როგორ ვებრძოლოთ ობის სოკოს

გააზიარე:

ობის სოკო, თუ შესაფერის გარემოს შევუქმნით, ყველგან შეიძლება გაჩნდეს. დაობებული კედლები უსიამოვნო სანახავია, მაგრამ ამაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ ობის უხილავი სპორები საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას.

ობთან ბრძოლას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა მისი გაჩენის მიზეზები ცნობილი და აღმოფხვრილია.

როგორ მოვიქცეთ, თუ ზედაპირზე ობი შევამჩნიეთ, რა გზით ვებრძოლოთ მას? ამ კითხვებზე პასუხს ქვემოთ იპოვით.

რამდენად საშიშია

ობის სოკო ბუნებაში ყველგან არის. მაგალითად, ნიადაგში, სადაც ის ხელს უწყობს მკვდარი ცხოველებისა და მცენარეების ორგანული ნარჩენების დაშლას, საკვებში – საყოველთაოდ ცნობილ ლურჯ ყველში... ობის სოკოს ზოგიერთი სახეობა უვნებელია ჯანმრთელი ადამიანისთვის, ზოგიერთი კი, მაგალითად, Aspergillus Niger-ი და Alternaria Alternata, ნამდვილად საშიშია. მათი მიკოტოქსინები ჰაერშია გაფანტული და თუ დიდხანს და მაღალი კონცენტრაციით ჩავისუნთქავთ, აუცილებლად გვავნებს. ყველაზე ხშირად ობის სოკო ალერგიულ რეაქციას იწვევს, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს სურდოთი, ხველით, ასთმით, თვალებისა და კანის გაღიზიანებით. მიკოტოქსინების როგორ კონცენტრაციას შეუძლია ალერგიული რაექციის გამოწვევა, უცნობია, ამიტომ შესაბამისი ზომები ობის შემჩნევისთანავე უნდა მივიღოთ.

როგორ ჩნდება

თუ კედლებზე, ჭერზე ან იატაკზე შავი, მწვანე ან მოწითალო ლაქები შეამჩნიეთ, იცოდეთ, რომ ეს ობის პირველი ნიშნებია და იმაზე მეტყველებს, რომ ოთახში ბევრი ტენია. ცივი ზედაპირი და ჭარბი ტენი – ეს ის ორი პირობაა, რომლებიც ხელს უწყობს ობის გაჩენას. საკმარისია, ოთახში ფარდობითმა ტენიანობამ 60 პროცენტს გადააჭარბოს და ეს 3-4 დღე გაგრძელდეს, რომ ობის სოკო მაშინვე ბუდეს მოიწყობს.

რა იწვევს მაღალ ტენიანობას?

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს:

* ყოველდღიურად რამდენიმე ლიტრ წყალს მოვიხმართ, რომელიც ორთქლდება, ორთქლს კი ჰაერი შთანთქავს. როცა ის ცივ ზედაპირზე, მაგალითად, ფანჯრის მინაზე ხვდება, ისევ წყლად იქცევა.

* დაბზარული კედლებიდან ან ჭერიდან, კარ-ფანჯრების ღრიჭოებიდან ან დაზიანებული წყალგაყვანილობის მილიდან წყალი ჟონავს.

ვებრძვით მიზეზს

ობის გასაქრობად, როგორც გითხარით, უპირველეს ყოვლისა, მისი გაჩენის მიზეზს უნდა მივაგნოთ. ობის საწინააღმდეგო საშუალებები მხოლოდ მოკლე ხნით მოქმედებს და მხოლოდ ზედაპირულად, ამიტომ, თუ მიზეზს არ ვებრძოლეთ, ობი რამდენიმე კვირაში ისევ გაჩნდება.

როგორ მოვიქცეთ?

* უპირველეს ყოვლისა, ღრიჭოები უნდა ამოქოლოთ, ბზარები უნდა ამოავსოთ, რომ წყალმა სახლში ვეღარ შემოჟონოს. არ გირჩევთ ობის საწინააღმდეგო საღებავების გამოყენებას, რადგან ისინი ფუნგიციდებითა და ბიოციდებით დააბინძურებენ ჰაერს და ობის გავრცელებასაც მცირე ხნით თუ შეაჩერებენ.

* ობის ყველაზე დიდი მტერი მშრალი ჰაერია. რეგულარულად გაანიავეთ სახლი, აკონტროლეთ კედლების, იატაკის, ფანჯრების სიმშრალე, განსაკუთრებით – ზამთარში. სწორი განიავებისას 20 კვადრატული მეტრიდან დაახლოებით ნახევარ ლიტრამდე წყალი ქრება, რადგან ტენით გაჟღენთილი თბილი ჰაერი გარეთ გადის, მშრალი ჰაერი კი სახლში შემოდის.

რას ნიშნავს სწორი განიავება?

* ფანჯარა ფართოდ გამოაღეთ. უმჯობესია, ორპირი მოაწყოთ, თანაც არანაკლებ 5 წუთის განმავლობაში. იმის მიხედვით, როგორი ამინდია, გაანიავეთ სახლი ორ საათში ერთხელ ან დღეში 3-4-ჯერ, ზამთარში – 5-10 წუთით (ზედმეტი არ მოგივიდეთ, თორემ შესაძლოა, პირიქით, ხელი შეუწყოთ კონდენსატის წარმოქმნას), გაზაფხულსა და შემოდგომაზე კი 12-15 წუთით. არ დაგავიწყდეთ სახლის განიავება კერძის მომზადებისა და აბაზანის მიღების შემდეგ.

* ეცადეთ, ოთახებში ოპტიმალური – 40-60 პროცენტამდე – ფარდობითი ტენიანობა შეინარჩუნოთ. უფრო მაღალი ტენიანობის შემთხვევაში უკვე შესაბამისი ზომები უნდა მიიღოთ. ფარდობითი ტენიანობის გაზომვა შესაძლებელია სპეციალური ხელსაწყოთი – ჰიგრომეტრით.

* კედელს, განსაკუთრებით – გარეთ გამავალს, მჭიდროდ ნუ მიადგამთ ავეჯს, ჰაერის ცირკულაცია რომ არ დაირღვეს. თუ ავეჯს სხვა ადგილი ვერ უპოვეთ, კედელს 8-10 სმ-ით დააშორეთ, ჰაერმა რომ იმოძრაოს.

* ეცადეთ, მთელი სახლი თანაბრად გაათბოთ. ნუ გამორთავთ გამათბობელს გამოკეტილ ოთახში, თორემ  თუ კარი ღია დაგრჩათ, შესაძლოა, ოთახში შესულმა თბილმა ჰაერმა კონდენსატი წარმოქმნას. ეცადეთ, სახლში ტემპერატურა 15-18 გრადუსს არ ჩამოსცდეს. სითბო კარგად რომ განაწილდეს, ნუ დადგამთ გამათბობლის წინ ავეჯს და ნუ გამოიყენებთ მას სარეცხის გასაშრობად. საერთოდ ნუ გააშრობთ სახლში სარეცხს.

* სააბაზანოში ხშირად არის სისველე. შეაშრეთ შეძლებისდაგვარად, მით უმეტეს, თუ მას ფანჯარა არ აქვს.

* თუ სარდაფი გაქვთ, ზაფხულში მხოლოდ ღამღამობით გაანიავეთ. დღისით, როცა გარეთ ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე სარდაფში, თბილ ჰაერთან ერთად სათავსში ტენიც შემოვა, რაც ობის გაჩენის წინაპირობაა.

* ახალაშენებული შენობის კედლების კარგად გაშრობას შესაძლოა რამდენიმე წელიც კი დასჭირდეს, ამიტომ თუ ახალაშენებულ სახლში შესახლდით, განსაკუთრებით ხშირად გაანიავეთ.

ობის საწინააღმდეგო საშუალებები

ობს ქიმიური საშუალებებით ებრძვიან, რომლებსაც სამშენებლო მასალების მაღაზიაში შეიძენთ. მათი უმრავლესობის საბაზისო ნივთიერება ბენზალკონიუმის ქლორიდია. ეს ძლიერი სადეზინფექციო საშუალებაა, რომელსაც შეუძლია, კანი გააღიზიანოს და ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ქლორს ბევრი იცნობს. მას აქტიურად იყენებენ ობის მოსაცილებლად, თუმცა მასთანაც დიდი სიფრთხილეა საჭირო. არსებობს ობის საწინააღმდეგო შედარებით მსუბუქი საშუალებებიც, მაგალითად, მაღალკონცენტრირებული იზოპროპილის სპირტი, 80-პროცენტიანი ეთინოლი, 3-4-პროცენტიანი ძმრის ესენცია, 5-10-პროცენტიანი წყალბადის ზეჟანგი, 5-პროცენტიანი სოდის ხსნარი, ასევე – სპირტის შემცველი ნებისმიერი სადეზინფექციო საშუალება. მთავარია, ამ ხსნარებით დამუშავების შემდეგ ოთახი კარგად გაანიავოთ.

როგორ მოვაშოროთ

ობი ყველაზე ხშირად შპალერის ქვეშ ჩნდება, ამიტომ შესაძლოა, მაშინვე ვერც კი შეამჩნიოთ. თუმცა ობის სოკო შესაძლოა ავეჯზე, ხალიჩაზე, ფარდებზეც გამრავლდეს. თუ ობს მალევე აღმოაჩენთ, ხელისგულისოდენა ლაქას თავადაც გაუმკლავდებით, მაგრამ თუ ობი ძველია და დიდ ფართობსაა მოდებული, გირჩევთ, სპეციალისტს მიმართოთ. ობის სპორებს არც უნდა შეეხოთ, არც ჩაისუნთქოთ და თვალშიც არ უნდა ჩაგივარდეთ, ამიტომ ვიდრე მის მოცილებას დაიწყებთ, ხელთათმანებით, პირბადითა და სათვალით აღიჭურვეთ.

ობმოდებული ადგილი ჯერ თბილი წყლით დაალბეთ, მერე უხეში ჯაგრისით ან ღრუბლით კარგად გახეხეთ. უხვად მოუსვით გამწმენდი საშუალება და 15 წუთი გააჩერეთ, რომ იმოქმედოს, მერე ისევ ჯაგრისით ან ღრუბლით გახეხეთ, ობის საწინააღმდეგო საშუალებამ სიღრმეშიც რომ შეაღწიოს და სპორები გაანადგუროს. ბოლოს სუფთა წყლით მოწმინდეთ. დამუშავებული ადგილი კარგად უნდა გააშროთ. ბავშვებმა, ორსულებმა და სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებმა ეს საქმე საკუთარ თავზე არ აიღონ.

თუ ობი ისეთ ზედაპირსაა მოდებული, რომელსაც შეწოვის უნარი აქვს, მაგალითად, ხალიჩაზე, ტექსტილზე ან ხის ავეჯზე, უმჯობესია, გადააგდოთ.

თუ უახლოეს მომავალში ობის მოსაცილებლად ვერ მოიცლით, დაობებულ ადგილებს თმის ლაქი დაასხით – სპორები ცოტა ხნით ჩაკაფსულდება და აღარ გავრცელდება.

ამ პროცედურების ჩატარება ხშირად რომ არ მოგიწიოთ, ნუ შეუქმნით ობის სოკოს ხელსაყრელ პირობებს.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: