კონტურინგი - როგორ შევქმნათ ჩვენი სახის იდეალური ვერსია

გააზიარე:

კონტურინგი ან კონტურირება სახეზე სინათლისა და ჩრდილის მარტივი თამაშია: ბაცი ტონების მეშვეობით სახის ცალკეული ნაწილები ფოკუსში ექცევა, მუქით კი იჩრდილება. ამ ტექნიკის წყალობით ჩვენ შეგვიძლია, ვიზუალურად შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს, მაგალითად, დავიმოკლოთ ან დავივიწროოთ ცხვირი, გავიდიდოთ ტუჩები, გამოვკვეთოთ ყვრიმალები...

როგორ მივიღოთ იდეალური შედეგი? რომელი წესებით ვიხელმძღვანელოთ სხვადასხვა ფორმის სახის კონტურირების დროს? განვაგრძობთ საუბარს კოსმეტოლოგ-ვიზაჟისტთან, ვიზაჟის მასწავლებელსა და ტრენერ მარინა საფრონოვასთან.

– რა არის საჭირო კონტურირებისთვის?

– უპირველეს ყოვლისა, შესაბამისი კოსმეტიკა და ხელსაწყოები. სახის მოდელირებისთვის კორექტორს (კონსილერს) იყენებენ. ამ უნივერსალურ პროდუქტს ბევრი სხვა დანიშნულებაც აქვს – ნიღბავს ზედაპირულ კაპილარებს, მუქ რგოლებს, პიგმენტურ ლაქებს, რომლებსაც ფუძე ვერ ერევა, გვეხმარება პატარ-პატარა შეცდომების გამოსწორებაში, მდგრადობას ანიჭებს მაკიაჟს.

არსებობს სხვადასხვა კონსისტენციის კონსილერი: თხელი, შედარებით სქელი, კრემისებური და მშრალი (პუდრი).

კარგი იქნება, თუ კორექტორების სრულ პალიტრას შეიძენთ, რომელშიც ყველა საჭირო ფერი შედის. ზოგიერთს ბრონზერიც მოჰყვება, რომელიც ზაფხულში ოქროსფერი ეფექტის შესაქმნელად გამოგადგებათ. ოღონდ მანამდე მშრალ და სველ კონტურინგს შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი.

მშრალი კონტურინგი ფხვიერი კონსისტენციის კორექტორით კეთდება, ხოლო სველი – თხევადი და კრემისებური კონსისტენციის კორექტორით. სველი კონტურირება დიდ გამოცდილებას მოითხოვს, ამიტომ მას უმთავრესად პროფესიონალები აკეთებენ.

მნიშვნელოვანია, ერთმანეთში არ აურიოთ სხვადასხვა კონსისტენციის პროდუქტი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ პუდრი უფრო მეტად მიესადაგება ცხიმიან და კომბინირებულ კანს, რადგან ამქრქალებს, ბზინვარებას აქრობს, კრემი კი იდეალურია მშრალი კანისთვის.

ხელსაწყოებიდან დაგჭირდებათ რამდენიმე სხვადასხვა ზომის კაბუკი – სქელი, ფუმფულა ფუნჯი, რომელიც ძალიან მოხერხებულია როგორც წასასმელად, ისე ფერების ერთმანეთში გადასაყვანად. კონტურირებისთვის საუკეთესოა ფუნჯი, რომელსაც არა მომრგვალებული, არამედ ირიბად წაჭრილი წვერი აქვს.

– რით დავიწყოთ კონტურირება?

– იმისთვის, რომ ზუსტად იცოდეთ, რომელი ნაკვთი წამოსწიოთ და რომელი დამალოთ, თქვენი სახის ფორმას კარგად უნდა იცნობდეთ. განასხვავებენ სახის რამდენიმე ტიპს: მრგვალს, გრძელს, გულისებრს, რომბისებრს, ოთხკუთხედს... იდეალურად მიიჩნევა ოვალური ფორმა, ასე რომ, კონტურირებით სახეს სწორედ იდეალური ოვალის ეფექტი უნდა შევძინოთ.

სახის ფორმის დასადგენად ასე მოიქეცით: თმა კარგად გადაიწიეთ, სარკეში ჩაიხედეთ და მასზე მარკერით შემოხაზეთ სახის სილუეტი.

დატენიანება

– მაკიაჟი ბუნებრივად რომ გამოიყურებოდეს, კანი კარგად გაწმენდილი და დანოტივებული უნდა იყოს. უკეთესი იქნება, თუ კანის მომზადებას წინა დღეს დაიწყებთ. მაგალითად, მსუბუქ პილინგს გაიკეთებთ და დამატენიანებელ ნიღაბსაც დაიდებთ. რაც უფრო ტენიანია კანი, მით უფრო ბუნებრივია მაკიაჟი. 

პრაიმერი

– დატენიანებიდან 15-20 წუთის შემდეგ სახეზე გადაისვით პრაიმერი, იგივე ფუძე. ეს არის საბაზისო საფარი, რომელიც მცირე დეფექტებს მალავს და სახის ფერს ათანაბრებს. გარდა ამისა, პრაიმერზე მაკიაჟი უფრო მეტხანს ძლებს.

ფუძე კანის ფერსა და ტიპს უნდა შეესაბამებოდეს. თუ ასაკობრივი ცვლილებები უკვე შესამჩნევია, დამატენიანებელი ფუძე შეარჩიეთ.

ფერის გათანაბრება

– მომდევნო ნაბიჯი ლაქების შენიღბვაა. კორექტორი სხვადასხვა ფერისაა: თეთრი, ჩალისფერი (ბეჟი), კანისფერი, მოვარდისფრო, მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი და მეწამული. მწვანე კორექტორით წითელ ლაქებს ვნიღბავთ. ყვითლითა და ნარინჯისფრით თვალების გარშემო მუქი წრეების დამალვა შეიძლება. თუ წრეებს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს, ყვითელი კონსილერი გამოგადგებათ, თუ მომწვანო – ნარინჯისფერი. მოყვითალო და მონაცრისფრო ლაქების დასაფარავად კი იასამნისფერი გამოიყენეთ. გახსოვდეთ, ფერადი კორექტორი ძალიან თხლად უნდა დაიდოთ, თორემ სახე უფრო მეტად აგიჭრელდებათ.

თუ კონსილერით თვალებს და მათ გარშემო არეს კარგად დაფარავთ, ჩრდილები უფრო მკვეთრი იქნება, ხოლო თვალი უკეთესად გამოიკვეთება. ფიქსატორიც აღარ დაგჭირდებათ.

ბოლო ნაბიჯი ტონალურია. ისიც კანის ფერსა და ტიპს უნდა შეესაბამებოდეს. ტონალური სახის ფერს კიდევ უფრო გაათანაბრებს. წაისვით და სპეციალური ფუნჯით ან ღრუბლით კარგად გაინაწილეთ სახეზე. უკეთესად განაწილდება, თუ ღრუბელს თერმული წყლით დანამავთ.

ამის შემდეგ სახე მზად არის მოდელირებისთვის.

– როგორ შევარჩიოთ კორექტორის ფერი?

– კონტურირებისთვის კანის ფერზე ერთი-ორი ტონით მუქი და კანის ფერზე ერთი-ორი ტონით ბაცი კონსილერი დაგჭირდებათ. პატარა ხრიკს გასწავლით: მუქი კორექტორი ბუნებრივად რომ დაჯდეს კანზე, შერჩეულ ფერს სულ ცოტა ნაცრისფერი შეურიეთ.

წასმა

– მუქი კორექტორი უკან სწევს, ნაკლებად თვალში მოსახვედრს ხდის იმ ადგილებს, რომლებიც ხელს გვიშლის იდეალური ოვალის შექმნაში. ის უმთავრესად პერიფერიებზე, მაგალითად, შუბლის კიდეებზე, საფეთქლებზე, ქვედა ყბაზე, ლოყის ძვლის ქვეშ ისმება. ძალიან მნიშვნელოვანია, ლოყაზე ხაზი შუაში გაწყვიტოთ და ბოლომდე, მაგალითად, ნესტომდე ან ტუჩამდე, არ მიიყვანოთ. თუ გრძელი მოგივიდათ, ასაკსაც შეგმატებთ და მაკიაჟიც ხელოვნური გამოვა.

ბაც კორექტორს ჩავარდნილი ადგილები სიღრმიდან ამოაქვს და უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს. მას უმთავრესად სახის ცენტრალურ ნაწილებზე ისვამენ.

რა ფორმის სახეც არ უნდა გქონდეთ, გახსოვდეთ მთავარი: ფართო ადილებს ვავიწროებთ, წვრილს – ვაფართოებთ, მრგვალს – ვაგრძელებთ, კუთხოვანს – ვარბილებთ.

სახეს ვიზუალურად ავიწროებს და ამოკლებს:

* მუქი კორექტორი.

სახეს ვიზუალურად აფართოებს:

* ბაცი კორექტორი;

* ჰორიზონტალური ხაზები ლოყებზე;

* ფართო და მოკლე სამკუთხედები (წვერით ქვემოთ) თვალების ქვეშ.

სახეს ვიზუალურად აგრძელებს:

* დახრილი ხაზები ლოყებზე;

* თვალების ქვეშ წვრილი და წვეტიანი სამკუთხედები (წვერით ქვემოთ).

მუქი და ბაცი ტონების ერთმანეთში გადაყვანა

– მაკიაჟი ბუნებრივად რომ გამოიყურებოდეს, მუქი და ბაცი ფერები ჰარმონიულად უნდა გადადიოდეს ერთმანეთში, მათ შორის მკვეთრი განსხვავება არ უნდა იგრძნობოდეს.

თავდაპირველად, გირჩევთ, ხელი პუდრით გაიწაფოთ, კანზე მისი განაწილება უფრო ადვილია, ვიდრე კრემის.

***

გზამკვლევი სახის ფორმის მიხედვით

ოვალური სახისთვის

– ოვალურ სახეს ბევრი ცვლილება არ სჭირდება. საკმარისია, ბუნებრივი ხაზები გამოკვეთოთ. მუქი ტონები დაიდეთ:

*ლოყებზე საულვაშის გასწვრივ;

*შუბლის შუა ნაწილში თმის ძირებთან ახლოს;

*ნიკაპის  ძვალზე;

ბაცი ტონები – დანარჩენ შუბლზე და თვალების ქვეშ.

გულის ფორმის სახისთვის

– ფართო შუბლისა და წვეტიანი ნიკაპის შეუსაბამობა ოპტიკურად რომ გაათანაბროთ, მუქი ტონები დაიდეთ:

*შუბლის გვერდებზე, საფეთქლებსა და ლოყებზე V-სებურად;

*ნიკაპის ძვალზე;

ბაცი ტონები – შუბლზე, ნიკაპსა და ტუჩს შორის ჩაღრმავებაზე და თვალების ქვეშ.

კუთხოვანი სახისთვის

– მუქი ტონები დაიდეთ:

*შუბლზე რკალისებურად, წარბიდან წარბამდე;

*ლოყებზე ჰორიზონტალურად (თუ სახე გრძელია);

*ქვედა ყბის ძვლებზე – იქ, სადაც კუთხე იქმნება;

ბაცი ტონები – შუბლის შუაში, ნიკაპზე და თვალების ქვეშ. 

მრგვალი სახისთვის

– მრგვალი სახე ფართოა, ამიტომ უნდა დავავიწროოთ. მუქი ტონები წაისვით;

* შუბლის გვერდებზე,

* საფეთქლებზე;

* ლოყებზე ყვრიმალებიდან ნიკაპისკენ;

ბაცი ტონები – შუბლის შუა ნაწილში, ნიკაპზე და თვალების ქვეშ.

ცხვირის კონტურირება

დამოკლება: ცხვირის ზურგზე, ძირიდან შუამდე, ბაცი კონსილერი წაისვით, წვერზე კი – მუქი.

დაგრძელება: ცხვირის ზურგზე, ძირიდან წვერამდე, წაისვით ბაცი კონსილერი.

გათხელება: ცხვირის გვერდებზე მუქი კორექტორი წაისვით, ზურგზე კი – ბაცი. რაც უფრო წვრილ ხაზს გაივლებთ ბაცი კორექტორით, მით უფრო თხელი გამოჩნდება ცხვირი და პირიქით.

აპრეხა: ცხვირის ძირიდან ზურგის შუა წერტილამდე ბაცი კონსილერი გადაისვით, ცხვირის წვერიდან ერთი თითის დადებით ზემოთ ჰორიზონტალურად წაისვით მუქი ფერი, ხოლო წვერზე – ისევ ბაცი კორექტორი ან ჰაილაითერი.

კეხის დამალვა: ცხვირის ზურგზე კანის ფერთან შედარებით ერთი ტონით მუქი კონსილერი დაიდეთ, წვერზე კი ჰაილაითერი წაისვით.

მომდევნო ნომერში გასწავლით, როგორ გაიკეთოთ თვალის მაკიაჟი.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: