ხშირი წარბები ბუნებრივი საშუალებებით

გააზიარე:

ბუნებრიობა ბოლო პერიოდის ტრენდად იქცა, რაც წარბების ფორმაზეც აისახა. წვრილი წარბები მკვეთრად გამოხატულმა სქელმა წარბებმა შეცვალა და თავსატეხი გაუჩინა მათ, ვინც წარბებს უმოწყალოდ იწვრილებდა, რადგან პირვანდელი ფორმის დაბრუნება არც ისე ადვილი აღმოჩნდა. ზოგან თმის ღერები საერთოდ გაქრა და მეჩხერი ადგილები გაჩნდა. ბევრი მათ წარბის ფანქრით, პუდრით თუ მაკიაჟის სხვა საშუალებებით იფარავს, თუმცა არსებობს მარტივი ხალხური საშუალებებიც, რომლებიც ასტიმულირებს თმის ზრდას და ხელს უწყობს წარბების გახშირებას.

1. წარბებს მოცულობა რომ შესძინოთ, უპირველეს ყოვლისა, თმის პინცეტით ამოღება უნდა შეწყვიტოთ ან ძალიან ფრთხილად მოიცილოთ ზედმეტი თმა. თმის ამოგლეჯა ძირს აზიანებს, რასაც იქამდე მივყავართ, რომ თმა ან ძალიან ნელა იზრდება, ან საერთოდ აღარ ამოდის. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თმის ზრდა ხანგრძლივი პროცესია, 6-8 კვირა სჭირდება.

უმჯობესია, წარბები სპეციალური ფუნჯით დაივარცხნოთ და მისცეთ სასურველი ფორმა, გრძელი ღერები კი მაკრატლით დაიმოკლოთ. ამისთვის წარბი ჯერ ზემოთ აივარცხნეთ, მერე ქვემოთ ჩამოივარცხნეთ, კიდეებზე ზედმეტად გადმოსული ღერები კი ფრთხილად მოიჭერით.

2. ვაზელინი ხალხურ მედიცინაში უკვე კარგად ნაცნობი საშუალებაა. ის იცავს და ელასტიკურობას უნარჩუნებს თმის ღერებს. გადაისვით წარბებზე დღეში ორჯერ, ნაზად დაიზილეთ და, სულ ცოტა, ნახევარი საათით დაიტოვეთ. მთელი ღამით დატოვება უკეთესია.

3. წარბების გასახშირებლად ყველაზე ხშირად აბუსალათინის ზეთს იყენებენ. ის მდიდარია ვიტამინებით, პროტეინებით, ცხიმოვანი მჟავებით, ანტიოქსიდანტებით, საუკეთესოდ კვებავს თმის ძირებს და ასტიმულირებს თმის ბუნებრივ ზრდას. წაისვით ცოტაოდენი წარბებზე დღეში ორჯერ და ნაზად შეიზილეთ ორი-სამი წუთის განმავლობაში. დაიტოვეთ, სულ ცოტა, ნახევარი საათით. უმჯობესია, მთელი ღამით. ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს პროცედურა რამდენიმე კვირის განმავლობაში რეგულარულად ჩაიტარეთ. ალერგიული რეაქციების გამოსარიცხად ზეთის ეფექტი ჯერ კანზე მოსინჯეთ.

4. აბუსალათინის მსგავსი ეფექტი აქვს ქოქოსისა და ზეითუნის ზეთებს, ისინიც მდიდარია ყველა იმ ნივთიერებით, რომლებიც აძლიერებს, იცავს, ატენიანებს და ელასტიკურობას უნარჩუნებს თმას. თუ რეგულარულად წაისვამთ წარბებზე, ღერები გაჯანსაღდება და ადვილად აღარ გადატყდება. შეიზილეთ დღეში ორჯერ ან ძილის წინ და დილამდე დაიტოვეთ.

5. იცოდით, რომ ხახვის წვენს თმის ზრდის სტიმულირება შეუძლია? მასში შემავალი გოგირდი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს თმის ზრდის დაჩქარებას. შესაძლოა, სუნმა ოდნავ შეგაწუხოთ, მაგრამ სილამაზისთვის მცირედი მსხვერპლის გაღება მოგიწევთ. სულ რაღაც 5-7 წუთი გაუძელით, მერე კი ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

6. წარბებს უხდება რძის ცილები, ცხიმები და ვიტამინები. ბამბა კარგად დაასველეთ რძეში და წარბებზე გადაისვით. ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს პროცედურა, შეძლებისდაგვარად, ყოველდღე, დღეში რამდენჯერმეც კი ჩაიტარეთ.

7. შამბალილას, იმავე ულბოს თესლი ძველი ხალხური საშუალებაა, რომელიც ხელს უწყობს თმის ზრდას. ცოტაოდენი ჩაალბეთ ცივ წყალში რამდენიმე საათით, მერე გადაწურეთ და კარგად დანაყეთ. დაამატეთ რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ან ნუშის ზეთი. მიღებული პასტისებური მასა ძილის წინ წარბებზე წაისვით და დილამდე დაიტოვეთ.

8. წარბებს ძალიან უხდება ალოე. ის ასტიმულირებს თმის ზრდას, კვებავს თმის ძირებს და აღადგენს დაზიანებულ ფოლიკულებს.

9. კვებასაც მიაქციეთ ყურადღება. შეიტანეთ ყოველდღიურ რაციონში ბიოტინით, A, ჩ, E ვიტამინებით, ომეგა-3-ით, რკინით, თუთიით მდიდარი საკვები. ეს ნივთიერებები თმას სიჯანსაღეს უნარჩუნებენ, სიმტკიცეს სძენენ და ხელს უწყობენ მის ზრდას.

10. სისხლის მიმოქცევის გასააქტიურებლად  რეგულარულად დაიზილეთ წარბები კბილის ჯაგრისით. ამ დროს თმის ძირებს სისხლი უკეთ მიეწოდება, რაც აჩქარებს თმის ზრდას და აძლიერებს ღერებს. შეიძლება კვირაში ორჯერ ნაზი პილინგის ჩატარებაც, მაგალითად, შაქრით – ის კანს მკვდარ უჯრედებს მოაცილებს და თმას ამოსვლას გაუადვილებს, მაგრამ ნურც გადააჭარბებთ. მასაჟისთვის ნებისმიერი ზეთი გამოგადგებათ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: