სარეცხი ბურთები - ფხვნილის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა

გააზიარე:

რეცხვა სარეცხი საშუალებების გარეშე? ალბათ უჩვეულოდ ჟღერს, თუმცა სწორედ ამას გვპირდება ეგრეთ წოდებული სარეცხი ბურთების რეკლამა. მწარმოებლები გვარწმუნებენ, რომ ფხვნილის ეს ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივა ქსოვილს კარგად აშორებს ჭუჭყს, თანაც ყოველგვარი ქიმიური ნაერთის გარეშე ან მხოლოდ მინიმალური ოდენობის (20-40 გ) ფხვნილის გამოყენებით.

ნამდვილად ასეა თუ არა?

მოგიყვებით, როგორ ახერხებენ ამას ფერადი ბურთები, რა ღირსება აქვთ და რა ნაკლი, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მათი შეძენისას და გამოყენებისას.

რა არის

სარეცხ ბურთებს უმთავრესად ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან – თერმოპლასტიკური ელასტომერისგან (TPE) ამზადებენ. ზედაპირი დასვრეტილია, რათა წყალმა ბურთის გულში შეაღწიოს, გულში კი  ბუნებრივი მინერალებისა და მიკროორგანიზმებისგან დამზადებული ე.წ. კერამიკის ბურთულების სხვადასხვა კომბინაციაა ჩალაგებული, ხშირად – მაგნიტის ბურთულებიც.

როგორ რეცხავს

სარეცხი ბურთი ორი მექანიზმით – მექანიკური ხახუნის გზით და უარყოფითად დამუხტული იონების მეშვეობით – მოქმედებს:

* სარეცხ დოლურაში ქსოვილის ზედაპირზე ხახუნის შედეგად ბურთი ტანსაცმელს ჭუჭყსა და ლაქებს აცლის.

* კერამიკის ბურთების წყალთან კონტაქტისას კი უარყოფითად დამუხტული იონები გამოიყოფა და იმატებს წყლის PH. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალი  ტუტოვანი ხდება, მცირდება მისი ზედაპირული დაჭიმულობა და ქსოვილი უკეთ სველდება, რაც ჭუჭყისა და ლაქების (ცილების, ცხიმების) მოცილებას აადვილებს.

* იმატებს წყალში ჟანგბადის შემცველობა.

* იშლება ეგრეთ წოდებული წყლის კლასტერები (მოლეკულების ჯგუფები). წყლის მოლეკულები არსებობენ კლასტერებად და არა ცალკეულ მოლეკულებად. მაგალითად, ონკანის წყლის კლასტერში 10-14 მოლეკულაა გაერთიანებული. სარეცხ ბურთებში გამოყენებული ტექნოლოგიის წყალობით კი ეს დიდი კლასტერები მცირე ზომის, 5-6-მოლეკულიან კლასტერებად იშლება,  რაც წყლის გამტარობას ზრდის და გამწმენდ თვისებას აუმჯობესებს. შედეგად წყალი უკეთ შეიწოვება ქსოვილის ფორებში და ჭუჭყს გამოდევნის.

*კერამიკის ბურთულებს ანტიბაქტერიული მოქმედებაც აქვს, ასე რომ, სარეცხი 30 გრადუს ტემპერატურაზეც კი სუფთავდება ბაქტერიებისგან. იმავდროულად, აქრობს ყოველგვარ უსიამოვნო სუნს, მათ შორის – ოფლისასაც.

ღირსებები და ნაკლოვანებები

ეკოლოგიურად სუფთაა: ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებები შეიცავს ტენზიდებს – ზედაპირულად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც გარემოს დიდ ზიანს აყენებენ. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა სარეცხი საშუალებების შემადგენლობაში შემავალი დამარბილებელი და სურნელოვანი ნივთიერებები, რომლებიც ძნელად იშლება. სარეცხ ბურთებში კი არცერთი მათგანი არ არის. ასე რომ, მათი გამოყენების შემთხვევაში წყალშიც ნაკლები ქიმიური ნივთიერება მოხვდება და გარემოც გადაურჩება ზედმეტ დაბინძურებას.

ენერგიის დამზოგველია: ვინაიდან სარეცხი ბურთები დაბალ ტემპერატურაზეც კარგად ართმევენ თავს საქმეს, წყლის გასათბობად ნაკლები ენერგია იხარჯება. იზოგება, ერთი მხრივ, ენერგომატარებლები, მეორე მხრივ, ფული. რაკი დაზოგვა ვახსენეთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ ისიც, რომ ერთი ბურთი რეცხვის 500-დან 1500-მდე ციკლს უძლებს. სარეცხი საშუალების მოხმარება 3\4-მდე იკლებს და აღარც ქსოვილის ძვირად ღირებული  დამარბილებლები გვჭირდება.

ნაკლებალერგიულია: სარეცხი ბურთები არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ამიტომ იდეალურია ალერგიისადმი მიდრეკილი ადამიანებისთვის, ასევე – ბავშვებისთვის, რომლებსაც, როგორც წესი, დიდებზე მგრძნობიარე კანი აქვთ.

* სარეცხი ბურთები იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, მაგრამ შესაძლოა, ვერ მოერიოს მეტისმეტად დაბინძურებულ სარეცხს.

* ბურთებით გარეცხილი სარეცხი არ არის სურნელოვანი, მას ნეიტრალური სუნი აქვს.

* ვინაიდან ბურთები არ შეიცავს გამაუფერულებელ ნივთიერებებს, თეთრი ტანსაცმელი დროთა განმავლობაში შესაძლოა ნაცრისფერი გახდეს.

* სარეცხი ბურთები არც  წყლის დამარბილებელ საშუალებებს შეიცავს, რომლებიც  ანეიტრალებენ წყალში შემავალ მარილებს, რათა სარეცხი მანქანა არ დაზიანდეს. ასე რომ, ბურთების გამოყენების შემთხვევაში სარეცხი მანქანის რეგულარული წმენდა მოგიწევთ.

როგორ გამოვიყენოთ

სარეცხი ბურთი ძალიან მარტივი მოსახმარია: უბრალოდ ჩადეთ სარეცხ დოლურაში სარეცხთან ერთად. საკმაო ადგილი რომ ჰქონდეს სამოძრაოდ, დოლურას მეტისმეტად ნუ გაადაავსებთ, შეავსეთ მხოლოდ 3`4-ზე.

ძლიერ დაბინძურებული სარეცხი წინასწარ ჩაალბეთ სარეცხის საპონში, დაამუშავეთ ლაქების ამომყვანით ან რეცხვისას მინიმალური ოდენობის სარეცხი საშუალება დაამატეთ. რაც შეეხება თეთრ ტანსაცმელს, შეგიძლიათ, დაამატოთ ცოტაოდენი გამაუფერებელი საშუალება.

ერთდროულად რამდენიმე ბურთიც გამოყენებაც შეიძლება. მაგალითად, თუ ერთი ბურთი 5 კგ სარეცხზეა გათვლილი, 6-8-კილოგრამიან მანქანაში ორი ჩადეთ.

როგორ მოვუაროთ

ბურთებმა რომ იმოქმედოს, საკმარისია 30-60 გრადუსი ტემპერატურის წყალი, თუმცა ზოგიერთი ექსპერტი გვირჩევს, არ გამოვიყენოთ ბურთები 40 გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე. ეს ბურთს მნიშვნელოვნად გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს.

ბურთის გულში ჩალაგებული კერამიკული ბურთულები რომ არ შეწებდეს, სარეცხი ბურთი ყოველი გარეცხვის შემდეგ კარგად გააშრეთ.  გარდა ამისა, თვეში ერთხელ რამდენიმე საათით დადეთ მცხუნვარე მზეზე. ეს ყველაფერი ინსტრუქციაში წერია, ამიტომ გულდასმით წაიკითხეთ და მწარმოებლის მითითებებს მიჰყევით.

წესით, ბურთმა დაახლოებით 500-1000 რეცხვას უნდა გაუძლოს, თუმცა შედარებით იაფფასიანი ბურთები 300-400 რეცხვის შემდეგ ძალას კარგავს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება მწარმოებლის ანოტაციას.

თუ შერხევისას ბურთი აღარ ჩხარუნობს, ესე იგი კერამიკული ბურთულები გამოილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი უნდა შეიძინოთ.

მეცნიერული მტკიცებულებები

სარეცხ ბურთებს კრიტიკოსებიც ჰყავს, ამიტომ ბონის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ სარეცხი ბურთები ლაქებს ჩვეულებრივ წყალზე უკეთესად უკეთ ვერ აშორებს, მაგრამ აძლიერებს ფხვნილის მოქმედებას, ამიტომ ბურთებთან ერთად ლაქების მოსაცილებლად საკმარისია ფხვნილის რეკომენდებული რაოდენობის 20-30%.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: