კუჭ-ნაწლავის პრობლემები
გააზიარე:
ზაფხული კუჭ-ნაწლავისთვის ნამდვილი გამოცდაა: აგარაკზე წახვალ თუ ზღვისკენ აიღებ გეზს, ენტეროვირუსი თითქოს თან დაგყვება... სწორედ ამ დროს
იჩენს თავს ისეთი პრობლემები, როგორიც არის მუცლის ტკივილი, პირღებინება, დიარეა (ფაღარათი). მცენარეული ნაყენები ამ სიმპტომებისგან იოლად გაგათავისუფლებთ.
დიარეის დროს
1. 4 ჩ.კ. ალთეს ფესვს დაასხით ნახევარი ლიტრი ანადუღარი ცივი წყალი, თავდახურულ ჭურჭელში ერთი ღამით გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ და სვით ნახევარი ჭიქა დღეში 4-5-ჯერ.
ან: 2 ს.კ ალთეს ფესვს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ ნახევარ საათს ნელ ცეცხლზე, ათიოდე წუთის განმავლობაში გააგრილეთ და შემდეგ გაფილტრეთ. შეგიძლიათ, სვათ 1/3-1/2 ჭიქა დღეში 3-4-ჯერ ან გაიკეთოთ მისი ოყნა.
2. აიღეთ 1/2 ჩ.კ. კოწახურის დაქუცმაცებული ქერქი ან ფესვი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 ს.კ. დღეში 2-3-ჯერ.
კოწახურის ნაყოფისგან კი სამკურნალო ნაყენი ასე მზადდება: 2 ჩ.კ-ს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე და ერთი საათის განმავლობაში დააყენეთ. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში რამდენიმეჯერ.
3. 3-4 ჩ.კ. წითელი მოცვის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი, მოათავსეთ თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში და ადუღეთ წყლის ორთქლზე 15 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, გაფილტრეთ 2-3 ფენა დოლბანდში და კვლავ წამოადუღეთ. მიიღეთ ჭიქის მეოთხედი დღეში 3-4-ჯერ ჭამამდე.
პირღებინების დროს
1. საუკეთესოა კოჭას ჩაი. აიღეთ 1 ჩ.კ. მცენარის დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 2 ჭიქა წყალი, 40 წუთის განმავლობაში ადუღეთ, გაფილტრეთ და გემოვნებისამებრ დაუმატეთ შაქარი.
2. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 2,5 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 40 წუთით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
ან: აიღეთ 3 წილი ბარამბო, 4 წილი გვირილის ყვავილი, 3 წილი პიტნა. დააქუცმაცეთ და კარგად აურიეთ ერთმანეთში. 1 ს.კ. ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.
3. 1 ს.კ. პიტნას დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ. შემდეგ გაფილტრეთ და გულისრევის შეგრძნების შემთხვევაში სვით თითო სუფრის კოვზი ყოველ სამ საათში ერთხელ, ძლიერი, შეუპოვარი პირღებინების დროს კი ასეთივე ინტერვალით მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა.
მუცლის ტკივილის დროს
1. აიღეთ 3 ს.კ. კვიპაროსის დაქუცმაცებული ფოთოლი და დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 15 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე, გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე, გაფილტრეთ და კვლავ წამოადუღეთ. მიიღეთ 2 ს.კ. დღეში 3-ჯერ ჭამის დროს. ნაყენს, გარდა ტკივილგამაყუჩებლისა, ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს.
2. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ბარამბოს დაასხით 2,5 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და ნახევარი საათით დააყენეთ. გაფილტრეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-4-ჯერ.
სპირტხსნარი კი ასე მზადდება: ერთ წილ ბარამბოს ფოთოლზე სამი წილი 70%-იანი სპირტი აიღეთ. 2 კვირით დააყენეთ სიბნელეში და შემდეგ გაფილტრეთ. 1 ჩ.კ. ნაყენი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.
3. აიღეთ 2 ს.კ. პიტნის დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე და სვით დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე, ნახევარ-ნახევარი ჭიქა. ბავშვებისთვის რეკომენდებულია ჭიქის მეოთხედი.