გვანცა ჩიკვილაძე: “სირთულეები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ მოსაგვარებელი საკითხები”

გააზიარე:

უსამართლობას ბავშვობიდან ვერ ეგუებოდა, ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს იდგა. აი, ასე, სკოლის ასაკშივე ჩამოყალიბდა “იურისტად”. ეს ის პროფესიაა, რომელიც ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას, საზოგადო კეთილდღეობასა და სამართლიანობას ემსახურება, ამიტომ სხვაზე არც მიფიქრიაო, ამბობს გვანცა ჩიკვილაძე – იურიდიული ფირმების “KK & PARTNERS”-ისა და “ცანავა და პარტნიორების” დამფუძნებელი პარტნიორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამოქალაქო სამართლის კომიტეტის წევრი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრედიტსერვისი +”-ის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აქციონერი. წარმატება მისთვის ახალ-ახალ მიზნებს და მრავალფეროვან ასპარეზს ნიშნავს.

დროის ფასი კარგად იცის – ძილისთვისაც კი ენანება, მაგრამ ცოდნის გასამდიდრებლად არასოდეს ზოგავს. გამუდმებით განვითარებაზეა ორიენტირებული და დარწმუნებულია, რომ შედეგიც შესაბამისი იქნება.

–  ამ პრაგმატულ, მკაცრ და უკომპრომისო სფეროში თავის დასამკვიდრებლად ალბათ ბევრი სირთულის გადალახვა მოგიხდათ...

– ზოგჯერ გხვდება წინააღმდეგობა, რომელიც ძნელად გადასალახავი გეჩვენება და წამით შესაძლოა “აღიარო” კიდეც საკუთარ თავთან, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს, რომ არაფერი გამოვა... გამოუვალი სიტუაციიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზა ისევ და ისევ თავდაუზოგავი მუშაობაა. როცა გეჩვენება, რომ გამოსავალი არ ჩანს, სწორედ მაშინ უნდა ირწმუნო საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების. ეს აუცილებლად მიგიყვანს წარმატებამდე. ყოველი მცირე გამარჯვება კი მოტივაციაა მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად. ასე, ჯაჭვური რეაქციით იღებ საბოლოო შედეგს.

კერძო თუ საჯარო სტრუქტურებში სტაჟირებას სტუდენტობის წლებშივე გავდიოდი. სწავლასთან სამსახურის შეთავსება იოლი არ ყოფილა, მით უმეტეს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი ვიყავი და მეგობრებთან ერთად სხვადასხვა სტუდენტურ პროექტს ვახორციელებდი. სამაგიეროდ, ყოველივე ამან გამოცდილება შემძინა. იურიდიული ფირმა “KK & PARTNERS”-ის დამფუძნებელმა ოცდაერთი წლის ახალბედა ადვოკატს უდიდესი ნდობა გამომიცხადა და შესაძლებლობა მომცა, მემუშავა დიდი მასშტაბის სასამართლო თუ სამართლებრივი უზრუნველყოფის საქმეებზე, მეთანამშრომლა მსხვილ კომპანიებსა თუ ფიზიკურ პირებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამ გუნდში ყოფნამ და ჩემმა თავდაუზოგავმა შრომამ მომიტანა არაერთი პროფესიული გამარჯვება, წარმატება, დაფასება. დღეს ჩემთვის “სირთულე” აღარ არსებობს – არსებობს საკითხი, რომელიც უნდა მოგვარდეს.

– როგორ შეიქმნა “ცანავა და პარტნიორები”?

– ადვოკატი ცოტნე ცანავა ჩემი მეუღლეა. ერთად გადავწყვიტეთ, შეგვექმნა იურიდიული კომპანია, რომელიც საადვოკატო საქმიანობაში პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის, მობილურობის მაგალითად იქცეოდა. ამ კომპანიას ცოცხალ ორგანიზმად აღვიქვამ, რომელსაც მუდმივი ყურადღება, მზრუნველობა, განვითარება სჭირდება. სამართლის ყველა მიმართულებით ვმუშაობთ. პერიოდულად საგანმანათლებლო პროექტებშიც ვერთვებით, უნივერსიტეტებთან მემორანდუმის საფუძველზე ახალგაზრდა იურისტებს პრაქტიკული გამოცდილების შეძენაში ვეხმარებით. ვმონაწილეობთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადაპტაციის პროგრამაში, რომელიც მომავალ ადვოკატებს საშუალებას აძლევს, ჩვენი მენტორობით მოიპოვონ ადვოკატის სტატუსი.

– ნდობას თქვენს პროფესიაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ახალგაზრდა ქალისთვის მისი მოპოვება რთული არ არის?

– ნდობას ურთიერთანამშრომლობა ამყარებს. ეს ის აუცილებელი რამაა, რაც ყოველ ასაკში, ყოველ ეტაპზე მოსაპოვებელი და შესანარჩუნებელია, თუმცა წლები და გამოცდილება ამ პროცესს ამარტივებს. საადვოკატო საქმიანობას და სამედიცინო სფეროს ერთი საერთო ნიშან-თვისება აქვს: როდესაც ადამიანი განსაცდელში ვარდება, პროფესიონალთან მიდის. მიდის რწმენით, ენდობა მის სახელს, მის გამოცდილებას... თუ პროფესიონალი ხარ, სქესს მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ ჩვენს სფეროში საკმაოდ ბევრი წარმატებული ქალია.

და მაინც, ქალს პროფესიულ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ადგილის მოსაპოვებლად მეტი ძალისხმევა სჭირდება. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება, ამას სტატისტიკა და საერთაშორისო ანგარიშებიც მოწმობს. ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით საქართველოს ბოლო წლებში დადებითი დინამიკა აქვს, თუმცა გენდერული თანასწორობის პრობლემა მაინც დიდ გამოწვევად რჩება. მკვეთრი გენდერული დისბალანსია პოლიტიკაში, განათლების სფეროში, შრომის ბაზარზე. ასევე საყურადღებოა გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის სტატისტიკა, თუმცა გასული წლების მონაცემებს თუ შევადარებთ, პროგრესი აშკარაა. არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციაა ჩართული ამ პროცესის გაჯანსაღებაში და მჯერა, რომ ამდენი რგოლის ჩართულობა სახელმწიფოებრივ მხარდაჭერასთან ერთად აუცილებლად მიგვიყვანს ქალების ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ გაძლიერებამდე და ქალებისა და კაცებისთვის მართლაც თანაბარი შესაძლებლობების შექმნამდე.

– როგორ უთავსებთ ერთმანეთს სამსახურს და დედობას?

– ოთხი შვილი ბედნიერებაა, ხალისია, უკეთესი ცხოვრების მოტივაციაა. რაც მთავარია, თავად ბავშვები საოცრად ძლიერები და ბედნიერები არიან ერთმანეთით. დროის სწორი მენეჯმენტის წყალობით კარიერისა და დედობის შეთავსება სავსებით შესაძლებელია, მით უმეტეს, ჩემს შვილებს ჰყავთ მამა, რომელიც არათუ ნაკლებად, ხშირად ჩემზე მეტადაც კია ჩართული მათ ცხოვრებაში. ცოტნე ჩვენი ოთხივე გოგონას ფავორიტია.

მე და ცოტნე გურმანები ვართ, არცთუ ურიგო კულინარებიც, ასე რომ, ჩვენს სამზარეულოში ყოველთვის შეიძლება ახალ-ახალი, გამორჩეული კერძების დაგემოვნება. ოჯახური ტრადიციაც გვაქვს – ყოველ საღამოს ერთად ვვახშმობთ და ვსაუბრობთ.

ჩვენი ურთიერთობა საერთო საადვოკატო საქმიანობით დაიწყო. კომფორტული თანამშრომლობა ახლო მეგობრობაში გადაიზარდა, მერე კი ოჯახიც შევქმენით. გვაქვს საერთო ხედვა და საერთო მიზნები, ერთმანეთისთვის საყრდენი ვართ, მაგრამ მთავარი, რაც ოჯახის ყველა წევრს გვაერთიანებს და სტიმულს გვაძლევს, ერთმანეთის სიყვარულია.

– რას წარმოადგენს კლუბი Tsanava Club Children's Rights?

– კლუბი ჩვენი უფროსი შვილების – ნუცას და ლილეს იდეის ნაყოფია. ერთ საღამოს, როცა, ჩვეულებისამებრ, მთელი ოჯახი შევიკრიბეთ, ჩაის ვსვამდით და ვსაუბრობდით, გოგონებმა გვითხრეს, რომ რამე სასარგებლო საქმის წამოწყება სურდათ, რამე ისეთის, რაც მათაც და სხვა ბავშვებსაც სიკეთეს მოუტანდა. ასე, აზრთა გაცვლა-გამოცვლით, ჩემი ხელშეწყობით შეიქმნა კლუბი “ცანავა ბავშვთა უფლებები”, რომლის მთავარი მიზანი ბავშვთა უფლებების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებაა. არაერთი საინტერესო პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა. ყველა აქტივობის მონაწილენი ბავშვები არიან, უფროსები და სპეციალისტები კი მუდმივად ვართ ჩართულნი ამ პროცესებში. ორგანიზაციის დევიზია “ბავშვები ბავშვებისთვის”.

ფრაგმენტები ბავშვობიდან

– ჩემს მშობლებს უკვე ექვსი შვილიშვილი ჰყავთ, მაგრამ დღესაც ისევე უყვართ ერთმანეთი, როგორც ჩემი ბავშვობიდან მახსოვს. დედაჩემი ლალი ზანდუკელი წარმატებული ექიმია. მთელი ცხოვრება ვუყურებ, როგორ სწავლობს, შრომობს და ამ ყველაფრით კი არ იღლება, სიამოვნებას იღებს. დროის, საკუთარი შრომით მოპოვებულის, დამოუკიდებლობისა და ადამიანების ფასი სწორედ მშობლებისგან ვისწავლე. უცებ ამომიტივტივდა ბავშვობის მოგონებები – ღამღამობით ჩემი და დედას დაუსრულებელი საუბრები, ჩვენი ფანჯრიდან გადაშლილი ქალაქის ულამაზესი ხედი, ახალი წლის ღამე, როცა ჩემთვის და ჩემი დისთვის დედ-მამა სასწაულებს ახდენდა “სანტას” სახელით და ჩემი და – სალომე, რომლის გარეშეც ვერ ვძლებდი, ღამით სულ მასთან ჩახუტებულს მეძინა. და ასეთი მოგონება კიდევ რამდენია...

ავტოპორტრეტი

– ვცდილობ, ცხოვრება დადებითი ემოციებით იყოს სავსე. სტატუსით და სოციალური მდგომარეობით არავის ვაფასებ. ვფიქრობ, მხოლოდ ღირსეული ადამიანები იმსახურებენ პატივისცემას. ვერ ვიმეგობრებ მასთან, ვინც ყალბია, ვინც არაკაცთმოყვარეა, ვინც პატივს არ სცემს თავის ქვეყანას, თავის წარმომავლობას. მჯერა, რომ ცხოვრება სიყალბის გარეშე უფრო მშვენიერია.

მეოცნებე არ ვარ. მაქვს მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად დასახული გეგმები. მომავალს იმედით ვუყურებ. მინდა, ჩვენ და ჩვენი შვილების თაობამ განვითარებულ, ძლიერ ქვეყანაში – ბედნიერ საქართველოში ვიცხოვროთ და ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე თითოეულ ჩვენგანს თავისი როლი აკისრია. სირთულეების მიუხედავად, მჯერა, მომავალი აწმყოზე უკეთესი იქნება.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: