იასუჰირო კოჯიმა ― ორი ქვეყნის კულტურული დესპანი

გააზიარე:

იასუჰირო კოჯიმა იაპონელი ქართველოლოგია. ორი სამშობლო მაქვსო, ამბობს. იაპონურ-ქართული ლექსიკონის ავტორი, წლებია, ოჯახითურთ საქართველოში ცხოვრობს. მისი მეუღლე მედეა გოცირიძე იაპონური ენის სპეციალისტია, მაგრამ შინ ქართულად საუბრობენ.

იასუჰირო ლაპარაკობს მეგრულ, ლაზურ და სვანურ ენებზეც, თარგმნის ქართველ მწერლებს, ჩვენს კულტურას აცნობს იაპონელებს და იქაურ სტუდენტებს ქართულს ასწავლის.

გაუკვალავი ბილიკებით

– იმ დროს, როცა მე საქართველოთი დავინტერესდი და ქართული ენის შესწავლა დავიწყე, იაპონიაში ამ ქვეყნის შესახებ თითქმის არაფერი იცოდნენ. დღეს სხვა ვითარებაა. 2018 წელს სუმოს ტრადიციულ ტურნირზე ქართველმა ფალავანმა ტოჩინოშინმა გაიმარჯვა. ეს მართლაც მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რადგან იმპერატორის თასი, უმაღლესი ჯილდო სუმოში, დაარსებიდან დღემდე სულ ორ-სამ ევროპელს თუ აუწევია. მომზადდა საქართველოს შესახებ სატელევიზიო სიუჟეტები, დაინტერესდნენ მისი ისტორიით და კულტურით, ქართული ღვინო და სამზარეულოც პოპულარული გახდა. ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ შქმერული იაპონელების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია. სუპერმარკეტებში მისი ნახევარფაბრიკატებიც კი იყიდება.

თავად ბატონი კოჯიმა კავკასიური ენებით ტოკიოს უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ფაკულტეტზე სწავლის დროს დაინტერესდა. ყველაზე მეტად ქართულმა მიიზიდა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ინგლისურენოვანი “ქართული ენის გრამატიკა” აღმოაჩინა და დაიწყო სწავლა. შემდეგ ქართული ოჯახი გაიცნო, რომელიც ტოკიოს ახლოს ცხოვრობდა. კვირაში ერთხელ მათთან დადიოდა ქართული ენის შესასწავლად.

ასპირანტურა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა. ტოკიოში დაბრუნებულმა, უცხო ენათა ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა. დღესაც ჰყავს სტუდენტები, თუმცა ბოლო ხანს უმეტესად ონლაინ რეჟიმში უწევს ლექციების კითხვა:

– პრაქტიკული მიზნით ამ ენას იშვიათად სწავლობენ, მაგრამ იაპონიაში ეგზოტიკური ქვეყნებისა და დამწერლობების მიმართ ინტერესი დიდია. ქართული ანბანი მარტივია, ძალიან ლამაზი და იოლად დასამახსოვრებელი, გრამატიკა და წარმოთქმა კი საკმაოდ რთული შესასწავლია. და მაინც, ქართული ენის შესწავლის მსურველთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება. 

საქართველოში

– თბილისში, ასპირანტურაში სწავლის პარალელურად, უნივერსიტეტის სტუდენტებს  იაპონურ ენას ვასწავლიდი. ამ დროს მედეას უკვე დამთავრებული ჰქონდა აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი იაპონურის განხრით და ისიც ლექციებს კითხულობდა. ასე გავიცანით ერთმანეთი. შეუღლებაც მალე გადავწყვიტეთ. ორიათასიანი წლების დასაწყისი იყო, იაპონელები საქართველოს ჯერ კიდევ იშვიათად სტუმრობდნენ. ქუჩაში გაოცებით მიყურებდნენ ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქართულად ვიწყებდი ლაპარაკს.

წყვილმა ათი წელი იცხოვრა ტოკიოში. სწორედ იმ წლებში შეეძინათ ვაჟი, შოთა. მერე კი იასუჰირო კოჯიმას თბილისში, იაპონიის საელჩოში შესთავაზეს სამსახური.

ხუთწლიანი კონტრაქტი ამოიწურა და იასუჰირო-სანი კვლავ არჩევანის წინაშე დადგა: იაპონია თუ საქართველო? საბოლოოდ აქ დარჩენა ამჯობინა.

ამჟამად ბატონი კოჯიმა უმთავრესად თარგმნით არის დაკავებული, მისი მეუღლე კი ბრიტანულ უნივერსიტეტში იაპონურ ენას ასწავლის. კერძო მოსწავლეებიც ჰყავთ. უხარიათ, რომ ქართველ ახალგაზრდებს შორის იაპონურის შესწავლის მსურველი უფრო და უფრო მეტია.

შოთა უკვე ათი წლისაა. შვილთან გატარებული ყოველი წამი მაბედნიერებსო, ამბობს იასუჰირო-სანი. მათი სახლის მახლობლად პატარა მოედანია, სადაც მამა-შვილი ხშირად თამაშობს ფეხბურთს. მოგზაურობაც უყვართ. წინათ ხშირად დადიოდნენ ტოკიოში. რაც პანდემია დაიწყო, არ ყოფილან. წელს აპირებენ წასვლას და მოუთმენლად ელიან ნათესავებსა და ახლობლებთან შეხვედრას.

ორი სამშობლო

– ჩემს ორ სამშობლოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული ქვეყანაა, საერთოც აქვს: დიდი ისტორია, მდიდარი კულტურა, ტრადიციების პატივისცემა. ალბათ ამის გამოც გამიჩნდა განცდა, რომ საქართველო ჩემთვის ძალიან ახლობელია.

საქართველოში ყველაზე მეტად მრავალფეროვნება მაოცებს და მხიბლავს. ამ პატარა ქვეყნის ყოველ კუთხეში სხვადასხვანაირი ბუნება, ტრადიციები, კულტურა და სამზარეულოა. ამასთან, უამრავი სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელი ცხოვრობს თავისი ადათ-წესებით. მართლაც გასაოცარია, როგორ ახერხებენ ამდენად განსხვავებული ადამიანები, იცხოვრონ გვერდიგვერდ და თავიანთი თვითმყოფადობა შეინარჩუნონ. იაპონია არ გახლავთ ასეთი კონტრასტული.

კულტურათა დიალოგისთვის

იასუჰირო კოჯიმას ინიციატივით, 2018 წელს ტოკიოში ქართული კინოს ფესტივალი გაიმართა. ორკვირიანმა პროგრამამ იმდენად დიდი ინტერესი გამოიწვია, რომ 2022 წელს ღონისძიება გაიმეორეს. მიუხედავად პანდემიის პიკისა და უმკაცრესი რეგულაციებისა, ქართული ფილმების სანახავად ათი ათასამდე ადამიანი მივიდა. ტოკიოში მოუთმენლად ელიან მესამე ქართულ კინოფესტივალს, რომელიც გაისისთვის არის დაგეგმილი.

თუმცა ბატონი კოჯიმას ძირითადი საქმიანობა მაინც ენობრივი ურთიერთობებია. 2004 წელს მან ტოკიოში იაპონურ ენაზე გამოსცა “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. ეს იყო პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, რომელიც ქართულიდან იაპონურ ენაზე პირდაპირ ითარგმნა. წიგნი დღემდე იყიდება. მკითხველები სწერენ და შთაბეჭდილებებს უზიარებენ მთარგმნელს. ბატონი კოჯიმა უპასუხოდ არავის ტოვებს. შეუძლია, ყველას სათითაოდ ესაუბროს ჩვენს ქვეყანაზე, მოუყვეს, წიგნზე მუშაობისას რა განიცადა.

― იაპონელებს ამ ნაწარმოებში ყველაზე მეტად გმირების განსაკუთრებული, თბილი, სუფთა და სიყვარულით სავსე ურთიერთობა მოსწონთ. მეც სწორედ ამის გამო შემიყვარდა ეს წიგნი.

2018 წელს ვაჟა-ფშაველას პოემებისა და მოთხრობების კრებული გამოსცა:

― ვაჟა ღრმა, ამოუწურავი თემაა. მთის ხალხის სახე შთამბეჭდავია იაპონელი მკითხველისთვის ― ბევრ მსგავსებას ხედავენ იაპონელი მეომრების სულისკვეთებასთან, ღირსების კოდექსთან. გამოგიტყდებით, მეც ამ ვაჟკაცურმა სულმა, ფასეულობებმა და ადათებმა მიმიზიდა ყველაზე მეტად.

ორიოდე წლის წინ კი ბატონი იასუჰიროს მიერ თარგმნილი მეოცე საუკუნის ქართული მოთხრობების კრებული გამოვიდა. მასში კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილის,  გოდერძი ჩოხელის, ლაშა თაბუკაშვილის, გიორგი ლეონიძის ნაწარმოებებია თავმოყრილი.

2022 წელს იაპონიაში შეიქმნა მსოფლიოს საბავშვო ლიტერატურის ელექტრონული ანთოლოგია, რომელშიც იასუჰირო კოჯიმას ინიციატივით “სალამურაც” შეიტანეს.

უკვე დაასრულა “დიდოსტატის მარჯვენაზე” მუშაობა  და ამჟამად ლანა ღოღობერიძის ავტობიოგრაფიაზე მუშაობს. როგორც თავად ამბობს, კიდევ ბევრია ნაწარმოები, რომლებიც იაპონელ მკითხველს აუცილებლად უნდა გააცნოს.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: