კიტრის სიყვარულის 8 მიზეზი
გააზიარე:
ზაფხულის ცხელ დღეებში კიტრი შესანიშნავი ხემსია. ის აგრილებს და სითხის მარაგს აღუდგენს ჩვენს ორგანიზმს, თუმცა გაცილებით მეტი სიკეთის მოტანაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის.
კერძოდ, რითია ის სასარგებლო?
კვებითი ღირებულება
კიტრის 97% წყალია, ამიტომ ის ძალიან დაბალკალორიული პროდუქტია – 100 გრამში მხოლოდ 12 კილოკალორიაა.
100 გრამი კიტრის კვებითი ღირებულება
ცხიმი – 0,2 გ
ცილა – 1 გ
ნახშირწყალი – 2 გ
ბოჭკო – 1 გ
ვიტამინოვანი შემადგენლობა
(ფრჩხილებში მოცემულია ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილება)
ვიტამინი A (რეტინოლის ეკვივალენტი) – 66 მკგ (900 მკგ), სადღეღამისო ნორმის 7.3%
ბეტა–კაროტინი – 393 მკგ (2000 მკგ), სადღეღამისო ნორმის 19.7%
ვიტამინი B1 (თიამინი) – 20 მკგ (1100 მკგ), სადღეღამისო ნორმის 1.8%
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – 30 მკგ (1200 მკგ), სადღეღამისო ნორმის 2.5%
ვიტამინი B3 (ნიაცინი, ნიკოტინის მჟავა) – 200 მკგ (15000 მკგ), სადღეღამისო ნორმის 1.3%
ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – 240 მკგ (6000 მკგ), სადღეღამისო ნორმის 4%
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 35 მკგ (1500 მკგ), სადღეღამისო ნორმის 2.3%
ვიტამინი B7 (ბიოტინი) – 1მკგ (100მკგ), სადღეღამისო ნორმის 0.9%
ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) – 20 მკგ (400 მკგ), სადღეღამისო ნორმის 5%
ვიტამინი ჩ – 8 მგ (100 მგ), სადღეღამისო ნორმის 8%
ვიტამინი E (ტოკოფეროლის ეკვივალენტი) – 63 მკგ (12000 მკგ), სადღეღამისო ნორმის 0.5%
ვიტამინი K – 12 მკგ (70 მკგ), სადღეღამისო ნორმის 17%
მინერალოვანი შემადგენლობა:
(ფრჩხილებში მოცემულია ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილება)
რკინა – 0.5 მგ (12.5 მგ), სადღეღამისო ნორმის 4%
თუთია – 160 მკგ (8500 მკგ), სადღეღამისო ნორმის 2%
სპილენძი – 90 მკგ (1250 მკგ), სადღეღამისო ნორმის 7.2%
მანგანუმი – 150 მკგ (3500 მკგ), სადღეღამისო ნორმის 4.3%
კალიუმი – 141 მგ (4000 მგ), სადღეღამისო ნორმის 3.5%
ნატრიუმი – 8 მგ (1500 მგ), სადღეღამისო ნორმის 0,5%
კალციუმი – 15 მგ (1000 მგ), სადღეღამისო ნორმის 1.5%
მაგნიუმი – 8 მგ (350მგ), სადღეღამისო ნორმის 2.3%
ჯიშის, მოყვანის ადგილისა და პირობების მიხედვით შემადგენლობაში შესაძლოა მცირე ცვლილებები.
იმისათვის, რომ საკვები ნივთიერებები სრულად მიიღოს ორგანიზმმა, კიტრი კანიანად მიირთვით.
რატომ უნდა ვჭამოთ ბევრი კიტრი?
* აუმჯობესებს სხეულში სითხის ბალანსს
წყალი სიცოცხლის ელექსირია. ვინც ცოტას სვამს, საფრთხეს უქმნის საკუთარ ჯანმრთელობას. მიუხედავად იმისა, რომ სითხის ყოველდღიურ მოთხოვნილებას უდიდესწილად სასმელი წყლით ვიკმაყოფილებთ, წყლის მიღება საკვებითაც შესაძლებელია, კერძოდ, ხილითა და ბოსტნეულით. ერთ-ერთმა კვლევამ, რომელშიც 442 ბავშვი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ რაციონში ხილისა და ბოსტნეულის წილის გაზრდასთან ერთად მკვეთრად გაუმჯობესდა ორგანიზმში სითხის ბალანსი.
* ორგანიზმს ჭარბი წყლის გარეთ გამოტანაში ეხმარება
ცხელ დღეებში, განსაკუთრებით – დიდხანს დგომის ან ჯდომის დროს, სხეულში წყალი კავდება, წვივები და ტერფები შუპდება. თუ წყლის შეკავება ავადმყოფობით არ არის გამოწვეული, მის გამოდევნაში დაგეხმარებათ კიტრი, ანანასი, ჭინჭარი.
კიტრი საკმაოდ მდიდარია ელექტროლიტებით: ნატრიუმით, კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, – რომლებიც სხეულში წყლის ბალანსს აკონტროლებენ. ამის წყალობით ის შესანიშნავად წმენდს ორგანიზმს წიდისგან, გვეხმარება თირკმლის პრობლემების, შარდის ბუშტის პრობლემების, ყაბზობის დროს. ამასთან, კიტრი აჯანსაღებს ნაწლავურ ფლორას და ამით აძლიერებს იმუნიტეტს.
* ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაწევას
კიტრის გლიკემიური დატვირთვა 0,3-ია, რაც ძალიან დაბალ მაჩვენებლად ითვლება.
შეგახსენებთ: საკვების გლიკემიური დატვირთვა მასში შემავალი ნახშირწყლების სახეობისა და რაოდენობის მიხედვით გამოითვლება. ის გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად და მაღლა იწევს სისხლში გლუკოზის დონე ერთი ულუფა საკვების მიღების შემდეგ. რაც უფრო სწრაფად გარდაიქმნება ნახშირწყლების განსაზღვრული სახეობა გლუკოზად და რაც უფრო მეტია საკვების ულუფაში ეს ნახშირწყლები, მით უფრო მაღალია ამ საკვების გლიკემიური დატვირთვა.
კიტრი, თუნდაც დიდი რაოდენობით, გლუკოზის დონის მატებას არ იწვევს, ასე რომ, ის ძალიან კარგია დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე ადამიანებისთვის.
მეტიც: ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კიტრი სისხლში შაქრის დონის დაწევასაც კი უწყობს ხელს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიტრს ოქსიდაციური სტრესის შემცირება და დიაბეტით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილებაც შეუძლია, თუმცა ჰიპოთეზის დასამტკიცებლად დამატებითი კვლევაა საჭირო.
დიაბეტიანებისთვის სასარგებლოა კიტრის მწნილიც, განსაკუთრებით – ძმრით დამზადებული, რადგან ძმარს სისხლში შაქრის დონის დამწევი ეფექტი აქვს. არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ რთული ნახშირწყლებით მდიდარ საკვებთან ერთად 2 ჩაის კოვზ ძმარსაც მივიღებთ, ჭამის შემდეგ შაქარი დაიწევს, თუმცა ისიც საყურადღებოა, რომ ზოგჯერ კიტრს დამწნილებისას შაქარს ამატებენ – ასეთ მწნილს გლუკოზის დამწევი ეფექტი ვერ ექნება.
* აუმჯობესებს ტვინის მუშაობას
კიტრი შეიცავს ნივთიერება ფისტეინს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ნივთიერება იცავს ნერვულ უჯრედებს და ხელს უწყობს მეხსიერების გაუმჯობესებას. ამრიგად, კიტრს შეუძლია, ხელი შეუშალოს დემენციის (ალცჰეიმერის დაავადების) განვითარებას. გარდა ამისა, კიტრში შემავალი B ჯგუფის ვიტამინები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ თავის ტვინისა და ნერვების სრულფასოვან მუშაობაში.
* ხელს უწყობს წონის კლებას
კიტრი შეიცავს ხსნად ბოჭკოს, რომელსაც წყლის შებოჭვისა და გაჯირჯვების უნარი შესწევს. ის დიდხანს რჩება კუჭში და მის დაცლას აყოვნებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიტრი დიდი ხნით ანაყრებს და მისი მიღების შემდეგ ისე სწრაფად არ მოგვშივდება.
* ასტიმულირებს საჭმლის მონელებას
კიტრი აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და ხელს უწყობს რეგულარულ დეფეკაციას. მის შემადგენლობაში შემავალი მცენარეული ნივთიერებები, ეგრეთ წოდებული ტერპენები, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტსა და პანკრეასში ააქტიურებენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, დიდი ოდენობით წყალი და ბოჭკო კი ხელს უწყობს ნაწლავებში გადამუშავებული საკვების გადაადგილებას.
* აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება
კიტრი მდიდარია ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნივთიერებით, მაგალითად, ჩ ვიტამინით, ბეტა კაროტინით.
100 გ კიტრი თითქმის 20 პროცენტით ფარავს ბეტა კაროტინის ყოველდღიურ მოთხოვნილებას. ბეტა კაროტინს ორგანიზმი A ვიტამინის წარმოსაქმნელად იყენებს, ის კი, როგორც იცით, სასიცოცხლოდ აუცილებელია სხეულისთვის. გარდა ამისა, ბეტა კაროტინი მძლავრი ანტიოქსიდანტური თვისებებითაც გამოირჩევა: იჭერს და აუვნებლებს თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც განუწყვეტლივ წარმოიქნება ორგანიზმში, რითაც ამცირებს ათეროსკლეროზის და მასთან დაკავშირებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, ალცჰაიმერის, პარკინსონის, რევმატოიდული ართრიტის, კიბოს განვითარების რისკს.
კიტრი მდიდარია მწვანე პიგმენტით – ქლოროფილით. ქლოროფილი მონაწილეობს სისხლის წარმოქმნაში, ხელს უწყობს ჭრილობის შეხორცებას, ებრძვის აკნეს და კანის დაბერებას.
კიტრში უამრავი პოლიფენოლია: ლიგნანები, ფლავონოიდები – აპიგენინი, ლუთეოლინი, კვერცეტინი, კემპფეროლი. ყველა მათგანს აქვს ანტიოქსიდანტური, ანტიალერგიული, ანტივირუსული, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიკანცეროგენული მოქმედება.
ამ ნივთიერებების უდიდესი ნაწილი კიტრის კანშია თავმოყრილი.
ჩინეთში ჩატარდა კვლევა, რომელშიც 60 წელს გადაცილებული ადამიანები მონაწილეობდნენ. მათ 30 დღის განმავლობაში აძლევდნენ კიტრის ფხვნილს. აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა ორგანიზმის ანტიოქსიდანტურმა დონემ საგრძნობლად აიწია. იმავდროულად დაიწია შარდმჟავამ, რომელსაც ბრალი მიუძღვის პოდაგრისა და თირკმლის უკმარისობის განვითარებაში.
* უხდება კანს
კიტრი ძალიან უხდება კანს. მას აქვს გამაგრილებელი, მატონიზებელი, ჰემოსტატიკური, ანტიმიკრობული, დამატენიანებელი, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ამიტომაც მიიჩნევა მისი ექსტრაქტი კანის მოვლის საშუალებათა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად. ნაყოფი კი თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ კანის ამა თუ იმ პრობლემის დროს. მაგალითად, ახალგამოწურული კიტრის წვენი მხოლოდ სასარგებლო ნივთიერებებით კი არ ამარაგებს კანს, არამედ გამაგრილებელი ეფექტიც აქვს და შეშუპებასაც აცხრობს, მზის დამწვრობისას კი კანს ამშვიდებს და ტკივილს ამსუბუქებს.
თუ ცხიმიანი კანი და დიდი ფორები გაქვთ, დაიდეთ სახეზე კიტრის თხელი ნაჭრები, სულ ცოტა, 10 წუთით. თუ დახუჭულ თვალებზეც დაიწყობთ, ქუთუთოების დაღლილობასა და შეშუპებასაც მოგიხსნით.
თუ მუწუკები გაწუხებთ: დაკეპეთ და გაწურეთ კიტრი. 2-4 სუფრის კოვზი წვენი შეურიეთ იოგურტს და ეს ნარევი სახეზე წაისვით, გაიჩერეთ 15 წუთი, მერე ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ.
სახის ბზინვარებისთვის კი შეგიძლიათ, ასეთი პილინგი მოიმზადოთ: 5 ცალი ნუშის გული 8 საათით წყალში ჩაალბეთ, მერე დანაყეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი კიტრის წვენი, პასტის კონსისტენციას რომ მიიღებს, სახეზე წაისვით, მსუბუქად გაიხეხეთ და ნელთბილი წყლით ჩამიბანეთ.
ფრუქტოზის ტოლერანტობა
ის ვინც ფრუქტოზის აუტანლობას უჩივის, ხილისა და ბოსტნეულის ჭამას ერიდება. თუმცა ყველაფერზე უარი თქმა აუცილებელი არ არის. მაგალითად, კიტრში შაქარი ცოტაა, ამასთან, საუკეთესოა მასში ფრუქტოზა-გლუკოზის თანაფარდობაც. როცა გლუკოზა ფრუქტოზაზე მეტია, ეს უკანასკნელი უკეთესად აითვისება.
თუ მაინც შეგაწუხათ შებერილობამ, დაფიქრდით, ბოჭკოთი ან ლექტინებით ხომ არ შეიძლება იყოს გამოწვეული – ეს უკანასკნელნი ისედაც გაღიზიანებულ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს დამატებით აღიზიანებენ და სიმპტომებიც ძლიერდება. ამ შემთხვევაში გირჩევთ, გათლილი და გულგამოცლილი კიტრი მიირთვათ.
მწარე ნივთიერებები
მცენარეთა შემადგენლობაში შემავალი მწარე ნივთიერებების უმრავლესობას სამკურნალო თვისებები აქვს, თუმცა მოწამვლაც შეუძლია. მაგალითად, ნივთიერება კუკურბიტაცინი, რომელსაც გოგრისებრთა ოჯახში შემავალი მცენარეები შეიცავს, ეფექტურად ებრძვის ანთებას, მაგრამ საკმარისია, ოდნავ გადააჭარბოთ, რომ დაგეწყებათ ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა...
კიტრის სიმწარეს სწორედ ეს ნივთიერება განაპირობებს. ექსტრემალურ პირობებში, მეტისმეტად დაბალ ან მეტისმეტად მაღალ ტემპერატურაზე, ხანგრძლივი გვალვისა და ხანგრძლივი წვიმების შედეგად, მწირ ნიადაგზე კუკურბიტაცინი ჭარბად გამომუშავდება, რათა მცენარემ არასასურველი სტრესისგან თავი დაიცვას. კიტრში ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, გოგრაში ან ყაბაყში, ამიტომ კიტრით მოწამვლა, ფაქტობრივად, არ გვემუქრება, მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით გირჩევთ, კიტრს მწარე ნაწილები მოაჭრათ.
გაითვალისწინეთ: მწარე ნივთიერებები მდგრადია მაღალი ტემპერატურის მიმართ და წყალშიც ძნელად იხსნება, ასე რომ, თერმული დამუშავებისას შესაძლოა არ განადგურდეს.
რას მივაქციოთ ყურადღება შეძენისას და როგორ შევინახოთ
ახალი კიტრი თავიდან ბოლომდე მაგარი უნდა იყოს. თუ ბოლოები შერბილებული აქვს ან ოდნავ მაინც იღუნება, უმჯობესია, არ იყიდოთ. კანიც ხასხასა უნდა ჰქონდეს, დაუზიანებელი. ყვითელი ლაქები მიგვანიშნებს, რომ კიტრი ძველია ან გვიან არის დაკრეფილი.
კიტრს არ უყვარს სიცივე. მაცივარში, ბოსტნეულის განყოფილებაში, ის სამ–ოთხ დღეში გაფუჭდება. ოთახის ტემპერატურაზეც მალე დარბილდება. კიტრის შესანახად იდეალური ტემპერატურა 10-12 გრადუსია – ასეთ პირობებში ის ორ კვირამდეც გაძლებს.
ნუ დააწყობთ კიტრს სხვა ბოსტნეულისა და ხილის, მაგალითად ვაშლის, პომიდვრის, ნესვის გვერდით – ისინი გამოყოფენ აირ ეთილენს, რომელიც ხელს უწყობს დამწიფებას.
კიტრს არც გაყინვა უხდება. მის შესანახად საუკეთესო გზა დამწნილებაა. ამგვარად ის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებსაც შეინარჩუნებს.
ჯილდა გაჩეჩილაძე