BLW – თვითკვების უპირატესობები

გააზიარე:

რა არის BLW

Baby-led weaning (BLW) სიტყვასიტყვით ბავშვის მიერ მართულ კვებას ნიშნავს. ეს მეთოდი ბრიტანელმა მედდამ, დღეს უკვე პროფესორმა, ლაქტაციის სპეციალისტმა, მრავალი წიგნის ავტორმა გილ რაფლიმ გამოიყენა შეიმუშავა 21-ე საუკუნის დამდეგს.

BLW გულისხმობს, რომ მას შემდეგ, რაც ბავშვი მზად იქნება, დედის რძის ან ნარევის გარდა სხვა საკვებიც მიიღოს, ის თავიდანვე ამის დამოუკიდებლად კეთებას მივაჩვიოთ. ეს მეთოდი სრულიად უგულებელყოფს დაბლენდერებული, პიურეს კონსისტენციის საკვების კოვზით ჭმევას.

მართალია, BLW მეთოდი ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია, მაგრამ ბევრი მშობლისთვის ის აღმოჩენად იქცა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც სურს, ბავშვი მცირე ასაკიდანვე მიაჩვიოს დამოუკიდებლობას. მეთოდი ითვალისწინებს იმასაც, რომ მყარი საკვები შესაძლოა სახიფათო აღმოჩნდეს პატარასთვის, თუ ასაკისთვის შეუსაბამო პროპორციებითა და ფორმით შევთავაზეთ.

თუ BLW მეთოდის გამოყენებას აპირებთ, მოემზადეთ მოთხუპნილი მაგიდისა და სკამისთვის, იატაკზე დაყრილი საჭმლისთვის, ყოველი კვების შემდეგ ბავშვისთვის ტანსაცმლის გამოსაცვლელად (თუმცა, არსებობს სპეციალური, მთლიანი, ჩასაცმელი წინსაფრებიც, რომლებიც ტანსაცმელს დაიცავს). თუ ამ მეთოდს ჯერ არ იცნობთ ან გაგიგონიათ, მაგრამ ორჭოფობთ, გეშინიათ გადაცდენის ან იმის, რომ დამოუკიდებლად ჭამის დროს ბავშვი ვერ მიიღებს საჭირო რაოდენობის საკვებ ნივთიერებებს, გადახედეთ სტატიას, რომელიც ამ კითხვებს შეძლებისდაგვარად გასცემს პასუხს და გადაწყვეტილების მიღებას გაგიადვილებთ.

როდის დავიწყოთ

თვითკვების დაწყება დაახლოებით 6 თვიდან არის სასურველი, მაგრამ, ვინაიდან ყველა ბავშვი ინდივიდუალურად ვითარდება, გაითვალისწინეთ, რომ თვითკვების დაწყება შესაძლებელია თუ

* ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად ჯდომა;

* ბავშვს თავი კარგად უჭირავს გადაბმულად, სულ მცირე, 15 წუთის განმავლობაში;

* მჯდომარე პოზიციაში ბავშვს შეუძლია ნივთის ხელში აღება და პირთან მიტანა;

* ბავშვი ინტერესს იჩენს თქვენი საკვების მიმართ, გიყურებთ, პირს აღებს, გბაძავთ.

არ იჩქაროთ. თუ ბავშვს თავს დაჭერაში დახმარება სჭირდება და უჭირს დამოუკიდებლად ჯდომა, თვითკვების დაწყება მანამდე გადადეთ, სანამ პატარა ამ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თვითკვება მთლანად ვერ ანაცვლებს დედის რძითა და ნარევით კვებას – ჯანმოს რეკომენდაციით, სასურველია, ბავშვმა რძე, სულ მცირე, ორ წლამდე მიიღოს.

როგორ დავიწყოთ

თავდაპირველად ბავშვი თავისი საკვები სკამ-მაგიდით უფროსების  გვერდით დასვით სადილობისას. აყურებინეთ, როგორ მიირთმევთ, მიეცით სპეციალური, ასაკის შესაბამისი სილიკონის ან ბამბუკის თეფში თავისი კოვზით – დაე, შეისწავლოს. დაეხმარეთ კოვზის პირთან მიტანაში.

თვითკვების სამი გზა არსებობს. პირველ შემთხვევაში აძლევთ მხოლოდ მყარ საკვებს (ასაკის შესაბამისს, შესაბამისი ზომისას და ფორმისას), მეორე შემთხვევაში იწყებთ კოვზით კვებას, ოღონდ ბავშვი თავისი ხელით ჭამს, მესამე ვარიანტ კი ამ ორის კომბინაციაა. შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი და დაიწყეთ.

რით დავიწყოთ

ბავშვის პირად პედიატრთან კონსულტაციის საფუძველზე და თქვენი პატარას თავისებურებებიდან გამომდინარე, შეარჩიეთ მისთვის პირველი მყარი საკვები. საზოგადოდ, პატარებისთვის საუკეთესოდ მიიჩნევა ის საკვები, რომელიც შეიცავს მათი განვითარებისთვის საჭირო რაოდენობის ცილებს, ვიტამინებს, რკინას, კალციუმს, თუთიას. ამათგან ყველაზე მნიშვნელოვანი რკინის შემცველობაა.

არჩევანი შეაჩერეთ იმ საკვებზე, რომელსაც თქვენს ოჯახში ანიჭებენ უპირატესობას, რადგან როცა პატარა უფროსების მსგავს საჭმელს ჭამს, კვების პროცესი მისთვის უფრო სასიამოვნოა.

ეცადეთ, გაასინჯოთ ყოველგვარი ტექსტურისა და გემოს საკვები, რათა, ჯერ ერთი, ბავშვმა მიიღოს ყველა სასარგებლო ნივთიერება და მეორე – არ გახდეს პრეტენზიული მჭამელი, მუდამ მზად იყოს ახალი გემოებისთვის.

რა დაგჭირდებათ

* საკვები სკამ-მაგიდა (გაითვალისწინეთ, რომ ბავშვი მყარად უნდა იჯდეს. ფეხები ჩამოკიდებული კი არ უნდა ჰქონდეს, არამედ სადგამზე ედგას);

* ასაკის შესაბამისი ჭიქა, თეფში, კოვზი, ჩანგალი;

* სილიკონის თეფში, რომელიც მაგიდას ეკვრის და არ გადაპირქვავდება;

* სპეციალური წყლის შემწოვი ხალიჩა სკამ-მაგიდის ქვეშ დასაფენად;

* ჩასაცმელი წინსაფარი, რომ ბავშვს ტანსაცმელი არ დაესვაროს.

მეთოდის დადებითი მხარეები

* ბავშვი ეჩვევა დამოუკიდებლობას და ადვილად ხვდება როდის შია და როდის მაძღარია.

* უვითარდება მოტორული უნარები.

* ჭამს იმას, რასაც თქვენ, მსითვსი კერძის ამიტომ ცალკე მომზადება აღარ გჭირდებათ.

* აქვს მრავალფეროვანი მენიუ და პრეტენზიულ მჭამელად არ იზრდება.

მეთოდის უარყოფითი მხარეები

* ცოტა მეტი შრომა მოგიწევთ, სანამ ბავშვი თეფშიდან ჭამას მიეჩვევა და საკვებს ძირს აღარ დაყრის.

* სანახევროდ დაღრღნილი ბროკოლისა და სტაფილოს ნაჭრები მეორე კვებაზე აღარ გამოდგება, ამიტომ მისი გადაყრა მოგიწევთ.

* პირველ ხანებში ბავშვს ხშირად გადასცდება ლუკმა და გული აერევა. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მიეცით ასაკის შესაფერისად დაჭრილი საკვები, ხოლო გადაცდენის შემთხვევაში პანიკას არ აჰყვეთ და ბავშვი თქვენი რეაქციით არ შეაშინოთ. პატარა ნაჭრები საშიში არ არის. აცადეთ, გადმოაფურთხოს, შეაქეთ და ახალი ნაჭერი მიეცით.

როგორ შევამციროთ გადაცდენის რისკი

* კვებისას ყოველთვის ბავშვის გვერდით იყავით. დარწმუნდით, რომ კომფორტულად ზის.

* აცადეთ, თავად ჩაიდოს საკვები პირში, არ დააჩქაროთ.

* კვლევები ცხადყოფს, რომ პიურე არ ამცირებს გადაცდენის რისკებს. გარდა ამისა, მყარი საკვები პატარას ღეჭვის უნარს უვითარებს.

არსებობს ექსპერტების მიერ BLW მეთოდისადმი მიძღვნილი საიტი www.solidstarts.com, სადაც უამრავ სასარგებლო ინფორმაციას ნახავთ, თუნდაც იმის შესახებ, ამა თუ იმ ასაკში ბავშვს რომელი საკვები რა სახით და ოდენობით უნდა შესთავაზოთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: