თვალები და მზე - როგორ დავზოგოთ მხედველობა
გააზიარე:
ბევრმა არ იცის, რა საფრთხეს უქადის თვალებს ულტრაიისფერი გამოსხივება. მათ გასაგონად გვინდა ვთქვათ, რომ ზაფხულში თვალების მუქი სათვალით დაცვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც კანისა – შPF-ის შემცველი კრემით.
რითია საშიში ზაფხულის მზე თვალებისთვის და როგორ დავიცვათ მისგან თავი? ამის შესახებ “ავერსის კლინიკის” ექიმ ოფთალმოლოგს, აკადემიურ დოქტორს მედიცინაში მაკა ლორთქიფანიძეს ვესაუბრეთ.
– ულტრაიისფერი გამოსხივება, განურჩევლად იმისა, მზიდან მოდის თუ ხელოვნური წყაროდან, აზიანებს თვალის ზედაპირულად მდებარე ქსოვილებს, რქოვანას და ბროლს. როდესაც დაუცველები ვიმყოფებით მზეზე, იმატებს თვალის დაზიანების რისკი. ზოგიერთი დაავადება დასხივებიდან მცირე ხნის შემდეგ ვითარდება, ზოგიერთი – მოგვიანებით.
ფოტოკერატიტი
– ფოტოკერატიტი ერთგვარი მზით დამწვრობაა, თვალის ზედაპირული შრეების, რქოვანასა და კონიუნქტივის, დაზიანება ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად. ის შესაძლოა გამოიწვიოს როგორც პირდაპირმა, ისე ქვიშიდან, წყლიდან, თოვლიდან, ყინულიდან არეკლილმა ულტრაიისფერმა სხივებმაც (თოვლიდან არეკლილი სხივებით გამოწვეულ კერატიტს თოვლის სიბრმავესაც ეძახიან).
ფოტოკერატიტი შესაძლოა განვითარდეს, როდესაც ადამიანი სპეციალური სათვალის გარეშე უყურებს მზის დაბნელებას (უარეს შემთხვევაში ეს შესაძლოა კიდევ უფრო მძიმე დაზიანების, რეტინოპათიის, მიზეზად იქცეს), ჩაფხუტის გარეშე აკვირდება ელექტრორკალური შედუღების პროცესს ან დამცავების გარეშე ირუჯება სოლარიუმში.
ფოტოკერატიტი ხშირია ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსების მიმდებარე რეგიონებსა და მაღალ მთაში, სადაც ჰაერი უფრო თხელია. ზოგჯერ ადამიანი ვერც კი გრძნობს მზის სხივებისგან მიღებულ ზიანს, სანამ მისი სიმპტომები არ იჩენს თავს.
– როგორია ეს სიმპტომები?
– ფოტოკერატიტი შეიძლება გამოვლინდეს:
* თვალების ტკივილით;
* სიწითლით;
* ბუნდოვანი ხედვით;
* ცრემლდენით;
* თვალებში ქვიშის მარცვლების ჩაცვენის შეგრძნებით;
* შეშუპებით;
* მკვეთრი სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობით;
* თავის ტკივილით;
* მხედველობის არეში ჰალოების გაჩენით;
* გუგების დაპატარავებით;
* ქუთუთოების თამაშით.
იშვიათად ადამიანი დროებით კარგავს მხედველობას ან ფერების სწორად აღქმის უნარს. რაც უფრო მეტხანს დარჩება ის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების ქვეშ, მით უფრო მწვავე იქნება სიმპტომები.
– როგორ მკურნალობენ ფოტოკერატიტს?
– ფოტოკერატიტის სიმპტომები ერთ-ორ დღეში, წესისამებრ, თავისთავად გაივლის, ამიტომ მკურნალობა ორიენტირებულია იმაზე, რომ გამოჯანმრთელებამდე ადამიანს მდგომარეობა შეუმსუბუქდეს.
როგორც კი ადამიანი ფოტოკერატიტის ნიშნებს შეამჩნევს, სასურველია, მაშინვე გაეცალოს მზეს და ბნელ შენობაში შევიდეს. თუ კონტაქტურ ლინზებს ატარებს, დაუყოვნებლივ ამოიღოს.
ჩივილების შესამსუბუქებლად რეკომენდებულია:
* დახუჭულ თვალებზე ცივი საფენების დადება;
* ხელოვნური ცრემლის ჩაწვეთება;
* ტკივილგამაყუჩებლის მიღება (ოფთალმოლოგის რეკომენდაციით);
* ანტიბიოტიკების შემცველი თვალის წვეთების ჩაწვეთება (ესეც მხოლოდ ოფთალმოლოგის დანიშნულებით).
გამოჯანმრთელებამდე პაციენტი უნდა ერიდოს თვალების მოფშვნეტას.
ფოტოკერატიტის პრევენცია შესაძლებელია ულტრაიისფერი გამოსხივების ბლოკირებით, რისთვისაც საჭიროა ულტრაიისფერი სხივების შთამნთქმელი მზის სათვალე, თოვლის სათვალე, შემდუღებლის ჩაფხუტი.
მზის რეტინოპათია
– რა არის მზის რეტინოპათია?
– ეს არის ბადურას დაზიანება და გაცილებით მძიმე მდგომარეობაა, ვიდრე ფოტოკერატიტი. შესაძლოა, დროებითი ან სამუდამო სიბრმავეც კი გამოიწვიოს.
მზის რეტინოპათიის ყველაზე ხშირი მიზეზი დაიცველი თვალებით მზის ყურებაა – წესისამებრ, ამოსვლისას, ჩასვლისას ან მზის დაბნელებისას.
მზის რეტინოპათიას ასევე იწვევს ლაზერული მაჩვენებელი, შედუღების პროცესის ან სხვა კაშკაშა სინათლის ყურება.
რეტინოპათიის სიმპტომები დაზიანებიდან რამდენიმე საათში ვლინდება. ყველაზე გავრცელებული სიმპტომია ე.წ. ბრმა ლაქა – სკოტომა, მხედველობის ველის კუნძულოვანი დეფექტი ერთ ან ორივე თვალში.
სხვა ჩივილებია:
* ფერების არასწორად დანახვა (დისქრომატოფსია);
* საგნების რეალური ფორმისა და ზომის დამახინჯება (მეტამორფოფსია);
* საგნების აღქმა რეალურზე მცირე ზომის ობიექტებად (მიკროფსია);
* თავის ტკივილი.
თვითონ ბადურას ტკივილის რეცეპტორები არ გააჩნია, ამიტომ მის დაზიანებას ვერ ვგრძნობთ.
– როგორია პროგნოზი?
– მზის რეტინოპათიის მქონე ადამიანების უმეტესობას მხედველობა დასხივების მიღებიდან რამდენიმე თვეში უბრუნდება. მათ უმეტესობას საბოლოო მხედველობა ექნება 20`40 ან უკეთესი (ეს მხედველობის ის დონეა, რომელიც საჭიროა მართვის მოწმობის გამოცდის ჩასაბარებლად). სამწუხაროდ, მხედველობის ცვლილებები, რომლებიც აღინიშნება დასხივების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ, უმეტესად სამუდამოა.
შორეული შედეგები
– ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედების შედეგებმა შესაძლოა გარკვეული ხნის შემდეგ იჩინოს თავი. ეს შესაძლოა იყოს:
* კატარაქტა – თვალის ბროლის ანუ ბუნებრივი ლინზის შემღვრევა მასში არსებული ცილების დაშლის შედეგად. ამის გამო ადამიანი საგნებს ბუნდოვნად, ნაკლებად მკვეთრ ფერებში ხედავს;
* თვალის კიბო – ავთვისებიანი სიმსივნე (მელანომა, ლიმფომა, რეტინობლასტომა და სხვა) რომელიც თვალში წარმოიშობა და იზრდება. სწრაფად და უკონტროლოდ გამრავლებული უჯრედები შესაძლოა სხეულის სხვა უბნებზეც გავრცელდეს;
* პტერიგიუმი, ფრთისებრი აპკი, კონიუნქტივისგან წამოქმნილი ზედმეტი ქსოვილი, ხშირად – სამკუთხა ფორმის. უმეტესად იზრდება თვალის შიგნითა კუთხეში, ცხვირის მხარეს. ის ხშირია 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებთან. მისი განვითარების რისკს ზრდის შუადღის მზეზე დიდხანს დარჩენა, განსაკუთრებით - მდინარესთან, ზღვასთან, მთაში. უფრო მაღალი რისკი აქვთ მოთხილამურეებს, მეთევზეებს, ფერმერებს.
როგორ გავუფრთხილდეთ თვალებს
– თვალები მზისგან წელიწადის ყოველ დროს უნდა დავიცვათ:
- შეარჩიეთ სათვალე, რომელიც უზრუნველყოფს 100%-იან UV ან UV400 დაცვას, ან ბლოკავს როგორც UV-A, ისე UV-B სხივებს.
- მზის სათვალესთან ერთად ატარეთ ქუდი, უმჯობესია, ფართოფარფლიანი.
- ქუდი და სათვალე მოარგეთ ბავშვებსა და მოხუცებსაც.
- იცოდეთ, რომ ნისლი და ღრუბლები ულტრაიისფერ გამოსხივებას არ ბლოკავს, მზის სხივებს შეუძლია მათში გავლა.
- მზის შუქი ყველაზე ძლიერია შუადღისას, ასევე – ზღვის დონიდან დიდ სიმაღლეზე და წყლიდან, ყინულიდან ან თოვლიდან არეკვლისას.
- მზეს არც მზის სათვალით შეხედოთ
- ერიდეთ სოლარიუმს. ის თვალებსა და სხეულს იმავე საფრთხეს უქადის, რომელსაც მზის პირდაპირი ულტრაიისფერი გამოსხივება.
საუკეთესო სათვალე
– რა უნდა გავითვალისწინოთ სათვალის შერჩევისას?
– საუკეთესოა სათვალე, რომელიც ბლოკავს ულტრაიისფერი სხივების არანაკლებ 99 პროცენტს. პლასტმასისა თუ მინის ლინზები ისედაც შთანთქავს და თვალისკენ აღარ უშვებს ულტრაიისფერი სხივების გარკვეულ ნაწილს, მაგრამ მათ ამ თვისებას აუმჯობესებენ წარმოების პროცესში განსაზღვრული ქიმიური ნივთიერებების დამატებით ან მათზე სპეციალური საფარის დატანით.
ზოგიერთ ეტიკეტზე შეგხვდებათ წარწერა "UV შთანთქმა 400 ნმ-მდე". ეს იგივეა, რაც 100-პროცენტიანი UV შთანთქმა.
ულტრაიისფერი სხივების დაბლოკვის უნარი ლინზის სიმუქეზე არ არის დამოკიდებული. ყოველდღიური გამოყენებისთვის საშუალო სიმუქის ლინზაც საკმარისია, ძლიერი განათებისას კი მუქი ჯობია.
სათვალის ხარისხის შესამოწმებლად შეხედეთ მართკუთხა საგანს, მაგალითად, იატაკის ფილას. სათვალე კომფორტულ მანძილზე დაიჭირეთ და დახუჭეთ ცალი თვალი. სათვალე ნელა ამოძრავეთ ჯერ მარჯვნივ-მარცნივ, შემდეგ ზევით-ქვევით. თუ ხაზები სწორი დარჩა, ლინზა კარგია. თუ ხაზები მოძრაობს, განსაკუთრებით – ლინზის ცენტრში, მოსინჯეთ სხვა.
მზის სათვალეების უმეტესობა პლასტმასისაა, რომელიც ადვილად იკაწრება. ამიტომ შეამოწმეთ, აქვს თუ არა ლინზებს დაკაწვრის საწინააღმდეგო ფენა.
პოლარიზებული ლინზები გვიცავს არეკლილი შუქისგან, რომელიც გლუვი ზედაპირიდან (მანქანის ფანჯარი, წყალი) მოედინება. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა მანქანისა და ველოსიპედის მართვისას, თევზაობისას. პოლარიზებული ლინზების დიდ ნაწილს ულტრაიისფერი სხივების დაბლოკვის უნარიც შესწევს. ამის გასაგებად ეტიკეტი შეამოწმეთ.
თვალებს ყველაზე უკეთესად ფარავს ფართოლინზებიანი და მორკალული, სახეზე მიბჯენილი სათვალეები – დადგენილია, რომ ჩვეულებრივი სათვალის ჩარჩოს შემოვლით თვალებში ხვდება საკმაოდ ბევრი ულტრაიისფერი სხივი, რაც სათვალის დამცავ ეფექტს ამცირებს.
სხვა ტიპები
ფოტოქრომული ლინზა ავტომატურად მუქდება კაშკაშა შუქზე, ხოლო სუსტი განათების პირობებში ბაცდება. გამუქებას დაახლოებით ნახევარი წუთი სჭირდება, გაბაცებას – ხუთი წუთი.
გრადიენტულია სათვალე, რომლის ლინზები ზემოდან ქვემოთ თანდათან ბაცდება. ის ამცირებს ზემოდან მომავალ სხივებს და, ამასთანავე, არ აბნელებს ქვემოთ მდებარე სივრცეს. ასეთი სათვალე პრაქტიკულია მძღოლებისთვის, თუმცა არც ისე ეფექტურია თოვლში ან სანაპიროზე.
არსებობს ორმაგგრადიენტიანი ლინზები (შუაში – ბაცი, ზემოთ და ქვემოთ – მუქი), რომლებიც კარგია ნაოსნობის დროს ან თხილამურებით სრიალისას.
სარკისზედაპირიანი სათვალე ამცირებს თვალებში შესული ხილული სინათლის რაოდენობას, თუმცა ულტრაიისფერი გამოსხივებისგან მთლიანად ვერ იცავს.
რაც შეეხება ინფრაწითელი სხივებისა და ცისფერი შუქის დამბლოკავ სათვალეებს, ასეთი ლინზების საჭიროება დამტკიცებული არ არის.
მარი აშუღაშვილი