სილიციუმი – სტაბილურობის გარანტი

გააზიარე:

სილიციუმს, ჟანგბადის შემდეგ დედამიწის ქერქში ყველაზე მეტად გავრცელებულ ელემენტს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ის სჭირდება ძვლებსა და სახსრებს, კანს, თმასა და ფრჩხილებს. სილიციუმს საკვებიდან ვიღებთ, რადგან ჩვენს სხეულს მისი წარმოქმნა არ შეუძლია.

რა ევალება სილიციუმს ადამიანის ორგანიზმში და რა საფრთხეს გვიქადის მისი დეფიციტი? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად “ავერსის კლინიკის” ექიმს, ენდოკრინოლოგ ანა ხარჩილავას ვესტუმრეთ.

რა არის

– სილიციუმი ბუნებაში უმთავრესად სილიკატების – სილიციუმ-ჟანგბადის ნაერთების – სახით გვხვდება. მაგალითად, ქვიშის, კვარცის, კაჟის შემადგენლობაში ის შედის როგორც სილიციუმის დიოქსიდი (SiO2), ხოლო ადამიანის, ცხოველისა და მცენარის უჯრედებში – როგორც სილიციუმის მჟავა (Si(OH)4).

ადამიანის ორგანიზმისთვის სილიციუმის ბიოლოგიურად ხელმისაწვდომი ფორმა სწორედ სილიციუმის მჟავაა, ვინაიდან ის, სხვა ნაერთებისგან განსხვავებით, წყალში იხსნება და მისი ათვისებაც შედარებით ადვილია. აუთვისებელი სილიციუმი თირკმელების ან ნაწლავების საშუალებით გარეთ გამოიყოფა.

სილიციუმი ადამიანის ორგანიზმში ძალიან ცოტაა, სულ რაღაც 1,4 გრამი, მაგრამ მას თითქმის ყველა უჯრედში იპოვით, ყველაზე მეტი კი კანში, თმაში, ფრჩხილებსა და ძვლებშია.

რაში გვჭირდება

– მიუხედავად იმისა, რომ სილიციუმს სასიცოცხლოდ აუცილებელი მინერალების რიგს არ მიაკუთვნებენ, ის უამრავ მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:

აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის სიმტკიცისთვის

მცენარე შვიტა ყველაზე მეტ სილიციუმს შეიცავს. თუ მისი ღეროს გადატეხვას სცდით, ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან ის ძალიან მოქნილი და მტკიცეა.

იგივე ფუნქცია აკისრია სილიციუმს ადამიანის ორგანიზმშიც. ის შედის შემაერთებელი ქსოვილის ბოჭკოების, ელასტინისა და კოლაგენის, შემადგენლობაში და კანის, ძვლების, ხრტილების, მყესების, იოგების სიმტკიცესა და ელასტიკურობას უზრუნველყოფს.

სხვათა შორის, C ვიტამინი კოლაგენის სინთეზის კოფაქტორია, ამიტომ არა მხოლოდ სილიციუმის, არამედ C ვიტამინის მიღებასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება.

კოლაგენი ძალიან მტკიცეა, მაგრამ არა ელასტიკური. სამაგიეროდ, ელასტიკურია ელასტინი. ეს უკანასკნელი მოქნილობას სძენს ქსოვილს, კოლაგენი კი – სიმტკიცეს. როცა ორგანიზმს სილიციუმი აკლია, ქსოვილი ორივე თვისებას კარგავს.

ხელს უწყობს წყლის შეკავებას

– სილიციუმს აქვს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უნარი: შეიკავშიროს თავის წონაზე თითქმის 300-ჯერ მეტი წყალი. ამით ის ხელს უწყობს სხეულში წყლის ბალანსის შენარჩუნებას, რის გარეშეც ნივთიერებათა ცვლის ნორმალურად წარმართვა შეუძლებელი იქნებოდა.

სილიციუმის მიერ წყლის შეკავების უნარს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კანის, ხრტილების, მყესებისა და იოგების ელასტიკურობისთვის.

სიმტკიცეს ანიჭებს ძვლებს

– სილიციუმი ძვლების წარმომქნელი უჯრედების ძირითად ელემენტად მიიჩნევა. ამასთან, ის აჩქარებს ძვლების მინერალიზაციას და ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. ასე რომ, სილიციუმი აუცილებელია ძვლების ფორმირებისა და სიმტკიცისთვის.

სიმტკიცესთან ერთად ძვალს ელასტიკურობაც სჭირდება, რათა ადვილად არ გადატყდეს, ამ თვისებას კი მას ელასტინი სძენს, რომლის სინთეზშიც, როგორც უკვე იცით, ასევე მონაწილეობს სილიციუმი. ძლიერი და მყარი ძვლები ოსტეოპოროზისა და მოტეხილობების თავიდან აცილების საუკეთესო გზაა.

უზრუნველყოფს სისხლძარღვების გამართულ ფუნქციობას

– ელასტინი, რომლის სინთეზისთვისაც აუცილებელია სილიციუმი, ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვის კედელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სისხლის შეუფერხებელი მოძრაობისთვის. სისხლის ნორმალური მიმოქცევა საჭიროა ჟანგბადისა და ნუტრიენტების უჯრედებამდე მისატანად, მაღალი წნევის, სტენოკარდიის, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადებების თავიდან ასაცილებლად.

აძლიერებს იმუნური სისტემას

– სილიციუმი დიდ როლს ასრულებს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობაში. ის ააქტიურებს იმუნური სისტემის უჯრედების, ლიმფოციტებისა და ფაგოციტების, ფორმირებას, ეს უჯრედები კი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მაშინ არის საჭირო, როცა ადამიანის სხეულში საშიში მიკროორგანიზმები (ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები და სხვა) იჭრებიან ან როცა აუცილებელია დაზიანებული უჯრედების ელიმინაცია.

აჯანსაღებს კანს, თმასა და ფრჩხილებს

– სილიციუმი ხელს უწყობს თმისა და ფრჩხილების ზრდას. მისი წყალობით თმა ხდება უფრო სქელი და ძლიერი, ბზინვარე და მტკიცე, უმჯობესდება ფრჩხილების ხარისხი.

ასაკი, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, მოწევა, დაბინძურებული ჰაერი, არასწორი კვება კოლაგენსა და ელასტინს ამცირებს, რასაც კანის დეგენერაციული ცვლილებები მოსდევს. როდესაც ორგანიზმში სილიციუმის დონე ნორმალურია, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზიც იმატებს, შესაბამისად, კანი ტონუსშია, ელასტიკურია, დატენიანებული, მცირდება ცელულიტიც.

იკავშირებს ალუმინს

– ადამიანის სხეულში დიდი რაოდენობით ალუმინი ხვდება საკვებიდან, ონკანის წყლიდან, კოსმეტიკური საშუალებებიდან, ჭურჭლიდან, მედიკამენტებიდან. ის შეიძლება ნებისმიერ ქსოვილში დაილექოს, თუმცა ყველაზე დიდ ზიანს თავის ტვინს აყენებს. კერძოდ, ხელს უწყობს ტვინში ცილა ამილოიდის დაგროვებას, რაც ნეიროდეგენერაციული დაავადებების, მაგალითად, ალცჰაიმერის დაავადების, ერთ-ერთი მიზეზია. დადგენილია გაფანტული სკლეროზის განვითარებაში ალუმინის როლიც.

ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ სილიციუმს შეუძლია შეიკავშიროს და სხეულიდან გამოდევნოს ალუმინი. კვლევებმა აჩვენა ისიც, რომ სილიციუმის ნორმალური კონცენტრაცია ხელს უშლის ორგანიზმში ამ ელემენტის დეპონირებას.

რეკომენდებული ოდენობა

– სილიციუმის სადღეღამისო ნორმა არ არის განსაზღვრული. სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ადამიანს ყოველდღიურად დაახლოებით 5-დან 40 მგ-მდე ეს ნივთიერება სჭირდება, ამიტომ ვარაუდობენ, რომ სასურველი ოდენობა 30 მგ-ია. საკვების მეშვეობით ორგანიზმს 20-დან 150 მგ-მდე სილიციუმის მიღება შეუძლია, თუმცა ძალიან ცოტას ითვისებს.

სილიციუმი საკვებსა  და სასმელ წყალში

– სილიციუმით განსაკუთრებით მდიდარია მცენარეული საკვები. ცხოველურ საკვებში ის ძალიან ცოტაა. სილიციუმის საუკეთესო წყარო მთლიანი მარცვლეულია. ელემენტი მარცვლეულის გარსის გარეთა ფენებშია თავმოყრილი, შესაბამისად, ნაკლებია ინდუსტრიულად დამუშავებულ პროდუქტში, რადგან დამუშავებისას მარცვლეულს მთლიანად ან ნაწილობრივ აცლიან გარსს. სილიციუმის მისაღებად რაციონში აუცილებლად უნდა შეიტანოთ მთლიანი მარცლეული და მისი პროდუქტები.

სილიციუმის სიუხვით გამოირჩევა ყავისფერი ფეტვი (ყოველდღიურად 2-3 სუფრის კოვზი დაფქული ფეტვი საკმარისია სადღეღამისო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად), შვრია, ჭვავი და ხორბალი.

სილიციუმით მდიდარია ლუდიც (30-60 მგ`ლ), თანაც ის ამ ელემენტს ორგანიზმისთვის ადვილად გამოსაყენებელი ფორმით შეიცავს.

ცოტაოდენი გვხვდება კვერცხში, ძროხის რძეში, პარკოსნებში, სალათის ფოთლებში, სხვადასხვა ბოსტნეულსა და ხილში.

 

სილიციუმის შემცველობა 1 კგ საკვებში

ყავისფერი ფეტვი     500 მგ

შვრია                     400 მგ

კარტოფილი            60 მგ

არაქისი                  50 მგ

 

სილიციუმის მჟავას მაღალი შემცველობით გამოირჩევა თერმული წყლები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებიც დიდი სიღრმიდან მოედინება. ეს ამ ელემენტის ის ფორმაა, რომელიც ადვილად შეიწოვება ნაწლავებში. სილიციუმი გვხვდება ზოგიერთ სასმელ წყალშიც.

ბევრი მზა საკვები სინთეზურ სილიციუმის დიოქსიდსაც (E551) შეიცავს. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ზოგიერთი მეცნიერი არ გამორიცხავს, რომ E551 უარყოფით გავლენას ახდენდეს ჯანმრთელობაზე, რადგან ის ხელს უწყობს ორგანიზმში ნანონაწილაკების დაგროვებას.

რა იწვევს სილიციუმის ნაკლებობას

– ვინაიდან ეს მინერალი არ მიეკუთვნება სასიცოცხლოდ აუცილებელთა რიცხვს, მისი ნაკლებობის დროს საუბრობენ არა დეფიციტზე, არამედ უკმარისობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სილიციუმი კვალის ელემენტია ანუ ძალიან მცირე რაოდენობით სჭირდება ორგანიზმს, ამ რაოდენობის ათვისებაც არ არის ადვილი, რადგან საკვებიდან მისი ბიოშეღწევადობა ძალიან შეზღუდულია.

სილიციუმის დონის დაქვეითება შესაძლოა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, სილიციუმის შემცველი საკვების არასაკმარისმა მიღებამ, მეორე მხრივ, თვით ამ ელემენტზე მოთხოვნის მატებამ ორგანიზმის გაუთვალისწინებელი რეაქციების დროს, მაგალითად, ტრამვის მიღების შემდეგ.

სილიციუმის ნაკლებობა განსაკუთრებით ემუქრებათ ზოგიერთ რისკჯგუფში შემავალ ადამიანებს:

მოხუცებს

– მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ასაკის მატებასთან ერთად მცირდება სხეულში სილიციუმის კონცენტრაცია. მისი კლება ძალიან ნელი პროცესია, რომელიც შესაძლოა 40 წლიდან გახდეს შესამჩნევი. ხანდაზმულებისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ორგანიზმში იყოს სილიციუმის ის ოდენობა, რომელიც მას სხვადასხვა მეტობოლური პროცესისთვის სჭირდება.

თმისა და კანის პრობლემების დროს

– მართალია, სილიციუმის ნაკლებობა კანისა და თმის პრობლემებზე ავტომატურად არ მიუთითებს, მაგრამ შესაძლოა, მათი სტრუქტურის შეცვლის ერთ-ერთი მიზეზი იყოს.

სილიციუმის დონის დაქვეითების გამომწვევ ფაქტორად ასევე შეიძლება ჩაითვალოს ალუმინის ქრონიკული ზემოქმედება და ისეთი დაავადებები, როგორიცაა:

* შაქრიანი დიაბეტი;

* ჩიყვი;

* შარდკენჭოვანი დაავადება;

* ათეროსკლეროზი;

* ნეიროდერმატიტი.

სიმპტომები

სილიციუმის ნაკლებობაზე შესაძლოა მიგვანიშნებდეს:

* ფრჩხილების მტვრევადობა;

* თმის ცვენა;

* კანის ნაადრევი დაბერება;

* კანის აქერცვლა;

* ქავილი;

* კანის დახეთქვა.

სილიციუმის უკიდურესად დაბალმა დონემ შესაძლოა ხელი შეუწყოს თვალის დაავადებების, განსაკუთრებით – ბადურას დეგენერაციის, და ოსტეოპოროზის განვითარებას. სხვა მინერალებისა და ანტიოქსიდანტების ნაკლებობასთან ერთად მას შეუძლია გამოიწვიოს ნაადრევი დაბერება, მყესებისა და იოგების სისუსტე, სახსრების დეგენერაციული ცვლილებები, მაგალითად, ართროზი.

– როგორ განისაზღვრება სილიციუმის სტატუსი?

–სილიციუმის დონეს სისხლის ანალიზით ადგენენ. შესაძლებელია განსაზღვრა თმის ანალიზითაც – თმასა და ფრჩხილებში ამ ელემენტის შემცველობა ასევე შეიძლება მის ნაკლებობაზე ან სიჭარბეზე მიუთითებდეს.

უსაფრთხო ოდენობა

– საკვების საშუალებით სილიციუმის უსაფრთხო ოდენობის ზღვარს ვერ გადავაჭარბებთ. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ მედიცინაში დღემდე არ დადასტურებულა.

ჯანმრთელობისთვის საშიში გვერდითი მოვლენები შესაძლოა გამოიწვიოს სილიციუმის შემცველმა ზოგიერთმა მედიკამენტმა და სილიციუმის მტვერმა.

ირკვევა, რომ კუჭის მჟავას გამანეიტრალებელი მედიკამენტების (მაგნიუმის ტრისილიკატი) ხანგრძლივი გამოყენებისას თირკმელში შესაძლოა ქვები წარმოიქმნას.

კერამიკულ მრეწველობაში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც დიდხანს ისუნთქავენ დიდი რაოდენობით სილიციუმის მტვერს, უვითარდებათ სილიკოზი (ფილტვის დაავადება) და ნეფროპათია (თირკმლის დაავადება).

რა უნდა ვიცოდეთ სილიციუმის დანამატების შესახებ

– სილიციუმით მდიდარია, მაგალითად, შვიტა და ჭინჭარი. ჭინჭრისგან შეიძლება კერძი მოვამზადოთ, მისი ფოთლები ჩაისავით დავაყენოთ და ვსვათ ან გავახმოთ, დავფქვათ და სმუზის, წვენს, სალათას დავამატოთ, პურის ცომს შევურიოთ. შვიტისგან მხოლოდ ნახარშს ამზადებენ. იმისთვის, რომ მისგან რაც შეიძლება მეტი სილიციუმი მიიღოთ, მთელი ღამით (12 საათი) ჩაალბეთ ცივ წყალში, მერე კი 10-30 წუთის განმავლობაში ხარშეთ.

იყიდება სილიციუმის დანამატებიც – მცენარეული ექსტრაქტები, მცენარეული გელები, კაფსულები, ტაბლეტები. მათში სილიციუმი სხვა მინერალებთან, მაგალითად, მაგნიუმთან, მანგანუმთან, თუთიასთან, სპილენძთან არის კომბინირებული.

მაღალი ხარისხის დიეტურ დანამატებში სილიციუმი კოლოიდური ან ორგანული სახით შედის, რათა ორგანიზმმა კარგად აითვისოს.

გახსოვდეთ, სილიციუმის დანამატების მიღება მიზანშეწონილია მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: