ლაქის მოსაცილებელი — რა უნდა ვიცოდეთ

გააზიარე:

ლაქის მოსაცილებელი სითხის გარეშე ქალის ცხოვრება წარმოუდგენელია. ასე რომ, რა მავნე ნივთიერებებსაც უნდა შეიცავდეს, მასზე უარს ვერ ვიტყვით.

თუმცა ბაზარზე დღეს ლაქის მოსაცილებელი საშუალებების ფართო არჩევანია: არის აცეტონიანი სითხეებიც, უაცეტონოც და ისეთიც, რომელიც მთლიანად ბუნებრივი კომპონენტებისგან შედგება.

რომელი ჯობია და რატომ?

მოკლედ:

აცეტონის შემცველი სითხე — აცილებს სწრაფად და საუკეთესოა გლითერებიანი, სქელი და ჯიუტი ლაქისთვის.

უაცეტონო სითხე — აცილებს ნაზად, მაგრამ მეტი დრო სჭირდება.

ბუნებრივი საშუალებები — წესისამებრ, არ შეიცავს ქიმიკატებს, მაგრამ ასეთი სითხით ლაქის მოსაცილებლად ფრჩხილი დიდხანს უნდა იხეხოთ, რამაც შესაძლოა ფრჩხილის ფირფიტა დააზიანოს.

აცეტონიანი თუ უაცეტონო

ლაქის მოსაცილებელი ყველა ქიმიური საშუალებება შეიცავს გამხსნელს – წესისამებრ, ეთილის აცეტატს, ბუტილის აცეტატს, დიმეთილ გლუტარატს, გლიკოლს, იზოპროპანოლს, ზოგჯერ უკეთესი ეფექტისთვის აცეტონსაც ამატებს.

აცეტონი გამჭვირვალე, მკვეთრსუნიანი, ძლიერ აალებადი სითხეა. მას პლასტმასის დაშლაც კი შეუძლია – რა გასაკვირია, რომ ლაქს სწრაფად აცილებს. ხელოვნურ ფრჩხილებზე მისი წასმა არ შეიძლება – წებოვანას დაშლის და ფრჩხილებიც მალე აძვრება. მათთვის უაცეტონო საშუალებების გამოყენებაა რეკომენდებული.

ლაქის მოსაცილებელი ზოგიერთი საშუალება გამხსნელის უსიამოვნო სუნის შესანიღბავად შეიცავს სურნელოვან ნივთიერებებს, რომლებსაც ასევე შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა, ხოლო ფრჩხილების დასაცავად – ეთერზეთებს.

რას აშავებს

აცეტონი ტოქსიკურია, ჩასუნთქვისას შეუძლია სასუნთქი სისტემა გააღიზიანოს და თავბრუხვევა გამოიწვიოს. კანზე მისი მოხვედრა ასეთი საშიში არ არის, მაგრამ კანი შრება, მისი დამცავი ბარიერი ირღვევა და პათოგენები – სოკოები და ბაქტერიები – ადვილად იჭრებიან კანში.

სასუნთქ გზებს ეთილის აცეტატიც აღიზიანებს, ფრჩხილების გამოშრობა კი ჭარბი მოხმარებისას ნებისმიერ გამხსნელს შეუძლია. ჯერჯერობით არცერთ კვლევას არ დაუდასტურებია, რომ აცეტონიანი საშუალებები უფრო მეტად აშრობს ფრჩხილებს, ვიდრე უაცეტონო.

მავნეა თუ არა

ლაქის მოსაცილებელი საშუალებები ქიმიურ გამხსნელებს ისეთი კონცენტრაციით შეიცავს, რომ სწორი გამოყენების შემთხვევაში არ ავნოს ჯანმრთელობას, მაგრამ აცეტონის ან ეთილის აცეტატის შემცველი სითხე დაღვრისას სწრაფად ორთქლდება და ჰაერში იფანტება, ჩასუნთქვისას კი შესაძლოა თავის ტკივილი და ძილიანობა გამოიწვიოს. რაც შეეხება დიმეთილ გლუტარატს, ის ჰაერში შედარებით ნელა გამოიყოფა.

მეტი სიფრთხილეა საჭირო ორსულობის დროს: აირჩიეთ ლაქის მოსაშორებელი უაცეტონო საშუალება და ეცადეთ, არ ჩაისუნთქოთ.

გარდა ამისა, ორსულობის დროს ფრჩხილები უფრო მგრძნობიარე, თხელი და მტვრევადია.

რჩევები:

* ეცადეთ, ლაქი არა დახურულ სივრცეში, არამედ ღია ფანჯარასთან მოიცილოთ ან ოთახი მისი გამოყენებისთანავე გაანიავოთ.

* გამოიყენეთ ზეითუნის ზეთისა და E ვიტამინის შემცველი ლაქის მოსაცილებელი საშუალებები.

* ლაქის მოშორებამდე ფრჩხილების გარშემო შეიზილეთ ზეითუნის ზეთი.

* ლაქის მოშორების შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ, ლაქის წასმამდე კი კარგად გაიმშრალეთ.

* წაისვით ხელებზე დამატენიანებელი კრემი და კარგად შეიზილეთ ფრჩხილებში.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: