კერატინი – აბრეშუმისებრი, მბზინავი თმისთვის

გააზიარე:

ყოველი დაბანის შემდეგ თმის უთოთი ან ფენით გასწორება დამღლელია, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თმას აზიანებს. თუ სწორ თმაზე ოცნებობთ, მოსინჯეთ ყველაზე ინოვაციური პროდუქტი – კერატინი. მისი წყალობით სწორ, მბზინავ თმას რამდენიმე თვე შეინარჩუნებთ და აღარც წვიმაში მოხვედრა შეგაშინებთ.

რა პლუსები და მინუსები აქვს კერატინით თმის გასწორებას, როგორ მოვუაროთ თმას ამის შემდეგ და შესაძლებელია თუ არა ამ პროცედურის სახლის პირობებში ჩატარება? ამ და სხვა კითხვებზე პასუხს ქვემოთ იპოვით.

რა არის

კერატინი ცილოვანი ნივთიერებაა, რომელიც თმისა და ფრჩხილების შემადგენლობაში შედის. თმაში ის ქმნის ეგრეთ წოდებულ დამცავ შრეს – კუტიკულას, რომელიც თმას არასასურველი ფიზიკური და მექანიკური ზემოქმედებისგან იცავს. დაუზიანებელი კუტიკულა კარგად ირეკლავს სინათლეს და თმაც ამიტომ ბზინავს.

ყოველდღიური სტრესი, მოვლის აგრესიული საშუალებები, ცხელი ჰაერი კერატინის ბოჭკოებს აზიანებს და შლის. შედეგად თმა გამომშრალი და უსიცოცხლო ხდება, კარგავს ბზინვარებას და ადვილად ტყდება. მისი აღდგენის ერთ-ერთი ეფექტური გზა კერატინით მკურნალობაა.

თმის კერატინით გასწორება ქიმიური პროცესია. ამ დროს თმაში კერატინის ფენა აღდგება და თმა ახალ სტრუქტურას იძენს, აბურდული ღერები მშვიდდება, გაყოფილი ბოლოები და გაუხეშებული ზედაპირი ქრება, თმა ხდება მკვრივი, ძლიერი და სრიალა. პროცედურისთვის გამოიყენება ბუნებრივი კერატინის (რომელსაც უმთავრესად ცხვრის მატყლისგან იღებენ) შემცველი კრემი. სითბოს წყალობით კერატინი ღრმად აღწევს თმის ყოველ ღერში და კუტიკულაში გაჩენილ სიცარიელეს ავსებს.

პლუსები

* აქვს ხანგრძლივი ეფექტი;

* გამოსადეგია ყოველგვარი ტიპის თმისთვის;

* არ აზიანებს თმას;

* თმა ადვილად ივარცხნება და მოკლე ხანში იღებს სასურველ ფორმას;

* ჯანსაღდება და იძენს სასიამოვნო ბზინვარებას

* დასველების შემდეგაც ინარჩუნებს ფორმას;

მინუსები

* ძვირია;

* პროცედურა ხანგრძლივია;

* პროცედურიდან 2 კვირის განმავლობაში თმის შეღებვა ან გაბაცება არ შეიძლება;

* თმა შესაძლოა დაზიანდეს, თუ პროცედურა არაპროფესიონალმა ჩაატარა.

კერატინიანი პროდუქტები

კერატინის შემცველი პროდუქტების არჩევნი ძალიან დიდია. სხვადასხვა სალონი სხვადასხვა პროდუქტს იყენებს, რომლოებიც ერთმანეთისგან კერატინის შემცველობით განსხვავდება. სტილისტმა თმის ტიპისა და სასურველი შედეგის მიხედვით უნდა შეარჩიოს, რა სიძლიერის პროდუქტი გჭირდებათ. რაც უფრო მცირეა მასში კერატინის შემცველობა, მით უფრო ზედაპირული და ხანმოკლეა შედეგი. თუ კერატინის კონცენტრაცია 8%-ზე დაბალია, პროდუქტის ეფექტი არ აღემატება კერატინის შემცველი კონდიციონერის ან შამპუნის ეფექტს და სულ ერთი ან ორი კვირა ძლებს. ხანგრძლივი შედეგისთვის კერატინის შემცველობა 40%-ზე მაღალი უნდა იყოს. ძლიერი აგენტი ხვეულ თმაც კი ასწორებს.

რამდენ ხანს გრძელდება პროცედურა

თმის სიგრძის, სისქისა და გასწორების ინტენსივობის მიხედვით, პროცედურა შესაძლოა 3-5 საათს გაგრძელდეს, თუმცა უახლეს ტექნოლოგიებზე დამზადებულ საშუალებებს უფრო ნაკლები ხანი სჭირდება.

როგორ ტარდება

პროცედურის ძირითადი ეტაპები ასეთია:

1. უპირველეს ყოვლისა, თმას კარგად ბანენ. შეიძლება, შამპუნი 2-3-ჯერაც წაუსვან და 3-5 წუთი გააჩერონ, რათა შამპუნმა ოდნავ დაარღვიოს ღერების სტრუქტურა და კერატინმა უკეთ შეაღწიოს მათში. შემდეგ თანაბრად აშრობენ, ისე, რომ თმამ დაახლოებით 20%-იანი ტენიანობა შეინარჩუნოს.

2. თმას თხელ ფენებად ყოფენ და კრემის წასმას ძირებიდან 1-2 სანტიმეტრის მოშორებით იწყებენ. იმის მიხედვით, რამდენ კერატინს შეიცავს კრემი, მას თმაზე 20-40 წუთს ტოვებენ. სრულყოფილი შედეგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თმაზე კერატინის თანაბრად განაწილება.

3. შემდეგ თმას მრგვალი ჯაგრისით კარგად ვარცხნიან, თან ფენით აშრობენ.

4. ფენით გაშრობის შემდეგ თმა უთოთი სწორდება კეფიდან თხემისკენ. თითოეული ფენა ძალიან თხელია და 8-10-ჯერ უთოვდება.

უთომ თმა რომ არ დააზიანოს, აუცილებელია მწარმოებლის მიერ მითითებული ტემპერატურის დაცვა.

5. გასწორების შემდეგ თმას კარგად ბანენ სპეციალური შამპუნითა და კონდიციონერით.

6. დასასრულ, ფენით კარგად აშრობენ და ასწორებენ. ზოგჯერ გაშრობამდე თმაზე კიდევ უსვამენ მოვლის სპეციალურ საშუალებას, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება. ის თმას უფრო მეტად ატენიანებს და მაღალი ტემპერატურისგან იცავს.

სხვადასხვა სალონში პროცედურა შესაძლოა მცირე განსხვავებებით ჩატარდეს.

შესაძლებელია თუ არა კერატინით თმის გასწორება სახლის პირობებში?

სახლის პირობებში თმის გასასწორებლად არსებობს პროდუქტი, რომელიც შედარებით ნაკლებ კერატინს შეიცავს. ამ პროდუქტს არ აქვს ისეთი ეფექტი, როგორიც პროფესიონალურს – ის სულ 1-დან 3 თვემდე ძლებს. მეორე მხრივ, ეს პროცედურა აჯანსაღებს დაზიანებულ თმას, თანაც შედარებით იაფი და მარტივია.

თამი გასწორების წესი ინსტრუქციაშია აღწერილი. საუკეთესო შედეგისთვის ის ზედმიწევნით უნდა შესრულდეს.

ყველანაირ თმაზე შეიძლება თუ არა კერატინის პროცედურების ჩატარება?

კერატინით ნებისმიერი სტრუქტურის თმის გასწორება შეიძლება, არ აქვს მნიშვნელობა, გრძელია ის თუ მოკლე, სქელი თუ თხელი, ტალღოვანი თუ ხვეული. გარდა ამისა, კერატინის პროცედურა ძალიან უხდება ხშირი ღებვისა და გაუფერულებისგან დაზიანებულ, გამოფიტულ თმას, რომელიც უსიცოცხლოდ გამოიყურება.

მავნეა თუ არა ჯანმრთელობისთვის

კერატინით თმის გასწორებას დიდხანს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა: მიაჩნდათ, რომ ის არა მარტო თმისთვის, არამედ, საზოგადოდ, ჯანმრთელობისთვის არ იყო უსაფრთხო – საშუალებები, რომლებსაც სულ რამდენიმე წლის წინ იყენებდნენ, დიდი რაოდენობით შეიცავდა ფორმალდეჰიდს, რომელიც არა მარტო მომხმარებელს, არამედ სტილისტსაც ვნებდა.

საქმე ის არის, რომ თმის გაცხელების დროს გამოყოფილ ორთქლში შემავალ ფორმაალდეჰიდს შეუძლია გააღიზიანოს კანი, თვალები და სასუნთქი გზები, გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. გარდა ამისა, ფორმალდეჰიდი კანცეროგენად ითვლება.

დღეს თმის გასასწორებლად უმთავრესად გამოიყენება ახალი ტიპის პროდუქტები, რომლებიც ფორმალდეჰიდს არ შეიცავს და უფრო დამზოგველია თმისთვის.

გირჩევთ, პროცედურის დაწყებამდე გაეცნოთ პროდუქტის შემდგენლობას და დარწმუნდეთ, რომ აქვს მარკირება Fორმალდეჰყდე Fრეე.

როგორ მოვუაროთ

იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად დიდხანს შეინარჩუნოთ სწორი, ჯანსაღი და ბზინვარე თმა, აუცილებელია მოვლის წესების ცოდნაც. არასწორმა მოვლამ შესაძლოა კერატინის ვადაზე ადრე გამორეცხვა გამოიწვიოს და ეფექტმა დიდხანს ვეღარ გაძლოს.

პირველი სამი დღე

ეფექტის შესანარჩუნებლად განსაკურებით მნიშვნელოვანია თმის მოვლა პირველი სამი დღის განმავლობაში. კერატინს გარკვეული დრო სჭირდება კუტიკულაში შესაღწევად და შესაკავშირებლად, ამიტომ პროცედურის შემდეგ, სულ მცირე, 48-72 საათის განმავლობაში არ შეიძლება თავის დაბანა, რეზინით ან სხვა სამაგრით შეკვრა, თმაზე აქსესუარების დაბნევა. ასევე ნუ ჩახვალთ აუზში, ნუ დაიხურავთ რეზინის ქუდს, ერიდეთ წვიმას და რაც შეიძლება ნაკლებად შეეხეთ თმას.

შემდგომი მოვლა

ხარისხიანი პროდუქციის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია თმის არა მხოლოდ გასწორებისას, არამედ გასწორების შემდეგაც. მოვლის საშუალების შეძენამდე შეამოწმეთ, ხომ არ შეიცავს კერატინის დამშლელ კომპონენტებს – მარილს (ნატრიუმის ქლორიდს), ნატრიუმის სულფატს, სილიკონს ან ალკოჰოლს. შედეგის გასახანგრძლივებლად გამოიყენეთ კერატინით დამუშავებული თმისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები, მაგალითად, კერატინის შემცველი შამპუნი, კონდიციონერი და ნიღაბი.

პირველი ორი-სამი დაბანის შემდეგ სასურველია, თმა უთოთი ჩამოისწოროთ, რათა ეფექტი უფრო მკაფიოდ გამოჩნდეს. თუ თმა მეტისმეტად დავარდნილია, უთოთი დამუშავება საჭირო აღარ არის.

ერიდეთ ქლორიან და მარილიან წყალს. აუზში ან ზღვაში ცურვისას ეცადეთ, თმა არ დაისველოთ. თუ დაგისველდათ, მალევე ჩამოიბანეთ, რომ კერატინი არ დაიშალოს.

ერიდეთ თმის შეღებვას პროცედურიდან, სულ ცოტა, ორი კვირა, მერე კი სასურველია, უამიაკო საღებავით შეიღებოთ.

ნუ დაიბანთ თავს მეტისმეტად ხშირად და მეტისმეტად ცხელი წყლით.

გაინებივრეთ თმა დამატენიანებელი საშუალებებით – შრატით და ნიღბით.

ჯილდა გაჩეჩულაძე

გააზიარე: