როდამ ქუმსიაშვილი – ქართული ქირურგიის მემატიანე

გააზიარე:

ქალისთვის “შეუფერებელი” პროფესია მეხუთე კურსზე აირჩია. შესწრებია, როგორ უმუშავებდა აკადემიკოსი ეგნატე ფიფია ჰოსპიტალური ქირურგიის კლინიკის შესახვევში პატარა ბიჭს ლოყის წყლულოვან დეფექტს. წყლული ისეთი დიდი ყოფილა, ბავშვს თურმე კბილები უჩანდა და ამ სურათმა შეძრწუნებულ როდამს ვიქტორ ჰიუგოს გუინპლენი მოაგონა.

ბატონ ეგნატეს დაწვრილებით აღუწერია პათოლოგია სტუდენტებისთვის, მკურნალობის გეგმაც გაუცვნია და პაციენტზე დაკვირვების უფლებაც მიუცია.

როდამი შთაბეჭდილებებით სავსე დაბრუნებულა შინ და ნანახისა და განცდილის შესახებ მამისთვის მოუყოლია. მეორე დღეს მამას ბატონ ეგნატესთან წერილი გაუტანებია: ვატყობ, როდამს ქირურგიისკენ მიუწევს გული, იქნებ ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმაროო. ადრესატს მონდომებული სტუდენტი წერილის წაკითხვისთანავე ექიმ თამარ ჭყონიასთვის ჩაუბარებია.

“წლის ბოლოს დავრწმუნდი, რომ ბატონმა ეგნატემ სწორი არჩევანი გააკეთა, – ვკითხულობთ როდამ ქუმსიაშვილის მოგონებებში, – ქალბატონმა თამარმა მასწავლა ავადმყოფის მოვლა ისე, როგორც დედა უვლის შვილს, დამანახვა, რომ ქირურგობა მოითხოვს განუსაზღვრელ დროს, დიდ თავდადებასა და სიყვარულს”.

სახელოვანი მამის შვილი

როდამ ქუმსიაშვილი თბილისში დაიბადა 1917 წლის 23 ნოემბერს. მამამისი საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, მომღერალი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი ნიკოლოზ ქუმსიაშვილი გახლდათ, დედა – ექიმი დერმატოვენეროლოგი ეკატერინე მინდოდაური. როდამი და მისი უმცროსი ძმა შოთა სითბოსა და სიყვარულში იზრდებოდნენ.

პირველად რვა წლისა წაუყვანიათ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომლის სცენაზეც იმ დღეს ნიკო ქუმსიაშვილის დებიუტი უნდა შემდგარიყო. ის ზაქარია ფალიაშვილის “დაისში” მალხაზის პარტიას მღეროდა. სცენიდან ნაცნობი ხმა რომ გაუგონია, როდამი ფეხზე წამოვარდნილა და მთელი ხმით უყვირია: მამაო! დამსწრე საზოგადოება მამა-შვილის საოცარ მსგავსებას განუცვიფრებია. “პატარა ნიკო!” – ისმოდა თურმე შეძახილები სხვადასხვა მხრიდან.

მას შემდეგ როდამი ხშირად სტუმრობდა ოპერის თეატრს, მით უმეტეს, რომ მისი საამაყო მამა წლების განმავლობაში ამ თეატრის წამყვანი სოლისტი გახლდათ.

ნიკო ქუმსიაშვილის მშობლების ოჯახში დადიოდნენ ვაჟა-ფშაველა და იოსებ იმედაშვილი. თავად ნიკოსთან მეგობრობდნენ სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, გერონტი ქიქოძე, დოდო ალექსიძე, აკაკი გაწერელია... ბუნებრივია, მათი შეკრებისას სასაუბრო თემა ხელოვნება, პოეზია, თეატრი იყო. როდამის მეხსიერებაში ეს დღეები დაუვიწყარ მოგონებებად დარჩა. უამრავი ჩანაწერიც ჰქონდა შენახული. დღეს თითოეული მათგანი განუზომლად ფასეულია მისი შთამომავლებისთვის.

საოცარი მოყოლა სცოდნია. იმხელა სითბოს აქსოვდა და ისე ზუსტად ხატავდა ამბავს, შეუძლებელი იყო, დაგვიწყებოდათო, იხსენებენ მისი თანამედროვეები. ყველაზე მეტად მამის ერთი მოგონება ჰყვარებია ვაჟა-ფშაველაზე: ერთხელ ვაჟა ქუმსიაშვილებთან დარჩენილა ღამის გასათევად. ბავშვებს დაუნახავთ, როგორ დაადო სტუმარმა ბალიშს მუთაქა და ასე დაიძინა. პატარებს უფიქრიათ, ალბათ, მწერლობის საიდუმლო სწორედ ესააო და მათაც დიდი პოეტისთვის მიუბაძავთ.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ნიკო ქუმსიაშვილსაც მოუწერია ხელი, რის გამოც გასაბჭოების შემდეგ ორჯერ რამდენიმე თვით მეტეხის ციხეშიც მჯდარა. ახალგაზრდობაშიც და მერეც როდამი დიდი აღტაცებით ლაპარაკობდა მამაზე. ამბობდა, ყველას როდი შეუძლია, მშობლებით იამაყოს, მით უფრო – მათ, ვისაც ის მძიმედ მოსაგონარი ოციანი და ოცდაათიანი წლები გამოუვლიაო.

პროფესია

1935 წელს როდამ ქუმსიაშვილმა თბილისის მესამე საცდელი სკოლა დაამთავრა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩაირიცხა. სწავლობდა დიდი მონდომებითა და ინტერესით. მეხუთე კურსზე პირველად ნახა ეგნატე ფიფია, რომლის სახელიც ოჯახში ასე ხშირად ესმოდა. როდამის მშობლები დიდ ქირურგს მისმა მეუღლემ ვალია ჯუღელმა გააცნო. ვალიას დედა წარმოშობით თიანეთიდან იყო. თავად ნიკო ქუმსიაშვილი მისი დეიდისა და ბიძის, პარასკევა და იოსებ ბოძაშვილების ოჯახში იზრდებოდა. სწორედ ეს ამაგი და სიყვარული დაედო საძირკვლად ქუმსიაშვილებისა და ფიფიების ურთიერთობას.

სამამულო ომის დაწყებისთანავე გამოცდილი ქირურგების უმეტესობა ომში გაიწვიეს. ნაწილი ფრონტზე მოხვდა, ნაწილი – ზურგის ჰოსპიტლებში. ახალბედა ექიმები თბილისის კლინიკებში გაანაწილეს. როდამ ქუმსიაშვილი იმ კლინიკაში მოხვდა, რომელსაც ეგნატე ფიფია ხელმძღვანელობდა და რომელშიც ჯერ ევაკოჰოსპიტალი, მერე კი ომის ინვალიდებისთვის აღდგენითი ქირურგიის საავადმყოფო იყო განთავსებული. სულ მალე როდამი ახალდაარსებული კათედრის პირველი ორდინატორი გახდა და ამის შემდეგ მთელი ცხოვრება ვირტუოზი ქართველი ქირურგის გვერდით გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ის უშუალო მონაწილე გახლდათ საქართველოს ყველა იმ სამედიცინო დაწესებულების ცხოვრებისა, რომელსაც ბატონი ეგნატე ედგა სათავეში.

თავდაპირველად ახალგაზრდა როდამს სალექციო მასალის მომზადება, სტუდენტთა აღრიცხვა და ლაბორატორიული სამუშაოები ევალებოდა. რაკი დაკისრებულ საქმეს მალევე აუღო ალღო, ბატონმა ეგნატემ ევაკოჰოსპიტლის სამუშაო პროცესშიც ჩართო. “იმ პერიოდის ახალბედა ექიმებმა, – წერდა შემდეგ როდამ ქუმსიაშვილი, – მთელი სიცხადით დავინახეთ, რომ მშვიდობისა და ომის პერიოდის ქირურგია ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ამ დროს დასტაქრის თავის, ხელისა და გულის გარდა, საჭიროა განსაკუთრებული ნებისყოფა და გამძლეობაც”.

ეგნატე ფიფიამ ახალგაზრდა ორდინატორს აკადემიკოს გრიგოლ მუხაძის კათედრაზე კლინიკურად საინტერესო პაციენტებისთვის გამოყოფილი ექვსსაწოლიანი პალატა ჩააბარა, ხოლო რამდენიმე მსუბუქი ოპერაციის შემდეგ, კმაყოფილმა, პირველი ასისტენტის როლიც ანდო. წლების შემდეგ ქალბატონი როდამი იხსენებდა: “ეს შემთხვევა ორგზის დასამახსოვრებელი შეიქმნა ჩემთვის: როგორც პირველი ასისტენცია ესოდენ რთულ ოპერაციაზე და, მეორე მხრივ, იმ იშვიათი ანომალიის გამო, რომელიც ავადმყოფს აღმოაჩნდა. ოპერაციის შემდეგ ერთი კვირა დღე და ღამე არ მოვცილებივარ ავადმყოფს, საბედნიეროდ, მოსალოდნელი გართულების თავიდან აცილება შევძელი და ყველაფერი კარგად დასრულდა”.

1944 წლიდან როდამ ქუმსიაშვილი ევაკოჰოსპიტალში თვრამეტსაწოლიან პალატას ხელმძღვანელობდა. ამ პალატაში ნაწლავთა სხვადასხვა დაზიანების მქონე დაჭრილები იყრიდნენ თავს. ამ კატეგორიის ავადმყოფები ქვეყნის ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ევაკოჰოსპიტლიდან სწორედ ქუმსიაშვილთან ხვდებოდნენ. ახალგაზრდა ექიმი დიდი გულისხმიერებით ეკიდებოდა თითოეულის დიაგნოსტიკას, ოპერაციისთვის მომზადებასა და მკურნალობას.

იმ წლების გამოცდილება აისახა მოხსენებაში ნაწლავთა ფისტულის ექვსი ურთულესი შემთხვევის შესახებ, რომელსაც თბილისის ქირურგიული საზოგადოების სხდომაზე დიდი მოწონება დაუმსახურებია.

1968 წლის 16 ოქტომბერს სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ასისტენტებისა და დოცენტების კანდიდატურებს განიხილავდნენ. როდამ ქუმსიაშვილისთვის პირადად ბატონ ეგნატეს უხარებია კათედრის დოცენტად არჩევა.

როდამი დიდი პასუხისმგებლობით შეუდგა სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების განათლებაზე ზრუნვას. ათი წლის თავზე, კვლავაც ეგნატე ფიფიას რჩევით, სამეცნიერო საბჭოს საჭირო საბუთები წარუდგინა და პროფესორის წოდებაც დამსახურებულად მიიღო.

1957-1969 წლებში დაიცვა ჯერ საკანდიდატო, მერე სადოქტორო დისერტაცია თემაზე “კუჭის წყლულოვანი დაავადების შემდგომი გართულებები”. 80-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 3 მონოგრაფიის ავტორია. მამის ხსოვნას მიუძღვნა წიგნი “სიმღერის უკვდავება” და მონოგრაფია “ნიკო ქუმსიაშვილი”. 1989 წელს დაიბეჭდა მისი კიდევ ერთი მონოგრაფია:  “ეგნატე ფიფია: ცხოვრება და შემოქმედება”.

როდამ ქუმსიაშვილის პრაქტიკული საქმიანობა სტუდენტებისთვის მისაბაძი იყო. თვით ეგნატე ფიფიასაც ხშირად მოჰყავდა როდამი მაგალითად. როცა ჯგუფში ქირურგობის მსურველ ვერცერთ გოგონას ვერ იპოვიდა, იკითხავდა ხოლმე: რატომ არ ფიქრობთ ქირურგობაზე? ხომ ხედავთ, რა კარგად მუშაობენ ჩვენი ქირურგი ქალებიო.

საექიმო მოღვაწეობის 40 წლის განმავლობაში როდამ ქუმსიაშვილმა ათეულობით ქირურგი – პროფესორი და დოცენტი, ასისტენტი და პრაქტიკოსი აღზარდა, რომელთა უმრავლესობა თბილისსა თუ სხვა ქალაქებში დღესაც მოღვაწეობს.

პროფესიის მიღმა

1942 წლის 20 სექტემბერს გარდაიცვალა ნიკო ქუმსიაშვილი. მომღერალი ხორხის ავთვისებიანმა სიმსივნემ იმსხვერპლა. როდამს ეგონა, მის გლოვას დასასრული არ ექნებოდა, მაგრამ, უფროსი კოლეგის რჩევით, რამდენიმე დღის შემდეგ კლინიკაში გამოცხადდა და საქმეში ჩაეფლო. ასე დაუბრუნდა საკუთარ თავს და საზოგადოებას. არც ისე დიდი ხნის შემდეგ სრულიად ახალგაზრდა ძმა წაართვა ტუბერკულოზმა. დედამ ამხელა ტკივილს ვერ გაუძლო და ისიც მალე გამოესალმა სიცოცხლეს. ობლად დარჩენილი როდამი ხშირად სტუმრობდა მამის დედას ორხევში. თავისი დიდი მზრუნველობით 85 წლამდე აცოცხლა მრავალ განსაცდელგამოვლილი საყვარელი თინა ბებია.

1946 წელს როდამ ქუმსიაშვილი დაქორწინდა. მისი მეუღლე გახდა ფილოსოფოსი, იმხანად სიონის სკოლის დირექტორი ნიკოლოზ ნიბლოშვილი. რამდენიმე წლის შემდეგ წყვილს ერთადერთი შვილი – მომავალი მხატვარი და არქიტექტორი ნიკოლოზი შეეძინა. დედის დიდი სურვილით, უმცროსი ნიკო ქუმსიაშვილი ერთხანს კონსერვატორიაშიც სწავლობდა, თუმცა საბოლოოდ მუსიკას მხატვრობა ამჯობინა. ქალბატონ როდამზე ინფორმაციის მოპოვებაში სწორედ მისი მეუღლე, ექიმი თერაპევტი, კარდიოლოგი თინა მჭედლიშვილი დაგვეხმარა.

მამის ხსოვნის უკვდავსაყოფად როდამ ქუმსიაშვილმა ჯერ თბილისში, საკუთარ ბინაში მოაწყო საოჯახო მუზეუმი. რუდუნებით შეგროვებულ ექსპონატებს შორის იყო ნიკო ქუმსიაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, მადლობისა და ქების ბარათები, აფიშები. ეს მასალები დღეს 30-იანი წლების ქართული მუსიკალური ხელოვნების საგანძურად არის მიჩნეული. მოგვიანებით მსგავსი მუზეუმი როდამმა მშობლიურ ორხევშიც მოაწყო, სადაც დედაქალაქის თეატრალური და სამედიცინო საზოგადოება ყოველ შემოდგომაზე აღნიშნავდა საქართველოს სახალხო არტისტის ნიკო ქუმსიაშვილის დაბადების დღეს.

თავს დატეხილი დიდი ტკივილის მიუხედავად, ქალბატონ როდამს სიცოცხლის ხალისი არ დაუკარგავს. ნიკო სტუმრებს სიმღერით ართობდაო, ფშაურ კაფიასაც დაამღერებდაო, იტყოდა ხოლმე. მუზეუმში ახლაც ინახება მამაპაპისეული სიმებდაწყვეტილი ფანდური. როდამსაც ბევრი კაფია სცოდნია. რა გასაკვირია – ის ხომ როგორც დედის, ისე მამის მხრიდან მოლექსეთა ჩამომავალი იყო, ახალგაზრდობაში კი, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, სერიოზულად მეცადინეობდა ვოკალის კლასში.

როდამ ქუმსიაშვილი 74 წლისა, 1991 წლის 22 დეკემბერს გარდაიცვალა თბილისში განმეორებითი ინსულტით. დაკრძალულია ორხევში, მამის გვერდით. თბილისის სამოქალაქო ომის უმძიმეს წელს ახლობლებმა საკადრისი პატივი ვერ მიაგეს მის ხსოვნას, თუმცა იმ ძნელბედობის ჟამს ათიოდე თანამშრომელმა მაინც მოახერხა თიანეთის რაიონში ჩასვლა და ღვაწლმოსილი ქართველი ქირურგი ქალის უკანასკნელ გზაზე გაცილება.

ქუმსიაშვილების საგვარეულო დინასტია ორი შვილიშვილით და ოთხი შვილთაშვილით გრძელდება. უმცროსმა როდამ ქუმსიაშვილმა, დიდი ბებიის მსგავსად, უმაღლესი სამედიცინო განათლება მიიღო და წარმატებული ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტია.

მარი მარღანია

გააზიარე: