ლუბა შეწირული – პირველი ქართველი აკადემიკოსი ქალი დერმატო-ვენეროლოგიაში

გააზიარე:

ძნელია, იყო დიდი მეცნიერი და მკვლევარი, კარგი ექიმი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი და, ამავე დროს – მზრუნველი და, დეიდა და ბებია. ლუბა შეწირულისთვის მედიცინა მთელი ცხოვრება იყო, მაგრამ  ახერხებდა, არც საყვარელ ადამიანებს მოჰკლებოდათ მისი ყურადღება.

დიდი ექიმის ცხოვრების შესახებ ფაქტების მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით მის შვილიშვილს, დერმატო-ვენეროლოგ ირაკლი დვალს, და ქალბატონი ლუბას კოლეგას და ღირსეულ მემკვიდრეს თინა ქიტუაშვილს.

ლუბა შეწირული 1917 წლის 20 მაისს დაიბადა ქალაქ ბათუმში. მამამისი, თეოფილე, წარმოშობით სოფელ ჩიბათიდან ყოფილა. ნიჭიერი და ბეჯითი ახალგაზრდა იმ დროისთვის საჭირო რკინიგზელის პროფესიას დაუფლებია და ბათუმში გადასულა საცხოვრებლად. მალევე დაქორწინებულა თებრონე დობორჯგინიძეზე.

მრავალშვილიან ოჯახში დაბადებული ბავშვების უმეტესობა ინფექციურ დაავადებებს ემსხვერპლა, ეპიდემიებს მხოლოდ სამი ქალიშვილი: თამარა, ლუბა და ელიკო გადაურჩა.

დაწყებითი განათლება ბავშვებმა ბათუმში მიიღეს. ლუბა მედიცინით მოწაფეობიდანვე იყო გატაცებული, ამიტომ ჯერ ბათუმის სამედიცინო ტექნიკუმი დაამთავრა, მერე კი, 1934 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა.

დახელოვნების სათავეებთან

სამკურნალო ფაკულტეტის ფრიადოსანი კურსდამთავრებული 1940 წელს აფხაზეთში, სოფელ ესტონკაში, ვლადიმიროვსკის საექიმო უბნის გამგედ დანიშნეს. აქ მოაზროვნე კლინიცისტმა დიდი გამოცდილება მიიღო შინაგანი დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. მოგვიანებით, ხშირად აღნიშნავდა, რომ ამ სამსახურმა მას საკუთარი თავის რწმენა და უამრავი მადლიერი პაციენტი შესძინა.

ირაკლი დვალი:

– დედას დღემდე ახსოვს ესტონკაში, დეიდასთან ერთად გატარებული დღეები. სოფლის მოსახლეობა მისდამი ძალიან მეგობრული და კეთილგანწყობილი ყოფილა, შაბათობით ადგილობრივები მხიარულ საღამოებს მართავდნენ, ცეკვავდნენ, მღეროდნენ და იქაურ კულინარიულ შედევრებს აგემოვნებდნენ. ამ შეხვედრების საპატიო სტუმრები იყვნენ ლუბა და მისი პატარა დისშვილი, დედაჩემი.

1942 წელს ლუბა შეწირული გაგრის რაიონის საავადმყოფოს ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ დაინიშნა და ერთბაშად დიდი პასუხისმგებლობის პირისპირ აღმოჩნდა. თავდადებული შრომისა და აქტიური პროფესიული საქმიანობისთვის ის დააჯილდოვეს მედლებით "კავკასიის დაცვისთვის", "შრომითი სიმამაცისთვის", "ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი".

ომის დამთავრების შემდეგ, 28 წლისა, სოხუმის კანისა და ვენერულ სნეულებათა რესპუბლიკური დისპანსერის მთავარი ექიმი გახდა. მოგვიანებით მუშაობა აჭარაში განაგრძო, სადაც 1948-1951 წლებში კანისა და ვენერულ სნეულებათა რესპუბლიკური დისპანსერის მთავარი ექიმის თანამდებობა ეკავა.

50-იანი წლების დასაწყისში ლუბა შეწირული თბილისში დაბრუნდა ჯანდაცვის სამინისტროში რესპუბლიკის უფროსი ვენინსპექტორის თანამდებობაზე, შეთავსებით – კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი იყო. შემდეგ კი ამავე ინსტიტუტის მიკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. სწორედ იქ დაეუფლა სოკოვანი დაავადებების კვლევის მეთოდებს. იქვე დაამუშავა თემა "დერმატომიკოზები აღმოსავლეთ საქართველოში და მათთან ბრძოლის გამოცდილება" და 1957 წელს წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია.

ირაკლი დვალი:

– სტუდენტობის წლებში დედა ლუბასთან, ბარნოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. როცა მამაჩემი, როგორც სამხედრო ექიმი, სამუშაოდ გერმანიაში მიავლინეს  და მთელი ოჯახით მოგვიწია გადაბარგება, წელიწადში ორჯერ საქართველოში ჩამოვდიოდით და ლუბასთან ვრჩებოდით არდადეგებზე. ძალიან მზრუნველი და მოსიყვარულე ბებია იყო, მახსოვს, მოსკოვში საგანგებოდ ჩემთვის და ჩემი ძმისთვის საათი იყიდა, რომელზეც საქანელაზე ჩამოსკუპებული ციყვი ეკიდა. 1972 წელს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, ლუბას მეზობლად მივიღეთ ბინა და სკოლიდან თითქმის ყოველ საღამოს მასთან ავდიოდით სტუმრად.

1971 წელს ლუბამ მოსკოვში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა, მის ნაშრომს "ტერფებისა და ხელის მტევნების მიკოზები საქართველოში" მაღალი შეფასება მისცეს და აღნიშნეს, რომ ლუბა შეწირულმა შეავსო ამ საკითხის გარშემო არსებული ხარვეზები, უფრო მეტიც, მისი რამდენიმე განაცხადი ინოვაციური აღმოჩნდა. ამრიგად, ლუბა შეწირული საქართველოში პირველი დოქტორი ქალი გახდა დერმატო-ვენეროლოგიაში.

1970 წლიდან, ორი ათეული წლის განმავლობაში, ლუბა შეწირული კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა, იმავდროულად, გახლდათ რესპუბლიკის მთავარი სპეციალისტი დერმატო-ვენეროლოგიაში. იგი წლების განმავლობაში სათავეში ედგა საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა სამეცნიერო საზოგადოებას. მისი ხელმძღვანელობითა და უშუალო მონაწილეობით დაინერგა საქართველოში კანისა და ვენერულ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მრავალი ახალი ორგანიზაციული ფორმა, რითაც მიღწეულ იქნა სიფილისით, დერმატომიკოზებით და პიოდერმიებით ავადობის მკვეთრი შემცირება.

მასწავლებელი და ექიმი

თინა ქიტუაშვილი:

– 1935 წლის 3 ნოემბერს, საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩამოყალიბდა კანისა და ვენერულ სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. ის, სხვა რესპუბლიკების მსგავს ინსტიტუტებთან ერთად, კანისა და ვენერულ სნეულებათა ცენტრალურ კვლევით ინსტიტუტს ექვემდებარებოდა, ამიტომ მოსკოვიდან ხშირად ჩამოდიოდა  საქმიანობის შემფასებელი კომისია, რომელსაც ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, ქალბატონი ლუბა მასპინძლობდა. მამაჩემი, ალექსანდრე (საშა) ქიტუაშვილი, გურჯაანის კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერის მთავარი ექიმი, და ქალბატონი ლუბა ახალგაზრდობიდან მეგობრობდნენ და თანამშრომლობდნენ კიდეც, რადგან იმხანად რეგიონული დისპანსერები ინსტიტუტის დაქვემდებარებაში იყო. უცხოელების ვიზიტი, წესისამებრ, კახეთში სრულდებოდა. საშასთან, ველისციხეში, იმართებოდა გამოსათხოვარი ბანკეტი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტუდენტობიდან მოყოლებული, მეც ამ დიდი საზოგადოების წევრი გახლდით და პირადად ვიცნობდი ქალბატონ ლუბას და მის თანამშრომლებს. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ დერმატო-ვენეროლოგი გავხდი. ენდოკრინოლოგიაში სახელობითი ორდინატურის დასრულების შემდეგ განაწილებით აფხაზეთში უნდა მემუშავა, მაგრამ ქალბატონმა ლუბამ თავის ინსტიტუტში ენდოკრინოლოგის ნახევარი განაკვეთი დაუშვა და ასე მოვხვდი აქ,  ჯერ ენდოკრინოლოგად, საკვალიფიკაციო კურსის გავლის შემდეგ კი – დერმატო-ვენეროლოგად.

კანი, როგორც ორგანიზმის სარკე, ლუბა შეწირულისთვის დაკვირვებისა და საინტერესო აღმოჩენის უშრეტი წყარო იყო. დარგი, რომელიც საუკეთესოდ ასახავს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების მიზეზშედეგობრივ კავშირს, მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. აღსანიშნავია, რომ ლუბამ ზედმიწევნით იცოდა შინაგანი მედიცინა, რაც დერმატოლოგის კვალიფიკაციის ქვაკუთხედად მიიჩნევა. პაციენტს ზედმეტ კვლევას არასდროს დაუნიშნავდა, არც სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან აგზავნიდა უმიზნოდ. მისი შეგონებიდან ერთ-ერთი ყველაზე მტკიცედ ჩამებეჭდა გონებაში: თუ მკურნალობამ სათანადო შედეგი არ გამოიღო, გადაამოწმე შენივე დიაგნოზიო.

ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობისას ლუბა აქტიურად ცდილობდა, კოლეგებისთვის ევროპული და ამერიკული მედიცინის სიახლეები გაეცნო. მას თარჯიმნები ჰყავდა დაქირავებული, რომლებსაც უცხოეთიდან გამოწერილ ინგლისურ და გერმანულ სამედიცინო ჟურნალებსა და წიგნებს ათარგმნინებდა. თავად ისე კარგად იცოდა ინგლისური ენა, რომ საერთაშორისო კონფერენციებზე თარჯიმნის გარეშე კითხულობდა მოხსენებებს.

თინა ქიტუაშვილი:

– ინსტიტუტში მუშაობა დუღდა და გადმოდუღდა, იწერებოდა ნაშრომები, იზრდებოდნენ თაობები. ქალბატონი ლუბა პაციენტებთან თავაზიანი, თანამშრომლებთან კი მტკიცე, ურყევი, მომთხოვნი და პრინციპული იყო. თვეში ერთხელ ახალგაზრდა მეცნიერებთან შეხვედრას მართავდა, ყურადღებით უსმენდა, ნაშრომებს უმოწმებდა, მითითებებს და მიმართულებას აძლევდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლუბა შეწირულმა მიკოლოგიის ძლიერი სკოლა შექმნა. მისი მოსწავლეები იყვნენ ვახტანგ გოგოხია, ძაძუ კოსტავა, გიორგი თვალიაშვილი, ბადრი ჩლაიძე, კოტე ტონია, იოსებ თოფურია, კოტე მკურნალი, გივი ჩოჩია, მანანა  თევზაძე, მარინა ინოზემცევა, მარინა კოპალიანი, ნანა ნოღაიდელი და მრავალი სხვა, რომელთა უმრავლესობა დღეს წარმატებით მუშაობს დერმატო-ვენეროლოგიაში. მისი ხელმძღვანელობით მომზადებულია მედიცინის მეცნიერებათა 22 დოქტორი და კანდიდატი.

ლუბა შეწირული 2 მონოგრაფიისა და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის 75 უცხოეთშია გამოქვეყნებული და მოხსენებული. იყო 36 მსოფლიო და საერთაშორისო კონგრესისა და სიმპოზიუმის მონაწილე, პოლონეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, გერმანიის, ჩეხოსლოვაკიის, იუგოსლავიის დერმატოლოგთა საზოგადოებების საპატიო წევრი, 1990 წლიდან – ევროპის დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის აკადემიის წევრი, დერმატო-ვენეროლოგთა საკავშირო სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმის წევრი, საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1994 წ). საპატიო ნიშნის ორდენის (1971 წ.) და ხალხთა მეგობრობის ორდენის (1982 წ.) მფლობელი.

ირაკლი დვალი:

– ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიას საბჭოთა კავშირიდან წევრი არ ჰყავდა. ამ საზოგადოებაში მოხვედრა მხოლოდ მოწვევის საფუძველზე ხდებოდა. საზღვარგარეთ და, მით უმეტეს, ამერიკაში გამგზავრება თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის შესაბამისი განყოფილებისა და მინისტრთა საბჭოს დახმარებით, ასევე ვარშავის სამედიცინო უნივერსიტეტის დერმატოლოგიის კათედრის გამგის, პროფესორ სტეფანია იაბლონსკას სარეკომენდაციო წერილის საფუძველზე, 1987 წელს ლუბა ამერიკაში ჩავიდა და ეს საპატიო წოდება მოიპოვა. ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის 1992 წელს ლუბა შეწირულს მადლობის სიგელი გადაეცა. მისი გვარი ჩიკაგოში მსოფლიოს გამოჩენილ მიკოლოგთა გალერეაშია შეტანილი (1982).

კარიერის მწვერვალზე

თინა ქიტუაშვილი:

– კვირაში ერთხელ, ორშაბათობით, სამიდან ხუთ საათამდე, ლუბა შეწირულის საკონსულტაციო კაბინეტთან ცოცხალი რიგი იდგა. წინასწარ ვადგენდით ჩაწერილი პაციენტების სიას. ამ კონსულტაციებში კლინიკის ყველა ექიმი ვიყავით ჩართული, თითოეულს თავისი მოვალეობა ჰქონდა, ერთი ისტორიას წერდა, მეორე – დანიშნულებას, მესამე – რეცეპტს, მეოთხე კი ოთახში შემოსულ ავადმყოფს ამზადებდა გასასინჯად. ყოველი ორშაბათი ერთგვარი აკადემია იყო ახალბედა ექიმებისთვის. მახსოვს, იშვიათი დაავადების აღმოჩენისას, თითოეულ ჩვენგანს აჩვენებდა ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელ კლინიკურ სურათს, სიმპტომებს, რომელთა საფუძველზეც სვამდა დიაგნოზს.

ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ჩემი საექიმო მოღვაწეობის გარიჟრაჟზე პაციენტმა მომმართა საზარდულის მიდამოში გამონაყარით. სოკოვანი დაავადება ვივარაუდე, თუმცა ეჭვი მეპარებოდა, რადგან მიკოზისთვის დამახასიათებელ ტიპურ გამონაყარს არ ჰგავდა. მთელი დღე ამ შემთხვევაზე ვფიქრობდა. იმ ღამით ქალბატონი ლუბა დამესიზმრა, კაბინეტში პაციენტს სინჯავდა და ამბობდა: აი, საზარდულის ფსორიაზიო. მივხვდი, რომ ჩემს პაციენტსაც საზარდულის ფსორიაზი ჰქონდა.

სამამულო მედიცინის განვითარებაში დიდი დამსახურებისთვის, სამეცნიერო კადრების მომზადებაში განსაკუთრებული წვლილისთვის, პრაქტიკულ მედიცინასა და მეცნიერებაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის ღვაწლმოსილი მეცნიერი 1995 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. თანამდებობის დატოვების შემდეგ, ინსტიტუტში კიდევ თოთხმეტი წელი იმუშავა.

ირაკლი დვალი:

– 1960 წელს ლუბამ იქორწინა დიდი ხნის ნაცნობზე – იასონ ზარანდიაზე, ცნობილი ოჯახის შვილზე, რომელიც ერთხანს აფხაზეთის მთავრობის წევრიც გახლდათ. სამწუხაროდ, მალევე დაქვრივდა, არც შვილი არ დარჩენია, ამის შემდეგ თავი პროფესიას და ოჯახის წევრებს მიუძღვნა. მე სულ გვერდით ვყავდი, სამსახურში ერთად დავდიოდით, ბოლო წლებში კი ერთადაც ვცხოვრობდით. გარდაიცვალა 2006 წლის 30 სექტემბერს, 89 წლისა, დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის გადაწყვეტილებით, დაარსდა აკადემიკოს ლუბა შეწირულის სახელობის ჯილდო ბრწყინვალე პროფესიონალის, მრავალი თაობის აღმზრდელი პედაგოგის, საქართველოში დერმატო-ვენეროლოგიური დარგის განვითარებისთვის თავდადებული მეცნიერის ხსოვნის უკვდავსაყოფად.

მარი მარღანია

გააზიარე: