პედიატრის საზაფხულო რჩევები
გააზიარე:
ზაფხულის ხვატი ბავშვებისთვის კი არა, უფროსებისთვისაც ურთულესი გამოცდაა, ამიტომ მზრუნველი დედიკოები, მამიკოები და ბებია-ბაბუები დათბობისთანავე იმაზე იწყებენ ფიქრს, სად გადაუმალონ პაპანაქებას ყველაზე ძვირფასი განძი. ცალკე იმის შიში არ გვასვენებს, როგორ შეეგუება პაწაწა ახალ საძინებელს, იქნება თუ არა უცხო გარემო ისეთივე უსაფრთხო, როგორიც საკუთარი ჭერი, რა გეშველება, უცებ სიცხემ რომ აუწიოსო...
საზაფხულო რჩევებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის საუნივერსიტეტო პედიატრიული კლინიკის მიმღების, ობსერვაციისა და სასწრაფო გადაუდებელი დეპარტამენტის უფროსს, ექიმ-პედიატრ თემურ მიქელაძეს მივმართეთ.
- ჩვენი ბუნება ნამდვილი საგანძურია, მადლობა ღმერთს, კურორტების სიმცირეს არ განვიცდით. პირადად მე ჩემს პაციენტებს მთის კურორტებს – ბახმაროს, ბაკურიანს, მთათუშეთს, ლებარდეს ვურჩევ. მთის გაიშვიათებული ჰაერი იმუნიტეტის მასტიმულირებელი ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი გახლავთ. მინდა, გამორჩევით ვახსენო ბახმარო, რომელიც განსაკუთრებით სასარგებლოა ხშირად მოავადე ბავშვებისთვის.
დასასვენებლად გამგზავრებას თან ახლავს განსხვავებულ კლიმატურ ფაქტორებთან შეგუების პრობლემა, მეტ ხალხთან კონტაქტი, ამიტომ 6 თვემდე ასაკის პატარებისთვის უმჯობესად თბილისის შემოგარენი (წყნეთი, კოჯორი) მიმაჩნია. 3 წლამდე ასაკის ბავშვი, სჯობს, მთის კურორტზე წავიყვანოთ, ხოლო ზღვის კურორტებისგან ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივებისა და არასათანადო ჰიგიენური პირობების გამო თავი შევიკავოთ.
საქართველოში მაინცდამაინც შორ მანძილზე მგზავრობა, ფაქტობრივად, არ გვიწევს. ბათუმამდეც კი სულ 400 კმ-ია. ამ გზაზე ბავშვს, დიდი-დიდი, ერთხელ ან ორჯერ აღებინოს. ამიტომ პრეპარატების დანიშვნა, ჩემი აზრით, არ არის გამართლებული. თუ ღებინება მრავალჯერადია, შეგიძლიათ, ექიმთან შეთანხმებით დრამინა ან ცინარიზინი მისცეთ.
საზოგადოებრივი ტრანსპორტი მიკრობების წყაროა, ამიტომ პატარა ბავშვის პატრონებს უჯობთ, კერძოთი იმგზავრონ. გარდა იმისა, რომ უფრო სუფთაა, მსუბუქ მანქანას საჭიროებისამებრ გააჩერებთ. მგზავრობისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობთ. ხომ წარმოუდგენელია, პატარა ონავარი ისე გაჩერდეს, სავარძლებიდან დაწყებული, ფანჯრის მინებით დამთავრებული, ყველაფერს ხელით არ შეეხოს, გზაში ხელების საპნით დაბანა კი ძნელი წარმოსადგენია, ამიტომ გირჩევთ, სპირტის შემცველი ხსნარი წაიღოთ თან და საკვების მიცემამდე ბავშვს ხელები გაუწმინდოთ.
მგზავრობა უმჯობესია დილის 7-დან 11 საათამდე ანდა საღამოს 8 საათის შემდეგ დაგეგმოთ. ასე თავიდან აიცილებთ გადახურების საფრთხეს. ბავშვის ბანდეროლივით შეფუთვა არამცთუ უსარგებლო, საზიანოც კია. სულ პაწიასაც კი დროისა და ამინდის შესაფერისად ჩააცვით. სითბოში წინდები და ქუდი სრულებით არ არის საჭირო. რა თქმა უნდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მზეზე ასეირნებთ – სულ რამდენიმე წუთითაც რომ გაგყავდეთ, აუცილებლად დაახურეთ პანამა ან კეპი.
აგარაკზე წასული ჩემი პაციენტები უმეტესად დისპეპსიური მოვლენების: ღებინების, ფაღარათის გამო მიკავშირდებიან. ზოგჯერ ეს პრობლემები თავისთავად გაივლის, ზოგჯერ კი მძიმე გაუწყლოება და ინტოქსიკაცია მოსდევს. ასერთ შემთხვევებში ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოთ, მანამდე კი ავადმყოფს რაც შეიძლება მეტი სითხე დაალევინეთ. თუ ხელთ რეჰიდრონის ან ჰუმანა ელექტროლიტის ხსნარი არ აღმოგაჩნდათ, 250 გ უგაზო ბორჯომს დაამატეთ 1 ჩ.კ შაქრის პუდრი და სითხის დეფიციტი ამ ნარევით შეუვსეთ.
რაც შეეხება სიცხის აწევას იგი ყოველთვის ინფექციის ბრალი როდია. თუმცა ზედა სასუნთქი გზების ვირუსულ ინფექციებს ან, როგორც ხალხში უწოდებენ, გაციებას ზაფხულშიც ვხვდებით. გარდა ამისა, ბავშვს, შესაძლოა, სიცხემ მგზავრობის დროს ან აგარაკზე ყოფნის პირველ დღეებში (აკლიმატიზაციის პერიოდში) აუწიოს. ამგვარი რეაქცია, ჩვეულებრივ, ერთ-ორ დღეში გაივლის. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ, ბავშვს პედიატრიულ პრაქტიკაში მიღებული (პარაცეტამოლის ან იბუპრენის შემცველი) რომელიმე სიცხის დამწევი საშუალება მისცეთ.
შესაძლოა, ტემპერატურის მომატება გამოიწვიოს მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებამ – მზის დაკვრამ. სიცხის 40-41ºC-მდე აწევის გარდა მას ახასიათებს ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, შუილი ყურებში, ღებინება, კანისა და სახის გაწითლება, პულსის გახშირება. ეს სიმპტომები შეიძლება განვითარდეს როგორც მზეზე ყოფნის დროს, ისე 6-8 საათის შემდეგ. ასეთ დროს ბავშვს უნდა მივცეთ ბევრი სითხე, თავზე ნაჭერში გახვეული ყინული დავადოთ, გრილი წყლით დავზილოთ. მძიმე შემთხვევების გარდა (ცნობიერების აბნევა ან დაკარგვა, გულყრა) ჰოსპიტალიზაცია აუცილებელი არ არის.