ლეპტოსპიროზი - ზაფხულის დაავადება
გააზიარე:
ლეპტოსპიროზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ბაქტერია ლეპტოსპირა იწვევს. ეს მიკროორგანიზმი ცხოველების შარდით დაბინძურებულ მტკნარ წყალსა და ნიადაგში ბინადრობს. ლეპტოსპიროზის შემთხვევები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია აღრიცხული, თუმცა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, აჭარაში ავადობის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.
ლეპტოსპიროზს სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: ვეილის დაავადება, იქტეროჰემორაგიული ცხელება, ღორის დაავადება, ბრინჯის მინდვრის ცხელება, ლერწმის მჭრელის ცხელება, ჭაობის ცხელება, ტალახის ცხელება, ჰემორაგიული სიყვითლე, შტუტგარტის დაავადება, კანიკოლას ცხელება. მისთვის დამახასიათებელია მკაფიო სეზონურობა – ხშირდება ზაფხულში, ბანაობის სეზონზე, თუმცა ერთეული შემთხვევები მთელი წლის განმავლობაში გვხვდება. დაავადების გავრცელებას ხელს უწყობს კლიმატის გლობალური ცვლილება, წყალდიდობები და ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ყველაზე ხშირად ზრდასრული მამაკაცები ავადობენ. წლიური შემთხვევების სავარაუდო რაოდენობა მთელ მსოფლიოში მილიონზე მეტია. მათგან დაახლოებით 59 000 სიკვდილით სრულდება.
ლეპტოსპიროზის გამომწვევი ბაქტერია მიეკუთვნება Lეპტოსპირა ინტერროგანს-ის გვარს, სპიროქეტების ოჯახს. დაავადებული მღრღნელები (ვირთაგვა, ტყის მემინდვრია, სახლის თაგვი), ღორები, მსხვილფეხა საქონელი, ცხენები, ძაღლები, კატები, გარეული ცხოველები ბაქტერიებს შარდთან ერთად გამოყოფენ, რადგან ლეპტოსპირა დაავადებული ცხოველების თირკმლის გორგლებში ბინადრობს. შარდი ტბაში, მდინარეში, ნაკადულში, ნიადაგში ჩაედინება, სადაც ბაქტერიები რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე ცოცხლობენ, დაბინძურებულ წყალთან ან ნიადაგთან კონტაქტი კი დაავადებას იწვევს. ადამიანისგან ადამიანს ლეპტოსპიროზი თითქმის არ გადაეცემა. ინფექცია არც ცხოველის ნაკბენით ვრცელდება.
სხეულში ბაქტერია შესაძლოა შეიჭრას თვალებიდან, ცხვირიდან, პირიდან ან დაზიანებული კანიდან. რისკი იმატებს დაბინძურებული წყლის გადაყლაპვის, დაავადებული ცხოველის შარდთან, სხეულის სხვა სითხეებთან, ქსოვილებთან უშუალო კონტაქტის, დაბინძურებული საკვების მიღების დროს.
ვის ემუქრება
ადამიანი ლეპტოსპიროზით შესაძლოა დაინფიცირდეს ენდემურ კერაში წყალში ბანაობისას, ნავით სეირნობისას, ჯომარდობისას, ლაშქრობისას, დაბანაკებისას. ეპიდემია მოსალოდნელია ძლიერი წვიმის ან წყალდიდობის შემდეგ დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც საცხოვრებელი და სანიტარული პირობები ცუდია და ხშირია მღრღნელების შემოსევა.
საქართველოში ლეპტოსპიროზით უმთავრესად ინფიცირდებიან სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისას, ღია წყალსატევების წყლის გამოყენებისას, შინაური ცხოველების მოვლისას, მღრღნელებთან კონტაქტისას. შესაბამისად, რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ვეტერინარები, სამხედროები, ფერმერები, მეთევზეები, სასაკლაოს თანამშრომლები, კანალიზაციის მუშები.
სიმპტომები
ლეპტოსპიროზის სიმპტომები ზოგჯერ ინფიცირებიდან 2-3 დღეში გამოვლინდება, ზოგჯერ – უფრო გვიან, 20-30 დღის შემდეგ, საშუალოდ კი საინკუბაციო პერიოდი 10 დღეა. ინფექცია უმეტესად მსუბუქ, გრიპისმაგვარ სიმპტომებს იწვევს. ხშირია უსიმპტომო ფორმებიც.
ლეპტოსპიროზზე შესაძლოა მიანიშნებდეს:
- ცხელება;
- თავის ტკივილი;
- შემცივნება;
- კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
- ზოგადი სისუსტე;
- თვალების სიწითლე;
- გულისრევა, ღებინება;
- დიარეა;
- მუცლის ტკივილი;
- ხველა;
- გამონაყარი.
ათიდან ცხრა შემთხვევაში ლეპტოსპიროზი ვლინდება როგორც თვითლიმიტირებადი ცხელებით მიმდინარე დაავადება, ხოლო ხუთ-ათ შემთხვევაში – როგორც მძიმე, პოტენციურად ფატალური დაავადება, რომელიც მრავალი ორგანოს დისფუნქციას იწვევს. მძიმე შემთხვევებში დაავადება შესაძლოა ორ ფაზად წარიმართოს, რომელთა შორის სხეულის ტემპერატურა იკლებს.
მწვავე, სეპტიცემიური ფაზა დახლოებით ერთი კვირა გრძელდება. მიმდინარეობს მწვავე ცხელებით. ახასიათებს თავის ტკივილი, ზოგჯერ – საკმაოდ ძლიერი, თვალბუდის უკანა ნაწილში ლოკალიზებული. შესაძლოა, თავის ტკივილს თან ახლდეს ფოტოფობიაც – სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება. სხვა დამახასიათებელი სიმპტომებია შემცივნება, კუნთების ტკივილი (განსაკუთრებით – წვივისა და წელის კუნთებისა). ზოგიერთ შემთხვევაში ვითარდება კონიუნქტივის, თვალის ლორწოვანი გარსის, სიწითლე ანთების გარეშე, გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი, ხველა, იშვიათად – გამონაყარი.
მეორე, იმუნური ფაზისთვის დამახასიათებელია ანტისხეულების წარმოქმნა და შარდში ლეპტოსპირების გაჩენა. შესაძლოა, ავადმყოფს განუვითარდეს არითმია, ჰემოდინამიკური კოლაფსი (ორგანოებს ვერ მიეწოდოს საკმარისი სისხლი), სისხლდენა, სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა, ასეპტიკური (არაჩირქოვანი) მენინგიტი, ფილტვის უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა. ლეპტოსპიროზის მძიმე ფორმა, ვეილის დაავადება, სწორედ თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობას მოიცავს.
მძიმედ მიმდინარე ლეპტოსპიროზის შემთხვევაში სიკვდილიანობა 5-15%-ია.
ლეპტოსპიროზის იშვიათი, მაგრამ უმძიმესი ფორმაა ფილტვის მწვავე ჰემორაგიული სინდრომი, რომლის დროსაც სიკვდილიანობა შემთხვევათა ნახევარს აჭარბებს. ლეტალური შედეგის ალბათობას ზრდის ხანდაზმული ასაკი. არასასურველი პროგნოზის მაუწყებელია ფსიქიკური ცვლილებები, სუნთქვის უკმარისობა, ოლიგურია (შარდის გამოყოფის შემცირება).
ავადმყოფობა რამდენიმე დღიდან სამ კვირამდე გრძელდება, ზოგჯერ – მეტ ხანსაც. მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.
ლეპტოსპიროზის კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე ადამიანმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა დროულად დაისვას კლინიკური დიაგნოზი, რომელიც შემდეგ ლაბორატორიული გამოკვლევით დადასტურდება.
დიაგნოსტიკა
სხეულში ლეპტოსპირების არსებობას ადგენენ პოლიმერაზის ჯაჭვური რეაქციით (PCR), რომელიც საკვლევ ნიმუშში აღმოაჩენს გამომწვევის გენეტიკურ მასალას. Pჩღ-ის საშუალებით დაავადების პირველ კვირას ლეპტოსპირების აღმოჩენა შესაძლებელია სისხლში, ერთი კვირის შემდეგ – შარდში. მენინგიტის ნიშნების მქონე პაციენტებთან – თავზურგტვინის სითხეში. Pჩღ-ის დადებითი შედეგი ინფექციას ადასტურებს.
ლეპტოსპიროზის დადასტურება შესაძლებელია ბაქტერიოლოგიური მეთოდით – ბიოლოგიური სითხეებიდან და ქსოვილებიდან ლეპტოსპირას კულტურის გამოყოფით – და ბაქტერიოსკოპული მეთოდით, რაც ბნელველიანი მიკროსკოპით ლეპტოსპირების ვიზუალურ აღმოჩენას გულისხმობს. შარდში ლეპტოსპირებს დაავადების გადატანიდან 1 თვის განმავლობაში პოულობენ.
ხშირად დიაგნოზი ემყარება სეროლოგიურ გამოკლვევას – სისხლში ლეპტოსპირების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენას.
ლეპტოსპიროზი იმ დაავადებათაგანია, რომლებიც სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას ექვემდებარება. შესაძლოა დაფიქსირდეს დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებებიც, ამიტომ აუცილებელია ყველა საეჭვო შემთხვევის რეგისტრაცია და ეპიდემიოლოგიური სამსახურებისთვის ინფორმაციის დროული მიწოდება ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით.
მკურნალობა
ლეპტოსპიროზზე ეჭვის შემთხვევაში დიაგნოსტიკური ტესტების შედეგებს არ ელოდებიან და ანტიმიკრობულ თერაპიას რაც შეიძლება მალე იწყებენ. ადრე დაწყებულმა მკურნალობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს მძიმე ფორმის განვითარებას და დაავადების ხანგრძლივობა შეამციროს. მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს უნიშნავენ დოქსიციკლინს (ალტერნატიული ვარიანტებია ამპიცილინი, ამოქსიცილინი, აზითრომიცინი). მძიმე პაციენტებს – პენიცილინს ინტრავენურად (ალტერნატივაა ცეფტრიაქსონი, ცეფოტაქსიმი).
ისევე როგორც სპიროქეტებით გამოწვეული სხვა დაავადებების შემთხვევაში, ლეპტოსპიროზის დროსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობამ შესაძლოა გამოიწვიოს იარიშ-ჰერქსჰაიმერის რეაქცია, რომელიც მკურნალობის დაწყებიდან 24 საათში ვლინდება ცხელებით, შემცივნებით, გულისრევით და ღებინებით, თავის ტკივილით, ტაქიკარდიით, ჰიპოტენზიით, კუნთების ტკივილით, კანზე გამონაყარის გამწვავებით. რეაქცია მალე გაივლის, თუმცა იშვიათად შესაძლოა ფატალურიც აღმოჩნდეს.
მძიმე ლეპტოსპიროზის დროს პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია და დამხმარე თერაპია, მათ შორის – სითხეებისა და ელექტროლიტების გადასხმა, თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში – დიალიზი, სუნთქვის უკმარისობის შემთხვევაში – ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.
პრევენცია
ლეპტოსპიროზის თავიდან აცილების საუკეთესო გზაა, არ მივცეთ ლეპტოსპირებს სხეულში შეჭრის საშუალება, ამიტომ ყოველთვის დაიბანეთ ხელები ცხოველებთან, მტკნარ წყალთან, ნესტიან ნიადაგთან კონტაქტის შემდეგ, მოერიდეთ პოტენციურად დაბინძურებულ მტკნარ წყალს, წყალდიდობისას მოვარდნილ წყალს, პოტენციურად ინფიცირებულ ცხოველებს და მათი სხეულის სითხეებს.
თუ თქვენი საქმიანობა ინფიცირების მაღალ რისკს შეიცავს:
* ატარეთ დამცავი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ნუ ივლით ფეხშიშველი იქ, სადაც პოტენციურად დაბინძურებული წყალი ან ტალახია.
* სანამ ჭრილობები ან ნაკაწრები არ შეგიხორცდებათ, ნუ შეხვალთ მტკნარ წყალში, ნუ შეეხებით სველ ნიადაგს. თუ კონტაქტი გარდაუვალია, ჭრილობები და ნაკაწრები წყალგაუმტარი სახვევებით დაიფარეთ.
* ეცადეთ, პოტენციურად დაბინძურებულ წყალში არ ჩაყვინთოთ, წყალი არ ჩაყლაპოთ.
* პოტენციურად დაბინძურებული სასმელი წყალი აადუღეთ ან ქიმიურად დაამუშავეთ.
* დაბინძურებული ზედაპირების დასამუშავებლად გამოიყენეთ ანტიბაქტერიული სითხე.
* მღრღნელების შემოსევის თავიდან ასაცილებლად საკვები, წყალი და ნაგავი დახურულ კონტეინერებში მოათავსეთ. ჩაატარეთ ტერიტორიის (სახლის, ფერმის) დერატიზაცია (მღრღნელებისგან გაწმენდა).
* თუ დაავადების მაღლი რისკის ზონაში ცხოვრობთ ან მუშაობთ, რეგულარულად ჩაიტარეთ ქიმიოპროფილაქტიკა დოქსიციკლინით (200 მგ კვირაში; რეკომენდებული არ არის ორსულებისა და ბავშვებისთვის).
* თუ ცოტა ხნის წინ შეხება გქონდათ მტკნარ წყალთან, სველ ნიადაგთან ან ტალახთან და დაავადების სიმპტომები გამოგაჩნდათ, რაც შეიძლება მალე მიმართეთ ექიმს.
მარი აშუღაშვილი