მოტივაციის ნაკლებობა ბავშვებში
გააზიარე:
მოტივაციის ნაკლებობას ადამიანი შეიძლება ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეეჯახოს: ბაღში თუ სკოლის დამამთავრებელ კლასში, კარიერის დასაწყისში თუ დაწინაურების შემდეგ. ზრდასრული ადამიანები მოტივაციას სხვადასხვა გზით ვიმაღლებთ: მუსიკით, სამოტივაციო ლექციებით, საყვარელი ფილმით, ვარჯიშით, – ბავშვებს კი უფროსების დაუხმარებლად ეს არ გამოუვათ.
გამოწვევებთან შეჭიდებისთვის ადამიანს თვითორგანიზებისა და თვითკონტროლის უნარი უნდა ჰქონდეს, რომელსაც ბავშვი დამოუკიდებლად ყოველთვის ვერ გამოიმუშავებს. მას უფროსის მითითება და ბიძგი სჭირდება, რათა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენოს.
რა განაპირობებს მოტივაციის ნაკლებობას
პირველი, რაც ბავშვს მოტივაციას აკარგვინებს, მუდმივი კრიტიკაა. წარმოიდგინეთ, რომ მშობლები ან მასწავლებლები გამუდმებით გაკრიტიკებენ, როგორც არ უნდა მოინდომოთ, მაინც გიწუნებენ შესრულებულ დავალებას, გამუდმებით გადარებენ და მაგალითად გისახავენ ვიღაცას, ვინც თქვენზე უკეთესად სწავლობს, თქვენზე ყოჩაღია, თქვენზე მეტად მონდომებულია. როგორ იგრძნობდით თავს, რა წარმოდგენა შეგექმნებოდათ საკუთარ თავზე?
ცხადია, ასეთი საქციელით ბავშვს მოტივაციას დააკარგვინებთ. ის წინასწარ განეწყობა, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მისი შრომის შედეგით მაინც არავინ იქნება კმაყოფილი, ამიტომ დიდი შანსია, საერთოდ უარი თქვას ძალისხმევაზე.
ხდება ისეც, რომ მშობელი თავად იღებს პასუხისმგებლობას ბავშვის მიერ შესასრულებელ დავალებაზე; მის გასაგონად ამბობს, რომ ის ამას თავს ვერ გაართმევს და შვილის მაგივრად თავად წერს ესეს, ასრულებს პროექტს, ამზადებს პრეზენტაციას; ესწრება მის გაკვეთილებს, გამუდმებით ეკონტაქტება პედაგოგებს, მეცადინეობისას ბავშვის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს, არ აცდის ფიქრს, კარნახობს პასუხებს... ამ ყველაფრის შედეგი ის არის, რომ ბავშვი თავდაჯერებას და სწავლისადმი ინტერესს კარგავს.
მოტივაციის წყარო
მოტივაცია ორი ტიპისაა: შინაგანი და გარეგანი. შინაგანი მოტივაცია განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა ინტერესი, სურვილი, განწყობა. შინაგანი მოტივაციის შემთხვევაში ბავშვი საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად სწავლობს. სწავლას წარმართავს მისი განწყობა, ინტერესი შესასრულებელი დავალების მიმართ.
გარეგანი მოტივაციის შემთხვევაში ბავშვი ჯილდოს, ქების ან ნიშნის ხათრით ასრულებს დავალებას, მისი მოტივაცია გარეგანი ფაქტორებით არეის წახალისებული. ასეთ დროს მოსწავლეს თავად საგანი არ აინტერესებს და სწავლობს, რათა სანაცვლოდ რამე მიიღოს. მისთვის მნიშვნელოვანია არა თავად პროცესი და ამ გზით შეძენილი ცოდნა, არამედ ის, რას მიიღებს ჯილდოდ მშობლისგან ან მასწავლებლისგან.
ბავშვის შინაგანი მოტივაციის განვითარებაში შემდეგი რჩევები დაგეხმარებათ:
* უმნიშვნელოვანესია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ ბავშვის დახმარება და მის ნაცვლად დავალების შესრულება. ბავშვს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ მეცადინეობის პროცესს თავად წარმართავს, თავადაა წამყვანი ფიგურა, მშობელი უბრალოდ მიმართულებას აძლევს და მხოლოდ მაშინ ეხმარება, როდესაც ბავშვი სთხოვს, თუკი დარწმუნებულია, რომ ამ დავალებას დამოუკიდებლად თავს ვერ გაართმევს.
დახმარება გულისხმობს ამოცანის პირობის უკეთ ახსნას, დავალების შესრულების მარტივი გზის ჩვენებას, ემოციურ მხარდაჭერას. გახსოვდეთ, რაც უფრო დამოუკიდებლად გაართმევს თავს ბავშვი დავალებას, მით მეტი მოტივაცია ექნება შემდეგში.
* აქცენტი უნდა დავსვათ იმაზე, რას სწავლობს ბავშვი და არა იმაზე, რა ნიშანს მიიღებს ან რა ჯილდოს დაიმსახურებს. შევაქოთ მონდომებისთვის, ძალისხმევისთვის, ვასწავლოთ, ისიამოვნოს პროცესით, თუ არ გამოუვა, არ დანებდეს, კიდევ სცადოს, სხვა გზა ეძებოს, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გთხოვოთ.
* ვეცადოთ, ბავშვს გაუჩნდეს წარმატების სურვილი და ისწავლოს მიღწეულით ტკბობა. შევაქოთ და ვუთხრათ, რომ ის, რაც რაც ერთი კვირის წინ არ გამოსდიოდა, ახლა შესანიშნავად გამოსდის, მიზეზი კი მისი მონდომება და შრომისმოყვარეობაა. ასე იგი გაითავისებს, რომ შრომას ყოველთვის აქვს აზრი და აუცილებლად დაუფასდება.
* ეცადეთ, ბავშვი კომფორტის ზონიდან გამოიყვანოთ. როცა ის მიზანს ვერ აღწევს, მას ხელახლა ცდის სურვილი ეკარგება. დაეხმარეთ ახალი გზების ძიებაში, არ მისცეთ დანებების, ხელის ჩაქნევის საშუალება, გაუღვივეთ მოტივაცია, რომ კიდევ და კიდევ სცადოს.
* არასოდეს შეადაროთ ბავშვი და-ძმებს, თანაკლასელებს. მეგობრებს. სხვისი წარმატების მაგალითად მოყვანა და მისი წარუმატებლობის ხაზგასმა ბავშვს მოტივაციას უკარგავს. ნაცვლად ამისა, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რამდენი რამ ისწავლა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, რა არ გამოსდიოდა ადრე და რა გამოსდის ახლა, რამდენად გამოასწორა კალიგრაფია, რა იშვიათად სჭირდება თქვენი დახმარება დავალების შესრულებისას.
სასარგებლო რჩევები
* ასწავლეთ ბავშვს, რომ დახმარების თხოვნა სირცხვილი არ არის. მას შეუძლია, გასაჭირში დახმარება სთხოვოს მშობელს, პედაგოგს, მეგობარს. არ არის აუცილებელი, სირთულეებს მარტო შეეჭიდოს. რასაკვირველია, ჯერ დამოუკიდებლად უნდა სცადოს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სანდო ადამიანის დახმარებაზეც არ უნდა თქვას უარი.
* როდესაც ბავშვს მოტივაცია აკლია, რბილად გამოჰკითხეთ, რა უშლის ხელს, რატომ არ სურს სწავლა და ერთად ეძებეთ გამოსავალი.
* გაუწიეთ ემოციური მხარდაჭერა, აგრძნობინეთ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია, თქვენი იმედი ჰქონდეს, მოვიდეს თქვენთან, როდესაც გაუჭირდება.
* მნიშვნელოვანია დღის რეჟიმის მოწესრიგება, ძილისთვის, კვებისთვის, მეცადინეობისა და დასვენებისთვის განსაზღვრული დროის გამოყოფა. ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისუფალი დროც, როდესაც მხოლოდ იმას გააკეთებს, რაც მოსწონს, ყოველგვარი მითითებისა და კონტროლის გარეშე.
ლიკა ქათამაძე