როგორ მოვუაროთ თმას ზაფხულში – რჩევები და ხრიკები

გააზიარე:

ზაფხულში თმას ბევრი მტერი ჰყავს: სიცხე, ულტრაიისფერი სხივები, მარილიანი და ქლორიანი წყალი... თუ გინდათ, თმამ პეწი და ბზინვარება არ დაკარგოს, მის მოვლას ნუ დაიზარებთ. გაუხეშებული, დაზიანებული და დამტვრეული თმის აღდგენა კიდევ უფრო ძნელია, ამიტომ აუცილებლად გაითვალისწინეთ სპეციალისტების რჩევები, რომლებიც თქვენთვის მოვიძიეთ.

მოემზადეთ ზაფხულის თავგადასავლებისთვის

თმა რაც უფრო ჯანსაღია, მით უფრო ელასტიკურია და მზის სხივებისა თუ მარილიან-ქლორიანი წყლის მიმართ უფრო გამძლეც, ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, თმაზე ზრუნვა ადრევე დავიწყოთ. დამატენიანებელი ნიღბები და სწორად შერჩეული ზეთები, მაგალითად, აღმდგენი თვისებების მქონე მაკადამიის ზეთი, ვიტამინებითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი არგანისა და ნუშის ზეთი, კერატინის შემცველი თმის ფლუიდი, აძლიერებს თმის სტრუქტურას, ატენიანებს, აჯანსაღებს და სიცოცხლეს მატებს ღერებს. თუ რაციონს თუთიით, რკინით, ბიოტინით, ცილებით გაიმდიდრებთ, თმა საუკეთესოდ იქნება დაცული ზაფხულის საფრთხეებისგან.

ერიდეთ UV გამოსხივებას

ულტრაიისფერი გამოსხივება ძლიერ აზიანებს თმის ლიპიდურ შრეს, რომელიც თმას გამოშრობისგან იცავს. შედეგად თმა კარგავს ელასტიკურობას, შრება, იბურდება, ბოლოები ეყოფა.

თუ მცხუნვარე მზეზე დიდხანს მოგიწევთ ყოფნა, გირჩევთ, მზის ქუდი დაიხუროთ ან თხელი თავსაბურავი მოიხვიოთ.

ქუდის ფარფლების სიგანე, სასურველია, ხუთი სანტიმეტრი მაინც იყოს. იდეალურია ჩალის ქუდი, განსაკუთრებით – მჭიდროდ დაწნული.

შინიდან გასვლამდე ნუ დაივიწყებთ ოდნავ ნოტიო თმაზე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სპრეის შესხურებას.

ერიდეთ მარილიან და ქლორიან წყალს

წყალი ორთქლდება, მარილის კრისტალები კი თმის ღერებზე რჩება და გამადიდებელ შუშასავით მოქმედებს – მათში გარდატეხილი სხივები უფრო მეტად აზიანებს თმის დამცავ ფენას.

აუზსა თუ ზღვაში ცურვისას ერიდეთ თმის დასველებას. თუ დაგისველდათ, წყლიდან ამოსვლისთანავე სუფთა წყლით ჩამოიბანეთ. თმას კარგად ასუფთავებს წყალში გარეული ვაშლის ძმარი.

კარგი იქნება, თუ აუზში ან ზღვაში ჩასვლამდე თმას სუფთა წყლით დაისველებთ – სველი თმა სტრუქტურას იცვლის და იმდენ მარილს`ქლორს ვეღარ ითვისებს, რამდენსაც მშრალი.

გაინებივრეთ თმა ხარისხიანი მოვლის საშუალებებით

სასურველია, თმის მოვლის საშუალებები შეიცავდეს კერატინს, პანთენოლს, ალოე ვერას ან პიტნას, A, C, E, B7 ვიტამინებს.

გამოიყენეთ ნაზი შამპუნი, რომელიც თმას არ აშრობს, ხშირად დაინოტივეთ თმა შრატით ან ნიღბით. ყოველი დაბანისას წაისვით კონდიციონერი – ის ღერებს საჭირო საკვები ნივთიერებებით მოამარაგებს და თმის მტვრევადობას და ბოლოების გაყოფას შეამცირებს. 

ერიდეთ თმის ფენით გაშრობას

ეცადეთ,  თმა ბუნებრივად გაიშროთ, რადგან ცხელი ჰაერი თმისთვის კიდევ უფრო ძლიერი სტრესია. თუ მაინცდამაინც,  ფენი გრილ ან ყველაზე ნაკლები სითბოს რეჟიმზე დაააყენეთ. არ გამოიყენოთ თმის დასახვევი თუ გასასწორებელი უთო და ცხელი სავარცხელი.

ნუ შეიღებავთ თმას ზღვაზე წასვლის წინ

მზე, ქლორი და მარილიანი წყალი თმას მალე გაახუნებს, ასე რომ, არც სასურველი ფერი შეგრჩებათ და არც ბზინვარება. უმჯობესია, თმა შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ შეიღებოთ.

სვით ბევრი წყალი

დატენიანებული სხეული დატენიანებულ თმას ნიშნავს. ამიტომ არ დაგავიწყდეთ წყლის სმა.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: