მაკიაჟი საკუთარი ხელით

გააზიარე:

გაკვეთილი I

ნიუ-ორკის, მილანისა თუ პარიზის ჩვენებებზე დიზაინერები ჩაცმულობასთან ერთად მაკიაჟის ახალ ტენდენციებსაც გვაცნობენ. სიახლე წელსაც ბევრია, თუმცა 2023 წლის ტრენდად კვლავ ბუნებრიობა რჩება.

“ცოტაც მეტისმეტია” – ეს სლოგანი 2023 წლის ზაფხულშიც აქტუალურია. რას გულისხმობს ის? უარი ვთქვათ ყველაფერ ზედმეტზე და ხაზი გავუსვათ ჩვენი გარეგნობის ბუნებრივ შტრიხებს. მაგრამ როგორ წარმოვაჩინოთ საკუთარი შარმი და გამოვკვეთოთ ხასიათი? ამისთვის კოსმეტოლოგ-ვიზაჟისტი, ვიზაჟის მასწავლებელი და ტრენერი მარინა საფრონოვა ვიზაჟის გაკვეთილებს ჩაგვიტარებს. ქალბატონი მარინა ნაბიჯ-ნაბიჯ გვაწავლის, როგორ გავიკეთოთ შინ მაკიაჟი, ჩვენ კი ტექნიკას და ცალკეულ ხრიკებს ჟურნალის ფურცლებიდან გაგაცნობთ.

– რით ვიხელმძღვანელოთ მაკიაჟის გაკეთებისას?

– სამსახურში, საქმიან შეხვედრაზე, მეგობრებთან და წვეულებაზე სახეს ერთნაირად ვერ შევიღებავთ. მაკიაჟი სიტუაციას რომ შევუხამოთ, მისი ძირითადი წესები უნდა ვიცოდეთ. თუმცა რა სტილის მაკიაჟსაც არ უნდა ვიკეთებდეთ, მთავარია ზომიერება.

დღის მაკიაჟი

– დღის მაკიაჟი ხაზს უნდა უსვამდეს ბუნებრივ სილამაზეს. ის უნდა იყოს დახვეწილი და თითქმის შეუჩნეველი. საკმარისია, გავათანაბროთ კანის ფერი, მივანიჭოთ ცოტაოდენი ბზინვარება და დავმალოთ მცირე ნაკლოვანებები.

სახის ფერის გასათანაბრებლად უმეტესად მსუბუქი ტექსტურის მქონე ტონალურს ან მინერალურ BB–კრემს ვიყენებთ.

თვალებიც ოდნავ უნდა იყოს გამოკვეთილი, მხოლოდ ფანქრით და არა ლაინერით. ჩრდილებისთვის უმჯობესია შევარჩიოთ ბუნებრივი და ჰარმონიული ფერები – მაგალითად, ატმისფერი, ბაცი ვარდისფერი, ბაცი ყავისფერი, ოქროსფერი ან კრემისფერი – და მათი კომბინაციები.

წამწამები შავის ნაცვლად ყავისფერი ტუშით აიპრიხეთ. არ გირჩევთ ხელოვნური წამწამების დამაგრებას – ეს მაკიაჟს დაამძიმებს.

ტუჩებსაც მეტი ბზინვარება და ნათელი ფერები უხდება.

მეტისმეტად გადატვირთული მაკიაჟი – მუქი ფერები, სქელი ტექსტურები და მკვეთრი კონტურები – დღის შუქზე ნაკლებმიმზიდველად გამოიყურება.

საოფისე მაკიაჟი

– საოფისე მაკიაჟიც მსუბუქი და ზომიერი უნდა იყოს, სწრაფად კეთდებოდეს და მთელი დღე ძლებდეს. ნათელი ფერები და ოდნავ მბზინავი ჩრდილები მზერას სხივს მატებს და აფხიზლებს. დაღლილობას კარგად ნიღბავს ვარდისფერი რუჟი მბზინავი ეფექტით. ის აცოცხლებს კანს.

რაც შეეხება წარბებს, მათთვის ფორმის მიცემაც საკმარისია.

მიზანშეწონილი არ არის კაშკაშა და მუქი ფერის პომადის წასმა, უპირატესობა ნაზ ფერებს მიანიჭეთ.

საღამოს მაკიაჟი

– საღამოს მაკიაჟით შეგვიძლია, სახეზე სხვადასხვა ხასიათი შევქმნათ – დახვეწილი, მგრძნობიარე, ექსტრავაგანტული, კლასიკური, ელეგანტური, გლამურული...

ვინაიდან ხელოვნური განათება ფერისა და ტექსტურის დიდ ნაწილს შთანთქავს, შეიძლება ნაკვთების უფრო მკვეთრად მოდელირება. ამ დროს ვიყენებთ უფრო სქელი კონსისტენციისა და მუქი ფერის ტონალურს და ჩრდილებს. ჰაილაითერი ტონალურზე ერთი-ორი ტონით მუქი უნდა იყოს. თვალის კონტურის მოსანიშნავად ფანქრის ნაცვლად უმჯობესია ლაინერი გამოვიყენოთ. მეტი სიმკვეთრისთვის შეიძლება წავისვათ შავი ტუში და დავიმაგროთ ხელოვნური წამწამებიც. წარბები უკეთესად რომ გამოიკვეთოს, შეგიძლიათ სპეციალური ფანქრით გაიმუქოთ და დაიფიქსიროთ.

მოკლედ, საღამოს მაკიაჟის დროს ყველაფერი ნებადართულია, მთავარია, გიხდებოდეთ და თქვენს ჩაცმულობას და ღონისძიების საერთო ატმოსფეროს ეხამებოდეს.

სენსიტიური მაკიაჟი უფრო დახვეწილია, ფოკუსირებულია კანის ბუნებრივ ფერზე – თითქოს ტონალური არც კი გვისვია, მაგრამ ძლიერი აქცენტები დაისმის თვალებზე ან ტუჩებზე.

კლასიკურ მაკიაჟს ძალიან უხდება ეგრეთ წოდებული სმოუქი აის (Smokey Eyes) – მუქი, გარდამავალი ჩრდილების კომბინაცია. ის ელეგანტურობასთან ერთად ოდნავ სექსუალურ გამომეტყველებასაც სძენს სახეს. მისთვის უმეტესად შავ ან მუქ ყავისფერ ჩრდილებს იყენებენ, თუმცა, გემოვნებისამებრ, შეიძლება სხვა ფერების გამოყენებაც, მაგალითად, იასამნისფერის, შინდისფერის, მუქი მწვანის – თვალების ფერისა და ჩაცმულობის შესაბამისად. ნებადართულია მოციმციმე აქცენტებიც.

ექსტრავაგანტული იმიჯისთვის კი ფართო გასაქანი მიეცით ფანტაზიას. აქ ნებადართულია ყველაფერი, რაც მოგწონთ და თქვენს ჩაცმულობას შეესაბამება. შეგიძლიათ, გამოიყენოთ მჭახე ვარდისფერი, ნარინჯისფერი, ლურჯი, ფირუზისფერი, კონტრასტული ფერები, მეტად გაასქელოთ და დააგრძელოთ თვალის კონტური, მოიხდინოთ გრძელი ხელოვნური წამწამებიც.

საღამოს გლამურული მაკიაჟი გულისხმობს უფრო მეტ მბზინავ ეფექტს თვალებსა და ტუჩებზე, ბრინჯაოსფერის, ვერცხლისფერისა და შამპანურისფერის კომბინაციებს, კაშკაშა წითელ ტუჩებს და სქელ, გრძელ წამწამებს.

Nude-მაკიაჟი

– დღეს ძალიან აქტუალურია ეგრეთ წოდებული Nude მაკიაჟი – მაკიაჟი, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს უმაკიაჟოდ ვართ, თუმცა მცირე ნაოჭები, წვრილი გამონაყარი, პიგმენტური ლაქები თუ სიწითლე ამ დროს კარგად არის შენიღბული. შეგვიძლია, გამოვიყენოთ ყველა ნაზი და ბუნებრივი ტონი, მაგალითად, შამპანურისფერი, ვარდისფერი, ატმისფერი. ტონალური უნდა იყოს ძალიან თხელი, თითქმის გამჭვირვალე, რათა კანის ბუნებრივი ფერი არ დამალოს. იდეალურია BB-კრემები.

რით დავიწყოთ

– უპირველეს ყოვლისა, ინსტრუმენტები და დეკორატიული კოსმეტიკა უნდა შეიძინოთ. კოსმეტიკური ინსტრუმენტებიდან დაგჭირდებათ სხვადასხვანაირი ფუნჯები თვალის ჩრდილისთვის, რუჟისთვის, პუდრისა და წარბებისთვის, ასევე – ტონალურის ღრუბელი ან ფუნჯი და პინცეტი.

ყოველდღიური მაკიაჟისთვის საკმარისია ტონალური, თვალის ჩრდილი და ფანქარი, ტუში, რუჟი, წარბის ფანქარი, საფიქსაციო გელი და ტუჩსაცხი, საღამოს მაკიაჟისთვის კი დამატებით დაგჭირდებათ:

  • ფუძე – საბაზისო საცხი, რომელიც ფარავს მცირე დეფექტებს, სძენს კანს ბუნებრივ და თანაბარ ელფერს;
  • კონსილერი (კორექტორი) – ნიღბავს წვრილ, ბაც კაპილარებს, მუქ რგოლებს თვალების ქვეშ, პიგმენტურ ლაქებს, რომლებსაც ვერ მალავს ფუძე; არსებობს სხვადასხვა ტექსტურისა და კონისტენციის: თხელი, კრემისებური, შედარებით სქელი და მშრალი (სტიკი, რომელიც ძირითადად სისხლძარღვებისა და გამონაყარის დასაფარავად იყენებენ);
  • ჰაილაითერი – ანიჭებს კანს თბილ, ჯანსაღ ბრწყინვალებას. არსებობს მშრალი და თხევადი.

მომდევნო ნომერში მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ კანი მაკიაჟისთვის.

 

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: