ეკატერინე ქარჩავა: ხატვა გრძნობების ლაბირინთში მოგზაურობაა

გააზიარე:

მხატვარი, ილუსტრატორი, ტანსაცმლისა და რეკლამის დიზაინერი ეკატერინე ქარჩავა თანამედროვე ხელოვანია. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში, იფინება ევროპის, იაპონიის, მექსიკის, ინდოეთის ქალაქებში.

ეკატერინე საბავშვო პოეტიც გახლავთ, ლექსების კრებულ "პატარების დიდი სამყაროს” ავტორი. 2022 წელს საქართველოს მწერალთა შემოქმედებითმა კავშირმა ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის "თამარიონის ენდალმით" დააჯილდოვა. არის გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის ნომინანტიც.

ეკა თავის შემოქმედებით გზაზე, დაბრკოლებებსა და გამარჯვებებზე გვესაუბრა.

ცხოვრებისეული ესკიზები

ეკატერინე ქარჩავა სოხუმში დაიბადა, თუმცა სულ პატარა იყო, ომის გამო მშობლიური ქალაქის დატოვება რომ მოუწია. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი თბილისში დასახლდა.

მუსიკა, ქორეოგრაფია, თეატრი ბავშვობიდან იზიდავდა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც მხატვრობაზე შეაჩერა:

– ხატვა ერთგვარი მედიტაციაცაა, მოგზაურობ გრძნობების ლაბირინთში. სასიამოვნოა ნახატთან ფუნჯით ხელში დიალოგი, როცა ტილო ჩემი გულის მელოდიას გრძნობს და ჩემი მესაიდუმლე ხდება. მე მას ყველაზე ფაქიზ ემოციებს ვანდობ.

თბილისის ნიჭიერთა სამხატვრო ათწლედში ჯერ ფერწერა შეისწავლა, მერე მოდა-დიზაინის მიმართულებითაც სცადა ბედი და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯი დაამთავრა. მისი პირველი პერსონალური ჩვენებაც აქ გაიმართა – ბავშვთა ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა. თბილისის ა. ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გრაფიკა შეისწავლა. წარჩინებული სტუდენტი პრეზიდენტის სტიპენდიანტიც არაერთხელ გამხდარა. სამაგისტრო პროგრამა კი სარეკლამო დიზაინის სპეციალობით გაიარა. ყველგან მოსინჯა ძალა და ყველგან წარმატებას, აღიარებას მიაღწია. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, მწერალთა, ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა საერთაშორისო აკადემია “გულანის”, ასევე – საქართველოსა და აფხაზეთის მხატვართა კავშირის წევრი (ამ ორგანიზაციამ ორჯერ გადასცა პრემია როგორც წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრის ავტორს).

წელს აკადემია “გვირილამ” და ასოციაცია “საქართველოს ქალბატონებმა” სპეციალური დიპლომებით დააჯილდოეს.

ქმნის კოსტიუმების დიზაინს მოზარდ მაყურებელთა თეატრისთვის, თანამშრომლობს ჟურნალ-გაზეთებთან როგორც მხატვარ-ილუსტრატორი და პოეტი.

შტრიხები ავტოპორტრეტისთვის

– არ ვაღიარებ ჩარჩოებს და მიყვარს ექსპერიმენტები. ხატვისას ყოველგვარ მასალას ვიყენებ. კალამი, ფანქარი, ნახშირი, პასტელი, სანგინა უფრო ჩემეულია, რადგან გრაფიკოსი ვარ. ფერწერულ ტილოებში აკრილის საღებავებს ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა შერეული ტექნიკაც მიყვარს. ფერებს სიმსუბუქის შეგრძნება მოაქვს, ხოლო გრაფიკული ნამუშევარი ემოციების კარგი მთხრობელია.

სახელოვნებო სფერო მიმზიდველი და ფერადია, ამ გზაზე ბევრია მარცხიც და წარმატებაც, მაგრამ ყოველი დაბრკოლება მასწავლებლად გავიხადე. აქტიური და ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, არ ვაკლდებოდი საუნივერსიტეტო თუ საერთაშორისო პროექტებს, გამოფენებს, ბიენალეებს, კონფერენციებს თუ დეფილეებს. წარმატება დიდწილად ხელოვანის აქტიურობაზეა დამოკიდებული. ხშირი გამოფენები ცნობადობას ზრდის. იღბალსაც დიდი წვლილი აქვს წარმატებაში, თუმცა ის უმთავრესად მაინც დაუღალავი შრომის წყალობით მოდის.

ოჯახი

– მყავს მეუღლე და სამი ვაჟი: ანდრია, ნიკოლოზი და დავითი. ვცდილობ, გამოფენებსა და სხვა კულტურულ ღონისძიებებზე ბავშვები ჩემს გვერდით იყვნენ. ანდრიას განსაკუთრებით მოსწონს საზოგადოებაში ყოფნა და კომპლიმენტებიც. ის ჩემი დიდი გულშემატკივარია.

ეკატერინეს ყოველი დილა ფინჯანი ყავით და ბიჭუნების მოღიმარი სახეებით იწყება. საღამოს კი, როცა დაღლილ პატარებს დააძინებს, საკუთარ თავთან მარტო რჩება და საყვარელ საქმეს უბრუნდება – იღებს ფუნჯს, პალიტრას და ხატვას იწყებს.

– დედაც ვარ და, იმავდროულად, ხელოვანიც. ეს ორი სტატუსი ერთად ღვთის საჩუქარია, რომელსაც ძალიან ვაფასებ. მჯერა, რომ ამქვეყნად შემთხვევით არაფერი ხდება და სადღაც იქ, ზემოთ იწერება ადამიანის ბედ-იღბალი. რადგან უფალმა ეს ორი დიდი ბედნიერება ერთად მარგუნა, ვცდილობ, არცერთს არ მოვაკლო ხელი. დედა და მეუღლე რომ არ მედგნენ მხარში, მუდმივად სტიმულს რომ არ მაძლევდნენ და არ მეხმარებოდნენ, ალბათ ყველაფერს ვერც გავწვდებოდი. მათი დამსახურებით ყოველდღიურ რუტინაშიც ვპოულობ დროს, რომ პატარ-პატარა ესკიზები, ჩანახატები ვაკეთო, რომლებსაც საბოლოოდ მასშტაბურ სახეს ვაძლევ და დასრულებულ ტილოს ვქმნი.

კრედო

– მიყვარს უანგარო ადამიანები. ყველაზე მეტად სიკეთეზე მიჩუყდება გული. მინდა, შვილებს ვასწავლო, რომ სიკეთის კეთება, პირველ რიგში, შენვე გახარებს და გაბედნიერებს. 

სამომავლოდ

– გეგმა უამრავი მაქვს. ახლა საბავშვო ლექსების ილუსტრირებულ კრებულზე ვმუშაობ. ეს უკვე მეორე გამოცემა იქნება. ძალიან მიხარია, რომ ბავშვებს მოსწონთ ჩემი შემოქმედება, კითხულობენ საბავშვო ზეიმებზე, კითხვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, ვიდეოჩანაწერებს და ლექსების მოტივებზე შექმნილ ნახატებსაც მიგზავნიან. მათი ეს გულწრფელი ემოციები უფრო მეტ სტიმულს მაძლევს, შევქმნა, დავწერო, დავხატო და თავადაც როგორც ხელოვანი მუდმივად გავიზარდო.

თამარ ციბალაშვილი

გააზიარე: