რა საფრთხეს უქადის მხედველობას ორსულობა

გააზიარე:

 

  

თვალი სულის სარკეაო – ამ უძველესი გამოთქმის სიბრძნეს დღემდე ვაღიარებთ. თვალებით მხოლოდ ადამიანის ემოციების, სურვილების, განცდების ამოცნობა კი არ შეიძლება, არამედ ორგანიზმში მიმდინარე პათოლოგიური ცვლილებებისაც. ძველი დროის ექიმებს მრავალი დაავადების დიაგნოზის დასმაში სწორედ მხედველობის ორგანო ეხმარებოდა. ამის კვალობაზე, ცხადია, ისეთი გრანდიოზული ცვლილება, როგორიც ორსულობაა, თვალებისთვის უკვალოდ არ ჩაივლის.იმ ქალების უმრავლესობას, რომლებსაც მხედველობის პრობლემები, განსაკუთრებით კი მიოპია აქვთ, ფიზიოლოგიური მშობიარობა აშინებს. საფუძვლიანია თუ არა ეს შიში, რა საფრთხეს უქადის ორსულობა მხედველობის ორგანოს და როდის ტარდება საკეისრო კვეთა? ამ და სხვა კითხვებზე გვიპასუხებს თვალის კლინიკა “მზერას” ექიმი ოფთალმოლოგი, ლაზერული მიკროქირურგი ნინო გაფრინდაშვილი.

– ორსულები ხშირად უჩივიან მხედველობის პრობლემებს. რისი ბრალია ეს?
– ორსულობა ქალის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და უმშვენიერესი პერიოდია, მაგრამ მას სირთულეებიც ახლავს თან. ქალებს არ უკვირთ ორსულობისას თავჩენილი გულისრევის შეგრძნება, წელის ტკივილი და სხვა ამგვარი უსიამოვნებები, მაგრამ ძალზე განიცდიან მხედველობის შეცვლას. არადა რც ამაშია რამე საგანგაშო – ეს ჩივილები ორსულობის თანმხლები ჰორმონული და მეტაბოლური ცვლილებებით არის განპირობებილი და მშობიარობისა და ძუძუთი კვების შემდეგ, წესისამებრ, უკვალოდ გაივლის.

– სახელდობრ, რა ცვლილებები ხდება თვალში?
– რქოვანა გარსსა და ბროლში, ისევე როგორც მთელ ორგანიზმში, ორსულობის დროს ხდება სითხის შეკავება. ამის გამო საგრძნობლად იცვლება რქოვანა გარსის სიმრუდე. საქმე ის არის, რომ რაც უფრო მეტადაა ამოდრეკილი რქოვანა გარსი, მით უფრო მკვეთრად გარდატეხს ის სინათლის სხივს, თვალი მეტად მიიდრიკება ახლომხედველობისკენ, რთულდება შორს მდებარე საგნების დანახვა. ამის კვალობაზე, თუ ქალს ორსულობამდე არ ჰქონია მხედველობის პრობლემები, უეცრად ამჩნევს მის გაუარესებას, დაორსულებამდე მიოპიის არსებობის შემთხვევაში კი იმატებს მისი ხარისხი. ცხადია, ასეთი რამ ყველას არ მოსდის – შესაძლოა, ორსულობა ყოველგვარი ჩივილების გარეშე წარიმართოს და უმეტესად ასეც ხდება. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩივილების უქონლობა ყოველთვის არ ნიშნავს პრობლემის არარსებობას. შესაძლოა, ბადურა გარსზე, კერძოდ, მის პერიფერიაზე, იყოს გათხელებული უბნები, მაგრამ კლინიკურად ეს არაფრით გამოიხატოს. ორსულობა ამ მდგომარეობას, ცხადია, ართულებს და შესაძლოა, საბოლოოდ ბადურა გარსის ჩამოცლამდე მიგვიყვანოს.

– მაშ, რის საფუძველზე შეიძლება ვიეჭვოთ დაავადება?
– აუცილებელია, ყველა ორსულმა, აქვს ჩივილები თუ არა, გაიაროს გამოკვლევა ოფთალმოლოგთან. ამ ნიშნით ორსულები ორ კატეგორიად იყოფიან: ისინი, რომელთაც ორსულობამდე არ ჰქონდათ მხედველობის პრობლემები და ისინი, რომლებსაც პრობლემები მანამდეც ჰქონდათ. პირველ შემთხვევაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ორსულობის დროს თავჩენილი სიმპტომები საშიში არ არის და თვალის ექიმთან ორჯერადი გეგმური ვიზიტი საკმარისია მდგომარეობის შესაფასებლად. პირველი ვიზიტი უნდა დაიგეგმოს პირველ ტრიმესტრში, მე-10-12 კვირის ვადაზე, ხოლო მეორე – მესამე ტრიმესტრში, 33-34-ე კვირებზე. რაც შეეხება მეორე კატეგორიის პაციენტებს, ისინი ოფთალმოლოგს ყოველთვიურად უნდა გაესინჯონ. 

– თქვენ ორჯერადი გეგმური ვიზიტი ახსენეთ. თუ პირველი ვიზიტის დროს ცვლილებები არ დადასტურდა, განმეორებითი კონსულტაცია მაინც საჭიროა?
– საჭიროა, ვინაიდან პრობლემებმა შესაძლოა მხოლოდ მესამე ტრეიმესტრისთვის იჩინოს თავი.

– უმეტესად რას უჩივიან ორსულები?
– მხედველობის გარდამავალ დაბინდვას, შავ მცურავ წერტილებს; შესაძლოა მხედველობის გაორება, ნათება, თვალის მომატებული სიმშრალე.
ორსულობაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს ტოქსიკოზმა და პრეეკლამფსიამ, განსაკუთრებით – მესამე ტრიმესტრში, როდესაც მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება, კიდურების შეშუპება და პროტეინურია (შარდში ცილის არსებობა). ამ დროს დიდი დატვირთვა ადგება ორგანიზმის სისხლძარღვოვან აუზს, რომლის მდგომარეობაზე დაკვირვებაც შესაძლებელია ბადურა გარსის სისხლძარღვების დათვალიერებით. ამ დროს შეინიშნება ბადურას არტერიოლების შევიწროება, ვენების გაფართოება, იშვიათად – ბადურა გარსის შეშუპება და მხედველობის ნერვის ჰიპერემია. მხედველობის გაუარესება ამ პრობლემების დროსაც უმეტესად გარდამავალია.

– რა გამოკვლევები უტარდება ორსულს ოფთალმოლოგთან ვიზიტის დროს?
– ოფთალმოლოგთან ვიზიტის დროს ორსულს უმოწმებენ მხედველობის სიმახვილეს (ვიზომეტრია), უზომავენ თვალის წნევას (ტონომეტრია), განსაზღვრავენ თვალის კაკლის ღერძს და, რაც მთავარია, ათვალიერებენ ბადურა გარსს, კერძოდ, მისი კიდურა პერიფერიას, სპეციალური ხელსაწყოთი – კონტაქტური გონიოლინზით, რათა გამოირიცხოს მასზე დეგენერაციული და დეფექტური უბნების არსებობა. თვალის ფსკერის სწორედ ეს გამოკვლევა გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ რისკფაქტორები და განვსაზღვროთ მომავალი სამოქმედო ტაქტიკა. კერძოდ, ვადგენთ, არის თუ არა ბადურა გარსზე ნახეთქები ან დისტროფიის კერები და საჭიროა თუ არა ლაზერით მისი გამაგრება.

– რას გულისხმობს ეს პროცედურა, რამდენად უსაფრთხოა ის ორსულისა და ნაყოფისთვის?
– ბადურა გარსზე დისტროფიული ცვლილებების ან ნახეთქების არსებობისას ხშირად მივმართავთ პროფილაქტიკურ შემოსაზღვრით ლაზერკოაგულაციას. ეს ლაზერის სხივით ქვეშ მდებარე ქსოვილებთან ბადურა გარსის “შედუღებას” გულისხმობს. ამის შედეგად წარმოიქმნება საკმაოდ მტკიცე კავშირი. მანიპულაცია სრულიად უსაფრთხოა ორსულებისთვის, გრძელდება რამდენიმე წუთს, თითქმის უმტკივნეულოა და თავიდან გვაცილებს ბადურა გარსის ჩამოცლის საშიშროებას, შესაბამისად, საკეისრო კვეთის აუცილებლობასაც. პროცედურა უნდა ჩატარდეს ორსულობის 35-ე კვირამდე, რათა მშობიარობამდე პიგმენტური ნაწიბურების ჩამოყალიბება მოესწროს.

საკეისრო კვეთა ახსენეთ. გარდა ბადურა გარსის ჩამოცლის საფრთხისა, როდის არის უკუნაჩვენები ფიზიოლოგიური მშობიარობა?
– ეს პათოლოგიაც კი არ გახლავთ საკეისრო კვეთის აბსოლუტური ჩვენება. ამ საკითხის თაობაზე დღემდე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები, თუმცა თანამედროვე კვლევებს თუ გადავავლებთ თვალს, შეგვამჩნევთ, რომ დღესდღეობით ოფთალმოლოგიური კუთხით საკეისრო კვეთის ჩვენება ძალზე შეზღუდულია. სამწუხაროდ, მხედველობის პრობლემების მქონე ორსულებს, რომლებიც საკონსულტაციოდ მოგვმართავენ, უკვე მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი საკეისრო კვეთის ჩატარება. უნდა ვიცოდეთ, რომ გადამწყვეტია არა მიოპიის ხარისხი, არამედ თვალის ფსკერის, კერძოდ, ბადურა გარსის კიდურა პერიფერიის მდგომარეობა. აქვე უნდა ითქვას, რომ მიოპიის ხარისხი ხშირად არ თანხვდება ბადურა გარსის დაზიანების ხარისხს – არის შემთხვევები, როდესაც მაღალი მიოპიის დროს ცვლილებები თვალის ფსკერზე სრულებით არ შეინიშნება, მსუბუქი მიოპიის დროს კი ის სერიოზულად არის დაზიანებული. 
წინათ მაღალი ხარისხის მიოპია საკეისრო კვეთის ფაქტობრივად აბსოლუტურ ჩვენებად მიიჩნეოდა. თანამედროვე მიდგომა ამ სტრატეგიას უარყოფს. დიაბეტით დაავადებულ ორსულებთანაც კი, რომლებსაც დიაბეტური რეტინოპათია ჩამოუყალიბდათ, თვალის მდგომარეობის გამო მშობიარობა მკაცრად უკუნაჩვენები არ არის. საზოგადოდ, ამ კუთხით ყველაზე მძიმე პათოლოგიებად სწორედ ცალ ან ორივე თვალზე ბადურა გარსის ჩამოცლის ისტორია ან უკვე არსებული დიაბეტური რეტინოპათია მიიჩნევა და მაშინაც კი საკითხი ინდივიდუალურად წყდება. 

– რა საფრთხეს შეიცავს ფიზიოლოგიური მშობიარობა?
– ფიზიოლოგიური მშობიარობა ორგანიზმისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა. ეს დატვირთვა ეხება თვალსაც, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ მას მნიშვნელოვანი საფრთხე ელის. არ არის გამორიცხული მცირე ზომის სისხლჩაქცევების გაჩენა ბადურა გარსზე არასწორად გაჭინთვის დროს. რაც შეეხება ბადურა გარსის ჩამოცლის რისკს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები ამ მითს არ ადასტურებს. თუ ქალი მომზადებულია და იცის, როგორ გაიჭინთოს სწორად, როგორ მართოს მშობიარობის სამივე ეტაპი, გართულებებთან საქმე თითქმის არ გვაქვს. 

– ქალები, რომლებიც ადრე ატარებდნენ კონტაქტურ ლინზებს, ორსულობის დროს გარკვეულ დისკომფორტს უჩივიან. რა იწვევს ამ პრობლემას და რას ურჩევთ მათ?
– უპირველესად, გეტყვით, რომ ორსულისთვის სრულიად უსაფრთხოა კონტაქტური ლინზების ტარება, მაგრამ ამგვარი პრობლემა მართლაც ხშირია, რაც ისევ და ისევ ჰორმონული ტიპის ცვლილებებთანაა დაკავშირებული – მხედველობის დაბინდვასთან სითხის შეკავების გამო და სიმშრალით განპირობებულ დისკომფორტთან. ასეთ პაციენტებს, თუ აშკარად გამოხატული ჩივილები აქვთ, ვურჩევთ, დროებით სათვალე გამოიყენონ და მშობიარობის შემდეგ დაუბრუნდნენ კონტაქტურ ლინზებს. სიმშრალის დროს კი რეკომენდებულია ცრემლის ანალოგის, უკონსერვანტო დამატენიანებლის, ჩაწვეთება, რომელიც ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ფართოდაა წარმოდგენილი და ორსულობის ნებისმიერ პერიოდში სრულიად უვნებელია.

– შეიძლება თუ არა თვალის სხვა დაავადებების დროს წვეთების გამოყენება?
– ალერგიული და ბაქტერიული კონიუნქტივიტების დროს მეტად ვფრთხილობთ, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში აუცილებლად ვიყენებთ საჭირო წვეთებს, რადგან ნებისმიერი დისკომფორტი ორსულობის მშვიდ მიმდინარეობას უშლის ხელს. გარდა ამისა, თვალის წვეთების სისტემური მოქმედება როგორც დედის, ისე ნაყოფის ორგანიზმზე მინიმალურია. გლაუკომის დროს ორსულ პაციენტებს ხშირად ისედაც უქვეითდებათ თვალის წნევა, ამიტომ მისი დასაქვეითებელი წვეთები დროებით იხსნება.

– დაბოლოს, არსებობს თუ არა პროფილაქტიკური მეთოდები, რომლებიც თავიდან ააცილებს ქალს ორსულობის დროს თვალის პრობლემებს?
– პროფილაქტიკაა სწორედ ის, რომ ყველა ორსულმა უნდა ჩაიტაროს გეგმური ორჯერადი გამოკვლევა ოფთალმოლოგთან და გამოირიცხოს თვალის ფსკერზე არსებული პათოლოგიური ცვლილებები. ყველა ქალმა იცის, მაგრამ მაინც გავიმეორებ, რომ არა მხოლოდ თვალის, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, ორსულმა მიირთვას სრულფასოვანი, დაბალანსებული საკვები, მიიღოს საკმარისი რაოდენობით წყალი, ისეირნოს სუფთა ჰაერზე და იძინოს დღე-ღამეში, სულ მცირე, რვა საათი.


გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: