კოლაგენი თქვენი სილამაზისთვის

გააზიარე:

Kolla ბერძნული სიტყვაა და წებოს ნიშნავს. სწორედ მისგან მომდინარეობს კოლაგენის სახელწოდება. კოლაგენი ადამიანის ცილაა, რომელიც ყველაზე სხვა ცილაზე მეტია კანში, კუნთებში, მყესებსა და ძვლებში და სწორედ იმ “წებოს” წარმოადგენს, რომელიც სხეულის ამ ნაწილების ურთიერთკავშირს უზრუნველყოფს.

ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმი ანელებს კოლაგენის გამომუშავებას. შედეგად კანს ელასტიკურობა აკლდება და ნაოჭდება, საგრძნობლად სუსტდება ძვალსახსროვანი სისტემა. ამ ცვლილებების თავიდან ასაცილებლად ბევრი კოლაგენს დანამატის სახით იღებს.

ჯერჯერობით დაუდგენელია, ნამდვილად ეხმარება თუ არა ეს დანამატები ორგანიზმს, გამოიმუშაოს იმდენი კოლაგენი, რომ თვალსაჩინო შედეგი მივიღოთ. მეორე მხრივ, გრძელვადიანი რანდომიზებული საკონტროლო კვლევები მხარს უჭერს კოლაგენის დანამატების გამოყენებას.

სად ვიპოვოთ

კოლაგენი გამოდის საკვებდანამატების სახით, შედის სახის კანის მოვლის საშუალებების, შამპუნებისა და ტანის საცხების შემადგენლობაში.

ესთეტიკური მედიცინა კოლაგენის კანქვეშა ინექციებს იყენებს – შპრიცით შეყვანა მის სწრაფ და ეფექტურ შეწოვას უზრუნველყოფს. ამ სახით გამოყენებული კოლაგენი აკნეს შემდგომი ნაწიბურების შემცირებასაც უწყობს ხელს.

კოლაგენი ადამიანის სხეულის პროტეინების 30%-ს შეადგენს. ის აუცილებელია კანის სიმკვრივისა და სიჯანსაღისთვის. მისი ნაკლებობაც, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანზე აისახება. არანაკლებ მნიშვნელოვანია კოლაგენი თმის, სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობისთვისაც.

კოლაგენი ხელს უწყობს კრეატინის სინთეზს და ასტიმულირებს კუნთების ზრდას ვარჯიშის შემდეგ.

ბუნებრივი კოლაგენის წარმოება, ისევე როგორც სხეულის მრავალი სხვა ფუნქცია, როგორც უკვე ვთქვით, დროთა განმავლობაში ნელდება და სხეული პრიორიტეტების მიხედვით იწყებს მის გამოყენებას. არსებული მარაგი უმთავრესად ძვლების, კუნთებისა და სახსრების ჯანმრთელობისთვის იხარჯება, ხოლო კანისა და თმისთვის ორგანიზმს კოლაგენი აღარ ჰყოფნის.

კოლაგენის კლებას ვერ შევაჩერებთ, მაგრამ შეგვიძლია, შევანელოთ. ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა C ვიტამინის შემცველი შრატისა და SPF ფილტრის შემცველი კრემის ყოველდღიური გამოყენება და მაღალცილოვანი საკვების მიღება.

კიდევ ერთი გზაა კოლაგენის მიღება დანამატების სახით, მაგრამ ამას თვითნებურად ნუ გააკეთებთ. წინასწარ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. ის შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას და გადაწყვეტს, რამდენად უსაფრთხოა თქვენთვის ესა თუ ის დანამატი.

რომელი კოლაგენი ჯობია?

იდენტიფიცირებულია კოლაგენის ოცდაცხრა ტიპი, მაგრამ ადამიანის ორგანიზმში არსებული ცილის უდიდესი ნაწილი პირველი, მეორე ან მესამე ტიპისაა. კოლაგენის პირველი ტიპი ყველაზე გავრცელებულია და უმთავრესად კანის ელასტიკურობასა და სიმტკიცეზე აგებს პასუხს. მეორე ტიპის კოლაგენი უმთავრესად ხრტილშია თავმოყრილი, ხოლო მესამე ტიპისა – კანში, სისხლძარღვებსა და შინაგან ორგანოებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ თქვენი საზრუნავი კანის სიმტკიცის შენარჩუნებაა, უპირატესობა მიანიჭეთ პირველი და მესამე ტიპის კოლაგენით მდიდარ დანამატებს.

საიდან მოდის კოლაგენი კოლაგენის დანამატებში?

კოლაგენს სხვადასხვა წყარო აქვს. ყველაზე გავრცელებულია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისგან მიღებული ცილა. ის პირველი და მესამე ტიპისაა და თმის, კანისა და ფრჩხილების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. თევზისგან მიღებული დანამატები, რომლებიც უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ძირითადად პირველი ტიპის კოლაგენს შეიცავს.

კოლაგენის დანამატების უმეტესობა გადის ჰიდროლიზაციის პროცესს, რაც ნიშნავს, რომ პეპტიდებად არის დაშლილი, რათა სხეულმა უფრო ადვილად აითვისოს და გამოიყენოს.

ფხვნილი თუ აბები?

კოლაგენის დანამატები ხელმისაწვდომია ფხვნილის, აბებისა და სითხის სახით. არჩევანი უფრო ცხოვრების წესზეა დამოკიდებული, რადგან ეფექტიანობის თვალსაზრისით მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.

თუ კერძებისა და კოქტეილების მომზადება არ გიყვართ, თქვენთვის ყველაზე მოხერხებული აბები იქნება, სხვა შემთხვევაში კი ფხვნილს გირჩევთ, რომელსაც დაამატებთ სმუზის, წვენს, სალათას თუ სხვა საყვარელ საკვებს.

შეიძლება თუ არა კოლაგენის დანამატების ყოველდღე მიღება?

სასურველია, ყოველდღე მიიღოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გადააჭარბოთ პაკეტზე მითითებულ დოზას. საშუალოდ, რეკომენდებულია 2,5-5 გრამი დღეში.

რა თანამოვლენები შეიძლება გამოიწვიოს კოლაგენის დანამატებმა?

საზოგადოდ, კოლაგენის დანამატები ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, მაგრამ შესაძლოა, ცალკეულ ადამიანებთან თანმხლები მოვლენები გამოიწვიოს. ჯანმრთელობის უკვე არსებული პრობლემის გამო სპეციალისტმა შესაძლოა არ გირჩიოთ მათი მიღება. თუ მათი მიღებით გამოწვეული ზიანი სარგებელზე დიდი იქნება, რასაკვირველია, მათი მოხმარება არ ღირს.

აქვე ისიც უნდა გითხრათ, რომ მოთმინების მოკრება მოგიწევთ – რეგულარულად და შესაბამისი დოზებით მიღების შემთხვევაშიც კი დაახლოებით რვა კვირაა საჭირო, რომ დაინახოთ განსხვავება თქვენი კანის სტრუქტურაში კოლაგენის მიღებამდე და მიღების შემდეგ.

კოლაგენით მდიდარი საკვები, რომელიც კოლაგენის მარაგის ბუნებრივი გზით შევსებაში დაგეხმარებათ:

* ძროხის ძვლის ბულიონი;

* ღორის ძვლის ბულიონი;

* კანიანი ქათმის ხორცი

* სარდინები;

* ჟელატინიანი საღეჭი კანფეტები (Gummy Candy);

* კენკრა.

ფორთოხალი, წითელი წიწაკა, კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ბროკოლი, მარწყვი, ციტრუსები (ფორთოხალი, ლიმონი, ლაიმი და გრეიპფრუტი) მდიდარია C ვიტამინით და ორგანიზმშიმათი მიღებაც ხელს უწყობს ორგანიზმში ჰიალურონის მჟავასა და კოლაგენის დონის ამაღლებას.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: