თავის ტკივილი ბავშვებთან

გააზიარე:

თავის ტკივილი ბავშვებსაც აწუხებთ, თანაც საკმაოდ ხშირად. ბავშვებთანაც, ისევე როგორც მოზრდილებთან, მას სხვადასხვა მიზეზი აქვს, თუმცა უმეტესად – არცთუ ისე სერიოზული.

რა იწვევს ბავშვებთან თავის ტკივილს? როდის არის ის გარდამავალი და უსაფრთხო ან როდის მოითხოვს სამედიცინო დახმარებას? შესაძლებელია თუ არა მისი თავიდან აცილება და როგორ მოვიქცეთ ამისთვის? 

თავის ტკივილს თავის ან კისრის არეში აღმოცენებულ ტკივილს უწოდებენ. ბავშვებთანაც იმავე ტიპის თავის ტკივილები გვხვდება, რომლებიც მოზრდილებთან, მაგრამ შესაძლოა, სიმპტომები მათთან ოდნავ განსხვავებული იყოს. მაგალითად, შაკიკის ტკივილი მოზრდილებთან, სულ მცირე, ოთხი საათი გრძელდება, ბავშვს კი შესაძლოა უფრო ადრე გაუაროს. ეს განსხვავებები ზოგჯერ ართულებს ბავშვებთან თავის ტკივილის ტიპის განსაზღვრას, განსაკუთრებით მცირეწლოვნებთან, რომლებსაც სიმპტომების აღწერაც არ შეუძლიათ. თავის ტკივილის დროს ისინი გაღიზიანებულები და ნაკლებად აქტიურები არიან, შესაძლოა აღებინონ, ფერი დაკარგონ ან, პირიქით, გაწითლდნენ. 

ტკივილის მრავალფეროვნება

ბავშვებთან ყველაზე გავრცელებულია დაძაბულობის თავის ტკივილი. ის თავის ან კისრის კუნთების ძლიერი დაჭიმვის შედეგია. მას ხშირად აღწერენ შეგრძნებად, თითქოს ვიღაც ან რაღაც თავს წინა, უკანა ან ორივე მხარეს უჭერს. ტკივილი ყრუა, მუდმივი, არ ძლიერდება ფიზიკური დატვირთვისას, თან არ ახლავს გულისრევა და ღებინება, როგორც ხშირად ხდება შაკიკის შემთხვევაში. მცირეწლოვანი ბავშვები ამ დროს უარს ამბობენ თამაშზე და მეტხანს ძილი ურჩევნიათ. დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი შესაძლოა 30 წუთიდან რამდენიმე დღემდე გაგრძელდეს.

შაკიკი დაძაბულობის თავის ტკივილთან შედარებით იშვიათია. ის გამოიხატება მფეთქავი ტკივილით თავის ცალ ან ორივე მხარეს, თავბრუხვევით, შესაძლოა, თან ახლდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის ველში ლაქების ან ნათელი წრეების გაჩენა (ე.წ. აურა), სინათლისა და ხმის მიმართ მგრძნობელობის ძლიერი მომატება.

ბავშვებთან შაკიკის შეტევა უმეტესად ნახევრიდან რამდენიმე საათამდე გრძელდება, ზოგჯერ – რამდენიმე დღეც. მდგომარეობა შესაძლოა გააუარესოს ფიზიკურმა დატვირთვამ, სინათლემ, სუნმა, ხმაურმა.

ჩვილსაც კი შეიძლება ჰქონდეს შაკიკი. ამ ასაკში ძლიერ ტკივილზე მიუთითებს ტირილი ან თავის წინ და უკან ქნევა.

კლასტერული თავის ტკივილი 10 წლამდე ასაკის ბავშვებთან იშვიათია. მისთვის ტიპობრივია ტკივილის პერიოდული შეტევები ზედიზედ, სულ მცირე, ხუთჯერ, თუმცა სხვადასხვა სიხშირით: დღეგამოშვებით ერთი ეპიზოდიდან დღეში რვა ეპიზოდამდე.

მკვეთრი ტკივილი თავის ცალ მხარეს აღმოცენდება და სამ საათზე ნაკლებ ხანს გრძელდება. თან ახლავს მოუსვენრობა, აგზნება, თავის მტკივან მხარეს – ცრემლდენა, შეშუპება, ცხვირიდან გამონადენი.

როდესაც შაკიკი ან დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი თვეში 15 დღეზე მეტჯერ აღინიშნება, ამბობენ, რომ ადამიანს ქრონიკული ყოველდღიური თავის ტკივილი აქვს. ის შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფექციით, თავის მცირე ტრავმით ან ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების (თუნდაც ურეცეპტოდ გასაცემის) მიღებით.

მიზეზები

თავის ტკივილის გავრცელებული მიზეზებია:

* ინფექციები (ყურის ანთება, სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული დაავადება, სინუსიტი, ანგინა, მენინგიტი, ენცეფალიტი და სხვა);

* თავის ტრავმა;

* ზოგიერთი მედიკამენტი, რომლისთვისაც თავის ტკივილი შესაძლოა თანმხლები მოვლენა იყოს;

* ძილის ნაკლებობა ან ძილის რეჟიმის უეცარი ცვლილება;

* გაუწყლოება;

* ემოციური ფაქტორები – ძლიერი სტრესი და შფოთვა. თავის ტკივილს შესაძლოა უჩიოდეს დეპრესიის მქონე ბავშვიც, განსაკუთრებით მაშინ, თუ უჭირს სევდის, მარტოსულობის გრძნობის ამოცნობა.

* ალერგია (თივის ცხელება);

* მენსტრუაცია, ჰორმონული ცვლილებები;

* კვების გამოტოვება;

* კომპიუტერთან ან ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა;

* მხედველობის პრობლემები;

* მანქანით ან ავტობუსით ხანგრძლივი მგზავრობა;

* ხმამაღალი მუსიკის მოსმენა;

* მოწევა;

* მკვეთრი სუნები, მაგალითად, სუნამოს, კვამლის, ახალი მანქანის;

* ჭარბი კოფეინი (ყავის, ჩაის, შოკოლადის გარდა კოფეინს შეიცავს კოკა–კოლა, პეპსი და ენერგეტიკული სასმელებიც);

* ზოგიერთი სხვა საკვები და სასმელი, მაგალითად, ყველი, თხილი, პიცა, შოკოლადი, ნაყინი, ჰოთ-დოგი, იოგურტი, ცხიმიანი, შემწვარი, ასპარტამის (ხელოვნური დამატკბობლის) და ნატრიუმის გლუტამატის შემცველი პროდუქტები;

* გენეტიკური მიდრეკილება;

* თავის ტვინის სიმსივნე, აბსცესი ან ტვინში სისხლდენა. თუმცა ამ შემთხვევაში, წესისამებრ, წინა პლანზე წამოიწევს სხვა სიმპტომები: მხედველობის დარღვევა, თავბრუხვევა, კოორდინაციის მოშლა.

ვის აწუხებს

თავი შეიძლება ასტკივდეს ნებისმიერი ასაკის ნებისმიერ ბავშვს, თუმცა უფრო ხშირია:

* გოგონებთან პუბერტატის მიღწევის შემდეგ;

* თინეიჯერობის ბოლო წლებში ორივე სქესის ბავშვებთან;

* ბავშვებთან, რომლებსაც აქვთ თავის ტკივილის ოჯახური ისტორია (მაგალითად, შაკიკი ხშირად აქვს ერთი ოჯახის რამდენიმე წევრებს). ასე რომ, თუ ბავშვის დედას, მამას, ბებიას, პაპას ან ოჯახის სხვა წევრს თავის ტკივილები აწუხებს, არის შანსი, ტკივილებმა ბავშვიც შეაწუხოს.

ზოგიერთი ბავშვი უბრალოდ სხვებზე მეტად მგრძნობიარეა თავის ტკივილის გამომწვევი ფაქტორების მიმართ.

დიაგნოზი

თავის ტკივილის მიზეზის საპოვნელად ექიმი გასინჯავს ბავშვს, გამოიკითხავს მის სამედიცინო ისტორიას. მისთვის საინტერესოა:

* რამდენად ძლიერი და რამდენად ხშირია თავის ტკივილი;

* როდის დაიწყო;

* სად სტკივა და რა შეგრძნებებს იწვევს;

* ყოველთვის ერთნაირია თუ იცვლება;

* ნებისმიერი სხვა სიმპტომი, რაც ბავშვს აღენიშნება;

* მისი ბოლოდროინდელი ტრავმები;

* ნებისმიერი მიზეზი, რაც თავის ტკივილს აღძრავს;

* ბავშვის დიეტა, ჩვევები, ძილის რეჟიმი;

* სტრესს ხომ არ განიცდის;

* რომელიმე მედიკამენტს ხომ არ იღებს;

* ხომ არ აქვს რამეზე ალერგია;

* თავის ტკივილის ოჯახური ისტორია.

ამის შემდეგ ექიმი გასინჯავს ბავშვს, შეუმოწმებს სიმაღლეს, წონას, თავის გარშემოწერილობას, გაუზომავს არტერიულ წნევას, პულსს, ჩაუტარებს ნევროლოგიურ შემოწმებასაც (ცხვირთან თითის მიტანა, სიარული, თვალებზე დაკვირვება და სხვა).

თუ ბავშვი სხვა მხრივ ჯანმრთელია და თავის ტკივილი ერთადერთი რამაა, რაც აწუხებს, შემდგომი გამოკვლევა უმეტესად საჭიროდ არ მიიჩნევა, თუმცა ზოგჯერ, დიაგნოზის დასაზუსტებლად ან სხვა სამედიცინო მდგომარეობის გამოსარიცხად, ექიმს შესაძლოა დასჭირდეს სისხლის ანალიზი, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა (MRI), თავზურგტვინის სითხის ლაბორატორიული გამოკვლევა (თუ ეჭვობს ბაქტერიულ ან ვირუსულ მენინგიტს).

ექიმები ხშირად სთხოვენ მოზარდ პაციენტებს, ხოლო თუ ბავშვი მცირეწლოვანია – მის მშობლებს, აწარმოონ თავის ტკივილის დღიური. დღიურში იწერება თავის ტკივილის ყველა შემთხვევა, მისი დაწყების დრო, ხანგრძლივობა, სავარაუდო მიზეზები.

მკურნალობა

თავის ტკივილის მკურნალობა მის სავარაუდო მიზეზზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს ზოგადი რეკომენდაციებიც იმის შესახებ, როგორ დავეხმაროთ ბავშვს, როდესაც თავი სტკივა:

* დავაწვინოთ გრილ, ბნელ, წყნარ ოთახში;

* შუბლზე ან თვალებზე დავადოთ ცივი, გაწურული ნაჭერი;

* ვასწავლოთ მოდუნება, თვისუფალი, ღრმა სუნთქვა.

ამასთან, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი არ არის  მშიერი, ბალანსირებულად იკვებება და სითხეებსაც საკმარისად სვამს.

შაკიკის მქონე ბავშვებს ხშირად მხოლოდ გამოძინება შველით. შაკიკის მკურნალობა უდიდესწილად მისი გამომწვევი ფაქტორების თავიდან აცილებას მოიცავს.

შეიძლება მივცეთ ტკივილგამაყუჩებელიც: პარაცეტამოლი ან იბუპროფენი ასაკის შესაბამისი დოზით.

თუ ბავშვი ორ წლამდე ასაკისაა ან სხვა სამედიცინო პრობლემები აქვს, ტკივილგამაყუჩებლების მიცემამდე დაურეკეთ ექიმს. ის გეტყვით, შეიძლება თუ არა მისი მიცემა და ბავშვის წონისა და ასაკის მიხედვით შეგირჩევთ დოზას. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მედიკამენტების გადაჭარბებული გამოყენება თავისთავად არის თავის ტკივილის ხელშემწყობი ფაქტორი. თუ ბავშვი ხშირად იღებს ტკივილგამაყუჩებელს, დროთა განმავლობაში მისი ეფექტი შესაძლოა შესუსტდეს და განვითარდეს თანამოვლენები, მათ შორის – თავის ტკივილი.

არ მისცეთ ასპირინი ბავშვებსა და მოზარდებს ექიმის დანიშნულების გარეშე, განსაკუთრებით – ჩუტყვავილას ან გრიპის მსგავსი ინფექციის გადატანის შემდეგ. ასპირინი იშვიათად, მაგრამ მაინც იწვევს რეის სინდრომს. ამ დროს ზიანდება ტვინი და ღვიძლი და რამდენიმე საათის განმავლობაში ლეტალური შედეგიც კია მოსალოდნელი. რეის სინდრომი ყველაზე ხშირად აღირიცხება ბავშვებთან, რომლებსაც ახალი გადატანილი აქვთ ვირუსული ინფექცია.

თუ ბავშვს ხშირად აქვს შაკიკის თავის ტკივილი, შესაძლოა, ექიმმა ურჩიოს ან უშუალოდ შეტევის დაწყებისას, ან შეტევის თავიდან ასაცილებლად ყოველდღიურად მისაღები წამალი. რეცეპტით გასაცემი მედიკამენტები ბავშვებთან უმეტესად ექვსი წლიდან გამოიყენება.

თუ ბავშვს შაკიკის დროს გულისრევა და ღებინება აქვს, ექიმმა შესაძლოა გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატი გამოუწეროს. წამლის მიღების სტრატეგია სხვადასხვა ბავშვთან სხვადასხვაა, ამიტომ ჯობია, ის ექიმის დანიშნულების გარეშე არ მისცეთ.

მოსინჯეთ რელაქსაციური ვარჯიშები, სტრესის შემცირების ტექნიკები, ეცადეთ, შაკიკის ტრიგერები თავიდან აიცილოთ.

რელაქსაციის ტექნიკა მოიცავს ღრმა სუნთქვას, იოგას, მედიტაციას და კუნთების პროგრესირებად რელაქსაციას: ბავშვი ჯერ ძაბავს ერთ კუნთს, მერე კი სხეულის ყველა კუნთს ადუნებს. სარელაქსაციო ტექნიკების სასწავლო ვიდეოებს სოციალურ მედიაში მრავლად  იპოვით.

მკურნალობის ერთ–ერთ საშუალებად მიიჩნევა ბიოუკუკავშირის მეთოდი: ბავშვი სპეციალურ მოწყობილობებთან არის შეერეთებული, რომლებიც აკონტროლებს კუნთების დაძაბულობას, გულისცემას, არტერიულ წნევას და სხეულთან უკუკავშირს ახორციელებს. ეს მეთოდი ბავშვს ასწავლის სხეულის განსაზღვრული რეაქციების კონტროლს, რაც ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას. მეთოდის მიზანია, ბავშვმა ისწავლოს, როგორ შეამციროს კუნთების დაძაბულობა, შეანელოს გულისცემა და სუნთქვა.

კოგნიტიურ–ქცევითი თერაპია (CBT) ეხმარება ბავშვს, ისწავლოს სტრესის მართვა და შეამციროს თავის ტკივილის სიხშირე და სიმძიმე. კონსულტანტი მას ასწავლის ცხოვრებისეული მოვლენების უფრო პოზიტიურად აღქმას და სირთულეებთან გამკლავების გზებს.

ყურადღება!

ბავშვებთან თავის ტკივილი იშვიათად არის სერიოზული დაავადების სიმპტომი, მაგრამ დაურეკეთ ექიმს, თუ თავის ტკივილი:

* ჩვეულებრივზე გაცილებით მეტხანს გაგრძელდა,

* ძალიან ძლიერია ან თანდათან ძლიერდება,

* უმეტესად დილაობით ვითარდება და ზოგჯერ ბავშვს აღვიძებს კიდეც,

* უცვლის ბავშვს განწყობას.

მდგომარეობა საყურადღებოა, როდესაც: თავის ტკივილი დაიწყო თავის ტრავმის ან გონების დაკარგვის შემდეგ, თან ახლავს კრუნჩხვები, მხედველობის ცვლილებები, ჩხვლეტის შეგრძნებები, სისუსტე, გამონაყარი, ბავშვი მოდუნებული და მოთენთილია, აღებინებს, უჭირს სიარული, დგომა, ლაპარაკი, აღენიშნება კისრის ტკივილი ან რიგიდულობა (დაჭიმულობა), სიცხე ან ინფექციის სხვა სიმპტომები, ბევრს სვამს ან ბევრს შარდავს, არ შეუძლია ყოველდღიური აქტივობების შესრულება.

პრევენცია

თავის ტკივილის თავიდან ასაცილებლად ან შესამსუბუქებლად ბავშვებს უნდა ვასწავლოთ:

* ჯანსაღი ქცევები. ქცევები, რომლებიც ხელს უწყობს ზოგად ჯანმრთელობას, შესაძლოა ბავშვს თავის ტკივილის თავიდან აცილებაშიც დაეხმაროს. ცხოვრების ჯანსაღი წესი გულისხმობს საკმარის ძილს, ფიზიკურ აქტიურობას, ჯანსაღ კვებას, დღეში რვა ჭიქამდე წყლის დალევას და კოფეინის შეზღუდვას.

* სტრესის შემცირება. სტრესმა და დატვირთულმა გრაფიკმა შესაძლოა თავის ტკივილის სიხშირეც იმოქმედოს. ბავშვიც და ჩვენც უნდა დავაკვირდეთ იმ ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესი ბავშვის ცხოვრებაში. შესაძლოა, ეს იყოს რთული სასკოლო დავალება ან თანატოლებთან დაძაბული ურთიერთობა. თუ თავის ტკივილი შფოთვას ან დეპრესიას უკავშირდება, ფსიქოკონსულტანტს უნდა მივმართოთ.

* თავის ტკივილის დღიურის წარმოება. დღიური დაგვეხმარება იმის დადგენაში, რა იწვევს ტკივილს. დღიურში უნდა აღინუსხოს, როდის იწყება ტკივილი, რამდენ ხანს გრძელდება, რა შველის. უნდა ჩავიწეროთ ბავშვის რეაქციაც თავის ტკივილისას გამოყენებულ ნებისმიერ წამალზე.

* ტკივილის გამომწვევი ფაქტორების თავიდან აცილება. ბავშვი უნდა მოერიდოს ნებისმიერ საკვებს ან სასმელს, რომლებიც თავის ტკივილს იწვევს. მაგალითად, კოფეინის შემცველ პროდუქტებს. ტრიგერების განსაზღვრაში დღიურიც გვეხმარება.

* ექიმის დანიშნულების შესრულება. თუ თავის ტკივილი ძლიერია, ყოველდღიურია და ხელს უშლის ბავშვს ჩვეული რეჟიმით ცხოვრებაში, ექიმმა შესაძლოა პრევენციული მედიკამენტის მიღება გვირჩიოს. ასეთი შეიძლება იყოს ზოგიერთი ანტიდეპრესანტი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები და ბეტა-ბლოკატორები.

***

თავის ტკივილი და ცხოვრების წესი

თავის ტკივილთან გასამკლავებლად ხშირად ცხოვრების წესის მოწესრიგებაც საკმარისია. როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვებს მაქსიმალურად შევუმციროთ თავის ტკივილის განვითარების რისკი?

სრულფასოვანი ძილი

სრულფასოვანი ძილი ცხოვრების ჯანსაღი წესის ერთ–ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. თავის ტკივილის მიზეზი ზოგჯერ ძილის უკმარისობაა.

ძილის საჭიროება ასაკთან ერთად იცვლება. ძილის მედიცინის ამერიკული აკადემიისა (American Academy of Sleep Medicine) და ძილის კვლევის საზოგადოების  (Sleep Research Society) თანახმად:

* 4-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვს დღე-ღამეში 12-16 საათი უნდა ეძინოს;

* 1-2 წლისას – 11-14 საათი;

* 3-5 წლისას – 10-13 საათი;

* 6-12 წლისას – 9-12 საათი

* 13-18 წლისას – 8-10 საათი;

* 18-დან 60 წლამდე ასაკის ზრადსრულს – 7 საათი ან მეტი (მხოლოდ ღამით).

ზოგჯერ ბავშვს საკმარისად დიდხანს სძინავს, მაგრამ არასრულფასოვნად. თუ მას დღისით ძილი ერევა, ჰიპერაქტიურია, უჭირს ყურადღების მოკრება, თავს ვერ ართმევს სასკოლო დავალებებს, შფოთავს, გაღიზიანებულია ან უგუნებოდაა, შესაძლოა, ძილი აკლდეს.

ძილის დარღვევები

ბავშვების თითქმის ნახევარს ძილთან დაკავშირებული პრობლემები აქვს: ძილის აპნოე (ძილში სუნთქვის ხანმოკლე შეწყვეტა), ინსომნია (უძილობა), პარასომნიები – ძილთან დაკავშირებული ქცევის დარღვევები, მაგალითად, ძილის დროს სიარული, და ღამის შიშები, თუმცა დაახლოებით 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან უძილობის მიზეზი, წესისამებრ, ძილის რეჟიმის დარღვევაა – დასაძინებლად ყოველდღე სხვადასხვა დროს დაწოლა, ხოლო დაძინებამდე – ძილისთვის ხელის შემშლელი ქცევა.

როგორ დავეხმაროთ

ნებისმიერი ასაკის ბავშვს მშვიდი ძილისთვის ძილის რუტინა სჭირდება: ერთსა და იმავე დროს დაძინება, ძილის წინ ბანაობა, კბილების გახეხვა, წიგნის ზღაპრის მოყოლა, წიგნის კითხვა ან მშვიდი მუსიკის მოსმენა.

ამა თუ იმ მიზეზით ზოგჯერ ბავშვი რამდენიმე ღამე გამოუძინებელი რჩება. ეს საშიში არ არის, მაგრამ თუ ძილის რეჟიმი მუდმივად დარღვეულია ან ბავშვს აღენიშნება სიმპტომები, რომლებიც ხელს უშლის ნორმალურ ღამის ძილს, პედიატრს უნდა მივმართოთ.

ნუტრიენტების დეფიციტი

თავის ტკივილის მიზეზად შესაძლოა იქცეს საკვები ნივთიერების დეფიციტიც, მათ შორის – მაგნიუმისა, ნიაცინისა (ვიტამინი B3), რიბოფლავინისა (ვიტამინი B2), კობალამინისა (ვიტამინი B12), კოენზიმ Q10-სა, კარნიტინისა, α-ლიპოის მჟავასი, D ვიტამინისა. ასე რომ არ მოხდეს, ეცადეთ, ბავშვს მრავალფეროვანი და სრულფასოვანი რაციონი ჰქონდეს, ხოლო თუ თავი სტკივა, გადაამოწმეთ, მშიერი ხომ არ არის.

  • მაგნიუმით მდიდარია გოგრის თესლი, ჩიას თესლი, ისპანახი, კეშიუ, არაქისი, სოიის რძე, შვრია, მთლიანი მარცვლეულის ფქვილისგან გამომცხვარი პური, ავოკადო, ყავისფერი ბრინჯი, რძე;
  • ნიაცინით – ძროხის ხორცი, ძროხის ღვიძლი, ღორის ხორცი, ფრინველი, თევზი, ყავისფერი ბრინჯი, თხილეული, თესლეული, პარკოსნები, ბანანი;
  • რიბოფლავინი ბევრია კვერცხში, მჭლე ხორცში, თირკმელებში, ღვიძლში, რძეში, სოკოში, სოიაში, ბროკოლიში, ისპანახში, ბრიუსელის კომბოსტოში;
  • კობალამინის წყაროა თევზეული, მოლუსკები, წითელი ხორცი, ღვიძლი, კვერცხი, ფრინველი, რძის ნაწარმი;
  • კოენზიმ Q10-ისა – ცხიმიანი თევზი (ორაგული, თინუსი), საქონლის ღვიძლი და მთლიანი მარცვლეული;
  • კარნიტინისა – წითელი ხორცი, თევზი, ფრინველი, კვერცხი;
  • α-ლიპოის მჟავასი – წითელი ხორცი, სტაფილო, ჭარხალი, ისპანახი, ბროკოლი, კარტოფილი;
  •  D ვიტამინისა – ცხიმიანი თევზი (ორაგული, სკუმბრია, სარდინი), კვერცხის გული, წითელი ხორცი, ღვიძლი. გარდა ამისა, მზის პირდაპირი სხივები კანში არსებულ ქიმიურ ნივთიერებას D ვიტამინის აქტიურ ფორმად გარდაქმნის. ნაკლებად მცხუნვარე თვეებში ბავშვს D ვიტამინი დანამატის სახით უნდა მისცეთ, ოღონდ აუცილებლად პედიატრის რეკომენდაციით.

გაითვალისწინეთ, დაბალანსებული კვება გულისხმობს, რომ ბავშვი  ყოველდღიურად თუ არა, ყოველკვირეულად მაინც აუცილებლად უნდა იღებდეს საკმარისი რაოდენობის საკვებს ჩამოთვლილი ჯგუფებიდან:

* ხილი;

* ბოსტნეული, პარკოსნები;

* მარცვლეული (ბრინჯი, მაკარონი), სასურველია, მთლიანი;

* უცხიმო ხორცი, თევზი, ფრინველი;

* რძე, მაწონი, ხაჭო, იოგურტი, ყველი.

გაუწყლოება

თავის ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს სითხის არასაკმარისმა მიღებამ. ამ დროს ტკივილი ან მთლიანად მოიცავს თავის ქალას, ან ლოკალიზებულია მის წინა ან უკანა მხარეს. ის იშვიათადაა ცალმხრივი და ახასიათებს გაძლიერება თავის მოძრაობისას. რატომ იწვევს დეჰიდრატაცია თავის ტკივილს, უცნობია.

დეჰიდრატაციის ნიშნებია: წყურვილის შეგრძნება, მუქი ყვითელი, მძაფრსუნიანი შარდი, ჩვეულებრივზე იშვიათად შარდვა, თავბრუხვევა ან თავის სიმსუბუქე, დაღლილობა, პირის, ტუჩების და ენის სიმშრალე, თვალების ჩაცვენა.

დეჰიდრატაციას იწვევს დიარეა, ძლიერი ოფლიანობა, ხანგრძლივი ავადმყოფობა, დიაბეტი, სითბური დაკვრა, სხეულის მაღალი ტემპერატურა.

დეჰიდრატაციის დროს მნიშვნელოვანია საჭირო რაოდენობის სითხის მიღება. თუ ბავშვმა ბევრი სითხე დაკარგა, სარეჰიდრატაციო ხსნარები უნდა მივცეთ, რათა შაქრის, მარილებისა და მინერალების დანაკლისი შევუვსოთ. თუ დეჰიდრატაცია ძლიერია და ღებინება ხელს უშლის სასმლის მიღებას, შესაძლოა, სითხეების ვენაში გადასხმა დაგვჭირდეს.

ფიზიკური დატვირთვა

ნორმალური ფიზიკური აქტივობა ბავშვისთვის აუცილებელია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით:

*ერთ წლამდე ასაკის პატარები დღეში რამდენჯერმე უნდა დაკავდნენ სხვადასხვა სახის ფიზიკური აქტივობით, უმთავრესად –  იატაკზე თამაშით. თუ თვითონ არ შეუძლიათ გადაადგილება, დღეში 30 წუთი მაინც მუცელზე დაწოლილებმა უნდა გაატარონ. შებოჭილი (ეტლში, მაღალ სკამში, კენგურუში) ერთ საათზე მეტხანს არ უნდა დავტოვოთ.

* 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვებმა, სულ მცირე, სამი საათი უნდა გაატარონ მოძრაობაში. ერთ საათზე მეტხანს არც მათი შებოჭილი დატოვებაა რეკომენდებული.

* 5-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მოზარდებისთვის აუცილებელია დღეში, სულ მცირე, ერთსაათიანი ზომიერი ან ძლიერი ინტენსივობის დატვირთვა, ძირითადად – აერობული ვარჯიში.

კომპიუტერთან

ბავშვები სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ციფრულ ეკრანთან. ჩვილები საშუალოდ ექვსი თვიდან ეცნობიან მშობლების პლანშეტებს და სმარტფონებს. თინეიჯერები კი ფაქტობრივად ეკრანის წინ ცხოვრობენ.

ეკრანთან ბევრი დროის გატარება შემოვლითი გზებით (მხედველობის პრობლემები, ძილის დარღვევა, მოუხერხებლად ჯდომა) თავის ტკივილის კიდევ ერთი მიზეზია. საფეთქლების მიდამოში და თვალების ირგვლივ ტკივილს იწვევს თვალის კუნთების დაძაბვა, რასაც თვალის ციფრულ დაძაბვას უწოდებენ.

ეკრანის დიდხანს შეუსვენებლად ყურება ასევე იწვევს თვალების დაღლას, ბუნდოვან ხედვას, თვალების სიმშრალეს, ძილის დარღვევას, ყურადღების დეფიციტს, შფოთვას, დეპრესიას, წონის მატებას, სიმსუქნეს.

როგორ მოვიქცეთ, რომ ბავშვებმა ეკრანთან დრო სწორად გაატარონ?

* სასურველია, ორ წლამდე პატარას საერთოდ არ მიუწვდებოდეს ხელი გაჯეტებზე და, შეძლებისდაგვარად, ტელევიზორსაც მოვარიდოთ, ხოლო ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ეკრანთან დღეში მხოლოდ 1-2 საათის გატარების ნება დავრთოთ.

* აუხსენით ბავშვს, როგორ ვნებს დიდხანს ჯდომა ჯანმრთელობას.

* გამოიტანეთ ტელევიზორი და კომპიუტერი მისი საწოლი ოთახიდან.

* ძილის წინ ერთი საათის განმავლობაში მაინც მოარიდეთ ეკრანს.

* ნუ მისცემთ ტელევიზორის ყურების უფლებას ჭამის ან საშინაო დავალების შესრულებისას და პირიქით, ნუ მისცემთ ჭამის უფლებას ტელევიზორის ყურების ან კომპიუტერთან ჯდომის დროს.

* ნუ დატოვებთ ჩართულ ტელევიზორს ფონის შესაქმნელად. თუ ფონური ხმა გჭირდებათ, ჩართეთ რადიო, ხმოვანი ჩანაწერი (მაგალითად, პოდკასტი), აუდიოწიგნი ან მუსიკა.

* წინასწარ მოიფიქრეთ, რომელი გადაცემების ყურება გსურთ და ტელევიზორი მისი დასრულებისთანავე გამორთეთ.

* შესთავაზეთ ბავშვს საოჯახო სამაგიდო თამაშები, თავსატეხების ამოხსნა, გასეირნება. ჩაიწერეთ, რამდენ ხანს ატარებს ეკრანის წინ და ეცადეთ, ამდენივე დრო დაუთმოს ფიზიკურ აქტივობას.

* მიეცით მაგალითი. დღეში ორ საათამდე შეამცირეთ სამსახურებრივი საჭიროების გარეშე ეკრანთან გატარებული დრო. მოძებნეთ საქმიანობა, რომელიც მოძრაობას და ენერგიის ხარჯვას მოითხოვს.

* ასწავლეთ ბავშვს, ეკრანთან ჯდომისას თვალების დასასვენებლად ოც წუთში ერთხელ ოცი წამის განმავლობაში მინიმუმ ექვს მეტრზე გაიხედოს. ხოლო საათში ერთხელ 5-10 წუთით მოშორდეს ეკრანს. შეახსნეთ, ხშირად ახამხამოს თვალები.

* საჭიროებისამებრ, ჩააწვეთეთ თვალებში ხელოვნური ცრემლი. თუ სახლში ჰაერი მშრალია, გამოიყენეთ დამატენიანებელი.

* დესკტოპის ან ლეპტოპის ეკრანი ბავშვის თვალების დონეზე ოდნავ ქვემოთ უნდა იყოს.

* თვალი ადევნეთ, რომ ბავშვი სწორად იჯდეს. მოუხერხებლად, არაბუნებრივად ჯდომამ შესაძლოა თვალის კუნთების დაძაბვა და თავის ტკივილი გამოიწვიოს.

* კომპიუტერის ან სხვა ეკრანის გამოყენებისას ოთახი დაახლოებით ორჯერ ნაკლებად უნდა იყოს განათებული, ვიდრე წერის, ხატვის დროს. ეცადეთ, ეკრანს პირდაპირ არ ეცემოდეს ფანჯრიდან შემომავალი მზის სიხივები ან ნათურის შუქი. შეამცირეთ თავად ეკრანის სიკაშკაშეც. შეიძლება სპეციალური ნარინჯისფერლინზებიანი სათვალეების გამოყენებაც. თუ ბავშვი სათვალეს ატარებს, მას შეიძლება დაემატოს არეკვლის საწინააღმდეგო (ანტირეფლექსიური) საფარიც. რაც შეეხება კომპიუტერის ეკრანის ცისფერ ნათებას, არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომ ის თვალებს აზიანებს, ამიტომ კომპიუტერთან ჯდომისას ცისფერი სინათლის გამფილტრავი სათვალის გაკეთება საჭირო არ არის.

***

შფოთვა

ბავშვებსაც აქვთ საფიქრალი და სადარდებელი, რომლებიც ზოგჯერ შიშებსა და შფოთვასაც იწვევს. ბავშვს შესაძლოა ეშინოდეს მშობლებისგან განშორების, ზოგიერთი ნივთის ან სიტუაციის (ძაღლების, მწერების, ექიმთან ვიზიტის), ხალხმრავლობის... შფოთვამ, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება, ძილის დარღევა, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, კუჭის ტკივილი.

ბავშვს უნდა ვესაუბროთ იმაზე, რა აშინებს და აშფოთებს, უნდა დავამშვიდოთ, დავეხმაროთ შფოთვასთან გამკლავების სტრატეგიის დაგეგმვაში. ამასთან ერთად, ეცადეთ, დაიცვას ყოველდღიური რუტინა – ეს სტაბილურობის შეგრძნებას განამტკიცებს. მოამზადეთ, როდესაც ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები ელის. ასწავლეთ სუნთქვითი ვარჯიშები.

ძლიერ გამოხატული შფოთვის დროს აუცილებელია ფსიქოთერაპია, ზოგჯერ ბიჰევიორული (ქცევითი) თერაპია, ზოგჯერ კი – მედიკამენტური მკურნალობაც.

***

ანემია

ბავშვებთან თავის ტკივილის მიზეზად შესაძლოა იქცეს ანემიაც – ერითროციტების, სისხლის წითელი უჯრედების, ნაკლებობა. ერითროციტები შეიცავს ჰემოგლობინს – ცილას, რომელსაც ჟანგბადი მთელ სხეულში გადააქვს. ანემია ბავშვების დაახლოებით მეხუთედს აღენიშნება.

ბავშვს ანემია შესაძლოა განუვითარდეს:

* თუ მისი ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ერითროციტებს (ვერ იღებს საკმარის რკინას და სხვა საკვებ ნივთიერებებს);

* ამა თუ იმ მიზეზით ეშლება ერითროციტები;

* კარგავს სისხლს.

ანემიის მრავალი ფორმა არსებობს და თითოეულს თავისი მიზეზი აქვს. უმეტესად მიზეზი ერთზე მეტია. ბავშვებთან გვხვდება:

* რკინადეფიციტური ანემია, როდესაც სისხლში არ არის საკმარისი რკინა;

* მეგალობლასტური ანემია – სისხლის წითელი უჯრედები მეტისმეტად იზრდება ფოლიუმის მჟავას ან ვიტამინ B12-ის ნაკლებობის გამო;

* ჰემოლიზური ანემია. გამოწვეულია სისხლის წითელი უჯრედების დაშლით, რასაც ინფექცია ან ზოგიერთი მედიკამენტის მიღება იწვევს;

* ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია – ეს მემკვიდრეობითი ანემიაა. ერითროციტებს ამ დროს სპეციფიკური ფორმა აქვს;

* თალასემია – ესეც მემკვიდრეობითია;

* აპლაზიური ანემია – ბავშვის ძვლის ტვინი სისხლის უჯრედებს ვერ წარმოქმნის.

რისკფაქტორები

ანემიის რისკს ზრდის ნაადრევი მშობიარობა, მცირე წონა, რკინით, ვიტამინებით ან მინერალებით მდიდარი საკვების დეფიციტი, ბევრი ძროხის რძის მიღება ადრეულ ასაკში, ოპერაციის ან უბედური შემთხვევის შედეგად სისხლის დაკარგვა, ინფექცია, თირკმელების ან ღვიძლის დაავადება, მემკვიდრეობითი ანემიის ოჯახური ისტორია. ანემია ხშირად სხვა დაავადების სიმპტომია.

სიმპტომები

ბავშვებთან ანემიის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

* გახშირებული გულისცემა;

* სუნთქვის გაძნელება, ქოშინი;

* ენერგიის ნაკლებობა, ადვილად დაღლა;

* თავბრუხვევა ადგომისას;

* თავის ტკივილი;

* გაღიზიანებადობა;

* მტკივანი, შეშუპებული ენა;

* თვალების, კანისა და პირის გაყვითლება;

* ელენთის ან ღვიძლის გადიდება;

* ზრდა-განვითარების შეფერხება;

* ჭრილობის ძნელად შეხორცება.

ანემიის დიაგნოზს უმთავრესად სისხლის ანალიზის საფუძველზე სვამენ, თუმცა შესაძლოა საჭირო გახდეს ძვლის ტვინის გამოკვლევაც.

მკურნალობა

მკურნალობა ანემიის სიმპტომებზე, სიმძიმეზე, ბავშვის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მის ზოგიერთ სახეობას მკურნალობა არ სჭირდება, ზოგიერთი ანემიის დროს კი აუცილებელია ვიტამინების ან რკინის დანამატების მიცემა, ბავშვის რაციონის შეცვლა, ანემიის გამომწვევი წამლის შეწყვეტა. იშვიათად შესაძლოა საჭირო გახდეს მედიკამენტი, ელენთის ამოკვეთა, სისხლის გადასხმა, ღეროვანი უჯრედების გადანერგვა.

პრევენცია

წლამდე ასაკის ბავშვს ნუ მისცემთ ძროხის რძეს. თუ ბავშვს ძუძუს აწოვებთ, ოთხი თვიდან პედიატრთან შეთანხმებით მიეცით რკინით გამდიდრებული ნარევი, სანამ არ წამოიზრდება და რკინით მდიდარი საკვების საკმარისი რაოდენობით მიღებას არ დაიწყებს. გაითვალისწინეთ, რომ რკინის მდიდარი წყაროა ლობიო, კვერცხის გული, კარტოფილი, პომიდორი, ქიშმიში, წითელი ხორცი.

 ***

არტერიული ჰიპერტენზია

მაღალი არტერიული წნევა შეიძლება ბავშვსაც ჰქონდეს და კრიზის შემთხვევაში თავის ტკივილის მიზეზადაც იქცეს. ბავშვებთან ჰიპერტენზიად მიიჩნევა იმაზე მაღალი წნევა, რაც მისი სქესის, ასაკისა და სიმაღლის ბავშვების 95%-ს აქვს. ზრდასთან ერთად წნევის ნორმებიც იცვლება. მოზარდებთან კი მაღალი არტერიული წნევა უკვე იმავე კრიტერიუმებით განისაზღვრება, რომლითაც მოზრდილებთან: ის მაღალია, თუ აღწევს ან აღემატება 130`80 მმ ვწყ სვ-ს.

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო სავარაუდოა, მაღალი წნევა გამოწვეული იყოს კონკრეტული სამედიცინო მდგომარეობით: გულის მანკით, თირკმლის დაავადებით, გენეტიკური ან ჰორმონული დარღვევით. უფროსი ასაკის ბავშვებს არტერიული წნევა იმავე მიზეზით ემართებათ, რომლითაც უფროსებს – ჭარბი წონის, არასწორი კვებისა და მოძრაობის ნაკლებობის გამო.

რისკფაქტორები

ბავშვისთვის მაღალი არტერიული წნევის რისკფაქტორები დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, გენეტიკასა და ცხოვრების წესზე.

პირველადი (ესენციური) ჰიპერტენზია თავისთავად, იდენტიფიცირებული მიზეზის გარეშე ვითარდება. ის უმეტესად ექვსი წლის და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებთან გვხვდება. პირველადი ჰიპერტენზიის განვითარების რისკფაქტორებია:

* ჭარბი წონა, სიმსუქნე;

* მაღალი წნევის ოჯახური ისტორია;

* დიაბეტი ტიპი 2 ან სისხლში შაქრის მაღალი დონე უზმოზე;

* სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონე;

* მარილის ჭარბი მიღება;

* მამრობითი სქესი;

* მოწევა ან მეორეული მწეველობა – მწეველების გარემოცვაში ყოფნა;

* მჯდომარე ცხოვრების წესი.

მეორეული ჰიპერტენზია უფრო ხშირად აქვთ მცირეწლოვან ბავშვებს. მისი მიზეზებია:

* თირკმელების ქრონიკული დაავადება;

* თირკმელების პოლიცისტოზი;

* აორტის კოარქტაცია (შევიწროება);

* თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;

* ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტი აქტიურობა (ჰიპერთირეოზი);

* თირკმლის არტერიის სტენოზი;

* ძილის ობსტრუქციული აპნოე;

* მედიკამენტები: დეკონგესტანტები, რომლებსაც ცხვირის გაჭედილობის დროს აწვეთებენ, სტიმულატორები, რომლებიც ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება, კოფეინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სტეროიდები;

* კოკაინი, მეტამფეტამინი და მსგავსი ნარკოტიკები.

როგორ ვლინდება

მაღალი წნევა უმეტესად არ იწვევს სიმპტომებს. ჰიპერტენზიულ კრიზზე ანუ მაღალი წნევით გამოწვეულ გადაუდებელ მდგომარეობაზე მიანიშნებს:

* თავის ტკივილი;

* კრუნჩხვა;

* ღებინება;

* გულმკერდის ტკივილი;

* გულის ფრიალი;

* ჰაერის უკმარისობა.

თუ თქვენს შვილს რომელიმე ეს სიმპტომი განუვითარდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

საზოგადოდ, ბავშვის არტერიული წნევა უნდა შემოწმდეს პედიატრთან რუტინული ვიზიტების დროს სამი წლიდან ან დაბადებიდან, თუ ბავშვის მდგომარეობა ზრდის მაღალი წნევის რისკს, მაგალითად, დაბადებულია ნაადრევად, აქვს მცირე წონა, გულის თანდაყოლილი დაავადება, თირკმლის პრობლემები.

დიაგნოზი და მკურნალობა

მაღალი არტერიული წნევის დიაგნოზი რომ დაისვას, ბავშვის არტერიული წნევა ნორმაზე მაღალი უნდა იყოს ექიმთან, სულ მცირე, სამი ვიზიტის დროს. ჰიპერტენზიის მიზეზის დასადგენად ტარდება სისხლის ანალიზები თირკმელების ფუნქციის, ელექტროლიტების, ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების (ლიპიდების) დონის შესამოწმებლად, შარდის ანალიზი, ექოკარდიოგრამა, თირკმელების ულტრაბგერითი გამოკვლევა.

ზომიერი ჰიპერტენზიის დროს საჭიროა ცხოვრების წესის შეცვლა: წონის კონტროლი, ჯანსაღი კვება, მარილის მოხმარების შემცირება, ფიზიკური აქტივობის გაზრდა. ეს ყველაფერი მაღალი წნევის პრევენციისთვისაც არის მოწოდებული. თუ ცხოვრების წესის შეცვლა საკმარისი არ აღმოჩნდა, ბავშვს წამლებს გამოუწერენ.

***

ტვინის შერყევა

ტვინის შერყევა თავის ქალას ტრავმის შედეგია და ვითარდება იმის გამო, რომ ტვინი ამ დროს სწრაფად გადანაცვლდება წინ და უკან. ტვინის შერყევა, წესისამებრ, სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ შესაძლოა, სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

ტვინის შერყევის სიმპტომებია:

* თავის ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება თავში;

* გულისრევა, ღებინება;

* წონასწორობის დარღვევა, თავბრუხვევა, გაორებული ან ბუნდოვანი ხედვა;

* სინათლის ან ხმაურის აუტანლობა;

* დაღლილობის შეგრძნება;

* დაბნეულობა, კონცენტრაციის ან მეხსიერების დაქვეითება.

შესაძლოა, ბავშვმა ვერ გაიხსენოს ტრავმის წინ ან შემდეგ მომხდარი მოვლენები, ნელა უპასუხოს კითხვებს, დაკარგოს გონება (თუნდაც მცირე ხნით), შეეცვალოს განწყობა, ქცევა, ხასიათი. წესისამებრ, ეს სიმპტომები ტრავმიდან მცირე ხანში ვლინდება, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ზოგიერთი სიმპტომის გამოვლენამდე საათები ან დღეებიც კი გავიდეს. მაგალითად, პირველ წუთებში ბავშვი შესაძლოა დაბნეული მოგვეჩვენოს, მაგრამ ერთი საათის შემდეგ აღარც კი ახსოვდეს, როგორ დაშავდა.

ტვინის შერყევის ნიშნებს ტრავმის შემდეგ რამდენიმე დღე უნდა დავაკვირდეთ. თუ სიმპტომები დამძიმდა, ბავშვი დაუყოვნებლივ უნდა წავიყვანოთ კლინიკაში.

თუ დაზიანება ბავშვმა სპორტული თამაშის დროს მიიღო, სპორტი უნდა მივატოვებინოთ, ვიდრე ექიმი არ დაგვრთავს დაბრუნების უფლებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოიმატებს განმეორებითი ტვინის შერყევის რისკი და საბოლოოდ შესაძლოა საქმე ტვინის მუდმივ დაზიანებამდეც მივიდეს.

შესაძლოა, ტრავმამ გამოიწვიოს ტვინში სისხლის ჩაქცევა, ჰემატომა. გადაუდებელი დახმარება აუცილებელია, თუ ტრავმის შემდეგ:

* ერთი გუგა მეორეზე დიდია;

* ბავშვი ძილად არის მივარდნილი ან ვერ ვაფხიზლებთ;

* თავის ტკივილი ძლიერდება და არ ქრება;

* მეტყველება ბუნდოვანია, ბავშვი უჩივის სისუსტეს, დაბუჟებას ან კოორდინაციის დაქვეითებას;

* აქვს განმეორებითი ღებინება ან გულისრევის შეგრძნება, კრუნჩხვები;

* უჩვეულოდ იქცევა (დაბნეულია, მოუსვენრადაა, აგზნებულია);

* დაკარგა გონება, თუნდაც მცირე ხნით.

აღდგენის პერიოდი

ტვინის შერყევის შემდეგ ბავშვების უმეტესობა რამდენიმე კვირაში უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ ზოგიერთს სიმპტომები მთელი თვე ან უფრო მეტხანსაც მიჰყვება (უმეტესად – იმ ბავშვებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ ტვინის რამდენიმე შერყევა). არც ის არის გამორიცხული, შერყევის ნიშნებმა მაშინ იჩინოს თავი, როდესაც ბავშვი უკვე უბრუნდება თავის რეგულარულ საქმიანობას. თუ განვითარდა რომელიმე შემაწუხებელი სიმპტომი, რომელიც არათუ არ გაივლის, არამედ მძიმდება კიდეც, რაც შეიძლება მალე მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

როგორ დავეხმაროთ

ყოველდღიურ აქტივობებში მცირე ხნით ცვლილებების შეტანა ბავშვს დაეხმარება, უფრო სწრაფად დაუბრუნდეს ჩვეულებრივ რუტინას. როდესაც თქვენი შვილი თავს უკეთესად იგრძნობს, შეგიძლიათ, ეს ცვლილებები ნელ-ნელა გააუქმოთ. თუ ბავშვს აქტივობის დროს სიმპტომები არ დაუმძიმდა, ეს აქტივობა მისთვის დასაშვებია. თუ სიმპტომები დამძიმდა, აქტივობა უნდა შეიზღუდოს.

თითოეული ტვინის შერყევა და თითოეული ბავშვი უნიკალურია, ამიტომ გამოჯანმრთელების პროცესი სიმპტომებს უნდა მოერგოს.

დასვენება. ტრავმის შემდეგ რამდენიმე დღე ბავშვმა უნდა დაისვენოს, მათ შორის – გონებრივი სამუშაოსგანაც. განსაკუთრებით უნდა ერიდოს აქტივობებს, რომლებიც ტრავმის საფრთხეს შეუქმნის. ეცადეთ, კარგად გამოიძინოს ღამით და, საჭიროებისამებრ, დღისითაც.

მსუბუქი დატვირთვა. როდესაც ბავშვი უკეთესად იგრძნობს თავს, შეუძლია, თანდათან დაუბრუნდეს რეგულარულ (ოღონდ არა დაძაბულ) საქმიანობას, მათ შორის – სკოლას. თუ აქტივობის დროს სიმპტომები არ დამძიმდა, ესე იგი ის ბავშვისთვის დასაშვებია. თუ დამძიმდა, აქტივობა ისევ შეაწყვეტინეთ. ეცადეთ, კარგად იძინოს ღამით, მოარიდეთ ძილის წინ ეკრანს და ხმამაღალ მუსიკას, დააძინეთ ბნელ ოთახში და დაიცავით დაძინება-გაღვიძების ფიქსირებული რეჟიმი. თუ მოზრდილია, თანდათან შეამცირეთ დღის ძილის ხანგრძივობა, თუ პატარაა – დაუბრუნდით რეგულარულ დღის ძილს ასაკის მიხედვით.

ზომიერი აქტივობა. როდესაც სიმპტომები თითქმის გაქრება, ბავშვს შეუძლია, დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიანობათა უმეტესობას. სიმპტომები ისევ დამძიმდა, ბავშვი დაასვენეთ. შეგიძლიათ, დაუბრუნდეთ ჩვეულებრივ სასკოლო განრიგს.

რეგულარული აქტივობა. ბავშვი გამოჯანმრთელებულად ითვლება, როდესაც შეუძლია, თავი გაართვას ყველა რეგულარულ დატვირთვას ყოველგვარი სიმპტომის გარეშე.

ჰკითხეთ ექიმს, თავის ტკივილის შემთხვევაში რომელი წამალი მისცეთ და რა დოზით. მოარიდეთ ბავშვი კოფეინიან სასმელებს.

 ***

მენინგიტი

ძლიერი თავის ტკივილი მენინგიტის ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომია. მენინგიტი ტვინის მენინგეალური გარსის ანთებაა, რომელიც, გამომწვევისა და მიმდინარეობის მიხედვით, შესაძლოა ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს, ამიტომ სასიცოცხლოდ აუცილებელია, მშობლები იცნობდნენ მენინგიტის ნიშნებს და შეეძლოთ საშიშროების ამოცნობა, რათა დროულად მიმართონ სამედიცინო დახმარებას. სწრაფი რეაგირების შემთხვევაში მკურნალობა, როგორც წესი, შედეგიანია.

მენინგიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზი ვირუსული ინფექციაა. მას მოსდევს ბაქტერიული ინფექცია. სოკოვანი და პარაზიტული ინფექციით გამოწვეული მენინგიტი გაცილებით იშვიათია.

სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენს ბაქტერიული მენინგიტი. ამ დროს აუცილებელია გამომწვევის დადგენა. ბაქტერიები ტვინის გარსებში ხვდება სისხლის ნაკადიდან ან უშუალოდ ანთების კერიდან – სინუსებიდან, ყურიდან.

ვირუსული მენინგიტი, წესისამებრ, მსუბუქად არის გამოხატული და ხშირად თავისთავად გაივლის. უმეტესად გამოწვეულია ენტეროვირუსით, შედარებით იშვიათად – ჰერპეს სიმპლექსით, აივ-ით, ყბაყურას ვირუსით და სხვ.

სიმპტომები

მენინგიტი შესაძლოა გრიპის მსგავსი სიმპტომებით დაიწყოს. ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებთან მისი შესაძლო სიმპტომებია:

* უეცრად განვითარებული მაღალი სიცხე;

* კისრის გამაგრება, რიგიდულობა;

* ძლიერი თავის ტკივილი;

* გულისრევა, ღებინება;

* დაბნეულობა, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება;

* კრუნჩხვა;

* ძილიანობა, გაღვიძების გაძნელება;

* სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება;

* მადისა და წყურვილის შეგრძნების დაკარგვა;

* ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, მენინგოკოკური მენინგიტის დროს – გამონაყარი.

ბაქტერიული მენინგიტის მქონე ბავშვების დაახლოებით 15% საავადმყოფოში გადაყვანისას უგონოდ ან თითქმის უგონოდაა.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს კისრის რიგიდულობა იშვიათად უვითარდებათ, მათ არ შეუძლიათ კონკრეტული დისკომფორტის გამოხატვა, ამიტომ გახსოვდეთ სიმპტომები, რომლებიც პრობლემაზე მიგანიშნებთ:

* უჩვეულო გაღიზიანება, განსაკუთრებით – ხელში აყვანისას;

* არანორმალური ძილიანობა (ლეთარგია);

* უმადობა;

* ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალი ტემპერატურა;

* ღებინება;

* გამონაყარი;

* კრუნჩხვა (ხშირია ბაქტერიული მენინგიტის დროს);

* ზოგჯერ ზიანდება თვალისა და სახის ზოგიერთი მამოძრავებელი ნერვი, რაც სიელმეს ან სახის მობრეცას იწვევს;

* ყიფლიბანდების გამობურცვა ან გამაგრება, რასაც თავის ტვინის გარშემო სითხის წნევის მომატება განაპირობებს.

როდის მივმართოთ ექიმს

სასწრაფო სამედიცინო დახმარების საჭიროებაზე მიანიშნებს:

* მაღალი სიცხე;

* ძლიერი თავის ტკივილი, რომელიც არ ქრება;

* დაბნეულობა;

* ღებინება;

* კისრის დაჭიმულობა.

ანტიბიოტიკებით დროული მკურნალობის გარეშე ბაქტერიული მენინგიტი ძალიან საშიშია. ბავშვი შესაძლოა გადარჩეს, მაგრამ დაუზიანდეს ტვინი, დაუქვეითდეს სმენა, მეხსიერება, დასწავლის უნარი, გაუჭირდეს სიარული, დარჩეს კრუნჩხვები, განუვითარდეს თირკმლის უკმარისობა.

ზოგიერთ შემთხვევაში ინფექციის თავიდან ასაცილებლად მენინგიტის მქონე ადამიანთან კონტაქტში მყოფ პირებს მედიკამენტების მიღება სჭირდებათ.

როგორ სვამენ დიაგნოზს

მენინგიტის დიაგნოზის დასასმელად ექიმი ითვალისწინებს ბავშვის სამედიცინო ისტორიას, გასინჯვისას მიღებულ მონაცემებს და გამოკლვევების შედეგებს.

იკვლევენ სისხლს და შარდს, სისხლს – მასში ბაქტერიების აღმოსაჩენად. ზოგჯერ ტარდება თავის (საჭიროებისამებრ, გულმკერდისა და სინუსების) კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვითი კვლევა. ლუმბალური პუნქციით, ზურგში ჩხვლეტით, იღებენ ლიქვორს, თავზურგტვინის სითხეს. ის მდიდარ ინფორმაციას იძლევა, მათ შორის – გამომწვევის შესახებ. თუ ეჭვია ვირუსულ მენინგიტზე, შეიძლება ჩატარდეს გამოკვლევა განსაზღვრული ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოსაჩენად.

მკურნალობა

მწვავე ბაქტერიული მენინგიტის მკურნალობას დაუყოვნებლივ იწყებენ ინტრავენური ანტიბიოტიკოთერაპიით და ზოგჯერ კორტიკოსტეროიდებით. ეს წამლები, გარდა იმისა, რომ უშუალოდ დაავადებას ებრძვის, ტვინის შეშუპებისა და კრუნჩხვების განვითარების ალბათობასაც ამცირებს. ვირუსული მენინგიტის მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა მოიცავს წოლით რეჟიმს, ბევრი სითხის მიღებას, ტკივილგამაყუჩებლების მიღებას სიცხის დასაწევად და ტკივილების შესამსუბუქებლად. ჰერპესვირუსით გამოწვეული მენინგიტის დროს ანტივირუსული პრეპარატიც ინიშნება.

პრევენცია

მენინგიტის გამომწვევი ბაქტერიები და ვირუსები ვრცელდება ხველებისას, ცემინებისას, კოცნისას, ასევე – ჭურჭლის, კბილის ჯაგრისის გაზიარებისას.

მენინგიტის თავიდან ასაცილებლად ბავშვმა:

* ხშირად უნდა იბანოს ხელები, განსაკუთრებით – ჭამამდე, ტუალეტით სარგებლობის, ხალხმრავალ ადგილას ყოფნის, ცხოველის მოფერების შემდეგ.

* არ გამოიყენოს სხვისი ნაპირალი ჭურჭელი, არავის გაუზიაროს ტუჩის ბალზამი ან კბილის ჯაგრისი.

* გაიძლიეროს იმუნური სისტემა საკმარისი დასვენებით, რეგულარული ვარჯიშით და ჯანსაღი კვებით.

* ხველებისა და ცემინების დროს აუცილებლად აიფაროს ხელი ცხვირ-პირზე.

ბაქტერიული მენინგიტის ზოგიერთი ფორმის პრევენცია შესაძლებელია ვაქცინაციით.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: