ბავშვი სკოლაში - ძირითადი სირთულეები მასწავლებლისა და ფსიქოთერაპევტის თვალით

გააზიარე:

სკოლა ბავშვის ცხოვრების ახალი ეტაპია – ახალი რეჟიმი, ახალი პასუხისმგებლობა, ახალი ურთიერთობები, ახალი გამოწვევები. იმისთვის, რომ მშობელმაც და მასწავლებელმაც უკეთესად გაუგონ ბავშვს, განვითარების ასაკობრივი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებებიც უნდა გაითვალისწინონ.

ჩვენს რესპონდენტს ციცი ხაზიურს პედაგოგიურთან ერთად ფსიქოთერაპიული გამოცდილებაც აქვს. ის პოზიტიური და ტრანსკულტურალური ფსიქოთერაპევტი და ქართული ენის მასწავლებელია.

სკოლამდე და პირველ კლასში

– სკოლაში შესვლამდე ბავშვის ფსიქოლოგიური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. ამაში მთავარ როლს ოჯახი ასრულებს. კარგი იქნება, თუ ბავშვს წინასწარ მოვუყვებით, რა ხდება სკოლაში, სწავლის დაწყებამდე ვაჩვენებთ სკოლის შენობას, საკლასო ოთახს, გავაცნობთ მასწავლებელს, ავუხსნით, რა მოეთხოვება და რა სასიამოვნო შედეგი  მოჰყვება სკოლაში შესვლას. ახლობლები უნდა ეცადონ, სკოლის შესახებ მათ მიერ გაცემული ინფორმაცია პოზიტიური იყოს და ბავშვს მხოლოდ დადებით ემოციებს აღუძრავდეს. დაუშვებელია, თუნდაც ხუმრობით, ისეთი ამბების თხრობა, რომლებიც ააფორიაქებს ბავშვს და გაურკვეველი სიახლის მოლოდინს შეუქმნის.

– აქვს თუ არა მნიშვნელობა ბაღში სიარულს სკოლისთვის მოსამზადებლად?

– სასურველია, აუცილებელიც კი, სკოლაში მისვლისას ბავშვს სოციალური უნარები უკვე განვითარებული ჰქონდეს. ეს გაუადვილებს პირველი დღეებისა და პირველი წლის სირთულეთა გადალახვას. ბაღში ბავშვი სწავლობს ურთიერთობას, მარტივი დავალებების შესრულებას, ხდება ჯგუფის ნაწილი, დაძლევს ასაკობრივ ეგოცენტრიზმს და მშობელზე მიჯაჭვულობას. უამისოდ ის ემოციურად მოუმზადებელი მივა სკოლაში. ასეთი ბავშვებისთვის სკოლაში მისვლა სტრესია. ისინი თავადაც ითრგუნებიან და სხვა ბავშვების ემოციებზეც უარყოფითად მოქმედებენ. როდესაც ბავშვი გაკვეთილზე ვერ ჩერდება, ითხოვს დედას, ტირის, მისი განწყობა სხვებსაც გადაედებათ, ტირილს იწყებენ ან შეშინებულები იყურებიან. მასწავლებელი ამ დროს იძულებულია, დროებით გამოვიდეს თავისი როლიდან და დედის როლი შეითავსოს: მოეფეროს ბავშვს, დააწყნაროს. ეს გაკვეთილს აფერხებს, რადგან სხვებსაც უჩნდებათ "დედა მასწავლებელთან" არაფორმალური კონტაქტის სურვილი.

ასე რომ, ბაღის ეტაპის სწორად გავლა ნამდვილად ამზადებს ბავშვს სკოლისთვის.

5 თუ 6 წელი

– რატომ დაადგინეს სასკოლო ასაკად 6 წელი? ხომ არსებობენ ბავშვები, რომლებიც 5 წლის ასაკშიც საკმაოდ განვითარებულები არიან?

–  ბავშვის ფსიქიკური მდგრადობა, სოციალიზაცია, კოგნიტიური უნარები ყოველთვის არ არის დამოკიდებული ასაკზე, ამიტომ მშობლები, რომლებიც ხედავენ, რომ მათ ხუთი წლის შვილს შესწევს გარემოსთან ადაპტაციის უნარი, კარგად მეტყველებს, აქვს კარგი მეხსიერება, ფიქრობენ, რომ ბავშვი მზად არის სკოლისთვის. ისინი არ ითვალისწინებენ მის ფიზიოლოგიურ მოუმზადებლობას, ნერვული სისტემის თავისებურებებს ამ ასაკში, სენსორული და მოტორული უნარების განვითარების დონეს. ხუთი წლის ბავშვთან ნერვული აგზნება სჭარბობს შეკავებას, რაც მოუსვენრობას და მომატებულ ემოციურობას განაპირობებს. ერთდროული ემოციური და ფიზიკური აქტიურობა სწრაფად ღლის ბავშვს. 5 წლის პირველკლასელები ხშირად გაკვეთილის დროს თავს მერხზე დებენ და იძინებენ.

სასკოლო მზაობის განსაზღვრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენად გამოკვეთილია ბავშვში "განვითარებული ყურადღება". სწორედ ამაზეა დამოკიდებული საგაკვეთილო-სააზროვნო პროცესებში მისი ჩართვა.

პიროვნული საზღვრები

–  როდესაც ორი ადამიანი ურთიერთობს, ორივემ უნდა იცოდეს "მე" და "შენ". ჩვენს საზოგადოებაში მიღებული კულტურული და აღმზრდელობითი მოდელებიდან გამომდინარე, სკოლაში მისული ბავშვების უმეტესობას პიროვნული საზღვრები ჩამოყალიბებული არ აქვს. ეს შედეგია მშობელთა ზემზრუნველობისა, ოჯახის წევრებს შორის პიროვნული საზღვრების არარსებობისა. თუ ოჯახში არ იცავენ ბავშვის საზღვრებს, პატივს არ სცემენ მის სამყაროს, არ აღიქვამენ მას ცალკე ინდივიდად, მისი ნივთის აღებისას საჭიროდ არ მიაჩნიათ ნებართვის თხოვნა, მადლობის გადახდა, სკოლაში მას ძალიან გაუჭირდება, ვერც თავის სივრცეს დაიცავს და სხვის სივრცესაც ადვილად დაარღვევს. ბავშვებს შორის ძალიან ხშირად ხდება კონფლიქტი ამ მიზეზით. ასეთი კონფლიქტები ადამიანის ცხოვრებაში სწავლის დასრულებამდე და ხშირად სიცოცხლის ბოლომდეც გრძელდება.

ბავშვის დესტრუქციული ქცევის, დისციპლინის დარღვევის და დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზიც კი ხშირად პიროვნული საზღვრების  მოშლაა.

– როგორ დავეხმაროთ პატარებს ამ საზღვრების დადგენაში?

– მშობელმაც და მასწავლებელმაც ეს პირად მაგალითზე უნდა აჩვენონ ბავშვს: დაუკითხავად არ შეეხონ მის ნივთებს, სახლში დაუტოვონ პირადი სივრცე, – ოთახი თუ არა, ერთი კუთხე მაინც, – პატივი სცენ მის დამოუკიდებლობას. სკოლაში, როცა ბავშვი შესატყვისად მოიქცევა, მასწავლებელმა უნდა შეაქოს, წაახალისოს.

პიროვნული საზღვრების დარღვევის გამოხატულებაა გაჭორვა, ენატანიობა, სხვისი ნიშნებით დაინტერესება, გარეგნობაზე აქცენტის დასმა. იმ კულტურებში, რომლებშიც პიროვნული საზღვრები დაცულია, ბავშვებს შორის კონფლიქტები თითქმის არ ხდება.

ლექსები და ზეიმები

– სკოლის პირველ წელს სწავლების მიზანი უნდა იყოს გარემოში ბავშვის ჯანსაღი ინტეგრირება, მისთვის "მე-კონცეფციის" – საკუთარ თავზე ზოგადი წარმოდგენის ჩამოყალიბება, დამოუკიდებლობის უნარის განვითარება. მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს ადეკვატური დავალება, მისცეს ბავშვს დადებითი უკუკავშირი და გამოაჩენინოს ინიციატივა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გვაინტერესებდეს, რამდენი ლექსი იცის ბავშვმა ზეპირად ან როგორ ანგარიშობს.

სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ზრდასრულები საკუთარ ამბიციებზე კონცენტრირდებიან: "ჩემმა შვილმა ყველაზე დიდი ლექსი უნდა თქვას", "ჩემი კლასი ყველაზე უკეთესად უნდა წარმოჩნდეს!" – ამ ამბიციებს ხშირად ამჟღავნებს სკოლის ზეიმები. მოგვწონს, როდესაც ბავშვი სცენაზე კარგად მღერის, ცეკვავს, კითხულობს ლექსს, მაგრამ თუ დავუკვირდებით, შევამჩნევთ, რა ძლიერ სტრესს განიცდის, როგორ ღელავს, რომ არ "შეარცხვინოს" დედა, მასწავლებელი, კლასი.

ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ბავშვის მიერ საკუთარი თავის წარმოჩენის უნარის განვითარებას და მასში მონაწილეობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ბავშვი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, როგორ შეაფასებენ მის გამოსვლას, აქტივობებში თამაშით, ხალისით უნდა ერთვებოდეს და ამისთვის შესაბამისი ატმოსფერო მოზრდილებმა უნდა შევქმნათ. მზადება უნდა იყოს სახალისო, გარემო  – თავისუფალი, ემოციური ფონი – ღია. მასწავლებელი იმაზე უნდა ფიქრობდეს, რა გამოსდის ამა თუ იმ ბავშვს კარგად, რისი თქმა სურს აუდიტორიისთვის და არა იმაზე, რა წერია სცენარში.

8 -11 წელი

– ეს სასკოლო ცხოვრების ყველაზე სტაბილური პერიოდია. ბავშვი ინტეგრირებულია გარემოში, პირადი გამოცდილების საფუძველზე უკვე შემუშავებული აქვს ქცევის საკუთარი სტრატეგია, მის გარშემო არიან უფროსები, რომლებსაც ასე თუ ისე ენდობა, აქვს დაცულობის შეგრძნება. ეს ემოციური სტაბილურობა გამოყენებულ უნდა იქნეს იმისთვის, რომ ბავშვს ჩამოუყალიბდეს მუშაობის უნარ-ჩვევები, მიიღოს მეტი ცოდნა, მოსინჯოს თავი სხვადასხვა აქტივობაში.

ამ ასაკში მოტივაციას ბევრი არაფერი ემუქრება. ბავშვი აქტიურია, ხალისიანი, მასზე კარგად მოქმედებს წახალისება, ქება. ამ პერიოდში ბავშვს უფროსები უნდა დავეხმაროთ სისტემურობის, პასუხისმგებლობის გრძნობის, კანონმორჩილების, სხვისი პატივისცემის, მოთმინებისა და მოსმენის, ემოციების გაზიარების, აკურატულობის, დროის მართვის უნარების გამომუშავებაში. ამ ასაკში ემოციური გაუწონასწორებლობა უმეტესად გამოწვეულია სუბიექტური ფაქტორებით, ამიტომ მისი შემჩნევა და მართვა უფროსებს არ უჭირთ.

პუბერტატი

– 11-12 წლიდან იწყება გარდამავალი ასაკი, ადამიანის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე რთული, კრიზისებით აღსავსე პერიოდი. ამ კრიზისებს იწვევს ფიზიოლოგიური და ეგზისტენციალური პროცესები. ეს იდენტობის, თვითდამკვიდრების, პიროვნების ჩამოყალიბების, თავისუფლების მტკივნეული გააზრების ეტაპია.

ბავშვებს, შეიძლება ითქვას, სამყარო თავზე ემხობათ, ეძებენ გზას, საკუთარ თავს ამ გზაზე, ხან კი ორივეს კარგავენ, კარგავენ საყრდენს, ანაცვლებენ ავტორიტეტებს, მტკივნეულად განიცდიან მათი მისამართით გამოთქმულ თითოეულ შეფასებას, დგამენ პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს, დინების საწინააღმდეგოდ მიცურავენ, ეხეთქებიან კედლებს, ეცემიან ძირს, დგებიან, განიცდიან, იბრძვიან, ოღონდ რას ან ვის ებრძვიან, ვერ აცნობიერებენ. რომ ჰკითხოთ, ვერც კი აგიხსნიან, რატომ უწევენ წინააღმდეგობას უფროსებს, რატომ იქცევიან გამომწვევად. ცოდნის მიღებაზე მნიშნელოვანი უფროსებზე გამარჯვება ხდება. არ მოსწონთ საკუთარი თავი და იდეალს თანატოლებში ეძებენ. ამ პიროვნულ და ემოციურ ქაოსში ისინი იკარგებიან და ვერ პოულობენ საკუთარ თავს.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი სასწავლო პროცესზეც აისახება.

უფროსები მზად უნდა იყვნენ ამ ყველაფრისთვის. თუ მანამდე მოზარდთან მეგობრობდნენ, ახლაც აქვთ ჩატეხილი ხიდის აღდგენის შანსი. მათთვისაც ძალიან მტკივნეულია მოზარდის ქცევა, მის მიერ უგულებელყოფა, მის თვალში ავტორიტეტის დაკარგვა, უმადურობა, ზოგჯერ სისასტიკეც. მაგრამ მშობლებიც, მასწავლებლებიც დიდები არიან და უნდა მოერიონ პირად წყენას, დაივიწყონ მომთხოვნი კილო, ჯიბრში ჩადგომა, ნიშნის მოგება; მოიკრიბონ მოთმინება, შეიარაღდნენ არგუმენტებით და ბავშვს თავისუფალი არჩევანი მისცენ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: