როგორ მოვაშოროთ ქსოვილს ობი

გააზიარე:



ქსოვილზე ობი ჩნდება მაშინ, როდესაც ქსოვილი დიდხანს რჩება ნესტიან ადგილას ან ბოლომდე გაშრობას არ ვაცდით, ვკეცავთ და ვინახავთ. ობი ქსოვილს პატარა მონაცრისფრო ლაქებად აჩნდება, რაც არცთუ ისე სასიამოვნო სანახავია.
ობიანმა ტანსაცმელმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს: აგექავოთ ის ადგილი, სადაც ობი ტანს ეხება, დაგაყაროთ და ცემინება დაგაწყებინოთ. თუ ობიანი ქსოვილი დიდხანს გააჩერეთ შინ, მისი სპორები შესაძლოა მთელ სახლში გავრცელდეს. შედეგად აგექავოთ კანი, დაგისივდეთ თვალები და ვერც კი გაიგოთ, რითია გამოწვეული თქვენი ალერგია.
ქსოვილიდან ობის ამოყვანა შესაძლებელია და სტატიაში სწორედ ყველაზე ეფექტურ ხერხებს გაგაცნობთ.

ობის მოშორება ძმრით
1. ჩამორეცხეთ ობი ქსოვილიდან. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი კბილის ჯაგრისი. ქსოვილის ობიანი ადგილი ცხელ წყალს შეუშვირეთ და კარგად გახეხეთ. თუ ქსოვილი ნაზია, ზედმეტი არ მოგივიდეთ და არ გახიოთ. ეცადეთ, ამ გზით ქსოვილს რაც შეიძლება მეტი ობის ლაქა მოაშოროთ. ამის შემდეგ ჯაგრისი დაუყოვნებლივ გადააგდეთ, რადგან მისი გამოყენება აღარ შეიძლება – შესაძლოა, ობის სპორები გაავრცელოს.
ობის მოსაშორებლად შეარჩიეთ ადგილი, რომელიც კარგად ნიავდება. საუკეთესო შემთხვევაში, ეს უნდა გააკეთოთ გარეთ, ჰაერზე, რადგან ობის სპორებს უნარი შესწევთ, ჰაერში გავრცელდნენ და სხვა ქსოვილში ჩასხდნენ ან, უარეს შემთხვევაში, თქვენს ფილტვებში დაიდონ ბინა.

2. ასხურეთ ობიან ადგილს ლაქების ამომყვანი სითხე. ჯაგრისის შემდეგ, დანამეთ ობიანი ადგილი ლაქების ამომყვანი სითხით. დროა საჭირო, რომ ქსოვილი კარგად გაიჟღინთოს, ამიტომ ნახევარი საათი მაინც დაიცადეთ, სანამ ქსოვილს გარეცხავთ.

3. გარეცხეთ ქსოვილი ცხელი წყლით. გადაიყვანეთ სარეცხი მანქანა ცხელი წყლით რეცხვის და დიდი მოცულობის სარეცხის რეცხვის რეჟიმზე. გარეცხეთ მხოლოდ ობიანი ტანსაცმელი, არ შეყაროთ მასთან ერთად სხვა ნივთები, რადგან ობი შესაძლოა მათაც მოედოს. თუ თქვენი სარეცხი მანქანა გთხოვთ, სარეცხის მოცულობა რეჟიმს შეესაბამებოდეს, შეყარეთ ობიანთან ერთად ისეთი ნივთები, რომლებიც გასაფუჭებლად არ გენანებათ.
4. დაამატეთ სარეცხ საშუალებას ძმარი. ძმარი ანადგურებს სპორების 80%-ზე მეტს და ძალიან ეფექტურად აშორებს ქსოვილს ობის ლაქებს. მას შემდეგ, რაც სარეცხი მანქანა წყლით აივსება, სარეცხი საშუალების უჯრაში ჩაამატეთ 3/4 ჭიქა (დაახლოებით 177 მლ) თეთრი ღვინის ძმარი. ობიც უკეთესად მოშორდება და ობიანი ქსოვილისთვის დამახასიათებელი უსიამოვნო სუნიც გაქრება.

5. გააშრეთ ქსოვილი ჰაერზე. ბოლომდე მოშორდა თუ არა ქსოვილს ობი, მხოლოდ მას შემდეგ გაიგებთ, რაც ის კარგად გაშრება და თავდაპირველ ფერს დაიბრუნებს. ქსოვილი აუცილებლად ჰაერზე უნდა გააშროთ, თოკზე. მზიან ამინდში თუ გაფენთ, უკეთესია – მზის სხივებიც მოხვდება.
დაელოდეთ ქსოვილის გაშრობას და დააკვირდით – წესით, ობის კვალიც კი აღარსად უნდა იყოს.

ალტერნატიული ვარიანტი: ჩაალბეთ ქსოვილი ძმარში, უფრო ზუსტად, ერთი ჭიქა თეთრი ღვინის ძმრისა და სამჯერ მეტი ცხელი წყლის ნაზავში, და დაახლოებით ერთი საათით დატოვეთ, მერე კი სარეცხი საშუალებით გარეცხეთ სარეცხ მანქანაში, ცხელი წყლით რეცხვის რეჟიმში. ობის მთლიანად ამოსაყვანად შესაძლოა ამ პროცედურის გამეორება მოგიწიოთ.

ობის მოშორება მათეთრებლით
1. გადაიყვანეთ სარეცხი მანქანა ცხელი წყლით რეცხვის რეჟიმზე. მხოლოდ ცხელი წყალი აშორებს ობის სპორებს, თბილი და ცივი წყალი მათ ძვრას ვერ უზამს.
მათეთრებლის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ ქსოვილი თეთრია. სხვაგვარად ობთან ერთად ქსოვილს ფერსაც გააცლით.

2. დაამატეთ წყალს სარეცხი საშუალება და მათეთრებელი. ჯერ სარეცხი საშუალება ჩაყარეთ და სარეცხი მანქანა ჩართეთ. როდესაც აქაფდება, დაამატეთ 1 ჭიქა (237 მლ) მათეთრებელი.
სხვადასხვა მათეთრებელს გამოყენების სხვადასხვა წესი აქვს, ამიტომ თუ თქვენს მათეთრებელზე მითითებულია, რომ 1 ჭიქაზე მეტი ან ნაკლებია საჭირო, მიჰყევით ინსტრუქციას.

3. დაელოდეთ შედეგს. როცა რეცხვას დასრულდება, თეთრ ქსოვილს გამოღებისთანავე შეატყობთ, ბოლომდე მოშორდა თუ არა ობი. თუ მისი სპორები ჯერ კიდევაა ქსოვილზე, არ გააშროთ, კიდევ ერთხელ დაატრიალეთ.

ალტერნატიული ვარიანტი: ჩაალბეთ ქსოვილი მათეთრებელში. ჩაალბეთ ობიანი ქსოვილი ცხელ წყალში გახსნილ მათეთრებელში (რაოდენობა მითითებული იქნება მათეთრებლის შეფუთვაზე). გააჩერეთ რამდენიმე საათით. თუ მათეთრებელი ძალიან ძლიერი კონცენტრაციისაა, ერთი საათიც საკმარისია, თორემ შესაძლოა, ქსოვილი გაახუნოს. შემდეგ გარეცხეთ სარეცხ მანქანაში, ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით, ცხელი წყლით რეცხვის რეჟიმში.

ობის მოშორება ბორაკით (ნატრიუმის ტეტრაბორატით)
ბორაკი ობის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც არ გამოყოფს მავნე და ტოქსიკურ ნივთიერებებს. ბორაკით ობის მოსაშორებლად შეგიძლიათ შეიძინოთ ბორაკის სარეცხი საშუალება ან რეცხვისას წყალს და ჩვეულებრივ სარეცხ საშუალებას დაამატოთ ბორაკის ფხვნილი.

1. გახსენით ბორაკი წყალში. აიღეთ დიდი ჯამი, გაავსეთ ძალიან ცხელი წყლით, დაამატეთ 1/2 ჭიქა (118 მლ) ბორაკი და კოვზით ან სხვა ნივთით მანამდე ურიეთ, სანამ ბორაკი ბოლომდე არ გაიხსნება.

2. დაამატეთ სარეცხს ხსნარი. გადაიყვანეთ სარეცხი მანქანა ცხელი წყლით რეცხვის რეჟიმზე, დაამატეთ სარეცხი საშუალება და ბორაკის ხსნარი. დაელოდეთ, რომ მანქანამ დაასრულოს რეცხვა და ქსოვილი ჰაერზე გააშრეთ. ბოლომდე გაშრობის შემდეგ ობის კვალსაც ვეღარ იპოვით.

როგორ დავიცვათ ქსოვილი ობისგან

სანამ სარეცხს თოკიდან ჩამოხსნით, დააკვირდით, კარგადაა თუ არა გამშრალი. თუ ნესტიანია, დაუყოვნებლივ გააშრეთ საშრობში. ნუ ჩატოვებთ სარეცხს რეცხვის დასრულების შემდეგ სარეცს მანქანაში – ამით ობს ძალიან ხელსაყრელ პირობებს შეუქმნით.
ობი ოფლით გაჟღენთილ ქსოვილსაც შეიძლება მოეკიდოს, თუ მას ამ მდგომარეობაში ერთ დღეზე მეტი ხნით დატოვებთ. ნუ ჩაყრით ოფლისგან ნოტიო ტანსაცმელს სარეცხის კალათში და, მით უმეტეს, ნუ დატოვებთ იქ თუნდაც ერთი დღე. თუ დაუყოვნებლივ გარეცხვას ვერ ახერხებთ, გააშრეთ და ისე ჩადეთ კალათში. აუცილებლად გააშრეთ პირსახოციც ტანის ან თავის გამშრალების შემდეგ.
ეცადეთ, კარგად გაანიავოთ ის ოთახი, სადაც ტანსაცმლის საშრობი გაქვთ, თორემ მისგან გამომავალი სითბო ოთახს დაანესტიანებს და დიდი შანსია, კედლებზე ობი გაჩნდეს.
ბანაობის შემდეგ კარგად გაანიავეთ სააბაზანო ოთახი. თუ ფანჯარა არ აქვს, ჩართეთ ჰაერის გამწოვი ან დატოვეთ კარი ღია, რომ კედლები, იატაკი და ჭერი კარგად გაშრეს.

ლოკა ქათამაძე

გააზიარე: