შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი

გააზიარე:

ტუბერკულოზი სამართლიანად მიიჩნევა სასუნთქი სისტემის დაავადებად – მისი გამომწვევი მიკობაქტერია, კოხის ჩხირი, ადამიანის სხეულში სწორედ ამ სისტემის გავლით ხვდება. ფილტვები მისი პირველი სამიზნეა. თუმცა საკმაოდ ხშირია ტუბერკულოზის ფილტვგარეშე ფორმებიც. ამ შემთხვევაში პროცესი ფილტვებთან ერთად სხვა ორგანოებსაც ჩაითრევს ან ფილტვების გავლით, მათ დაუზიანებლად, სხვა ორგანოსა თუ სისტემაში დაიდებს ბინას. შარდსასქესო სისტემა მიკობაქტერიის ერთ-ერთი სავარაუდო მასპინძელია.

რის საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი, როდის მივმართოთ სპეციალისტს, როგორია დაავადების პროგნოზი? ამ და სხვა საკითხებზე ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის უროლოგ-ფთიზიატრი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ დოჭვირი გვესაუბრება.

 

– როგორ აღმოჩნდება ტუბერკულოზის მიკობაქტერია ამა თუ იმ ორგანოში?

– ტუბერკულოზის მიკობაქტერია ძირითადად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. თავდაპირველად ის ფილტვებში ხვდება. შესაძლოა, იქვე დარჩეს და ტუბერკულოზური დაავადება გამოიწვიოს ან ფილტვები გაიაროს და ისე გადავიდეს სისხლში, რომ ფილტვებში არავითარი კერა არ დატოვოს. ამის შემდეგ მიკობაქტერია ორგანიზმში სისხლისა და ლიმფის საშუალებით ცირკულირებს. სწორედ ჰემატოგენური და ლიმფოგენური გზით ხვდება ის ამა თუ იმ ორგანოში თუ ორგანოთა სისტემაში.

არსებობს ტუბერკულოზის ორგანიზმში შეჭრის სხვა გზაც, მაგალითად, ალიმენტური (კვებითი), თუმცა ამ გზით ინფიცირება გაცილებით იშვიათია. ასევე ძალზე იშვიათია ტუბერკულოზის გადაცემა სქესობრივი გზით, თუმცა რამდენიმე ასეთი შემთხვევა ჩვენი ცენტრის მიერაცაა აღრიცხული.

– რაზეა დამოკიდებული, განვითარდება თუ არა ტუბერკულოზი?

– მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი ინფიცირებულია ტუბერკულოზის მიკობაქტერიით, მაგრამ დაავადება ყველას არ ემართება. სიცოცხლის განმავლობაში ინფიცირებულთა მხოლოდ 5-10% ავადდება ტუბერკულოზით. დაავადება უმთავრესად იმუნური სისტემის დასუსტების გამო ვითარდება, ხოლო თავად იმუნური სისტემის დასუსტებას სხვადასხვა ფაქტორი უწყობს ხელს: შიდსი, ქრონიკული დაავადებები (მათ შორის – დიაბეტი), ონკოლოგიური დაავადებები, ქიმიოთერაპია, ოპერაცია, მშობიარობა და ორსულობაც კი, ასევე – რადიაცია, ტრავმა, სტრესი, შიმშილი, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება და სხვა. სწორედ ამ ფონზე შეიძლება განვითარდეს როგორც ფილტვების, ისე სხვა ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ტუბერკულოზური დაავადება, რომელსაც ტუბერკულოზის ფილტვგარეშე ფორმას ვუწოდებთ.

– რომელ ორგანოებს მოიცავს და რამდენად ხშირია შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი?

– შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი, იგივე უროგენიტალური ტუბერკულოზი ან უროტუბერკულოზი, მამაკაცებში შესაძლოა მოიცავდეს მხოლოდ საშარდე სისტემას (თირკმელები, შარდსაწვეთები, შარდის ბუშტი და ურეთრა) ან მხოლოდ სასქესო სისტემას (სათესლე ჯირკვლები, დანამატები, სათესლე ბაგირაკები, პროსტატა, სათესლე ბუშტუკები), თუმცა გვხვდება კომბინირებული ფორმებიც, როდესაც დაავადება ერთდროულად ორივე სისტემაში ვითარდება. ქალებში კი უროტუბერკულოზი მხოლოდ საშარდე სისტემას: თირკმელებს, შარდსაწვეთებს, შარდის ბუშტს და ურეთრას, – მოიცავს. ჩვენს ცენტრში ყოველწლიურად შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზის საშუალოდ 60-80 დიაგნოზი ისმება, თუმცა ეს რეალური სურათი არ არის.

საზოგადოდ, შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი საკმაოდაა გავრცელებული მსოფლიოში. ის ფილტვგარეშე ტუბერკულოზის საერთო სტრუქტურის 33-45%-ს შეადგენს. სასქესო გზების ტუბერკულოზის მქონე მამაკაცთა ნახევარზე მეტს ფილტვის ან`და თირკმლის ტუბერკულოზიც აღენიშნება. განვითარებული ქვეყნების სტატისტიკით, უროგენიტალური ტუბერკულოზი ფილტვის ტუბერკულოზის მქონე პაციენტთა 2-10%-ს აქვს. მათ მეხუთედს უროგენიტალური ტუბერკულოზი პირველადი დაავადებისგან ანუ ფილტვების ტუბერკულოზისგან განკურნების შემდეგ განუვითარდა.

 

ნიშნები

– როგორ შეიძლება გამოვლინდეს დაავადება?

– ისევე როგორც ნებისმიერი ინფექციური დაავადება, ფილტვგარეშე ტუბეკულოზიც შეიძლება გამოვლინდეს ზოგადი ინტოქსიკაციის მოვლენებით: სუბფებრილური (37-37,5 გრადუსი) ტემპერატურით, საერთო სისუსტით, ადვილად დაღლით, მადის დაქვეითებით, წონის კლებით, ჭარბი ოფლიანობით. როდესაც ტუბერკულოზური პროცესი თირკმელებში ღრმა მორფოლოგიურ ცვლილებებს იწვევს, შესაძლოა გამოვლინდეს წნევის მომატების ეპიზოდები. თირკმელების უკმარისობით გართულების შემთხვევაში ზოგადი სიმპტომოკომპლექსი კიდევ უფრო მძიმდება.

ზოგად სიმპტომებთან ერთად პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ლოკალური, ადგილობრივი ჩივილებიც, იმისდა მიხედვით, კერძოდ, სად, რომელ ორგანოში ღრმავდება არასასურველი პროცესი: ტკივილები თირკმელების ან შარდის ბუშტის საპროექციო არეში, დიზურიული მოვლენები – გახშირებული შარდვა მცირე ულუფებით, წვა და ტკივილი მოშარდვის დროს (მოშარდვის დასაწყისში, ბოლოს ან მთელი  პროცესის განმავლობაში), ზოგჯერ – ტკივილი შარდვისგან დამოუკიდებლად, გაძნელებული შარდვა, მაკრო– ან მიკროჰემატურია (სისხლი შარდში), პროსტატის ტუბერკულოზის დროს – ტკივილები შორისის ან კუდუსუნის არეში. გარეთა სასქესო ორგანოების ტუბერკულოზის დროს – შესივება და ტკივილები სათესლე პარკის ორგანოების არეში, კანის ჰიპერემია, ტკივილები საზარდულის არეში. შესაძლებელია მტკივნეული ეაკულაცია (სპერმის დაღვრა), ჰემისპერმია (სპერმაში სისხლის არსებობა). ეს მხოლოდ ნაწილია უროტუბერკულოზით დაავადებულთა ჩივილებისა და თითოეული მათგანი შესაძლოა სხვადასხვა ინტენსივობით იყოს გამოხატული. გარდა ამისა, თუ პაციენტს სხვა ორგანოთა სისტემის პრობლემებიც აქვს, ამ ყველაფერს ემატება სხვა სიმპტომებიც. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ჩამოთვლილ სიმპტომთაგანი რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება უროტუბერკულოზის დროს, არ არის დამახასიათებელი კონკრეტულად ამ პათოლოგიისათვის – ისინი შეიძლება შეგვხვდეს სხვა უროლოგიური პათოლოგიების დროსაც.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზს დამახასიათებელი კლინიკური ჩივილები არ გააჩნია და ამის გამო მისი კლინიკა იმალება ნებისმიერი უროლოგიური დაავადების კლინიკის უკან. ამიტომ არის ამ დაავადების ამოცნობა საკამოდ რთული და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

მსგავსი ჩივილების არსებობისას ადამიანმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიმართოს ზოგად უროლოგს, ხოლო ზოგადუროლოგიური პათოლოგიის გამორიცხვის შემთხვევაში უნდა დაისვას კითხვა უროტუბერკულოზის თაობაზე, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი სათანადო კვლევები ჩატარდეს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში.

 

რისკჯგუფები

– ვინ შედის შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზის განვითარების რისკჯგუფში?

– შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზის განვითარების რისკჯგუფს მიეკუთვნებიან:

* ადამიანები, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი აქვთ (დახურულ სივრცეში – ერთ ოთახში – ხანგრძლივად ერთად უწევთ ყოფნა) ფილტვის ტუბერკულოზის ბაცილაგამომყოფი ფორმით დაავადებულ პირებთან (ასეთი შეიძლება აღმოჩნდეს ოჯახის წევრი, ნათესავი, მეგობარი, მეზობელი, თანამშრომელი);

* თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მყოფი პირები;

* ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დაწესებულებების თანამშრომლები (ექიმები, ლაბორანტები, ექთნები, სანიტრები და სხვა);

* ლოთები, ნარკომანები, უსახლკარონი – რომლებსაც ზამთარ-ზაფხულ ღია ცის ქვეშ უწევთ ცხოვრება;

* ხანგრძლივი დაყოვნების დაწესებულებებში მყოფი პირები;

* პირები, რომლებსაც რენტგენოლოგიურად დადასტურებული აქვთ ფილტვებში არსებული პოსტტუბერკულოზური ნარჩენი ცვლილებები.

ცალკე მინდა გამოვყო შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზზე სარისკო ყველაზე სპეციფიკური ჯგუფი, რომელზეც ყველა ზოგადი უროლოგი განსაკუთრებით უნდა ამახვილებდეს ყურადღებას: ადამიანები შარდსასქესო სისტემის ისეთი ქრონიკული დაავადებით, რომლის ეტიოლოგია ჯერაც არ არის დადგენილი ან, დაავადების გამომწვევი ინფექციის ვერიფიკაციის მიუხედავად, რამდენიმეჯერ ჩატარებული ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპია, ფაქტობრივად, უშედეგოა.

 

გართულებები

– საინტერესოა ერთი დეტალი: შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი ზოგჯერ ფარულად, არსებითი ჩივილებისა და გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობს და ყურადღებას მაშინღა იპყრობს, როცა სხვა ინფექციით რთულდება. სწორედ ესაა ზოგადი უროლოგის ბრძოლის საგანი: ლაბორატორიული კვლევებით ხდება ტუბერკულოზს თანდართული ინფექციის ამოცნობა და იწყება მასთან დაუნდობელი ბრძოლა. ზოგადი უროლოგიც მშვიდად არის, რადგან პრობლემის გამომწვევი გამოვლენილია და მკურნალობის სწორი გზაც – არჩეული. მკურნალობის პირველ პერიოდში პაციენტი თავს შედარებით უკეთ გრძნობს, მაგრამ პრობლემა არ ქრება, მეტიც – ქრონიკულში გადაიზრდება. შემდეგ კლინიკური გამოვლინება ტალღისებური ხდება და ავადმყოფის ძირითადი დაავადება, ტუბერკულოზი, გაურკვეველი დროით ამოუცნობი რჩება. ასეთ სიტუაციებში ზოგად უროლოგს ყოველთვის უნდა გაუჩნდეს კითხვა ტუბერკულოზის თაობაზე.

შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზის გართულებები საკმაოდ მრავალფეროვანია და მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ვახსენებ რამდენიმეს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება: ცისტიტს (შარდის ბუშტის ანთება), პიელონეფრიტს (თირკმელების ანთება), საშარდე სისტემის კენჭოვან დაავადებას, შარდსაწვეთის სტრიქტურას (შევიწროებას), ურეთეროჰიდრონეფროზს (თირკმლის ღრუოვანი ნაწილისა და შარდსაწვეთის გაგანიერება), პიონეფროზს (თირკმელში მიმდინარე ჩირქოვანი პროცესი), თირკმელების ქრონიკულ უკმარისობას, თირკმელების პარენქიმის გადაგვარებას (ამილოიდოზი, ფიბროზი).

ტუბერკულოზური მიკროცისტა ის მდგომარეობაა, როცა ტუბერკულოზის გამო შარდის ბუშტში ისეთი შეუქცევადი მორფოლოგიური ცვლილებები მიმდინარეობს, რომ მისი ტევადობა მცირდება და 60-70 მლ-ზე ნაკლები ხდება. არცთუ იშვიათად გვქონია შემთხვევა, როცა ტევადობა 20-30 მლ-ს არ აღემატებოდა და პაციენტი ყოველ 10-15 წუთში შარდავდა, ფაქტობრივად მიჯაჭვული იყო საპირფარეშოს ან უროლოგიური საფენით დადიოდა. ასეთი  ადამიანის ცხოვრება გაუსაძლისი ხდება. ზოგჯერ შარდის ბუშტს რეზერვუარული ფუნქცია მთლიანად უქრება და თირკმელების მიერ გამომუშავებული შარდი ბუშტში დაყოვნების გარეშე პირდაპირ გარეთ გამოიყოფა – ვითარდება უნებლიე შარდვა, პაციენტი ამ პროცესს ვეღარ აკონტროლებს. ეს ყველაფერი ადამიანს შრომის უნარს ართმევს, რაც სოციალურ პრობლემებს იწვევს.

ტუბერკულოზური მიკროცისტის დროს მოწოდებულია ოპერაცია – შარდის ბუშტის აუგმენტაცია (გადიდება) წვრილნაწლავოვანი რეზერვუარით, რომელიც ჩვენს კლინიკაშიც ტარდება.

ასევე სოციალური პრობლემაა სასქესო სისტემის ტუბერკულოზით გამოწვეული უშვილობა, რომელიც ზემოთაც ვახსენე და რომელიც არცთუ იშვიათია.

– რამდენად საშიშია შარდსასქესო გზების ტუბერკულოზი სხვა ადამიანისთვის?

– თამამად შეიძლება ითქვას, რომ შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული საზოგადოებისთვის საშიში არ არის, თუნდაც ბაცილაგამომყოფი იყოს შესაბამის ბიოლოგიურ სითხეში – შარდში ან სპერმაში. მთავარია, დაიცვას პირადი ჰიგიენა, მისი პირადი თეთრეული ცალკე ირეცხებოდეს და უზრუნველყოფილი იყოს სველი წერტილის სისუფთავე. ასეთ პაციენტებს ვურჩევ, პირველი თვეების განმავლობაში სექსუალურ პარტნიორთან ურთიერთობისას დამცავი ბარიერული საშუალება გამოიყენონ. მართალია, ტუბერკულოზი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, რომელიც ერთჯერადი სქესობრივი კონტაქტით გადადის, მაგრამ მუდმივ პარტნიორებს შორის შესაძლებელია მისი გადაცემა.

 

დიაგნოსტიკა

– როგორ სვამენ შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზის დიაგნოზს?

– შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის ვიყენებთ ლაბორატორიული კვლევის საყოველთაოდ აღიარებულ სამ ძირითად მეთოდს, რომლებიც დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროშია მიღებული: ბიოლოგიური სითხეების (შარდი, სპერმა, პროსტატის სეკრეტი, ჩირქი) ბაქტერიოსკოპიულ კვლევას მჟავაგამძლე ბაქტერიებზე, კულტურალურ კვლევას (დათესვა) ტუბერკულოზზე და პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) მეთოდით კვლევას ტუბერკულოზზე. ეს ლაბორატორიული კვლევის არაინვაზიური მეთოდებია. არსებობს ინვაზიური მეთოდიც, რომელიც ითვალისწინებს ამა თუ იმ ორგანოდან ოპერაციულად ან ბიოფსიით ქსოვილოვანი მასალის აღებას და მის პათომორფოლოგიურ შესწავლას.

ყველაზე სარწმუნო მეთოდებად, დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად, აღიარებულია ბიოლოგიური სითხეების კულტურალური კვლევა და ქსოვილების პათომორფოლოგიური კვლევა. ამ ორი მეთოდით ტუბერკულოზის გამოვლენის შემთხვევაში დიაგნოზი საბოლოოა.

არის შემთხვევები, როცა სხვადასხვა კლინიკიდან ზოგადი პროფილის ექიმები პაციენტს ჩვენს კლინიკაში გზავნიან მხოლოდ ანალიზებისთვის, ფთიზიოუროლოგთან კონსულტაციის გარეშე, და ლაბორატორიული ანალიზების პასუხებით სურთ ტუბერკულოზის გამორიცხვა. ეს დაუშვებელია, რადგან შესაძლოა, ბიოლოგიურ სითხეებში ტუბერკულოზის ჩხირები არ აღმოჩნდეს სულ უბრალო მიზეზის გამო – ავადმყოფი არ იყოს ამ სითხეებში ბაცილაგამომყოფი, მაგრამ რეალურად ტუბერკულოზური პროცესი ჰქონდეს. ამ დროს მის დადგენაში გვეხმარება კომპლექსური კვლევა, მათ შორის – კარგად შეკრებილი ანამნეზი, პაციენტის დათვალიერება, გასინჯვა, ულტრასონოგრაფიული, რენტგენოკონტრასტული, ენდოსკოპიური კვლევები.

მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სისხლის გამოკვლევა და მანტუს სინჯი შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზისთვის სპეციფიკურ კვლევებად არ მიიჩნევა.

 

მკურნალობა

– რა შემთხვევაში ინიშნება მხოლოდ კონსერვატიული მკურნალობა და როდის ხდება საჭირო ქირურგიული ჩარევა?

– დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დაწყებისას უცნობია, როგორ დაემორჩილება დაავადება მკურნალობას. მოგეხსენებათ, ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა 6 თვეა, მაქსიმალური კი წინასწარ არასოდეს არის განსაზღვრული და მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობს ბრძოლა ამ დაუნდობელ სენთან, რომელსაც შეუძლია, მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე გამოიწვიოს ამა თუ იმ ორგანოს ღრმა დესტრუქციული და მორფოლოგიურად შეუქცევადი ცვლილებები, რაც ოპერაციული ჩარევის აუცილებლობას წარმოშობს. სტანდარტულად, გეგმური ოპერაცია სასურველია ჩატარდეს მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით ორი თვის თავზე, ხოლო სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაუდებელი ოპერაცია ტარდება მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე, როცა კი ამის აუცილებლობა წარმოიშობა. რაც შეეხება პლასტიკურ-რეკონსტრუქციულ ოპერაციებს, მაგალითად, შარდსაწვეთების პლასტიკას სტრიქტურის გამო ან შარდის ბუშტის აუგმენტაციას მიკროცისტის გამო, ისინი სასურველია ჩატარდეს მკურნალობის დასასრულს, როცა ტუბერკულოზის აქტივობა სრულიად განეიტრალებულია.

 

პრევენცია

– როგორ შეიძლება ამ დაავადების თავიდან აცილება?

– უროგენიტალური სისტემის ტუბერკულოზისგან თავის არიდების ერთადერთი გზაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარებისგან თავის შეკავება, ალკოჰოლის ზომიერი მიღება, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, სრულფასოვანი და ბალანსირებული კვება. XXI საუკუნეში ცოტა ძნელია, სტრესს თავი აარიდო, მაგრამ კარგი იქნება ამ მავნე ფაქტორებისგან შეძლებისდაგვარად თავის დაცვა, ტრავმების თავიდან აცილება, ქრონიკული დაავადებების დროული მკურნალობა და ჯანმრთელობის ამა თუ იმ პრობლემის შემჩნევისთანავე ექიმთან მისვლა.

ყურადღებას გავამახვილებ თამბაქოზე, რომელიც მართლაც ძალიან მავნედ ზემოქმედებს ორგანიზმზე. პაციენტები ხშირად მეკითხებიან, მკურნალობის დროს შეიძლება თუ არა მოწევა. ყველამ კარგად ვიცით, რა ზიანის მოტანა შეუძლია თამბაქოს, ვიცით, რომ ის იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს და სხვა, მაგრამ ხშირად მიწევს პაციენტებისთვის იმის ახსნაც, რომ როდესაც ამა თუ იმ ორგანოში პათოლოგიური პროცესია, მოწევა კიდევ უფრო საზიანოა: ნიკოტინი და თამბაქოს შემადგენლობაში შემავალი სხვა მავნე ნივთიერებები იწვევს სისხლძარღვების სპაზმს, რის გამოც წამლის საჭირო დოზა დროის განსაზღვრულ ინტერვალში დანიშნულების ადგილს ვეღარ აღწევს. შესაბამისად, მკურნალობის ეფექტიც ნაკლებია. ვუხსნი ამ ყველაფერს პაციენტს და ის თავად წყვეტს, უღირს თუ არა თამბაქოს მოწევა.

მათთვის, ვისაც ტუბერკულოზით დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტი აქვს, საჭიროა საკონტროლო კვლევების ჩატარება.

საზოგადოდ, ჩემს თანამოქალაქეებს მოვუწოდებ, წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ ზოგადპროფილაქტიკური გამოკვლევები და თუ ამას ცხოვრების წესად აქცევენ, საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის სტატისტიკური მაჩვენებელი უახლოეს წლებში მკვეთრად გაუმჯობესდება.

 

რას ველოდოთ

– როგორია შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზის მკურნალობის პროგნოზი?

– შარდსასქესო სისტემის ტუბერკულოზი განკურნებადია. თუ პაციენტმა დროულად მიმართა კლინიკას და, საზოგადოდ, საწყის ეტაპზევე დაისვა დიაგნოზი, პროგნოზიც კეთილსაიმედოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ასე არ ხდება.

არის შემთხვევები, როცა პაციენტი ექიმთან მაშინღა მიდის, როცა ჯანმრთელობის პრობლემები მისთვის გაუსაძლისი ხდება და სათანადო კვლევის შედეგად ირკვევა, რომ აქვს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ერთი ან ორივე თირკმლის დესტრუქციული ცვლილებები, მათი ფიბროზული ან ამილოიდოზური გადაგვარება, პიონეფროზი, შარდის ბუშტში – ტუბერკულოზური მიკროცისტა და სხვა შეუქცევადი პათოლოგიები, რომლებსაც ადამიანი ზოგჯერ ინვალიდობამდეც კი მიჰყავს, ასევე – სასქესო სისტემის ისეთი ღრმა და შეუქცევადი დესტრუქციული ცვლილებები, რომლებიც უშვილობის მიზეზი ხდება, ეს უკანასკნელი კი აქტუალობით სცდება მედიცინის სფეროს და სოციალურ პრობლემად გვევლინება.

რა თქმა უნდა, ტუბერკულოზის მკურნალობის პროგნოზი ბევრ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული: თანმხლებ დაავადებებზე, ტუბსაწინააღმდეგო წამლების გვერდით ეფექტებსა და მათი მართვის სირთულეებზე, პრეპარატების აუტანლობაზე, პაციენტის მხრივ შეგნებულად თუ უნებლიეთ მკურნალობის რეჟიმის დარღვევაზე...

ყველა არასასურველი ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანის შემთხვევაში უროგენიტალური სისტემის ტუბერკულოზის მკურნალობის პროგნოზი უმეტესად კეთილსაიმედოა, რასაც ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს.

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: