ფლავონოიდები კიბოს წინააღმდეგ
გააზიარე:
საკვებში შემავალი ფლავონოიდები კიბოსა და გულის დაავადებებისგან გვიცავს
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ფლავონოიდებით მდიდარი საკვები – მაგალითად, ვაშლი, მწვანე ჩაი – ადამიანს კიბოსა და ზოგიერთი სხვა დაავადებისგან იცავს.
რისკი იკლებს, როდესაც ადამიანი დღეში 500 მგ ფლავონოიდს იღებს საკვებთან ერთად.
500 მგ-ზე მეტი ამ ნივთიერების მიღება არ ამცირებს გულის დაავადების განვითარების ალბათობას, თუმცა დადებით გავლენას ახდენს სიმსივნით დაავადების რისკზე.
მკვლევართა აზრით, ფლავონოიდებით მდიდარ საკვებს, მაგალითად, ვაშლს, მწვანე ჩაის, შეუძლია შეამციროს სიმსივნური და გულის დაავადებათა რისკი. კვლევებმა აჩვენა, რომ დღეში 500 მგ ფლავონოიდების მიღება რისკს ამცირებდა.
ფლავონოიდები მცენარეული საკვები ნივთიერებებია, რომლებიც ამცირებს ანთებას და პოტენციური ანტიოქსიდანტებივით მოქმედებს. ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული ახალი სტატიის თანახმად, ადამიანებს, რომლებიც მეტ ფლავონოიდებით მდიდარ საკვებს მოიხმარდნენ, სიმსივნური და გულის დაავადებები ნაკლებად ემართებოდათ, ვიდრე მათ, ვის რაციონშიც ასეთი საკვები ცოტა იყო.
კვლევა ჩაატარეს ავსტრალიის კოვანის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომელთა აზრით, ფლავონოიდების დამცველობითი ეფექტები უფრო მკაფიოდ არის გამოხატული მწეველებსა და ალკოჰოლის მომხმარებლებთან. თამბაქოს კვამლი ამცირებს ნაწლავში ნუტრიენტების შეწოვას, რითაც აიხსნება მაღალი მოთხოვნა ჩ ვიტამინსა და ხილ-ბოსტნეულის სხვა კომპონენტებზე.
იმის ასახსნელად, რატომ იღებენ დამატებით სარგებელს მწეველები და ალკოჰოლის მომხმარებლები, შემდგომი კვლევებია საჭირო.
მეცნიერები 23 წლის განმავლობაში შეისწავლიდნენ დანიის 53 000 მოქალაქის რაციონს. კვლევის ავტორი ნიკოლა ბონდონო ვარაუდობს, რომ კვლევის შედეგები მეტი ხილისა და ბოსტნეულის ჭამისკენ წაახალისებს ადამიანებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც კიბოსა და გულის დაავადებების მომატებული რისკი აქვს.
ადრე ჩატარებული ასეთივე კვლევის თანახმად, მსოფლიოში ყოველწლიურად 7.8 მლნ ადამიანი კვდება ნაადრევად, ხილისა და ბოსტნეულის არასაკმარისი რაოდენობით (დღეში 800 გრამზე ნაკლების) მიღების გამო.
კვლევამ დაადასტურა, რომ 500 მგ ფლავონოიდების ყოველდღიური მიღება დაავადებისგან საიმედოდ იცავს. უფრო მეტ სადღეღამისო დოზას არ ჰქონია უფრო ძლიერი ეფექტი არამწეველებსა და ალკოჰოლის საშუალო ოდენობით მომხმარებლებთან, თუმცა დღეში 1000 მგ-მდე ფლავონოიდების მიღებისას კიბოს საწინააღმდეგო დაცვა უფრო ძლიერი იყო.
ექიმი უილიამ ლი (ავტორი წიგნისა “ვიკვებოთ, რათა დავამარცხოთ დაავადება: ახალი მეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ადამიანის სხეულს თვითგანკურნება”) ამბობს: “ეს კვლევა სამაგალითოა იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანის კვების რაციონს შეუძლია, გააუმჯობესოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. საკვებ რაციონში ფლავონოიდების ჩართვას შეუძლია, მძლავრი დადებითი ეფექტი მოახდინოს ჯანმრთელობაზე. ასეთი კვლევები წაახალისებს იმის საფუძვლიან შესწავლას, რა სასარგებლო გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე ნუტრიენტების ფიქსირებულ დოზებს”.
ფლავონოიდებით მდიდარია: ხილი, ბოსტნეული, მუქი შოკოლადი, ჩაი და წითელი ღვინო. ამასთან, მნიშვნელოვანია, ადამიანმა ეს ნივთიერებები მიიღოს სხვადასხვა მცენარეული საკვებისა და სასმლის საშუალებით. კვლევის ავტორის აზრით, ამას ადვილად მოახერხებთ, თუ დღეში მიირთმევთ, მაგალითად, 1 ფინჯან ჩაის, 1 ვაშლს, 1 ფორთოხალს, 100 გ მოცვს და 100 გ ბროკოლის – ასეთი კომბინაცია ადამიანს უზრუნველყოფს ფლავონოიდური კომპონენტების მრავალფეროვანი სპექტრით, რომლის საერთო ოდენობაც 500მგ-ზე მეტია.
ამჟამად მცენარეულ საკვებში აღმოჩენილი 6000-ზე მეტი ნაერთია მიჩნეული ფლავონოიდად. ავსტრალიელმა მკვლევრებმა ჯერ ვერ მოახერხეს იმის დადგენა, როგორ ასრულებენ ფლავონოიდები კიბოსა და გულის დაავადებებისგან დამცავ როლს. ვარაუდობენ, რომ მთავარი წვლილი ამ ნივთიერებათა ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას მიუძღვის. ამასთან ერთად, ფლავონოიდები აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციას, რითაც შეიძლება აიხსნას, რატომ მცირდება მათი მიღებისას აღნიშნული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა.
2017 წელს ჩატარებული კვლევა, რომელიც ეპიდემიოლოგიის საერთაშორისო ჟურნალში გამოქვეყნდა, მკაფიოდ მიუთითებს იმაზე, რომ ფლავონოიდები სიმსივნური უჯრედების ზრდასაც ანელებენ.
სამომავლო კვლევაა საჭირო იმის დასადგენად, რომელი ტიპის ფლავონოიდები იცავენ საუკეთესოდ სიმსივნური და გულის დაავადებებისგან, მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ ეს კვლევა ფასეულია გრძელვადიანობის გამო და ჯანდაცვისთვის მის შედეგებს საკმაოდ დიდი ღირებულება აქვს. კვლევის შედეგები მოწმობს, რაოდენ მნიშვნელოვანია კვება როგორც გულის, ისე სიმსივნური დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
მარიამ რამაზაშვილი