როგორ შევარჩიოთ ჩოფერი

გააზიარე:

ჩოფერი დიასახლისის ფასდაუდებელი დამხმარეა. ეს კომპაქტური მოწყობილობა უამრავ რამეს აკეთებს: ჭრის ხილს და ბოსტნეულს, კეპავს ხორცს, აქუცმაცებს მწვანილს და თხილეულსაც კი, თანაც ძალიან სწრაფად.

თუ ჩოფერის შეძენას აპირებთ, მაგრამ არ იცით, რომელი მოდელი იყიდოთ, შერჩევაში ჩვენ დაგეხმარებით.

პლუსები

  • გვაზოგვინებს დროს.
  • ჭრის, აქუცმაცებს, კეპავს. მისი დახმარებით ადვილად და სწრაფად მოამზადებთ სოუსს, სუპს, ბავშვის საჭმელს.
  • იოლი მოსახმარია.
  • გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე დანა.

მინუსები

  • აქვს შეზღუდული ტევადობა.
  • ხმაურიანია.
  • ძნელი გასაწმენდია.
  • სჭირდება ელექტროენერგია.

ტიპები

ბაზარზე სამი ტიპის ჩოფერს შეხვდებით: ელექტრონულს, მექანიკურს და სამზარეულოს სხვა მოწყობილობასთან კომბინირებულს.

ელექტროჩოფერი

ელექტროჩოფერი ყველაზე პოპულარულია. მოდელების უმრავლესობას რამდენიმე სიჩქარე აქვს. ზოგიერთს სხვადასხვა ტიპის დანებიც მოჰყვება, რაც საშუალებას გვაძლევს, საკვები სხვადასხვანაირად დავჭრათ.

მექანიკური ჩოფერი

ამ ტიპის ჩოფერი, როგორც წესი, უფრო პატარაა და, ბუნებრივია, უფრო სუსტიც, ვიდრე ელექტრონული, რადგან აქ საჭრელ დანებს ხელით ატრიალებ. მაგარი საკვების დაჭრისას ელექტროჩოფერის უპირატესობა აშკარაა, სამაგიეროდ, მექანიკურს არ სჭირდება დენი. კარგი ვარიანტია ერთ– ან ორსულიანი ოჯახისთვის, ასევე მათთვის, ვინც სახლში საჭმელს ხშირად არ ამზადებს.

კომბინირებული

სამზარეულოს კომბაინის ზოგიერთ მოდელს ბევრ სხვასთან ერთად ჩოფერის ფუნქციაც აქვს. კომბინირებული ხელსაწყო ადგილსაც ზოგავს სამზარეულოში და კერძის უფრო სწრაფად მომზადების საშუალებასაც იძლევა. შესაბამისად, ყველაზე ძვირიცაა.

მნიშვნელოვანი კრიტერიუმები

სიმძლავრე

სიმძლავრე გადამწყვეტი ფაქტორია ჩოფერის შერჩევისას, რადგან ის გავლენას ახდენს ხელსაწყოს მუშაობის სისწრაფესა და ეფექტიანობაზე. მაღალი სიმძლავრის მქონე ძრავა უფრო სწრაფად და ხარისხიანად აქუცმაცებს ნებისმიერ საკვებს. სიმძლავრე ძირითადად 200-დან 800 ვატამდე მერყეობს, თუმცა ბაზარზე 1000-ვატიან და უფრო მძლავრ ჩოფერებსაც შეხვდებით. სიმძლავრესთან ერთად ხელსაწყოს ღირებულებაც იზრდება. 300 ვატამდე სიმძლავრის ჩოფერის შეძენას არ გირჩევთ.

ხელსაწყოს შერჩევისას გაითვალისწინეთ, უმეტესად რისთვის გამოიყენებთ მას. მაგალითად, ხახვის, ნივრის, მწვანილის, რბილი ხილისა და ბოსტნეულის დასაჭრელად დაბალი სიმძლავრის ჩოფერიც გამოგადგებათ, თხილეულისა და მაგარი ბოსტნეულის დასაქუცმაცებლად კი უფრო მაღალი სიმძლავრისა დაგჭირდებათ.

მასალა

კონტეინერის მასალაზე დამოკიდებულია ჩოფერის არა მხოლოდ გამძლეობა, არამედ წმენდის ხარისხიც. მას უმთავრესად პლასტმასისგან, მინისგან ან უჟანგავი ფოლადისგან ამზადებენ, იშვიათად – თიხისგან.

პლასტმასისა და მინის კონტეინერებში შიგთავსს თავმოუხდელადაც დაინახავთ. ფოლადისა და კერამიკის კონტეინერებს ეს უპირატესობა არ აქვს.

მინის, კერამიკისა და უჟანგავი ფოლადის კონტეინერები გაცილებით სტაბილურია, ვიდრე პლასტმასის, მაშასადამე, ადვილად არ ირყევა, არ იკაწრება და არ იბზარება მოხმარებისას. სამაგიეროდ, თუ დაგივარდათ, მინა და კერამიკა, დიდი ალბათობით, დაიმსხვრევა, პლასტმასას კი სიმსუბუქის წყალობით გადარჩენის მეტი შანსი აქვს.

პლასტმასა ადვილად იღებს სუნსა და ფერს, ამიტომ შესაძლოა, მალევე დაკარგოს სიხასხასე.

ტევადობა

კონტეინერის ტევადობას, ჩვეულებრივ, ლიტრებში მიუთითებენ. შეხვდებით როგორც ლიტრზე ნაკლები ტევადობის, ისე რამდენიმელიტრიან მოდელებსაც. თუ ოჯახში ბევრნი არ ხართ და საჭმელსაც არც ისე ხშირად აკეთებთ, 500-800-მილილიტრიან ჩოფერზე შეაჩერეთ არჩევანი, რათა ადგილიც პატარა დაიკავოს და არც ძვირი დაგიჯდეთ. ლიტრზე დიდი მოცულობის ჩოფერები კი უკეთესია დიდი ოჯახებისთვის. დიდი კონტეინერი ერთ ჯერზე მეტი საკვების დამუშავების საშუალებას იძლევა, რაც საბოლოოდ დროს გვაზოგავინებს.

დანა

ჩოფერის მუშაობის ეფექტურობა დანებზეა დამოკიდებული. უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული, ხარისხიანი დანა უფრო სწრაფადაც ჭრის და პირიც გვიან უბლაგვდება. შესაბამისად, სამზარეულოში ტრიალიც გაცილებით სასიამოვნოა.

ჩოფერების უმრავლესობას ორი დანა აქვს, მაგრამ არის ოთხდანიანი მოდელებიც. რაც უფრო მეტია დანა, მით უფრო სწრაფად და ხარისხიანად აქუცმაცებს ხელსაწყო საკვებს.

უსაფრთხოების მახასიათებლები

ტრავმების თავიდან ასაცილებლად ყურადღება მიაქციეთ უსაფრთხოების მახასიათებლებს. ესენია:

  • ჩამკეტი – ჩოფერი არ ჩაირთვება, თუ სახურავი სწორად არ აქვს მორგებული;
  • ავტომატური გამორთვა – გადახურების შემთხვევაში მოწყობილობა ავტომატურად გამოირთვება;
  • მოცურების საწინააღმდეგო თათები, რათა ხელსაწყომ მაგიდაზე არ ისრიალოს.

ყინულის მტვრევის ფუნქცია

ზოგიერთ მოდელს ყინულის მტვრევის ფუნქციაც აქვს. თუ კოქტეილების ან ნაყინის მომზადება გიყვართ, ასეთი ჩოფერი ყინულის კუბების დასამსხვრევად ან გაყინული ხილის დასაქუცმაცებლად გამოგადგებათ. ჩოფერში, რომლის აღწერილობაში ეს ფუნქცია მითითებული არ არის, ყინულის დამსხვრევას არ გირჩევთ – დანის პირები ძალიან მალე დაბლაგვდება.

გაწმენდა

ჩოფერი, განსაკუთრებით – პლასტმასისა, გამოყენებისთანავე გარეცხეთ, რათა ხახვის ან ნივრის სუნი არ ჩააკვდეს ან სტაფილოსა და პომიდვრის პიგმენტებმა ფერი არ შეუცვალოს.

ზოგიერთ მოდელს ნაწილები ეხსნება და ადვილად ირეცხება როგორც ხელით, ისე ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც, ოღონდ აღწერილობაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული, რომ შეიძლება ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა.

ჭურჭლის სარეცხ მანქანაში დანის პირების გარეცხვას არ გირჩევთ, თუნდაც მწარმოებელს ეს მითითებული არ ჰქონდეს – მალე დაბლაგვდება.

ზოგი მოდელი სპეციალური საწმენდი ჯაგრისებით არის აღჭურვილი, რაც აადვილებს ძნელად მისადგომი ადგილების გაწმენდას.

კორპუსის ის ნაწილი, რომელშიც ძრავია მოთავსებული, კარგად გაწურული ტილოთი გაწმინდეთ, უჟანგავი ფოლადის კონტეინერი კი – მხოლოდ მისთვის განკუთვნილი საწმენდი საშუალებებით.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: