საშიში კოქტეილი, სახელად ჰაერი

გააზიარე:

ექიმთა რეკომენდაციები ერთ პუნქტში გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. განურჩევლად დაავადებისა, ეს პუნქტი ფაქტობრივად უცვლელია: ბალანსირებული კვება, ზომიერი ფიზიკური აქტიურობა და სუფთა ჰაერი. შესაძლოა გაგიკვირდეთ, ცხოვრების ჯანსაღი წესი, ლუმინალივით, ყველაფერს როგორ შველისო. სულ ტყუილად – ამ რეკომენდაციის საფუძვლიანობა მტკიცებითმა მედიცინამ დაადასტურა და წლებმა გამოსცადა. ასე რომ, რა წამალიც არ უნდა მიიღოთ, რა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევა თუ ოპერაციაც არ უნდა ჩაიტაროთ, მისი დაცვა მაინც მოგიწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ავადმყოფობა კიდევ არაერთხელ შეგახსენებთ თავს.

მაშ ასე, რეკომენდაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ საგულდაგულოდ გაითავისეთ და საქმეს შეუდექით. შეადგინეთ კვების რაციონი, ფსიქოლოგიურად მოემზადეთ ახალი რეჟიმისთვის, უარი უთხარით ყველა მავნე ჩვევას და გგონიათ, “ნამდვილ ცხოვრებას” იწყებთ. დილაადრიან იღვიძებთ, სასარგებლო საუზმეს შეექცევით და სუფთა ჰაერზე სასეირნოდ მიდიხართ. შინიდან გამოსული, ღრმად სუნთქავთ, რომ მთელი ცხოვრების დანაკლისი ერთბაშად შეივსოთ და... ყველა ოცნება თვალის დახამხამებაში იმსხვრევა.

რამ გამოიწვია ფიასკო? იმან, რომ “სუფთა ჰაერთან” ერთად “ჰარმონიულად” შეზავებული თამბაქოსა და მანქანების გამონაბოლქვიც უხვად შეისუნთქეთ.

დიახ, XXI საუკუნეში სუფთა ჰაერით სუნთქვა ფუფუნებაა, რომლის საშუალებაც წელიწადში შესაძლოა სულ ორიოდე კვირით მოგვეცეს...

რამდენად სუფთა ჰაერს ვსუნთქავთ? კონტროლდება თუ არა მისი სისუფთავე? რა საფრთხეს გვიქადის დაბინძურებული ჰაერი? – ეს კითხვები ალბათ ყველა თქვენგანს გასჩენია. მიგიღიათ პასუხი თუ ხელი ჩაგიქნევიათ და ბედს მინდობიხართ?

მოდი, ერთად გავიგოთ, რა გავლენას ახდენს ჰაერის დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე.

 

ჯანმო ჰაერის დაბინძურების შესახებ

“დღეს მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურებაზე დიდ გავლენას სულ რამდენიმე ფაქტორი ახდენს”, – ეს სიტყვები ჯანმოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორს მარია ნეირას ეკუთვნის. დიახ, ჰაერის დაბინძურებას მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება ავადმყოფობის ერთ-ერთ უმთავრეს რისკფაქტორად განიხილავს. ჯანმოს უკანასკნელი გამოკვლევის თანახმად, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილის ტვირთი მხოლოდ ევროპაში წელიწადში 1.6 ტრილიონ დოლარს აღწევს. ექსპერტთა შეფასებით, მავნე მინარევებით გაჯერებული ჰაერი ყოველწლიურად ორი მილიონი კაცის ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი ხდება. ჯანმოსავე მონაცემებით, იმ ქალაქებში, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია, სიკვდილის ზოგადი მაჩვენებელი 15-20%-ით აჭარბებს შედარებით სუფთა ქალაქების მაჩვენებლებს. ჰაერის დაბინძურების დონემ გლობალური მასშტაბით 8%-ით მოიმატა. ქალაქების მოსახლეობის 80%-ზე მეტი დაბინძურებული ჰაერით სუნთქავს. მართალია, ეს ტენდენცია ფაქტობრივად ყველა რეგიონში შეინიშნება, მაგრამ დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. ჰაერის დაბინძურება ყველაზე მაღალია ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც წლიური საშუალო მაჩვენებლები ნებადართულს 5-10-ჯერ აღემატება. “ჰაერის დაბინძურების დონე ისეთი ტემპით განაგრძობს ზრდას, რომ არ  შეიძლება, ამან აღშფოთება არ გამოიწვიოს”, – ამბობს მარია ნეირა.

სწორედ ჰაერის დაბინძურება იყო ჯანმოს 27 მაისის მსოფლიო ასამბლეის მთავარი თემა. ასამბლეაზე მიღებული დოკუმენტის თანახმად, რომლის მოქმედებაც 2016-2019 წლებზეა გაწერილი, უნდა გაფართოვდეს ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების გავლენის ამსახველ მონაცემთა ბაზა და გაძლიერდეს მონიტორინგი ამ მიმართულებით. დოკუმენტი განკუთვნილია ადგილობრივ, ნაციონალურ, რეგიონულ და გლობალურ დონეებზე გამოსაყენებლად. მისი უმთავრესი მიზანია ჰაერის დაბინძურების მავნე გავლენის შესახებ მოსახლეობის ცოდნის ამაღლება  და ამ გავლენის შესამცირებლად ჯანდაცვის სექტორის პოტენციალის ზრდა. ამ ფონზე, ვფიქრობთ, ურიგო არ იქნება, ჩვენც უფრო მეტი შევიტყოთ გლობალურ საფრთხეზე, რომელსაც ჰაერის დაბინძურება ჰქვია.

 

ჰაერი უფერო, უსუნო, უხილავი აირების ნარევია. მის უმეტეს ნაწილს აზოტი ქმნის (78%). ჟანგბადის წილად ჰაერის 21% მოდის. თანაბარი წილი – 0.03% – უკავია არგონსა და ნახშირბადს. სხვა აირების შემცველობა კი ძალზე მცირეა.

განასხვავებენ ჰაერის ორ ძირითად ტიპს – ატმოსფერულს და შენობის შიგნით არსებულს.

 

რა აბინძურებს ჰაერს?

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მიზეზები ორ ჯგუფად იყოფა – ბუნებრივად და ტექნოგენურად. ბუნებრივ მიზეზებს მიეკუთვნება ვულკანების ამოფრქვევა, ზღვის მარილების მიგრაცია, ნიადაგის მტვერი, ტყის ხანძრები, კოსმოსური მტვრის დალექვა და სხვა. თუ ამ ფაქტორებზე გავლენას ვერ ვახდენთ, ტექნოგენური ზემოქმედება მთლიანად ადამიანის მიერ შექმნილი პრობლემაა – თბოენერგეტიკა, შავი და ფერადი მეტალურგია, ნავთობმომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა, საშენ მასალათა მრეწველობა, ქიმიური მრეწველობა... ცალკე უნდა გამოვყოთ ტრანსპორტი, რომლის წილად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების 50-80% მოდის.

ჰაერის მთავარი დამაბინძურებლები მტვრის მყარი ნაწილაკები, ნახშირბადის მონოქსიდი, ოზონი, აზოტისა და გოგირდის დიოქსიდებია.

 

ჰაერი საქართველოში

საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროს ავტოტრანსპორტი, ენერგეტიკული სექტორი, სამრწეველო ობიექტები და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგი წარმოადგენს. მათგან უმთავრესი ენერგეტიკა და ავტოტრანსპორტია. მოხმარებული საწვავის რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს და მასთან ერთად იმატებს ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამოფქვევაც.

დასახლებული ტერიტორიების ჰაერის დაბინძურებას ხელს უწყობს თბომომარაგებაც. 1990-იან წლებში ცენტრალიზებული თბომომარაგება მთელ საქართველოში გაუქმდა. საცხოვრებელი და სხვა შენობები ინდივიდუალური სისტემებით თბება. გამათბობლების ნაწილს ნამწვი აირი საცხოვრებელიდან გარეთ გააქვს, უფრო დაბალი ხარისხის გამათბობლები კი მას შენობაშივე გამოყოფს. სოფლებსა და დაბებში კი უმთავრესად შეშას იყენებენ, რომელიც დაბალეფექტურ თუნუქის ღუმელებში იწვის და შენობაში ჰაერს აბინძურებს. გაეროს ბავშვთა ფონდის მონაცემებით, საქართველოში სოფლად ბავშვების 78% ისეთ შენობებში ცხოვრობს, სადაც საკვების მოსამზადებლად მყარ საწვავს იყენებენ, რაც საგრძნობლად ზრდის ამ კონტინგენტში ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების რისკს.

კიდევ ერთი პრობლემაა ნაგავსაყრელები, რომლებიც ალდება და ირგვლივ მყოფ მოსახლეობას საფრთხეს უქმნის.

ჰაერის დაბინძურებაზე გავლენას ახდენს ქალაქდაგეგმარება, სეისმური თვაისებურებები და განაშენიანების ტიპიც. ექსპერტები წუხან, რომ ქალაქდაგეგმარების პროცესში ეკოლოგები არ მონაწილეობენ. მათი აზრით, აუცილებელია მწვანე საფარის აღდგენა და ისეთი ფართოფოთლოვანი ხეების დარგვა, რომლებსაც დიდი ვარჯი აქვს და ჰაერის დაბნძურების აღკვეთა შეუძლია.

რა თქმა უნდა, ჰაერს აბინძურებს თამბაქოს კვამლიც, რომლის მავნე გავლენაზე ამჯერად არ შევჩერდებით. მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ თუნდაც სახლში არ ეწეოდეთ, ეს თქვენი ოჯახის წვერებს ვერ დაიცავს, რადგან აბინძურებთ გარემოს, რომელშიც ისინიც ცხოვრობენ.

ეპიდემიოლოგიური კვლევები, რომლებიც საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცვლილებებს შორის უშუალო მიზეზშედეგობრივ კავშირს დაადგენდა, სამწუხაროდ, არ ჩატარებულა, თუმცა სტატისტიკური მონაცემები ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული დაავადებების მატების ტენდენციაზე მიუთითებს. ეს განსაკუთებით სასუნთქი სისტემის დაავადებებს ეხება, რომლებიც არაგადამდებ დაავადებათა სტრუქტურაში წამყვან ადგილს იკავებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან, შაქრიან დიაბეტსა და კიბოსთან ერთად. ამ სნეულებებით გამოწვეული სიკვდილიანობა ევროპის რეგიონში  თუ დაახლოებით 75%-ია, საქართველოში 90%-ს აღემატება. ამ დაავადებათა უმეტესობის რისკფაქტორს სწორედ ჰაერის დაბინძურება წარმოადგენს.

 

საშიში მტვერი

მტვრის ნაწილაკები ჯანმრთელობის ყველაზე დიდი მტერია. მათი მუდმივი ზემოქმედება ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, რესპირატორული დაავადებების და ფილტვის კიბოს განვითარების რისკს. ატმოსფერული ჰაერის მტვრით დაბინძურების დონის 70 მკგ`მ3-დან 20 მკგ`მ3-მდე დაწევას დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილობის თითქმის 15%-ით შემცირება შეუძლია. მტვრის ნაწილაკების კომპონენტებია სულფატები, ნიტრატები, ამიაკი, ნატრიუმის ქლორიდი, ნახშირბადი, მინარალური მტვერი და წყალი. ყველაზე საშიშად 2.5 მკმ აეროდინამიკური დიამეტრის მქონე ნაწილაკები მიიჩნევა, რომლებიც ბრონქიოლების პერიფერიულ უბნებში აღწევს და ფილტვებში აირთა ცვლას აფერხებს. მნიშვნელობა აქვს დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედების ხანგრძლივობასაც. ხანმოკლე ზემოქმედება სათავეს უდებს მწვავე პროცესებს – სუნთქვის გაძნელებას, ხველას, სურდოს, მწვავე რესპირატორულ და კარდიოვასკულურ დაავადებებს, ხანგრძლივი კი იწვევს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მძიმე ქრონიკულ სნეულებებს, მათ შორის – ასთმას, ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას, ფილტვის კიბოს, აფერხებს მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის ზრდას, ხელს უწყობს მცირე წონის ახალშობილის დაბადებას.

რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბოლო დროს გამოჩნდა ნაშრომები, რომელთა მიხედვით, დაბინძურებული გარემო ნერვული სისტემის დაავადებების გახშირებასაც იწვევს. ნაჩვენებია აუტიზმის, შიზოფრენიის, სუიციდის კავშირი ჰაერის დაბინძურებასთან. გარემოს გავლენა განსაკუთრებით ძლიერია ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

 

რა ვიღონოთ?

უნივერსალური რჩევა, ერთი შეხედვით, მარტივია, შესასრულებლად კი – რთული: შეარჩიეთ საცხოვრებლად რაც შეიძლება გამწვანებული უბანი, სადაც ნაკლები ავტომანქანა დადის; თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ერიდეთ ტრანსპორტით სავსე ქუჩაში ბავშვის გაყვანას, განსაკუთრებით – მცირეწლოვანისას; მთელი წლის დანაკლისის ასანაზღაურებლად გამოიყენეთ ზამთრისა და ზაფხულის არდადეგები; ეცადეთ, მანქანაში ჩაასხათ ხარისხიანი საწვავი, პერიოდულად ჩაუტარეთ ტექდათვალიერება და ნუ შეიძენთ ძველ ავტომობილს.

 

საგანგაშო მონაცემები

ცოტა ხნის წინ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმადაც, საქართველო ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებული სიკვდილიანობის მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო. ამ შემაშფოთებელმა ინფორმაციამ საზოგადოებაში დიდი ხმაური გამოიწვია. საქართველო ამ შედეგს არ დაეთანხმა. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჯანმოსა  და მისი ევროპის ოფისის დირექტორებს წერილობით მიმართა. მიმართვიდან რამდენიმე დღეში საქართველოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია ესტუმრა. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართულ მხარესთან კონსულტაციებისა და ვითარების ადგილზე შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ კვლევაში უზუსტობა გაიპარა, კერძოდ, ერთ-ერთ ინდიკატორად 2003-2005 წლების მონაცემები  იყო აღებული, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საბოლოო შედეგზე. ასე რომ, ინფორმცია  საქართველოს არასაპატიო ლიდერობის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ექსპერტები მონაცემებს ხელახლა შეაჯამებენ და ახალ დასკვნას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს დასკვნა, ფაქტია, პრობლემა არსებობს და მას სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გასაძლიერებლად თბილისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი ახალი ავტომატური სადგურის მონტაჟი დაიწყო. ეს სადგურები ჰაერს 24-საათიან მონიტორირებას გაუწევს, გაზომავს ნახშირჟანგის, ოზონის, აზოტის გოგირდის დიოქსიდების, მტვრის ორი ფრაქციის – PM2,5-ისა და PM10-ის დონეს და და ინფორმაციას უწყვეტად გადასცემს გარემოს ეროვნული სააგენტოს სერვერს. ახალი სადგურები წერეთელისა და ყაზბეგის გამზირებსა და ვარკეთილის ტერიტორიაზე განთავსდება. გარემოს ეროვნული სააგენტო იმედს გამოთქვამს, რომ ტესტური სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ სადგურები სრული დატვირთვით ამუშავდება და ჰაერის დაბინძურების შესახებ ზედმიწევნით ზუსტ ინფორმაციას მოგვაწვდის.

როგორც ხედავთ, ჰაერის დაბინძურებაზე ზრუნვა საზოგადოების, სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების საერთო საქმეა. მე კი, ერთი ცნობილი გამოთქმის პერიფრაზით, სტატიას ასე დავასრულებ: მითხარი, როგორი ჰაერით სუნთქავ და გეტყვი, როგორ ქვეყანაში ცხოვრობ.

გვანცა გოგოლაძე

 

 

 

გააზიარე: