ცხოვრება საშვილოსნოს გარეშე

გააზიარე:

არსებობს გინეკოლოგიური პათოლოგიები, რომელთა მედიკამენტური მკურნალობა შეუძლებელია. ასეთი პრობლემები მხოლოდ ქირურგიული ჩარევით გვარდება. ჰისტერექტომია, საშვილოსნოს ამოღება, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ქირურგიული ოპერაციაა მსოფლიოში. აშშ-ში რეპროდუქციული ასაკის ქალებთან მას მეორე ადგილი უკავია საკეისრო კვეთის შემდეგ.

საინტერესოა, რომელი დაავადებების დროს ტარდება ჰისტერექტომია და როგორ იცვლება ქალის ცხოვრება ამ ოპერაციის შემდეგ. ამაზე სასაუბროდ “ავერსის კლინიკის” ონკოგინეკოლოგს, ქირურგიული გინეკოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელ მარიკა ჯაფარიძეს ვესტუმრეთ.

– ჰისტერექტომია მრავალი ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური დაავადების მკურნალობის მეთოდია. მისი ჩვენებებია:

* მიომა (ლეიომიომა, ფიბრომიომა) – საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც სხვადასხვა კლინიკური სიმპტომით გამოიხატება;

* საშვილოსნოდან პათოლოგიური გახანგრძლივებული სისხლდენა, რომელიც იწვევს ქრონიკულ პოსტჰემორაგიულ ანემიას და აქვეითებს ცხოვრების ხარისხს;

* ენდომეტრიოზი და ადენომიოზი. ენდომეტრიუმი, რომელიც შიგნიდან ამოფენს საშვილოსნოს ღრუს, ამ დროს მიგრაციას განიცდის მიომეტრიუმში ან სცდება საშვილოსნოს საზღვრებს. კლინიკურად ეს მდგომარეობა ვლინდება დისმენორეით, გახანგრძლივებული მენსტრუაციით, ქრონიკული ტკივილით;

* საშვილოსნოსა და საშოს დაწევა, გამოვარდნა. შედეგად პათოლოგიურად იცვლება მენჯის ფსკერის ნორმალური ანატომიური მდებარეობა და მისი ფუნქცია ირღვევა;

* საშვილოსნოს ტანის, ყელისა და საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე და კიბოსწინარე დაავადებები.

ბოლო წლებში ქირურგიული ჩარევის ტექნიკა საგრძნობლად დაიხვეწა. მინიმუმამდე შემცირდა რეაბილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობაც. ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია იქცა მე-20 საუკუნის ქირურგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად. 1990-იან წლებში ლაპაროსკოპისა და მონიტორების შექმნამ რევოლუცია მოახდინა გინეკოლოგიაში. ლაპაროსკოპის გამოყენებით შესაძლებელი გახდა გინეკოლოგიური დაავადებების არა მარტო დიაგნოსტიკა, არამედ აქტიური ქირურგიული მკურნალობაც. დღეს ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია უკვე რუტინულ ოპერაციულ ჩარევად მიიჩნევა.

მიუხედავად მინიინვაზიური ტექნოლოგიების პოპულარობისა და ტრადიციულ, ღია მეთოდთან შედარებით მათი არაერთი უპირატესობისა, ლაპაროსკოპიულ ჰისტერექტომიას მეცნიერულად დასაბუთებული უკუჩვენებებიც აქვს.

ჰისტერექტომიის ვარიანტები

– ჰისტერექტომია უმთავრესად სამი: აბდომინური, ვაგინური და ლაპაროსკოპიული – მიდგომით ტარდება. XX საუკუნის პირველ ნახევრამდე ის უმეტესად აბდომინური ანუ ღია ოპერაციული მიდგომით (ლაპაროტომიით) ტარდებოდა. დღეს მას მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც დაავადებული საშვილოსნო ისეა გადიდებული, რომ სხვაგვარად მისი ამოღება ვერ ხერხდება. ღია წესით ჰისტერექტომია ასევე მოწოდებულია საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის დროს: ტარდება ე.წ. ციტორედუქციული ოპერაცია და ხდება ყველა სიმსივნური ქსოვილის, ყველა ხილული დაზიანების ამოკვეთა. ეს ძალიან დიდი მასშტაბის, ხანგრძლივი და შრომატევადი ოპერაციაა და მუცლის ღრუს მაქსიმალურ ვიზუალიზაციას მოითხოვს, რაც სხვა მეთოდებით პრაქტიკულად შეუძლებელია.

აბდომინურ ჰისტერექტომიას თან ახლავს ოპერაციის შემდგომი გართულებების მაღალი რისკი. მაგალითად, მოსალოდნელია ჭრილობის ინფიცირება, ახლომდებარე ქსოვილების დაზიანება. წესისამებრ, ასეთი პაციენტი რამდენიმე დღე რჩება სტაციონარში და ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება.

ლაპაროსკოპიული ჰისტერექტომია ნაკლებად ინვაზიური მეთოდია და აბდომინალურის ალტერნატივას წარმოადგენს. მუცლის წინა კედელზე კეთდება ოთხი მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც მუცლის ღრუში შეჰყავთ ოპტიკური  კამერა და სამანიპულაციო ინსტრუმენტები. აღნიშნული მეთოდი ნაკლებმტკივნეულია, თანაც გამოირჩევა ინფიცირების შედარებით დაბალი რისკით, სტაციონარში დაყოვნების ხანმოკლე პერიოდით და სწრაფი რეაბილიტაციით.

ბოლო ხანს აქტუალური გახდა ლაპაროსკოპიით ასისტირებული ვაგინური ჰისტერექტომია, რადგან გაუმჯობესებული ოპერაციული ტექნიკის წყალობით ორგანიზმის მინიმალური ტრავმატიზაციის პირობებში იღებენ სასურველ შედეგს. ჰისტერექტომია ხორციელდება საშოს ცირკულარული განაკვეთით, ამოკვეთილი პრეპარატი მუცლის ღრუდან ტრანსვაგინალურად გამოაქვთ. ვინაიდან მუცლის წინა კედელი არ იკვეთება, ოპერაციის შემდეგ სხეულზე არ რჩება შესამჩნევი ნაწიბური. ოპერაცია ტარდება ზოგადი ან რეგიონული`სპინალური ანესთეზიით. პაციენტი ერთ-ორ დღეში ეწერება კლინიკიდან და უმალვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

– რა მოცულობის ოპერაციაა ჰისტერექტომია?

– პაციენტის დიაგნოზისა და ოპერაციის ჩვენების გათვალისწინებით, შეიძლება ჩატარდეს:

* ტოტალური ჰისტერექტომია, რომლის დროსაც ხდება საშვილოსნოს ამოკვეთა ყელთან ერთად;

* სუბტოტალური (სუპრაცერვიკალური) ჰისტერექტომია, როდესაც იკვეთება მხოლოდ საშვილოსნოს ზედა ნაწილი, ყელი კი რჩება;

* რადიკალური ჰისტერექტომია, რომელიც მოიცავს საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელს და საშოს ზედა ნაწილს. აღნიშნული ჩარევა უმეტესად ავთვისებიანი კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების გვიან სტადიებზე აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა. ჩარცინომა ინ სიტუ-ს დროს მიზანშეწონილია საშვილოსნოს ტოტალური ექსტირპაცია, ანუ მთლიანად (ყელისა და ტანის) ამოკვეთა ფალოპის მილებითა და საკვერცხეებითურთ (იმავდროულად, გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკიც. რეპროდუქციულ ასაკში მიზანშეწონილია საშვილოსნოს ყელის კონიზაცია – დაზიანებული უბნის და ნაწილობრივ ან მთლიანად საშვილოსნოს ყელის არხის კონუსისებური მოკვეთა), ხოლო დაავადების განვითარების მომდევნო სტადიებზე – საშვილოსნოს გაფართოებული ექსტირპაცია, ამოკვეთა რეგიონალ ლიმფურ კვანძებთან ერთად.

ზოგ შემთხვევაში ჰისტერექტომიის დროს ხდება საკვერცხეებისა და ფალოპის მილების ამოკვეთაც ახლომდებარე ლიმფურ კვანძებთან, მუცლის ღრუში არსებულ ცხიმოვან ქსოვილსა (ბადექონი) და პერიტონიუმის ფურცლის დაზიანებულ ნაწილთან ერთად. ამ ოპერაციის მიზანი საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნის ქირურგიული მკურნალობაა. საკვერცხის კიბოს სკრინინგი დღეისათვის, სამწუხაროდ, არ არსებობს და ადრეულ სტადიაზე მისი ამოცნობა ძნელია. დაავადება კლინიკურად შორს წასულ სტადიაზე ვლინდება მუცლის შებერილობით, გადიდებით და სხვადასხვა ინტენსივობის მუცლის ტკივილით. ყველა ეს ჩივილი, წესისამებრ, საკვერცხის კიბოს განვითარების მესამე ან მეოთხე სტადიაზე ვლინდება, ამიტომ აუცილებელია, ქალმა წელიწადში ერთხელ მაინც მიმართოს გინეკოლოგს, თუნდაც თავს ჯანმრთელად გრძნობდეს. მას შეუძლია, ჩაიტაროს ისეთი არაინვაზიური და მარტივი კვლევა, როგორიცაა მცირე მენჯის ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. ეს საკვერცხეების კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.

მაღალი რისკის მქონე ქალებთან საკვერცხეებისა და სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების თავიდან ასაცილებლად ზოგჯერ ნაჩვენებია საკვერცხეების ამოკვეთა, რასაც არჩევითი პროფილაქტიკური ოვარექტომია ეწოდება.

– რა რეკომენდაციები ეძლევა პაციენტს ჰისტერექტომიის შემდეგ?

– როგორც უკვე ვთქვით, ხშირად ოპერაცია ნაკლებინვაზიური მეთოდით ტარდება და სარეაბილიტაციო პერიოდის ხანგრძლივობაც მინიმალურია. ჩარევის შემდეგ ორი თვით იკრძალება ზოგიერთი აქტივობა, მათ შორის – მძიმე ფიზიკური შრომა და სიმძიმის (3 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის) აწევა. ამდენივე ხნით იზღუდება სქესობრივი ცხოვრება. თვენახევრიანი აკრძალვა წესდება საუნასა და ღია წყალში ცურვაზე. გამონადენის შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს ჰიგიენური საფენები და არა ტამპონები.

იოგა, პილატესი, ცეკვა, ცურვა ჰისტერექტომიაგადატანილ ქალებს არ ეკრძალებათ, ოღონდ ამ აქტივობების განახლება შეიძლება ოპერაციიდან მხოლოდ სამი თვის შემდეგ. საშოსა და მენჯის ფსკერის კუნთების გასაძლიერებლად კი რეკომენდებულია სპეციალური ვარჯიშების – კეგელის ვარჯიშების – შესრულება. არსებობს ვაგინალური სავარჯიშო მოწყობილობაც – მისი გამოყენებაც შეიძლება. საშოსა და მენჯის კუნთების ტონუსი ხელს უშლის საშოს კედლების დაწევას.

ცხოვრების ჯანსაღი წესი ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ჰისტერექტომიის შემდეგ სწორ კვებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყაბზობისა და აირების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად უნდა მიიღოთ მეტი სითხე და მიირთვათ ბოჭკოვანი საკვები (ხილ-ბოსტნეული, უხეშად დამუშავებული მარცვლეული).

მოსალოდნელი ცვლილებები

– ოპერაციის შემდეგ ქალები ხშირად ეჯახებიან ფსიქოემოციურ პრობლემებს. ეს განპირობებულია სტერეოტიპით, რომ ქალის როგორც დედობრივი საწყისის მატარებლის მთავარი ფუნქცია შვილოსნობაა. სინამდვილეში ყველას აქვს უფლება, იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით და მხოლოდ საშვილოსნოს ქონება-უქონლობა არ განსაზღვრავს ქალის არსს. უფრო მეტიც: რეპროდუქციულ ასაკში ჩატარებული ჰისტერექტომიის შემდეგაც კი, თუ პაციენტს ჯანმრთელი საკვერცხე აქვს, სუროგაციის დახმარებით შეუძლია ბიოლოგიური შვილის ყოლა. თუ ოპერაციის დროს მხოლოდ საშვილოსნო ამოიკვეთა, ხოლო ფალოპის მილები და საკვერცხეები დარჩა, ისინი ადრინდელ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციობას ანუ გამოყოფენ საჭირო სასქესო ჰორმონებს, მათ შორის – ტესტოსტერონსაც, რომელიც პასუხისმგებელია სქესობრივ ლტოლვაზე. ამ შემთხვევაში მენოპაუზა დაიწყება ბუნებრივად, იმ ასაკში, რომელზეც გენეტიკურად არის “დაპროგრამებული” ქალის სხეული.

ბევრს აინტერესებს, როგორ იცვლება სქესობრივი ცხოვრება ჰისტერექტომიის შემდეგ. როგორც უკვე ვთქვი, საკვერცხეების დატოვების შემთხვევაში ქალის ორგანიზმი ჩვეული რეჟიმით განაგრძობს ცხოველმყოფელობას, რაც იმას ნიშნავს, რომ შენარჩუნებულია სქესობრივი ლტოლვა და ორგაზმი. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, თუ ჰისტერექტომია ენდომეტრიოზის ჩვენებით არის ჩატარებული, ოპერაციის შემდეგ სქესობრივი აქტი გაცილებით სასიამოვნოც კი ხდება, რადგან საშვილოსნოს ამოღება პაციენტს ამ დაავადებით გამოწვეული ტკივილისგან ათავისუფლებს.

საშვილოსნოს ამოკვეთის ერთ-ერთ დადებით მხარედ შეიძლება ჩაითვალოს მენსტრუაციის გაქრობა, რაც კრიტიკულ დღეებთან დაკავშირებული სირთულეებისგან თავის დაღწევას ნიშნავს. თუ ფოლიკულური აპარატი სრულფასოვნად მუშაობს, მომწიფებული კვერცხუჯრედი მუცლის ღრუში გამოთავისუფლდება და იქ განიცდის დეგრადაციას. რაც შეეხება დაუცველ სქესობრივ კავშირს, ეაკულაციის შემდეგ ქალის სხეულში მოხვედრილი სპერმატოზოიდები ვერსად წავლენ და საშოს გამონადენთან ერთად გარეთ გამოირეცხებიან.

პოსტკასტრაციული სინდრომი

– რა არის პოსტკასტრაციული სინდრომი?

– კლიმაქსი ბევრს დაავადებად მიაჩნია. სინამდვილეში კლიმაქტერიული პერიოდი ქალის ცხოვრების ბუნებრივი ეტაპია, რასაც ვერ ვიტყვით პოსტკასტრაციულ  სინდრომზე, რომელიც პაციენტს საშვილოსნოსთან ერთად საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ უვითარდება. მას უმთავრესად რეპროდუქციული ასაკის პაციენტები უჩივიან. ვლინდება ვეგეტატიური სიმპტომებით (ალები, ჭარბი ოფლიანობა, გულის რიტმის დარღვევა, მაღალი არტერიული წნევა), მეტაბოლური (ჭარბი წონა, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერგლიკემია) და ფსიქოემოციური (გაღიზიანება, აგზნებულობა, განწყობის სწრაფი ცვალებადობა) დარღვევებით. საშვილოსნოს საკვერცხეებითურთ ამოკვეთის შემდეგ სხეულში ხდება მკვეთრი ჰორმონული ძვრები, ვინაიდან სასქესო ჰორმონების წარმოება მოულოდნელად წყდება, ამიტომ ქირურგიული მენოპაუზა გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი რეპროდუქციული ასაკისაა. აღნიშნული სინდრომის განვითარების მთავარი მიზეზია ქალის ძირითადი სასქესო ჰორმონის, ესტროგენის, გამომუშავების დათრგუნვა, რომელიც, თავის მხრივ, ნეიროტრანსმიტერების – გულ-სისხლძარღვთა, რესპირატორული და ტემპერატურული რეაქციების მარეგულირებელი ნივთიერებების – სეკრეციის დარღვევას იწვევს. ესტროგენის დონის დაქვეითებას მოსდევს საშოს კედლების გათხელება, სიმშრალე და ანთება, რაც ატროფიული ვაგინიტის სახელწოდებით არის ცნობილი. პოსტკასტრაციული სინდრომის დროს იკლებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების პროდუქცია. მცირდება პარათირეოიდული ჰორმონისა და კალციტონინის სეკრეციაც, რასაც კალციუმის მეტაბოლიზმის დარღვევამდე და საბოლოოდ ოსტეოპოროზის განვითარებამდე მივყავართ. ძვლები თხელდება და მყიფე ხდება, რაც მოტეხილობების რისკს საგრძნობლად ზრდის.

საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოკვეთის შემდეგ აუცილებელია ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია, განსაკუთრებით – 50 წელზე უმცროსი ასაკის ქალებისთვის. ჰორმონული თერაპია უნდა დაიწყოს რაც შეიძლება მალე, ჰისტერექტომიიდან რამდენიმე თვის ფარგლებში. ჰორმონებით მკურნალობა მნიშვნელოვნად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ოსტეოპოროზისა და სხვა გართულებების რისკს. ამ დროს საკვერცხეების ფუნქციას ხელოვნურად, გარედან შეყვანილი სასქესო ჰორმონის სინთეზური ანალოგით ინარჩუნებენ. ცხადია, გასათვალისწინებელია უკუჩვენებებიც. ჩანაცვლებითი მკურნალობა დეტალური გამოკვლევის შემდეგ უნდა დაინიშნოს, რადგან ზოგიერთი დაავადების (ძუძუს, საშვილოსნოს ყელის კიბოს) შემთხვევაში ამგვარი თერაპია სახიფათოა.

დაბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო თქვენს მკითხველს, რომ ჰორმონული მედიკამენტების თვითნებურად მიღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

კეგელის ვარჯიშები

მცირე მენჯის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ქირურგიული  ჩარევა ზოგჯერ მენჯის ფსკერის კუნთების მოდუნებას იწვევს, კუნთები ტონუსს კარგავს მშობიარობის, ჭარბი წონისა და ასაკის მატების გამოც.

მენჯის ფსკერის კუნთები საშვილოსნოს, ნაწლავებისა და შარდის ბუშტის მაფიქსირებელი და საყრდენი აპარატია. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მათი მოდუნება და გაჭიმვა იწვევს შარდის შეუკავებლობას ცემინების, ხველებისა და სიცილის დროს. ამის თავიდან ასაცილებლად მეან-გინეკოლოგმა არნოლდ კეგელმა მენჯის ფსკერის კუნთების გასამაგრებელი ვარჯიშები შეიმუშავა.

მათი შესრულება შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ –მწოლიარე, მდგომარე, მჯდომარე – პოზიციაში, თუნდაც ტელევიზორის ყურების დროს. მთავარია, წიასწარ დაცალოთ შარდის ბუშტი!

* დაწექით ზურგზე, ფეხები მუხლებში ისე მოხარეთ, რომ ტერფებით ზედაპირს ეყრდნობოდეთ. დაჭიმეთ კუნთები 3-5 წამით (თითქოს შარდს იკავებთ) და ნელა მოადუნეთ.

* დაძაბეთ კუნთები და ასე გაჩერდით 3-5 წამი. ოდნავ უფრო ძლიერად შეკუმშეთ, გაჩერდით ამ მდგომარეობაში კიდევ 3-5 წამი, ბოლოს მაქსიმალურად დაჭიმეთ კუნთები, შეჩერდით და შეეცადეთ, თანდათანობით, ეტაპობრივად მოადუნოთ.

ვარჯიში დღეში 10-20-ჯერ გაიმეორეთ.

მარი მარღანია

გააზიარე: