ინტოქსიკაცია ბავშვებში

გააზიარე:

საკმარისია, ბავშვმა ფეხი აიდგას, რომ სამყაროს აქტიურ შესწავლას იწყებს: ხან ხვრელებში მიძვრება, ხან კარადის თავზე ასაძრომად ხარაჩოებს აგებს, ხან კი ყოველგვარ მყარ თუ თხევად ნივთიერებას გემოს უსინჯავს. ამჯერად სწორედ იმ უსიამოვნებებზე გვსურს გესაუბროთ, რომლებიც უცნობი სითხის დეგუსტაციას მოჰყვება.

ალბათ, საინტერესო (თუმცა კი სამწუხარო) ინფორმაციას მოგაწვდით: ბავშვთა ასაკში საყლაპავის პათოლოგიებს შორის ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული დამწვრობა პირველობს. ცნობისმოყვარეობადაკმაყოფილებულთა და, ამავდროულად, დაზარალებულთა 67% ერთიდან სამ წლამდე ბავშვია ― სწორედ იმ ასაკის პატარები, რომელთა დამორჩილება და თვალყურის დევნება ყველაზე ძნელი და დამღლელია.

ყველაზე “გემრიელი”

გემრიელის რა მოგახსენოთ, მაგრამ ყველაზე გავრცელებული ქიმიური შენაერთი, რომელსაც პატარები დიდი ინტერესით უსინჯავენ გემოს, ძმრის ესენციაა. მეორე “საპატიო” ადგილას კაუსტიკური სოდა იკავებს, ხოლო მესამეს – კალიუმის პერმანგანატის (მარგანცოვკის) ხსნარი. მათ მოსდევს ნიშადურის სპირტი, ტექნიკური მჟავები (გოგირდის, აზოტის და სხვა), სკიპიდარი, წებო და, თქვენ წარმოიდგინეთ, აკუმულატორის სითხეც კი.

მაინც რატომ იზიდავთ პატარებს ეს უგემური სითხეები? ამის მისახვედრად, მოდით, ერთი მაგალითი განვიხილოთ: ბავშვებს ძალიან უყვართ ტკბილი გაზიანი სასმელები. მიუხედავად მშობლების დიდი მონდომებისა, ბავშვი მაქსიმალურად მოარიდონ არცთუ სასარგებლო სასმელს, პატარა ონავრები მაინც ახერხებენ, ყლუპი უყონ კოკასა და ფანტას. ამის შემდეგ ოჯახის რომელიმე წევრი ცარიელ ბოთლში ასხამს ქიმიურ ხსნარს (უმეტესად ― ძმრის ესენციას) და შემთხვევით ქვედა თაროზე დგამს. პატარა, რომელსაც ტკბილი სასმლით პირის ჩატკბარუნებას არაფერი ურჩევნია, რა თქმა უნდა, არ კითხულობს, ჭურჭელში ნამდვილად კოკა-ფანტა ასხია თუ არა და მონაპოვრით გახარებული ლამის ბოლომდე ცლის ბოთლს…

სტატისტიკის თანახმად, ქიმიური ნივთიერებებით საყლაპავის დამწვრობა განვითარებულ ქვეყნებში არცთუ ისე ხშირია. როგორც ჩანს, ისეთი სატყუარა, როგორიც ფანტას ან კოკა-კოლას ბოთლში ჩასხმული ტოქსიკური ქიმიური  ნივთიერებებია, აშშ-სა და იაპონიაში იშვიათობაა. შესაძლოა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, სადაც ბავშვები ხშირად იწამლებიან ტოქსიკური სითხეებით, პატარა ონავრებს მშობლები სათანადო ყურადღებას არც კი აქცევენ, თუმცა ესეც საკამათოა: ევროპასა და ამერიკაში მშობლები შვილებს დამოუკიდებლობას ლამის აკვნიდანვე აჩვევენ…

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება

იშვიათად, მაგრამ მაინც, საყლაპავის დამწვრობა წლამდე ასაკის ბავშვებსაც ემართებათ. ამ შემთხვევაში პატარას ცნობისმოყვარეობა, თვითონაც მიხვდებით, არაფერ შუაშია. დამნაშავე მშობელია, რომელიც ექიმის მიერ დანიშნული წამლის ნაცვლად ბავშვს ცხვირში ტოქსიკურ ნივთიერებას, მაგალითად, ნიშადურის სპირტს აწვეთებს. ასე რომ, მშობლებს ვურჩევთ, მედიკამენტის გამოყენებამდე ეტიკეტი გულდასმით წაიკითხონ, ხოლო თუ პატარა უკვე დაბაჯბაჯებს, არც მედიკამენტები და არც სხვა ქიმიური საშუალებები მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას არ დატოვონ.

თუ დეგუსტაცია მაინც შედგა

საყლაპავის დამწვრობა შეიძლება ვიეჭვოთ, თუ ბავშვი ტირის, აღებინებს, ტუჩებზე ქაფი უგროვდება ან უხვად სდის ნერწყვი, მისი გადაყლაპვა კი უჭირს. კიდევ ერთი: დამწვრობიდან რამდენიმე საათის განმავლობაში ბავშვს სხეულის ტემპერატურა, როგორც წესი, მომატებული აქვს. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, მანამდე კი დაათვალიერეთ ოთახი და იპოვეთ ბოთლი, საიდანაც პატარამ სითხე მოსვა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რა და რამდენი დალია ბავშვმა.

ყველაზე მძიმე დამწვრობას კონცენტრირებული მჟავები, მათ შორის ― 70%-იანი ძმრის ესენცია, იწვევს. ეს ნივთიერებები ქსოვილებიდან წყალს ტუმბავს და ლორწოვანი ქსოვილის ზედაპირულ შრეებში ცილების კოაგულაციას განაპირობებს. შესაძლოა, ამ მექანიზმის ცოდნა მშობლებს არაფერში გამოადგეს, მაგრამ ფაქტია, რომ ამგვარი ცვლილებების შედეგად საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, მოგვიანებით კი უხეში დეფექტი ყალიბდება.
არანაკლებ აგრესიულია ტუტე სითხეები, მაგალითად, კაუსტიკური სოდა და ზოგიერთი წებო. ისინი ლორწოვანის გაფაშრებას და ქსოვილის ღრმა ფენების დაზიანებას იწვევს.

საკმაოდ სახიფათოა ზოგიერთი მარილის კრისტალით განპირობებული დამწვრობა. ასე, მაგალითად: კალიუმის პერმანგანატის ერთად შეჯგუფებული (გაუხსნელი) კრისტალები ადგილობრივ დამწვრობას იწვევს, რომელიც დიდ ფართობზე არ ვრცელდება, მაგრამ ძნელი მოსაშუშებელია.

გაითვალისწინეთ: ყველა ტოქსიკური ნივთიერება უგემურია და ბავშვი მის გადმოფურთხებას შეეცდება, მაგრამ სითხის ნაწილი ასეთ შემთხვევაშიც კი ხვდება საყლაპავსა და კუჭში, რაც სავსებით საკმარისია დამწვრობისა და ინტოქსიკაციისთვის (სისხლის მოწამვლისთვის).

პირველი დახმარება

სასურველია, ბავშვს კუჭი ტოქსიკური ნივთიერების დალევისთანავე ამოურეცხოთ, მაგრამ თუ ეს დაუყოვნებლივ ვერ შეძელით, გირჩევთ, უახლოესი ექვსი საათის განმავლობაში მაინც მოახერხოთ.

კუჭის გამორეცხვის ტაქტიკა იმის მიხედვით უნდა შეიმუშაოთ, რა ნივთიერება გადაყლაპა პატარამ. დაიხსომეთ:

  • ძმრის ესენციის დალევის შემთხვევაში კუჭის გამორეცხვა ანადუღარი გაგრილებული წყლით არის საჭირო;
  • თუ დამნაშავე ტუტეა, გამოიყენეთ 0,1%-იანი მარილმჟავა, რომლის შეძენაც ნებისმიერ აფთიაქში შეიძლება;
  • ტექნიკური მჟავების: გოგირდის, აზოტისა და კონცენტრირებული მარილმჟავას გადაყლაპვის შემთხვევაში დაგეხმარებათ საჭმელი სოდის 2-3%-იანი ხსნარი: ერთი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა წყალზე.
  • თუ წყლის ადუღებისთვის დროის დაკარგვა არ გსურთ და არც სხვა გამანეიტრალებელი ნივთიერება გაქვთ ხელთ, შეგიძლიათ, პატარას კუჭი რძით ამოურეცხოთ.

კუჭის ამოსარეცხად ბავშვს იმდენი სითხე დაალევინეთ, რამდენიც კუჭში ჩაეტევა. 6 თვიდან წლამდე ასაკის პატარებისთვის სითხის მისაღები ოდენობა 200 მლ-ია, წლიდან 3 წლამდე ― 300-400 მლ, 4-7 წლის ასაკში – 600-800 მლ, ხოლო 10 წლის შემდეგ ― 1 ლიტრამდე.

მას შემდეგ, რაც ბავშვს სითხეს დაალევინებთ, ღებინება გამოიწვიეთ: ენის ძირზე კოვზის ტარი ან ორი თითი რამდენჯერმე (3-5-ჯერ) დააჭირეთ.
ძმრის ესენციის დალევის შემდეგ ბავშვს კუჭი რამდენიმეჯერ ამოურეცხეთ, ვიდრე პირიდან ძმრის სუნი არ გაუქრება. კუჭის ამორეცხვის შემდეგ დაალევინეთ ერთი ჭიქა კისელი, რძე ან გადააყლაპეთ ორი ცალი უმი კვერცხი. ამ პროდუქტებს შემომგარსველი ეფექტი აქვთ და ლორწოვან გარსს დააამებენ. ტკივილს შეასუსტებს 1 ჩ.კ. ზეთის, ალმაგელის ან ფოსფოლუგელის  მიღებაც.

თუ ბავშვმა კალიუმის პერმანგანატის კრისტალები გადაყლაპა, ასე მოიქეცით: მეოთხედ ჭიქა ადუღებულ წყალში რამდენიმე ტაბლეტი ასკორბინის მჟავა (C ვიტამინი) გახსენით, ხსნარში სუფთა ბამბის ფთილა დაასველეთ და პატარას პირის ღრუ გამოუწმინდეთ, რათა ლორწოვანზე მიკრული კრისტალები მოაცილოთ, შემდეგ კი კუჭი ანადუღარი წყლით ამოურეცხეთ.

საქმეში ექიმი ერთვება

კუჭის ამორეცხვის შემდეგ ბავშვს უთუოდ სპეციალისტის დახმარება დასჭირდება, თუმცა ხშირად ამორეცხვასაც ექიმი აკეთებს. ამის შემდეგ ბავშვი საავადმყოფოში უნდა დააწვინოთ. შინ მის დატოვებას არამც და არამც არ გირჩევთ და აი, რატომ: ტოქსიკური ნივთიერება, გარდა საყლაპავისა, ხშირად ხორხსაც აზიანებს. დამწვრობის შემდეგ კი დაზიანებული ქსოვილები შეშუპებას იწყებს. ამდენად, შესაძლოა, ხორხის შეშუპების გამო პატარას სუნთქვა გაუძნელდეს. გამორიცხული არც ის არის, ტკივილის გამო ბავშვმა საკვების მიღებაზე რამდენიმე ხანს უარი განაცხადოს. ასეთ შემთხვევაში წვეთოვანის დადგმაა საჭირო.

უაღრესად მნიშვნელოვანია, სპეციალისტმა გულდასმით დაათვალიეროს საყლაპავი, კუჭი და თორმეტგოჯა ნაწლავი და განსაზღვროს, როგორი უნდა იყოს მკურნალობის ტაქტიკა, ამის გაკეთება კი მხოლოდ და მხოლოდ ენდოსკოპიური კვლევის საშუალებით არის შესაძლებელი, რომელსაც პატარას სტაციონარში ჩაუტარებენ.

რა მოხდება მერე

ყველაზე რთული პერიოდი საყლაპავის დამწვრობის მიღებიდან პირველი 6-10 დღეა. ერთი კვირის შემდეგ ბავშვი შედარებით უკეთ იგრძნობს თავს: ჭარბი ნერწყვდენა შეწყდება, სხეულის ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდება, ტკივილი დაცხრება და ბავშვს ყლაპვა გაუიოლდება, თუმცა ეს მაშინ, როდესაც დამწვრობა I ხარისხისაა ანუ მსუბუქია. თუ ტოქსიკურმა ნივთიერებამ უფრო ღრმა შრეებში შეაღწია, ვითარდება II და III ხარისხის დამწვრობა, რომლის მკურნალობასაც საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება. ასეთ შემთხვევაში პატარებსა და მათ მშობლებს მოთმინების მოკრება და ლოდინი მოუწევთ.

გააზიარე: