უროგენიტარული პროლაფსი
გააზიარე:
ქალთა ემანსიპაციამ ლამის მთელი მსოფლიო მოიცვა, მაგრამ სუსტი სქესი ყოველთვის მაინც ვერ გრძნობს თავს კომფორტულად. განსაკუთრებით – ის
ქალბატონები, რომელთაც ესა თუ ის “ქალური” დაავადება აწუხებთ. ალბათ იკითხავთ, რა უდგას წინ სპეციალისტთან მისვლას, თუნდაც ტელეფონით კონსულტაციასო? მაგრამ, როგორც ჩანს, არის პრობლემები, რომლებზე საუბარსაც ყველა თანამედროვე ქალი ვერ ბედავს. ერთ-ერთი ასეთი პრობლემაა ერთი შეხედვით უცნაური სახელწოდების მქონე პათოლოგია – უროგენიტალური პროლაფსი. რა დაავადებაა ეს? რა იწვევს მას ან როგორ ვუმკურნალოთ? ამ და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ გვესაუბრებიან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტის რეპროდუქციული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გინეკოლოგი არსენ გვენეტაძე და საქართველოს უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, უროლოგი ალეკო ხელაია.
ბატონო არსენ, რას წარმოადგენს უროგენიტალური პროლაფსი და რამდენად გავრცელებული პათოლოგიაა იგი?
– უროგენიტალური პროლაფსი (ინგ. პროლაპსე დაწევას, გამოვარდნას ნიშნავს) ასიდან 25-30 ქალს აქვს. ის სიხშირე ასაკთან ერთად ხშირდება, თუმცა მაინცდამაინც არც ახალგაზრდა ქალებს ინდობს.
განურჩევლად ასაკისა, უროგენიტალური პროლაფსი ქალის ცხოვრების ხარისხზე ერთობ უარყოფით გავლენას ახდენს – ზღუდავს მათ ყოველდღიურ საქმიანობას, იწვევს სქესობრივ დისფუნქციას და არღვევს მენჯის ორგანოთა ფუნქციას.
უროგენიტალური პროლაფსის მიზეზია საშვილოსნოს ყელის, შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის მაფიქსირებელი აპარატის მოშლა, რაც საშოს წინა და უკანა კედლების დაწევას, ზოგ შემთხვევაში კი ჩამოთვლილი ორგანოების შორისის არეში სრულ გამოვარდნას იწვევს.
რა უდევს საფუძვლად უროგენიტალურ პროლაფსს?
– პათოლოგიის მიზეზია მძიმე მშობიარობა, რომლის დროსაც ზიანდება საშვილოსნოს ყელის, შარდის ბუშტის, სწორი ნაწლავის იოგთა მაფიქსირებელი აპარატისა და შორისის კუნთები. საშუალო ასაკში ამას ერთვის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონული ცვლილებები, რომლებიც მენოპაუზით გახლავთ განპირობებული.
რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?
– როცა წინა უროგენიტალური პროლაფსი ჭარბობს, – საშოს წინა კედელთან ერთად პროცესში ჩართულია შარდის ბუშტი, – პაციენტს უჭირს მოშარდვა, რის გამოც ბევრი საშოში პროლაფსის ხელით შესწორებას მიმართავს. ამასთან, პაციენტი უჩივის შარდის დაძაბვით შეუკავებლობას სიცილის, ცემინების, ხველების, სიმძიმის აწევისა და სიარულის დროს.
უკანა უროგენიტალური პროლაფსის შემთხვევაში პროცესში ჩართულია სწორი ნაწლავი, რომელიც საშოს უკანა კედლიდან გამოდის. ასეთ დროს ქალი შეკრულობას უჩივის. განავლოვანი მასები სწორი ნაწლავის ამპულარულ ნაწილში გროვდება და მათი სრული ევაკუაცია მხოლოდ პროლაფსის ხელით შესწორების შემდეგ ხდება შესაძლებელი. სწორი ნაწლავის სფინქტერის მოშლისას პარალელურად ვითარდება აირებისა და განავლოვანი მასების შეუკავებლობა.
თუ ქალს ტოტალური (წინა და უკანა) უროგენიტალური პროლაფსი აქვს, თავს იჩენს ყველა ზემოთ აღნიშნული სიმპტომი, რაც უკიდურესად აუარესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხს.
ბატონო ალეკო, როგორც ბატონმა არსენმა ბრძანა, წინა უროგენიტალური პროლაფსის დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება შარდის ბუშტი, რაც შესაბამისი სიმპტომატიკით ვლინდება. კიდევ რა უროლოგიურ პრობლემებს უნდა ველოდეთ ამ დაავადების არსებობისას?
– წინა და ტოტალური უროგენიტალური პროლაფსის დროს ხშირად ვითარდება თირკმელების ქრონიკული უკმარისობა. ეს იმის ბრალია, რომ პროლაბირებულ (შორისის არეში გამოსულ) ქსოვილებში შარდსაწვეთები ჰყვება და თირკმლებიდან შარდის გამოყოფა ფერხდება.
როგორც ჩანს, მხოლოდ ერთი პროფილის ექიმი პრობლემას ვერ გაუმკლავდება...
– სწორად შენიშნეთ. აღნიშნული პრობლემის მქონე ქალბატონების მართებული რეაბილიტაცია ექიმის მაღალ კვალიფიკაციას, უროლოგიის, გინეკოლოგიისა და პროქტოლოგიის შერწყმულ ცოდნას მოითხოვს. ამგვარი მულტიდისციპლინური მიდგომა აუცილებელია, რათა რეკონსტრუქციული ოპერაცია არ დაიყოს რამდენიმე ეტაპად და სხვადასხვა დაწესებულებაში არ ჩატარდეს. გამოსავალი გახლავთ რამდენიმე სპეციალისტის ერთ გუნდად მოქმედება ან, რაც გაცილებით ოპტიმალურია, მენჯის რეკონსტრუქციული ქირურგიის სპეციალისტად ჩამოყალიბება.
რა პრინციპით ხორციელდება ოპერაციული ჩარევა?
– ოპერაციის მიზანი თითოეული დაწეული ორგანოს (შარდის ბუშტის, შარდსადენი მილის, საშოს, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავის) ფუნქციისა და მათი ნორმალური ანატომიური ურთიერთმდებარეობის აღდგენა გახლავთ.
სამწუხაროდ, უროგენიტალური პროლაფსის დროს ადგილობრივი ქსოვილები იმდენად არის შეცვლილი, რომ მათი გამოყენება რეკონსტრუქციული მანიპულაციისთვის ფაქტობრივად არაფერს გვაძლევს. იძულებულნი ვხდებით, მაფიქსირებელი იოგები სინთეტიკური ბადეებით შევცვალოთ.
თუ პრობლემა მხოლოდ უროგენიტალური პროლაფსი არ არის და ქალს შარდის დაძაბვითი შეუკავებლობაც აწუხებს, როგორ იქცევით?
– თუ ძირითად პრობლემას შარდის დაძაბვითი შეუკავებლობაც ახლავს თან, უროგენიტალური პროლაფსის პლასტიკასთან ერთად ხორციელდება ბოქვენ-შარდსადენი იოგის რემოდელირება სლინგური ოპერაციის მეშვეობით.
სლინგური ოპერაციის არსი ასეთია: შარდსადენისა და შარდის ბუშტის ყელის მაფიქსირებელ იოგებს ხელოვნურად ვქმნით, რისთვისაც სლინგს ანუ ზონარს ვიყენებთ. სლინგი ბიოლოგიური წარმოშობისაც შეიძლება იყოს (მაგალითად, საკუთარი კანი, ფასცია) და სინთეტიკურიც – პროლენი, პოლიპროპილენი, პოლიესტერი და ა.შ.
შარდის ბუშტის სფინქტერის კუნთოვანი ბოჭკოების აღდგენა, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ხოლო იოგების, სახელდობრ, პუბო-ურეთრული ანუ ბოქვენ-შარდსადენის იოგის ხელოვნური რემოდელირება შესაძლებელი გახლავთ და ხდება კიდეც სლინგური ოპერაციის დროს. ხსენებული იოგი და მის ირგვლივ მდებარე შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოები მუცლის შიდა წნევის მომატებისას შარდსადენსა და შარდის ბუშტის ყელს ბოქვენის სიმფიზის უკან აფიქსირებენ. სწორედ ეს მექანიზმი უდევს საფუძვლად შარდის შეკავებას დაძაბვის მომენტში. ასე რომ, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, სლინგური ოპერაციები შარდის დაძაბვითი შეუკავებლობის დროს ყველაზე ეფექტურია.
ბატონო არსენ, როგორ იქცევით საშვილოსნოს დაწევის შემთხვევაში?
– საშვილოსნოს ანატომიური მდებარეობის აღდგენის მიზნით მის მაფიქსირებელ იოგთა აპარატს მთლიანად სინთეტიკური ბადეებით ვცვლით. მათი მეშვეობით ხდება საშოს ზემო მესამედისა და საშვილოსნოს ყელის ფიქსაცია გავის ძვალსა და კონცხთან.
დასასრულ, მსურს, ყურადღება ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე გავამახვილო: ამერიკის მრავალ უროგინეკოლოგიურ კლინიკაში ორსულობამდე ატარებენ მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსულ გამოკვლევას, რომლის დროსაც შეისწავლიან მცირე მენჯის ორგანოთა ურთიერთმდებარეობას და ინფორმაცია სპეციალურ მონაცემათა ბაზაში შეაქვთ. თუ ქალს დროთა განმავლობაში უროგენიტალური პროლაფსიგანუვითარდა, ამ მონაცემებზე დაყრდნობით და მათი გათვალისწინებით აღადგენენ მცირე მენჯის სრულფასოვან ანატომიას.
ეს მაგალითი იმაზე მიუთითებს, რომ უროგენიტალური პროლაფსი ქალის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე აქტუალურია და ამერიკელი ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა თანამემამულეებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარონ.
დამეთანხმებით, ამ თვალსაზრისით არც საქართველოს ქალები უნდა დარჩნენ უყურადღებოდ. რაკი განმეორებითი ორსულობის შემთხვევაში პროლაფსის ალბათობა ერთიორად იმატებს, მეორე-მესამე ბავშვის მომლოდინე ქალს ორსულობისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ და პრობლემის არსებობის შემთხვევაში უთუოდ ჩავერიოთ.
ინა ვაჩიბერიძე