც იღებენ წვრილი ნაწლავის ბიოპტატს. დიაგნოზი სწორედ ამ ორი გამოკვლევის შედეგების საფუძველზე ისმება. დიაგნოსტიკამდე პაციენტმა არ უნდა დაიცვას უგლუტენო დიეტა, რადგან ამან შესაძლოა შეცვალოს პასუხი. ზოგჯერ საჭირო ხდება კანის ბიოფსია, გენეტიკური ტესტები.
უმეტესად მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს უგლუტენო დიეტა. შედეგი შესამჩნევია დიეტის დაწყებიდან უკვე რამდენიმე დღის ან რამდენიმე კვირის შემდეგ. საჭიროა გლუტენის ფარული წყაროების აღმოჩენა და გამორიცხვაც.
მიუხედავად დიეტისა, ზოგიერთი სიმპტომის ასალაგებლად შესაძლოა უფრო მეტი დრო და დამატებითი მკურნალობა გახდეს საჭირო, მაგალითად, ჰერპეტიფორმული დერმატიტის მკურნალობა შესაძლოა გაგრძელდეს 6 თვიდან 2 წლამდე.
***
კრონის დაავადება
კრონის დაავადება ქრონიკული ანთებითი დაავადებაა. მან შეიძლება მოიცვას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნებისმიერი ნაწილი, თუმცა უმეტესად წვრილ ნაწლავზე და მსხვილი ნაწლავის დასაწყისში ვითარდება.
რა იწვევს
კრონის დაავადების წარმოშობის მექანიზმი არ არის დადგენილი. ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზია ავტოიმუნური რეაქცია, რომლის შედეგადაც იმუნური სისტემა უტევს სხეულის ჯანსაღ უჯრედებს. განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკაც. სტრესი და საკვები არ იწვევს დაავადების განვითარებას, მაგრამ შესაძლოა, სიმპტომები დაამძიმოს.
კრონის დაავადების განვითარების რისკს ზრდის:
* დაავადების ოჯახური ისტორია;
* მოწევა;
* ზოგიერთი მედიკამენტი (ანტიბიოტიკები, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები – ასპირინი, იბუპროფენი);
* ცხიმიანი დიეტა.
სიმპტომები
კრონის დაავადების კლინიკური სურათის სიმძიმე იმაზეა დამოკიდებული, სად არის და რამდენად ძლიერია ანთება. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
* დიარეა;
* სპაზმი და ტკივილი მუცლის არეში;
* წონის კლება.
გარდა ამისა, მოსალოდნელია დაღლილობა, ცხელება, გულისრევა, უმადობა, თვალების სიწითლე და ტკივილი, სახსრების ტკივილი, ანემია, კვანძები კანქვეშ.
სიმპტომები შეიძლება დაამძიმოს სტრესმა, გაზიანი სასმელების მიღებამ, მაღალბოჭკოვანმა საკვებმა.
გართულებები
კრონის დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს გაუვალობა, ფისტულები, აბსცესები, ანალური ნაპრალები, წყლულები (პირის ღრუში, ნაწლავებში, ანუსში), მალნუტრიცია, სახსრების, თვალების, კანის ანთება.
დიაგნოზი და მკურნალობა
პაციენტის გამოკითხვისა და გასინჯვის შემდეგ ტარდება სისხლისა და განავლის ანალიზი, ენდოსკოპიური ვიზუალიზაცია, კომპიტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგიური გამოკვლევა ბარიუმის სითხის ფონზე.
კრონის დაავადება უკურნებელია, მაგრამ მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ანთება ნაწლავებში, შეამსუბუქოს სიმპტომები და თავიდან აგვაცილოს გართულებები.
ინიშნება მედიკამენტები ანთების შესამცირებლად, იმუნური სისტემის დასათრგუნად, დიარეის შესაჩერებლად. ზოგჯერ ანტიბიოტიკებსაც რთავენ.
მკაფიოდ გამოხატული სიმპტომების არსებობისას ექიმი ზოგჯერ საჭიროდ მიიჩნევს ნაწლავის დასვენებას, რაც გულისხმობს ან სრულ შიმშილობას, ან მხოლოდ განსაზღვრული სითხის მიღებას. კვება ამ ხნის განმავლობაში ინტრავენურად ხორციელდება.
როდესაც სხვა მკურნალობა უშედეგოა, შეიძლება, ნაწლავის დაზიანებული ნაწილი ამოიკვეთოს.
კრონის დაავადების მქონე ადამიანს ურჩევენ:
* უარი თქვას გაზიან სასმელებზე;
* ერიდოს პოპკორნს, კანიან ბოსტნეულს, თხილს და სხვა ბოჭკოთი მდიდარ საკვებს;
* სვას ბევრი სითხე;
* ჭამოს ხშირად და ცოტ-ცოტა;
* დღიურში ყოველდღიურად აღრიცხოს მიღებული საკვები – ეს ექიმს გამწვავების გამომწვევი საკვების იდენტიფიცირებაში დაეხმარება.
ზოგიერთს ასევე სჭირდება სპეციალური დაბალბოჭკოვანი დიეტა.
***
სისხლდენა
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ადგილიდან სისხლდენას სხვადასხვა მიზეზი და სხვადასხვანაირი კლინიკური სურათი აქვს. საყლაპავიდან, კუჭიდან ან თორმეტგოჯა ნაწლავიდან სისხლდენა ყველაზე ხშირად წყლულების გამო ვითარდება, წვრილი ნაწლავიდან სისხლდენა უმეტესად გამოწვეულია სისხლძარღვების პათოლოგიით, არტერიოვენური მალფორმაციით (ანგიოდისპლაზიით), განსაკუთრებით – 50 წელს გადაცილებულ პაციენტებთან. სისხლდენის სხვა მიზეზებს შორისაა კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, კრონის დაავადება, წყლული. მსხვილი ნაწლავიდან სისხლდენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია წყლულოვანი კოლიტი, პოლიპები, დივერტიკულური დაავადება, კიბო, სწორი ნაწლავიდან – ბუასილი და ანალური ნაპრალი.
სიმპტომები
ნაწლავიდან სისხლდენის ნიშნებია განავალთან შერეული მუქი ან ალისფერი სისხლი, შავი კუპრისებრი განავალი, თავბრუხვევა, სისუსტე, სიფერმკრთალე, ტკივილი მუცლის არეში.
მცირე ან ფარულმა ქრონიკულმა სისხლდენამ შესაძლოა გამოიწვიოს ანემია, რომელიც დაღლილობით, ქოშინით გამოვლინდება.
ძლიერი მწვავე სისხლდენის დროს შესაძლოაბა განვითარდეს შოკი, რომელიც გამოიხატება არტერიული წნევის დაცემით, შარდვის შემცირებით ან შეწყვეტით, პულსის აჩქარებით, გონების დაკარგვით.
დიაგნოზი და მკურნალობა
უნდა გაირკვეს, ნაწლავის რომელი ნაწილიდან დის სისხლი. ამაში ექიმს დაეხმარება გამოკითხვა, გასინჯვა, ლაბორატორიული გამოკვლევა (განავლისა და სისხლის ანალიზები), ენდოსკოპიური გამოკვლევა, მუცლის კომპიუტერული ტომოგრაფია, რენტგენოლოგიური ან კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა ბარიუმის შემცველი სითხის მიღების ფონზე, რადიონუკლიდური სკანირება (გამოკვლევა რადიაქტიური ნივთიერებით), ლაპაროტომია – მუცლის ღრუს შესწავლა ღია ოპერაციის საშუალებით, ლაპაროსკოპია – გამოკვლევა დახურული მეთოდით.
დიაგნოსტიკური ენდოსკოპიის (ისევე როგორც ლაპაროტომიის) ჩატარებისას შესაძლებელია სისხლდების შეჩერებაც. ასევე – არტერიოვენური მალფორმაციების მკურნალობა და სიმსივნური წარმონაქმნების ბიოფსია.
დივერტიკულური დაავადების, ანალური ნაპრალის ან ბუასილის შემთხვევაში პაციენტმს შესაძლოა სპეციალური დიეტა დაუნიშნონ.
***
პეპტიკური წყლული
პეპტიკური წყლული კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე განვითარებული წყლულია. პათოლოგიურ პროცესს, რომელიც ასეთი წყლულების წარმოქმნით მიმდინარეობს, წყლულოვან დაავადებას უწოდებენ. ის უმეტესად იმ ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ინფიცირებულები არიან ბაქტერია Helicobacter pylori-თ (H. pylori) ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (ასპირინი, იბუპროფენი, ნაპროქსენი) იყენებენ. დაავადების რისკი იმატებს ხანდაზმულ ასაკში, უკვე გადატანილი პეპტიკური წყლულის შემთხვევაში, მოწევის ფონზე.
თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკური წყლული შესაძლოა გართულდეს სისხლდენით, პერფორაცით (გახვრეტით) და ამ უკანასკნელის შედეგად – პერიტონიტით. კიდევ ერთი გართულებაა პენეტრაცია – მიმდებარე ორგანოში ჩაზრდა.
სიმპტომები
პეპტიკურმა წყლულმა შესაძლოა გამოიწვიოს:
* ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში;
* ნაადრევი დანაყრების შეგრძნება;
* არასასიამოვნო სისავსის შეგრძნება ჭამის შემდეგ;
* გულისრევა და ღებინება;
* შებერილობა;
* ბოყინი.
ბევრი არაფერს უჩივის, სანამ წყლული არ გაურთულდება.
დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, თუ განვითარდა გართულებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები:
* შავი ან კუპრისფერი განავალი, განავალს შერეული წითელი ან მუქი სისხლი;
* სისხლიანი ღებინება ან ღებინება ყავის ნალექისმაგვარი მასით;
* უეცარი, მკვეთრი, ძლიერი შეუჩერებელი მუცლის ტკივილი;
* თავბრუხვევა ან დაღლილობის შეგრძნება;
* პულსის აჩქარება ან შოკის სხვა ნიშნები, –
ან უკვე არსებული სიმპტომები დამძიმდა.
დიაგნოსტიკა, მკურნალობა
წყლულოვანი დაავადების დიაგნოსტიკა, ისევე როგორც ყველა სხვა დაავადებისა, პაციენტის საფუძვლიანი გამოკითხვით და გასინჯვით იწყება. ტარდება სისხლში, ამონასუნთქ ჰაერში, განავალში პილორობაქტერიის აღმოსაჩენი გამოკვლევები, ენდოსკოპიური გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ბარიუმის შემცველი სითხის მიღების ფონზე.
პეპტიკურ წყლულს მკურნალობენ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით, H2 ბლოკატორებით, ჰელიკობაქტერიის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებით. თუ ისინი ეფექტური არ აღმოჩნდა, იშვიათად ოპერაციაც ტარდება.
პეპტიკური წყლულის დიაგნოზის შემთხვევაში იკრძალება ალკოჰოლის მიღება და მოწევა.
***
წყლულოვანი კოლიტი
წყლულოვანი კოლიტი ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის დროსაც გაუკუღმართებული იმუნური რეაქციების გამო მსხვილი ნაწლავის ლორწოვან გარსზე ანთება და წყლულები ვითარდება.
წყლულოვანი კოლიტი ზოგჯერ ნელ–ნელა ვითარდება და თანდათან მძიმდება, ზოგჯერ კი პირდაპირ ძლიერი, მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით იწყება. ავადმყოფთა უმეტესობას აქვს რემისიის ანუ უსიმპტომო პერიოდები, რომლებიც ზოგჯერ კვირაობით და წლობითაც კი გრძელდება. მკურნალობის მიზანი სწორედ ხანგრძლივი რემისიაა.
წყლულოვანი კოლიტი უმთავრესად 15-დან 30 წლამდე ასაკში ვითარდება. ალბათობა იმატებს, თუ ეს დაავადება აღენიშნება პირველი რიგის ნათესავს (მშობელი, და-ძმა ან შვილი) ან თუ პოტენციური პაციენტი ებრაული წარმოშობისაა.
სიმპტომები
წყლულოვანი კოლიტის კლინიკური სურათი საკმაოდ ინდივიდუალურია, რაც ნიშნავს, რომ სხვადასხვა პაციენტთან ის სხვადასხვანაირად ვლინდება. შესაძლო სიმპტომებია:
* დიარეა;
* სისხლიანი განავალი ან რექტალური (სწორი ნაწლავიდან) სისხლდენა;
* მუცლის სპაზმები და ტკივილი;
* ლორწოს ან ჩირქის გამოყოფა განავალთან ერთად;
* ტენეზმი – ნაწლავის მოქმედების მოთხოვნილება მაშინაც კი, როდესაც ნაწლავი ცარიელია;
* ნაწლავის მოქმედების გადაუდებელი მოთხოვნილება.
წყლულოვანი კოლიტის მსუბუქ შემთხვევაში მოსალოდნელია ნაწლავთა მოქმედება დღეში არა უმეტეს სამჯერ და ხანდახან სისხლის გამოყოფა განავალთან ერთად, მძიმე შემთხვევაში – დღეში ნაწლავის ექვსზე მეტი მოქმედება და უმეტესად განავლთან ერთად სისხლის გამოყოფაც. კიდევ უფრო მძიმეა ფულმინანტური ფორმა –ნაწლავის მოქმედება დღეში ათჯერ და მეტჯერ სისხლიანი განავლით, ცხელებით, მძიმე ანემიით.
როდესაც წყლულოვანი კოლიტი მსხვილი ნაწლავის დიდ ნაწილს მოიცავს ან მწვავედ მიმდინარეობს, მოსალოდნელია დაღლილობა, ცხელება, გულისრევა, ღებინება, წონის კლება.
რას იწვევს
დროთა განმავლობაში წყლულოვანმა კოლიტმა შესაძლოა გამოიწვიოს: ანემია, ოსტეოპენია ან ოსტეოპოროზი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივი გამოყენების გამო, ბავშვებთან – წონის არასაკმარისი მატება, ზრდის შეფერხება, სიდაბლე, პუბერტატის დაგვიანება. ხანგრძლივი წყლულოვანი კოლიტის მქონე პაციენტებს, რომლებთანაც პროცესი მსხვილი ნაწლავის მესამედს ან მეტს მოიცავს, მომატებული აქვთ კოლორექტალური კიბოს განვითარების რისკი.
სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, რომლებიც სასწრაფო ჩარევას მოითხოვს, არის:
* ფულმინანტური წყლულოვანი კოლიტი;
* პერფორაცია – მსხვილი ნაწლავის კედლის გახვრეტა;
* ძლიერი რექტალური სისხლდენა;
* ტოქსიკური მეგაკოლონი – ანთება მსხვილი ნაწლავის სიღრმეში ვრცელდება, რის გამოც ეს უკანასკნელი შუპდება და მუშაობას წყვეტს.
მძიმედ მიმდინარე წყლულოვანმა კოლიტმა და მისმა გართულებებმა შესაძლოა გამოიწვიოს დამატებითი პრობლემები, ძლიერი ანემია და დეჰიდრატაცია, რომელთა მოსაგვარებლად საჭიროა სისხლის ან ელექტროლიტების გადასხმა.
წყლულოვანი კოლიტის მქონე ზოგიერთ ადამიანს აქვს სახსრების, კანის, თვალების, ღვიძლის ან სანაღვლე სადინარების ანთება, სისხლის შედედების მომატებული რისკი.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
წყლულოვანი კოლიტის დიაგნოსტიკისთვის შეისწავლიან ავადმყოფის პირად და ოჯახურ სამედიცინო ისტორიას, ატარებენ სისხლისა და განავლის ანალიზებს, მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიურ გამოკვლევას.
თუ დაზიანებული ნაწლავი არ ამოიკვეთა, წესისამებრ, საჭიროა მედიკამენტებით უწყვეტი მკურნალობა. ანთების შესამცირებლად, დაავადების სიმძიმის მიხედვით, ინიშნება ამინოსალიცილატები, კორტიკოსტეროიდები, იმუნოსუპრესანტები, ბიოლოგიური პრეპარატები და სხვ.
ოპერაცია – კოლინჯისა და სწორი ნაწლავის ამოკვეთა – ტარდება, თუ განვითარდა კოლორექტალური კიბო, დისპლაზია, ძლიერი რექტალური სისხლდენა, ტოქსიკური მეგაკოლონი, მსხვილი ნაწლავის პერფორაცია ან მედიკამენტებით მკურნალობა უშედეგო აღმოჩნდა. შეიძლება, წვრილი ნაწლავის დაბოლოებისგან შეიქმნას ილეოანალური რეზერვუარი, რომელშიც განავალი დაგროვდება და შემდეგ ანუსიდან გამოიყოფა, ოღონდ ეს ოპერაცია რამდენიმეეტაპიანია. ზოგჯერ საჭიროა ილეოსტომია – ნაწლავის ბოლოს მიმაგრება მუცლის კედელზე, რის შედეგადაც განავალი გარედან სპეციალურად მიმაგრებულ ჩანთაში გროვდება.
***
დივერტიკულოზი და დივერტიკულიტი
დივერტიკულოზი არის დივერტიკულების – პატარ–პატარა ჯიბეების, ტომრების – არსებობა ნაწლავის კედელში. ასეთი წარმონაქმნები უფრო ხშირად მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილში – სიგმოიდურ ნაწლავში ჩნდება. დივერტიკულები უმეტესად უსიმპტომოდ არსებობს, მაგრამ ზოგჯერ მათში ანთება ვითარდება. სწორედ ამ ჯიბეების ანთებაა დივერტიკულიტი.
დივერტიკულური დაავადება არის მდგომარეობა, როდესაც დივერტიკული იწვევს ქრონიკულ სიმპტომებს, სისხლდენას და სხვადასხვა გართულებას.
დივერტიკულოზი საკმაოდ გავრცელებულია. მაგალითად, აშშ-ში ეს დიაგნოზი აქვს 50-დან 59 წლამდე ასაკის პირთა 30%-ზე მეტს და 80 წელს გადაცილებულთა 70%-ზე მეტს, თუმცა მათ უმეტესობას არ აწუხებს სიმპტომები და პროცესი არასოდეს ურთულდება.
დივერტიკულიტი დივერტიკულოზით დაავადებულთა 5%-ზე ნაკლებს უვითარდება.
რა იწვევს
მიჩნეულია, რომ დივერტიკულური დაავადების განვითარებას ხელს უწყობს გენეტიკური მიდრეკილება, ნაკლები ბოჭკოს შემცველი და წითელი ხორცით მდიდარი დიეტა, ფიზიკური აქტიურობის ნაკლებობა, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისა და სტეროიდების გამოყენება, სიმსუქნე, მწეველობა, ნაწლავის მიკრობიომის ცვლილებები, იმუნური სისტემის პრობლემები და სხვა.
სიმპტომები
დივერტიკულიტზე მიუთითებს:
* მუცლის ტკივილი, უმეტესად – მუცლის ქვედა ნაწილში, მარცხენა მხარეს;
* ყაბზობა ან დიარეა;
* ცხელება და შემცივნება;
* გულისრევა, ღებინება.
დივერტიკულიტით გამოწვეული ტკივილი, როგორც წესი, ძლიერია და მოულოდნელად იწყება, თუმცა ისიც შეიძლება, თავიდან მსუბუქი იყოს და რამდენიმე დღის განმავლობაში გაძლიერდეს.
დივერტიკულმა ანთების გარეშეც შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული შებერილობა, ყაბზობა ან დიარეა, სპაზმი და ტკივილი, თუმცა ასე შედარებით იშვიათად ხდება.
გართულებები
დივერტიკულური დაავადების ფონზე ზოგკერ სერიოზული გართულებები ვითარდება. ზოგჯერ სწორედ ეს გართულებები იქცევა დაავადების პირველ ნიშნად.
ერთ-ერთი გართულებაა დივერტიკულიდან სისხლდენა, რასაც დივერტიკულის კედელში არსებული სისხლძარღვის გახეთქვა იწვევს.
დივერტიკულიტის გართულებებია:
* აბსცესი – მტკივნეული, შეშუპებული, შემოსაზღვრული ჩირქგროვა;
* ფისტულა – პათოლოგიური ხვრელ–მილი მსხვილ ნაწლავსა და სხეულის სხვა ნაწილს (შარდის ბუშტს, საშოს) შორის;
* გაუვალობა – საკვების, სითხის, ჰაერის ან განავლის ნაწილობრივი ან სრული ბლოკირება;
* პერფორაცია – ნაწლავის გახვრეტა;
* პერიტონიტი – მუცლის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება, წესისამებრ, ინფექციური.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ზოგიერთ შემთხვევაში დივერტიკულს აღმოაჩენენ სხვა მიზეზით ჩატარებული მსხვილი ნაწლავის რენტგენოგრაფიის ან კოლონოსკოპიის დროს. დიაგნოზის დასაზუსტებლად შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლისა და განავლის ანალიზები, კომპიუტერული ტომოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.
მკურნალობა იმის მიხედვით შეირჩევა, აქვს თუ არა ადამიანს დივერტიკულით გამოწვეული ქრონიკული სიმპტომები, დივერტიკულიტი ან დივერტიკულური დაავადების სხვა გართულებები.
დივერტიკულით გამოწვეული ქრონიკული სიმპტომების არსებობისას ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ მაღალბოჭკოვანი დიეტა ან ბოჭკოვანი დანამატები, ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები, პრობიოტიკები.
დივერტიკულიტის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანტიბიოტიკები (თუმცა ისინი დივერტიკულიტის მქონე ყველა პაციენტს არ სჭირდება), ხანმოკლე თხევადი დიეტა მსხვილი ნაწლავის დასვენების მიზნით, ტკივილის გასაყუჩებლად – ანტისპაზმური საშუალებები ან პარაცეტამოლი. თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა და უფრო მეტიც – გართულდა, შესაძლოა, საჭიროდ მიიჩნიონ მსხვილი ნაწლავის ნაწილის ამოკვეთა.
დივერტიკულური დაავადების გართულებებს საავადმყოფოში მკურნალობენ. ზოგიერთ შემთხვევაში სისხლდენა თავისთავად წყდება, ზოგჯერ კი საჭირო ხდება მისი წყაროს პოვნა და შეჩერება, თუ ბევრი სისხლი დაიკარგა – გადასხმაც. აბსცესის დროს ზოგჯერ ანტიბიოტიკებით მკურნალობაც საკმარისია, ზოგჯერ კი საჭიროა ნაწლავის დაზიანებული ნაწილის ამოკვეთა. წესისამებრ, ოპერაცია ტარდება ფისტულის, გაუვალობის, პერფორაციის, პერიტონიტის დროსაც.
პრევენცია
დივერტიკულიტის განვითარების რისკს ამცირებს:
* ბოჭკოთი მდიდარი და წითელი ხორცით ღარიბი დიეტა;
* რეგულარული ფიზიკური დატვირთვა;
* არამწეველობა / მოწევისთვის თავის დანებება;
* ჯანსაღი წონის მიღწევა და შენარჩუნება.
გაურთულებელი დივერტიკულიტის ჩაცხრობის შემდეგ, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, შესაძლოა ექიმმა პაციენტს ურჩიოს მსხვილი ნაწლავის ნაწილის ამოკვეთა, რათა თავიდან აიცილოს დივერტიკულიტის ხელახალი განვითარება.
***
მსხვილი ნაწლავის პოლიპი
მსხვილი ნაწლავის პოლიპები კოლინჯისა და სწორი ნაწლავის ლორწოვან გარსზე არსებული წანაზარდებია. პოლიპი ერთიც შეიძლება იყოს და რამდენიმეც.
პოლიპების უმეტესობა ავთვისებიანი არ არის, მაგრამ დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი შეიძლება კიბოდ გარდაიქმნას. კოლორექტალური ანუ კოლინჯისა და სწორი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე ყველაზე ხშირად სწორედ პოლიპებით იწყება, ამიტომ პოლიპების მოკვეთით თავიდან ვიცილებთ კოლორექტალურ კიბოს.
მსხვილი ნაწლავის პოლიპები აქვს მოზრდილი ადამიანების 15-40 პროცენტს, უმეტესად – მამაკაცებს და ხანდაზმულებს.
პოლიპების განვითარების მეტი ალბათობა აქვთ 45 წელს გადაცილებულებს, პოლიპების ან კოლორექტალური კიბოს მქონე პაციენტების ოჯახის წევრებს, წყლულოვანი კოლიტის, კრონის დაავადების, სიმსუქნის მქონე ადამიანებს, მწეველებს.
სიმპტომები
პოლიპები სიმპტომებს უმეტესად არ იწვევს. ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება:
* სისხლდენა სწორი ნაწლავიდან – ნაწლავის მოქმედების შემდეგ შესაძლოა ადამიანმა საცვალზე ან ტუალეტის ქაღალდზე სისხლი შეამჩნიოს;
* სისხლიანი განავალი – შავი განავალი ან განავალზე წითელი ზოლები;
* დაღლილობა ანემიის გამო – მსხვილი ნაწლავის პოლიპებიდან სისხლდენამ შეიძლება გამოიწვიოს ანემია და რკინის ნაკლებობა.
გამოკვლევა და მკურნალობა
გარდა სიმპტომების შეფასებისა, ინფორმაციულია ენდოსკოპიური მეთოდებით (კოლონოსკოპია, სიგმოიდოსკოპია) ნაწლავის დათვალიერება, ასევე – კომპიუტერული ტომოგრაფია ბარიუმის შემცველი სითხის მიღების ფონზე.
მსხვილი ნაწლავის პოლიპები უნდა მოიკვეთოს. უმეტესად ამოკვეთა ხდება კოლონოსკოპიის ან სიგმოიდოსკოპიის დროს. ამოკვეთილ პოლიპს გამოსაკვლევად გზავნიან, რათა კიბო გამორიცხონ.
თუ მსხვილ ნაწლავში თუნდაც ერთი პოლიპი განვითარდა, არსებობს სხვების წარმოქმნის შანსიც, ამიტომ საჭიროდ მიიჩნევა რეგულარული გამოკვლევა და კონტროლი.
მსხვილი ნაწლავის პოლიპების თავიდან აცილების გზები უცნობია. ვარაუდობენ, რომ შედეგიანი იქნება ნაკლები წითელი ხორცისა და მეტი ხილ-ბოსტნეულის მიღება, რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მოწევაზე უარის თქმა, ალკოჰოლის შეზღუდვა, ჭარბი წონის შემთხვევაში – წონის დაკლება.
პოლიპების კოლორექტალურ კიბოდ ქცევას ზოგჯერ ხელს უწყობს ასპირინის მცირე დოზების ყოველდღიური მიღება დიდი ხნის განმავლობაში.
***
კოლორექტალური კიბო
კოლორექტალური კიბო კოლინჯის ან სწორი ნაწლავის ქსოვილებში განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა. ხშირად ის გენური მუტაციების შედეგია. მისი განვითარების რისკს ზრდის მემკვიდრეობითი ფაქტორები, ასაკი, კოლორექტალური კიბოს პირადი ან ოჯახური ისტორია, კოლორექტალური პოლიპების არსებობა. ქრონიკული წყლულოვანი კოლიტის ან კრონის დაავადების რვა წელზე ხანგრძლივი ისტორია, ალკოჰოლიანი სასმელების ხშირი მიღება, მოწევა, სიმსუქნე.
სიმპტომები
კოლორექტალური კიბო ყოველთვის არ იწვევს სიმპტომებს, განსაკუთრებით – დასაწყისში. ყველაზე ტიპობრივი ნიშნებია:
* რამდენიმე დღეზე მეტხანს გაგრძელებული დიარეა ან ყაბზობა;
* ნაწლავების ბოლომდე დაუცლელობის შეგრძნება;
* განავლის ფორმის ცვლილება;
* განავალში ღია წითელი ან ძალიან მუქი სისხლის არსებობა;
* მუცლის ხშირი ტკივილი, სპაზმები, შებერილობა;
* წონის კლება უცნობი მიზეზით;
* მუდმივი დაღლილობა.
სკრინინგი და დიაგნოსტიკა
ვინაიდან კოლორექტალური კიბო პირველ სტადიებზე სიმპტომებს არ იწვევს, მნიშვნელოვანია მისი სკრინინგი, განსაკუთრებით – 45-დან 75 წლამდე ასაკის პირებისთვის. სკრინინგი მოიცავს განავლის ანალიზს, კოლონოსკოპიას, სიგმოიდოსკოპიას.
თუ გამოხატულია სიმპტომები ან სკრინინგულმა გამოკვლევამ ცვლილებები აჩვენა, შესაძლოა, დაინიშნოს დამატებითი კვლევები მდგომარეობის უკეთ შესაფასებლად – რექტალური გამოკვლევა, ბიოფსია, სისხლის სხვადასხვა ანალიზი.
მკურნალობა
მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე, კიბოს სტადიასა და ტიპზე. საჭიროებისამებრ, შესაძლოა დაინიშნოს ოპერაცია, რადიოსიხშირული აბლაცია, კრიოქირურგია, ქიმიოთერაპია, რადიაციული თერაპია, დამიზნებითი (ტარგეტული) თერაპია, იმუნოთერაპია.
***
გაუვალობა
ნაწლავის ობსტრუქცია ანუ გაუვალობა გულისხმობს ნაწლავის დაბლოკვას, რაც ნაწილობრივ ან მთლიანად აფერხებს ნაწლავებში საკვების, სითხის, საჭმლის მომნელებელი წვენებისა და აირის გავლას.
ახალშობილებსა და ჩვილებთან გაუვალობას თანდაყოლილი დეფექტები იწვევს, ზრდასრულებთან კი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ადჰეზია (ოპერაციის შედეგად წარმოქმნილი ნაწიბუროვანი ქსოვილი), თიაქარი და სიმსივნე.
თორმეტგოჯა ნაწლავის ობსტრუქცია შესაძლოა გამოწვეული იყოს პანკრეასის კიბოთი, დანაწიბურებული წყლულით, კრონის დაავადებით. იშვიათად წვრილი ნაწლავის სხვა ნაწილებს ახშობს ნაღვლის კენჭები, მოუნელებელი საკვების მასა, პარაზიტი ჭიების გროვა. მსხვილი ნაწლავის ობსტრუქციას უმეტესად კიბო, დივერტიკულიტი ან განავლის მყარი მასა იწვევს.
ნაწლავს შეიძლება სისხლის მიწოდებაც შეუწყდეს. ამ მდგომარეობას ეწოდება სტრანგულაცია, ცირკულატორული ზეწოლა. სტრანგულაციურ ნაწლავში სულ რაღაც 6 საათში შეიძლება განვითარდეს განგრენა.
სიმპტომები
ობსტრუქციის სიმპტომია მუცლის სპაზმური ტკივილი, რომელსაც თან ახლავს შებერილობა და უმადობა. საბოლოოდ ტკივილი უწყვეტი ხდება. წვრილი ნაწლავის გაუვალობას ახასიათებს ღებინებაც. ნაწლავის სრული ობსტრუქცია იწვევს ძლიერ შეკრულობას, ნაწილობრივმა ობსტრუქციამ კი შეიძლება დიარეა გამოიწვიოს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
დიაგნოზი ეფუძნება გასინჯვით, რენტგენოლოგიური გამოკვლევით, კომპიუტერული ტომოგრაფიით მიღებულ მონაცემებს.
გაუვალობაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია. ცხვირში ჩადგმული ნაზოგასტრალური მილით ცდილობენ დაბლოკილი ადგილის ზემოთ დაგროვილი მასის ამოღებას. ღებინების ან დიარეის შედეგად დაკარგული წყლისა და მარილების მარაგს გადასხმით აღადგენენ.
ობსტრუქცია, განსაკუთრებით – ნაწიბურებით ან ადჰეზიებით გამოწვეული, ზოგჯერ მკურნალობის გარეშეც გაივლის. ზოგიერთ მდგომარეობას (მაგალითად, მსხვილი ნაწლავის ქვედა ნაწილში შემოგრეხილ ნაწლავს) ენდოსკოპიურად ან ბარიუმის ოყნით მკურნალობენ. თუ არსებობს ეჭვი სტრანგულაციაზე, დაუყოვნებლივ ტარდება ოპერაცია. შესაძლოა, საჭირო გახდეს ნაწლავის სეგმენტის ამოკვეთა და დროებითი სტომის დადება (მუცლის კედელზე ნაწლავის გამოტანა).
მოამზადა მარი აშუღაშვილმა