ტარხუნა – არომატული სანელებლის სასარგებლო თვისებები

გააზიარე:

ტარხუნა ქართული სამზარეულოს მარგალიტია და, ამასთანავე, ძალიან სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

რას უნდა ვუმადლოდეთ ტარხუნის სასარგებლო თვისებებს? თუ მეტისმეტად ბევრს შევჭამთ, ხომ არ შეიძლება, გვავნოს?

სახეობები

ველურ ტარხუნასთან ერთად ფართოდ არის გავრცელებული მისი კულტივირებული ქვესახეობებიც: ფრანგული და რუსული

* ფრანგული ტარხუნა (Artemisia dracunculus var. sativus) მდიდარი, დახვეწილი არომატით გამოირჩევა, აქვს ოდნავ მოტკბო გემო, რომელსაც ზოგჯერ ანისის ვარსკვლავისა და კამის ტონებიც დაჰყვება. კულინარიაში უმთავრესად სწორედ ფრანგულ ტარხუნას იყენებენ.

* რუსულ ტარხუნას (Artemisia dracunculus var. inodorus) ნაკლებინტენსიური არომატი და მომწარო გემო აქვს, თუმცა ბუნებრივი პირობების მიმართ უფრო გამძლეა.

აქტიური ინგრედიენტები

ფრანგული ტარხუნა მდიდარია ეთერზეთებით, რომელთა დამსახურებაცაა მისი ინტენსიური გემო, რუსული კი შედარებით ღარიბი.

ეთერზეთების ძირითადი კომპონენტებია ესტრაგოლი, ოციმენი, ლიმონენი, ფელანდრინი, ანეთოლი. დამახასიათებელ გემოს ტარხუნას სწორედ ესტრაგოლი და ანეთოლი აძლევს.

გერმანიის მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვისა და ვეტერინარული მედიცინის ფედერალური ინსტიტუტის (BgVV) თანახმად, ცხოველებზე ჩატარებული რამდენიმე კვლევის დროს ესტრაგოლმა მუტაგენური და კანცეროგენული ეფექტი გამოავლინა, – ეს შეფასება დაადასტურა სურსათის სამეცნიერო კომიტეტმაც (Scientific Committee on Food – SCF), – თუმცა რამდენად საშიშია ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ჯერჯერობით უცნობია. მიუხედავად ამისა, სურსათის სამეცნიერო კომიტეტი მომხმარებლებს აფრთხილებს, ესტრაგოლით მდიდარი საკვების ჭარბ მიღებას ერიდონ. ეს რეკომენდაცია მხოლოდ პრევენციულ მიზანს ემსახურება და უმთავრესად ეხება ჩაის, განსაკუთრებით – კამის ჩაის, რომელსაც ბავშვებს შებერილობის დროს აძლევენ. ესტრაგოლის შემცველი მცენარეების სანელებლად გამოყენებას მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის ფედერალური ინსტიტუტი უსაფრთხოდ მიიჩნევს.

ტარხუნა სხვა სასარგებლო მცენარეულ ნივთიერებებსაც შეიცავს: ფლავონოიდებს, მთრიმლავ და მწარე ნივთიერებებს, მაგალითად, კუმარინს.

ტარხუნა მდიდარია C  ვიტამინით, B ჯგუფის ვიტამინებით და ზოგიერთი მინერალით, მათ შორის – ნატრიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით და კალიუმით.

მასში აღმოჩნდა დელორაზეპამის კვალიც. ეს ქიმიური ნაერთი ბენზოდიაზეპინების ჯგუფს ეკუთვნის და ცნობილია თავისი დამამშვიდებელი მოქმედებით, თუმცა ტარხუნაში ის იმდენად ცოტაა, რომ მისი სამკურნალო ეფექტი უმნიშვნელოა.

ხალხურ მედიცინაში

ტარხუნას მრავალმხრივ სამკურნალო მოქმედებას მიაწერენ. მართალია, მათი უმეტესობა კვლევებით დადასტურებული არ არის, მაგრამ ხალხურ მედიცინაში დიდი ხნის ნაცადია. მაგალითად, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ტარხუნათი ებრძოდნენ ჭირს, მკურნალობდნენ სურავანდს, მის ფესვებს კბილის ტკივილის დროს ღეჭავდნენ. რომაელი ჯარისკაცები დაღლილობის მოსახსნელად ტარხუნის ნახარშს სვამდნენ, ინდოელები ტარხუნისა და კამისგან ენერგიის მოსამატებელ სასმელს ამზადებდნენ.

ვარაუდობენ, რომ ტარხუნას მენსტრუალური ციკლის მარეგულირებელი ეფექტი აქვს.

სიფრთხილე მართებთ ორსულებს, განსაკუთრებით – პირველი კვირების განმავლობაში: ტარხუნის ჭარბმა მიღებამ შესაძლოა სპონტანური აბორტი გამოიწვიოს.

ტარხუნის შემადგენლობაში შემავალი ფიტოჰორმონები ამცირებს მენოპაუზით გამოწვეულ  სიმპტომებს: ალებს, დეპრესიულ განწყობას, გაღიზიანებას და თავის ტკივილს.

ამასთან ერთად, ტარხუნა:

ხელს უწყობს საჭმლის მონელებას

ტარხუნა უმთავრესად საჭმლის მომნელებელი თვისებებით არის ცნობილი. მწარე ნივთიერებები, რომლებიც უხვადაა მასში, აღძრავს მადას და ხელს უწყობს ნერწყვის გამოყოფას, აუმჯობესებს კუჭის წვენისა და ნაღვლის გამომუშავებას, რაც, საბოლოო ჯამში, აადვილებს საჭმლის მონელებას, განსაკუთრებით კი მძიმე და ცხიმიანი საჭმლისას. გარდა ამისა, აჯანსაღებს ნაწლავურ ფლორას, არეგულირებს შიმშილის გრძნობას და ხელს უწყობს წონის კლებას.

ტარხუნას აქვს ანტისპაზმური მოქმედება და სასარგებლოა კუჭის კუნთების კრამპის დროს. ამსუბუქებს შებერილობას, მჟავიანობის დაქვეითებას. უხდება ასევე ყაბზობას, ნაწლავის ქრონიკულ ანთებას.

ამსუბუქებს რევმატულ და პოდაგრით გამოწვეულ ტკივილს

ტარხუნის შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ახურებს კანს, რაც ხელს უწყობს სახსრების რევმატიზმით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქებას. მტკივან ადგილებზე ტარხუნის ფოთლების კომპრესი დაიფინეთ. შეიძლება მისი გამოყენება სხვა ეთერზეთებთან კომბინაციაშიც.

აქვს ათების საწინააღმდეგო ეფექტი

ტარხუნას ანტისეპტიკური მოქმედებაც აქვს, ამიტომ კარგია პირის ღრუს ანთების დროს: ანადგურებს მიკრობებს და ხელს უშლის ანთების განვითარებას.

ებრძვის გაციებას

ანტისეპტიკური მოქმედების წყალობით ტარხუნა საუკეთესოა გაციების დროსაც. მასში შემავალი ტანინები ამშვიდებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს. სამკურნალო ეფექტისთვის დღეში ერთი ჭიქა ტარხუნის ჩაი უნდა სვათ.

მოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი

ტარხუნა მაღალი კონცენტრაციით შეიცავს C ვიტამინს – დაახლოებით 50 მგ-ს 100 გრამზე, რაც მას ანტიოქსიდანტურ თვისებებს ანიჭებს.

ანტიოქსიდანტები ანეიტრალებენ თავისუფალ რადიკალებს და ამით ხელს უშლიან ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვის პროცესებს. თავისუფალი რადიკალები განუწყვეტლივ წარმოიქმნება ორგანიზმში. განსაზღვრული რაოდენობით აუცილებელიც კია იმუნური სისიტემის გამართული მუშაობისთვის. საშიში მას შემდეგ ხდება, რაც ირღვევა მათი ბალანსი ანტიოქსიდანტებთან და ვითარდება ოქსიდაციური სტრესი, რომელიც დიდ ზიანს აყენებს ადამიანის სხეულს: გარდა იმისა, რომ კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს, მას ათეროსკლეროზის, ალცჰაიმერის, პარკინსონის, რევმატოიდული ართრიტის და გულ-სისხლძარღვთა არაერთი დაავადების განვითარებაში ადანაშაულებენ.

ამასთან ერთად, C ვიტამინი აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, ძვლებისა და კბილების განვითარებისთვის.

ამცირებს სისხლში შაქრის დონეს

კვლევების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ ტარხუნა ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას, აუმჯობესებს მგრძნობელობას ინსულინის მიმართ. ინსულინი ჰორმონია, რომელსაც გლუკოზა უჯრედებში მიაქვს.

გვეხმარება დეპრესიისგან თავის დაღწევაში

ტარხუნა დადებითად მოქმედებს ფსიქიკაზეც. ვარაუდობენ, რომ დაძაბულ, სტრესულ პერიოდში ის ფსიქიკას აძლიერებს და ენერგიას მატებს ორგანიზმს, რაც თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმაც დაადასტურა. გვეხმარება ნერვიულობით გამოწვეული უძილობის დაძლევაშიც.

სამკურნალოდ უმეტესად ტარხუნის კომპრესებს, ნაყენს, ჩაის, ესენციას იყენებენ.

სამზარეულოში

ტარხუნა განუმეორებელ გემოს აძლევს კერძს. წარმოიდგინეთ, რა იქნებოდა ჩაქაფული მის გარეშე! ტარხუნას ხშირად იყენებენ ფრანგულ და იტალიურ სამზარეულოშიც. მისი პიკანტური არომატი ძალიან უხდება კვერცხისა და ხორცის კერძებს, განსაკუთრებით – ცხვრისას, ასევე – თევზს, მოლუსკებს, კარტოფილს, სოკოს, თითქმის ყველა თეთრ სოუსს, მაგალითად, ბეარნულს (ბეარნეზს) და ჰოლანდიურს. არომატი კიდევ უფრო გამოიკვეთება, თუ ტარხუნის დაჭრილ ფოთლებს კერძს ჩაახარშავთ.

ტარხუნის ახალგაზრდა ყლორტებისგან შეგიძლიათ მწვანილებით შეზავებული კარაქი მოამზადოთ, ჩაახარშოთ სუპს, დაამატოთ სალათებს, გემოთი გაამდიდროთ მაიონეზი ან მდოგვი. სალათის არომატული დრესინგისთვის შეგიძლიათ ტარხუნიანი ძმარი მოამზადოთ და შეინახოთ. ამისთვის ტარხუნის ყლორტები რამდენიმე კვირით ჩატოვეთ ძმარში. ასევე  შეგიძლიათ შეაზავოთ ზეთიც.

ტარხუნა კარგად ეხამება კამას, ოხრახუშსა და მწვანე ხახვს. სეზონზე უმჯობესია ნედლი ტარხუნა გამოიყენოთ – ის გაცილებით არომატულია, ვიდრე გამხმარი.

ნედლი ტარხუნა რამდენიმე დღე ინახება მაცივარში პოლიეთილენის პარკით. შეგიძლიათ, გაყინოთ კიდეც. გამხმარი კი თავდახურული ქილით მშრალ და ბნელ ადგილას შეინახეთ.

ტარხუნის ჩაი

1 ჩაის კოვზ გამხმარ ტარხუნას 250 მლ ქაფქაფა წყალი დაასხით და 10 წუთი გააჩერეთ, მერე გადაწურეთ და თბილ–თბილი მიირთვით.

აქვე გთავაზობთ უგემრიელესი საუზმის რეცეპტს:

კვერცხი ტარხუნის სოუსით

4 ულუფა

დაგჭირდებათ: 50 გ კარაქი, 2 სუფრის კოვზი ფქვილი, 250 მლ ბოსტნეულის ბულიონი, 250 მლ ნაღები, 8 ცალი კვერცხი, ტარხუნა, კამა, მწვანე ხახვი – გემოვნებით.

კვერცხი მაგრად მოხარშეთ და გააგრილეთ.

კარაქი გაადნეთ, დაამატეთ ფქვილი და კარგად ურიეთ. ოდნავ რომ შეიცვლის ფერს, დაასხით ჯერ ბულიონი, მერე – ნაღები.10 წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე, დროდადრო ურიეთ. მარილითა და პილპილით შეაგემეთ. თუ გასქელდა, რძით გაათხელეთ. ბოლოს დაამატეთ წვრილად დაკეპილი მწვანილი და ქურიდან გადმოდგით.

კვერცხები გაფცქვენით, შუაზე გაჭერით, თეფშებზე გაანაწილეთ და მოასხით სოუსი. ძალიან უხდება მოხარშული კარტოფილი.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: