მერაბ კილაძე – ლაპაროსკოპიული ქირურგიის ფუძემდებელი საქართველოში
გააზიარე:
თვითკმაყოფილებას არასდროს აჰყოლია, თუმცა ბევრი ისეთი რამ გაუკეთებია, რითაც ნებისმიერი იამაყებდა. “ქირურგიის კეთილ ჯადოქარსა” და “საუკუნის მეგობარზე” მერაბ კილაძეზე მის მეუღლესა და თანამშრომლებს ვესაუბრეთ.
თანდაყოლილი ნიჭი
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ენდოსკოპისტ ქირურგთა ასოციაციის საბჭოს წევრი, ევროპის ქირურგთა საზოგადოების ეროვნული დელეგატი საქართველოდან, საქართველოს ჰეპატოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და მმართველი საბჭოს წევრი, საქართველოს მცირეინვაზიურ ქირურგთა ასოციაციისა და პირველი კონგრესის პრეზიდენტი, ცნობარ “ვიდალის” სამეცნიერო კომიტეტის წევრი მერაბ კილაძე 1959 წლის 2 ივნისს ჭიათურაში დაიბადა.
ტრადიციულ ოჯახში აღიზარდა. დედა, მარიამ უგულავა, ქალაქის მთავარი პედიატრი იყო, მამა, მიხეილ კილაძე – მთავარი ვეტექიმი. ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდათ. მერაბი ნაბოლარა იყო, უფროს ძმაზე, თემურზე – თორმეტი, ხოლო დაზე, რუსუდანზე, ათი წლით უმცროსი.
– მშობლები ბევრს მუშაობდნენ. მერაბი თითქოს ბავშვობიდანვე გრძნობდა იმ პასუხისმგებლობას, რასაც ჩვენი მშობლების ავტორიტეტი აკისრებდა, – იხსენებს ქალბატონი რუსუდანი, – სწავლას გულდასმით ეკიდებოდა და მასწავლებლები მუდამ აქებდნენ. თავიდანვე მშვიდი, მორიდებული, მოწესრიგებული და პასუხისმგებლობიანი იყო. 13-14 წლის იქნებოდა, ბავშვებთან ერთად ფეხბურთის თამაშის დროს შარვალი გაეხა. შინ მისულს, ნემსი და ძაფი მოუძებნია და გარღვეული ადგილის კემსვა დაუწყია. ამ საქმიანობაში გართული დაუნახავს ბიძაჩვენს, ქალაქის მთავარ ქირურგ გერვასი კილაძეს, და უთქვამს: ამ გრძელთითება ბავშვისგან ნამდვილი ქირურგი დადგებაო.
ოჯახურ ტრადიციასთან ერთად, მერაბ კილაძის მომავალ პროფესიაზე განგებამაც იზრუნა. კლასში ყველაზე წარმატებული მოსწავლე სხარტი აზროვნებით გამოირჩეოდა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია ქირურგისთვის, რომელსაც გადაწყვეტილების უმოკლეს დროში მიღება უნდა შეეძლოს. ბავშვობის მეგობრები იხსენებენ, ხელს რომ ჩამოგართმევდა, მის თხელ და გრძელ თითებს იგრძნობდიო. კარგად თამაშობდა მაგიდის ჩოგბურთს და კალათბურთს – ზუსტი ხედვა და მოქნილი მაჯაც ხომ ქირურგის იარაღებია. განსაკუთრებით უყვარდა ბილიარდი. ახლობლები იხსენებენ: მამამისი იტყოდა ხოლმე, თამაშის დროს, ზედმიწევნით კონცენტრირებულს, ხელები ისე ჰქონდა მომართული, უთუოდ კარგი ქირურგი უნდა დამდგარიყოო.
მომავლის საფუძველი
ჭიათურის მე-3 საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში გააგრძელა სწავლა. როცა პირველად წაიყვანეს გვამის გაკვეთაზე დასასწრებად, ჯგუფიდან მხოლოდ მერაბი გამხდარა ცუდად და ნიშადურიც მიუშველებიათ...
"ქირურგობა მინდოდა, მაგრამ ამ შემთხვევის შემდეგ დიდხანს ვფიქრობდი, გამოვდგებოდი თუ არა ამ დარგში", – ვკითხულობთ მის პირად ჩანაწერებში, – გულქვა ადამიანი კარგი ქირურგი ვერ გამოვა – გონებისა და ხელის გარდა, მას მგრძნობიარე გულიც უნდა ჰქონდეს".
მესამე კურსიდან მაშინდელი არამიანცის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში მორიგეობდა და გამოცდილ ქირურგებს ეხმარებოდა. ორი წლის შემდეგ პასუხისმგებელმა მორიგე ექიმმა დიმიტრი წოტოიძემ პირველი ოპერაცია – აპენდექტომია ანდო. დიდ სიხარულს დიდი მღელვარებაც ახლდა, რომელიც განაკვეთის გაკეთებისთანავე გაქრა. წარმატებით დასრულებული ოპერაციის შემდეგ პაციენტს არ მოსცილებია, ათ წუთში ერთხელ აკითხავდა პალატაში და მეტისმეტი ყურადღებით შეაშინა კიდეც.
მტკიცე თეორიული ცოდნა ჰქონდა და პრაქტიკულ გამოცდილებასაც სწრაფად იძენდა. ხშირად იდგა ასისტენტად. მეექვსეკურსელი სტუდენტი ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრაზე თიაქრის ოპერაციებს ატარებდა, რთული შემთხვევების დროს უფროს კოლეგებს ეხმარებოდა.
"ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გამამწესეს მშობლიურ ქალაქში. იქ ორ წელიწად-ნახევარი ვიმუშავე. უამრავი ავადმყოფი მყავდა და პრაქტიკულად ყველა სირთულის ოპერაციის გაკეთებას დავეუფლე. დიდი გამოცდილება მივიღე. როცა გვერდით გამოცდილი ქირურგი გიდგას, მშვიდად ხარ, მაგრამ ასე, ყოველთვის სხვის იმედზე ყოფნით, ვერ გაიზრდები, წინააღმდეგობები უნდა გადალახო, რთული შემთხვევებიდან გამოძვრე. ამის მერე გემატება თავდაჯერებაც და სტიმულიც".
სანამ ცნობილი ექიმი გახდებოდა, ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში ვირტუოზებთან – გოგი კიკნაძესთან, ჯამბულ კურცხალიასა და გუტა ვაშაძესთან ერთად მოუწია მუშაობა. ჯერ კიდევ მაშინ აკეთებდა ოპერაციებს, რომლებსაც ამ ასაკში უმეტესობა ვერ შებედავდა. ერთხელ ყველა ქირურგი თანამშრომლის ქორწილში წასულიყო, მერაბი მორიგედ დაეტოვებინათ, იმ პირობით, რომ რთულ შემთხვევაში უფროს კოლეგას გამოიძახებდა. როცა გადამწყვეტი მომენტი დადგა, მან არავის დაურეკა და თავად დაიწყო ოპერაცია. შეშინებული ავადმყოფი თურმე იდაყვს ურტყამდა, მაგრამ ახალგაზრდა ქირურგს უკან არ დაუხევია და საქმე ბოლომდე მიუყვანია. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. იმ დღეს მერაბ კილაძემ შიში დაამარცხა.
ჭიათურაში მუშაობის დროს ზოგჯერ უროლოგობასაც ითავსებდა. ერთხელ, შუაღამისას, მიუყვანიათ მოხუცი კაცი, რომელსაც შარდის ბუშტი გადავსებული ჰქონდა და სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ოპერაციის განმავლობაში ცნობისმოყვარე პაციენტი წამდაუწუმ კითხულობდა თავისი მდგომარეობის მიზეზს. მერაბს გადაუწყვეტია, ეჩვენებინა მისთვის შარდის ბუშტიდან ამოღებული უზარმაზარი ქვა, მაგრამ მკვეთრ მოძრაობაზე ქვა სველი ხელთათმანიდან გასხლტომია და პაციენტს პირდაპირ შუბლში მოხვედრია, ისე, რომ ნაკერის დადებაც კი დასჭირვებია. საავადმყოფოდან გაწერის წინ, მერაბს პაციენტისთვის უკითხავს, ქვას შინ წაიღებ თუ სამახსოვროდ ქირურგიულ მუზეუმს დაუტოვებო, რაზეც მკვახე პასუხი მიუღია: ერთხელ მკლავდა ეგ ქვა, მეორედ კინაღამ მომკლა და სახლში წავიღო, რომ მესამედ მომკლასო?!
"ჭუჭრუტანის" ქირურგია
1988 წელს თბილისის კონსტანტინე ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში ჩაირიცხა. 1990 წლიდან გამოჩენილი ქირურგის ანზორ დადვანის რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში, მოგვიანებით კი მეორე ქირურგიულ განყოფილებაში გადავიდა, რომელსაც აკადემიკოსი ზურაბ ცხაკაია ხელმძღვანელობდა. ოპერაციის დროს პროფესორი ხშირად აქებდა, სოკოსავით სწრაფად იზრდები და ისე ხმარობ ქირურგიულ ინსტრუმენტებს, მე რომ მომწონსო. ასე გახდა მერაბ კილაძე ბატონი ზურაბის საუკეთესო მოწაფე. ყოველი მორიგეობის დროს ახალგაზრდა ქირურგი, სულ მცირე, 4-6 გადაუდებელ ოპერაციას აკეთებდა, მისი რეკორდი კი ერთ დღე-ღამეში ჩატარებული ცამეტი ოპერაციაა.
მერაბ კილაძის საექიმო კარიერის ყველაზე საინტერესო და რთული ეტაპი 1996 წლიდან იწყება და საქართველოში ლაპაროსკოპიული ქირურგიის განვითარებას უკავშირდება. ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში პირველი საერთაშორისო კონფერენცია 1996 წლის მაისში ყოფილი მეხუთე სამმართველოს საავადმყოფოში (ი. ჭავჭავაძის N 5) გაიმართა. მისი ორგანიზატორები ამერიკაში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე, პროფესორი პლატონ ესართია, და იტალიელი პროფესორი ჯანლუიჯი მელოტი იყვნენ. საკონფერენციო დარბაზში დამონტაჟებულ ტელევიზორებში გადმოიცემოდა იტალიელი და ამერიკელი ქირურგების მიერ ჩატარებული ლაპაროსკოპიული ოპერაციების პირდაპირი ტრანსლაცია. ძველი თაობის ქირურგების აბსოლუტური უმრავლესობა თავდაპირველად დიდი სკეპტიციზმით ეკიდებოდა ოპერაციების ე. წ. უსისხლო მეთოდს და დაცინვით "ჭუჭრუტანის ქირურგიად" მოიხსენიებდა. სწორედ მერაბ კილაძის, ლადო ჭიპაშვილის და დავით აბულაძის ძალისხმევით შეიცვალა დამოკიდებულება პროფესორმა ზურაბ ცხაკაიამ და თორაკოაბდომინური ქირურგიის კლინიკაში გზა გაეხსნა ლაპაროსკოპიული ქირურგიის განვითარების სახელმწიფო პროგრამას.
1997 წლის მარტში ზურაბ ცხაკაია, მერაბ კილაძე, ლადო ჭიპაშვილი და დავით აბულაძე გაემგზავრნენ ატლანტაში, ჯორჯიის სამედიცინო ცენტრში, ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში ექვსკვირიან სტაჟირებაზე. პირველი ლაპაროსკოპიული ოპერაცია მერაბმა სწორედ იქ, ვიეტნამის ომის ვეტერანის, ჯიმ კარტერის პირადი ქირურგის, ჯორჯ ლუკასის ხელმძღვანელობით ჩაატარა.
იმავე წლის ოქტომბერში ზ. ცხაკაიას კლინიკამ უმასპინძლა მეორე საერთაშორისო კონფერენციას ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში. იტალიიდან ჩამოსულმა პროფესორმა მელოტიმ თავის გუნდთან ერთად ჩამოიტანა საჭირო აპარატურა, სახარჯი მასალები და საჩვენებელი ოპერაციები და ლექციები ჩაატარა. აღსანიშნავია პროფესორ პლატონ ესართიას და გია ჭანტურიას მიერ სამთავრობო დონეზე შემუშავებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა თორაკოაბდომინური კლინიკის ბაზაზე ქირურგების უსასყიდლოდ გადამზადებას ამერიკასა და იტალიაში, ასევე – საჭირო აპარატურისა და მასალების ჰუმანიტარული წესით დონაციას.
მერაბ კილაძემ და მისმა გუნდმა 1998 წელს იტალიაში, სანტ’აგოსტინოს ჰოსპიტალში, პროფესორ ჯანლუიჯი მელოტის ხელმძღვანელობით სამთვიანი სტაჟირება გაიარეს მაღალტექნოლოგიურ ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში. მისი პირველი ოპერაციების შემხედვარე იტალიელებს ეჭვი შეპარვიათ, ალბათ, კილაძეს ადრეც გაუკეთებია მსგავსი ოპერაციებიო, არადა ის ის იყო სწავლობდა ლაპაროსკოპიის პრაქტიკულ საფუძვლებს...
დიდი ნაბიჯებით მომავლისკენ
ზურაბ ცხაკაიას გარდაცვალების შემდეგ კლინიკას მისი სახელი დაერქვა და ლაპაროსკოპიული ქირურგიის ჯგუფის ხელმძღვანელობა მერაბ კილაძეს დაეკისრა. მან ღირსეულად განაგრძო დაწყებული საქმე. მერაბისა და მისი გუნდის ძალისხმევით 1999-2005 წლებში კლინიკის ბაზაზე ყოველწლიურად იმართებოდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები.
მერაბი პრაქტიკულ მუშაობას უხამებდა დაუღალავ სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას, აქვეყნებდა ნაშრომებს ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებში, იღებდა პატენტებს. რეგულარულად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. როგორც ექსპერტს, ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა კლინიკაში განსაკუთრებით რთული ოპერაციების ჩასატარებლად.
მისი მასშტაბური სამეცნიერო-პრაქტიკული მოღვაწეობიდან აღსანიშნავია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი: . 2001 წელს ბეირუთში, ლიბანში, მერაბ კილაძე აირჩიეს ხმელთაშუა ზღვისა და ახლო აღმოსავლეთის ენდოსკოპიურ ქირურგთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრად.
. 2002 წელს მან, პირველმა საქართველოში, დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლაპაროსკოპიული ქირურგიის მიმართულებით.
. საქართველოში პირველმა მანვე ჩაატარა ლაპაროსკოპიული ოპერაციების წყება, მათ შორის – ღვიძლის სეგმენტური რეზექცია და მედიანური რკალისებური იოგის გაკვეთა დანბარის სინდრომის დროს.
. 2007 წელს მერაბ კილაძის ინიციატივით დაარსდა საქართველოს მცირეინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს.
. 2008 წელს მან ორგანიზება გაუწია ასოციაციის პირველ კონგრესს – პირველ მასშტაბურ ღონისძიებას საქართველოში, რომელზეც ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში მოღვაწე ქართველმა ექიმებმა გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.
. 2013 წელს მერაბ კილაძის იდეით და ავტორობით (თანაავტორები – თ. ჩართოლანი, დ. აბულაძე) გამოიცა პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო ლაპაროსკოპიულ ქირურგიაში.
. მერაბ კილაძის ძალისხმევით ჩამოყალიბდა კლინიკა "კარაპს მედლაინში" ქირურგიის დეპარტამენტი, რომელიც დღეს მისი სახელობისაა.
– სრულიად ახალბედა ექიმები დაგვიყენა გვერდით, ჩაგვრთო მუშაობაში, ენერგიას არ იშურებდა ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად, – გვიყვება დავით ელგანდაშვილი, – ახალ კლინიკაში ბატონმა მერაბმა წამოგვიყვანა თავისი აღზრდილი გუნდი, რომელიც ყველა ოპერაციაზე გვერდით ჰყავდა და თვალდახუჭული ენდობოდა. თავისი თავდაუზოგავი, არაადამიანური შრომით მან უმაღლეს ხარისხში აიყვანა მცირეინვაზიური ოპერაციული ტექნიკა. დღეში 10-12 ოპერაციას აკეთებდა. ფაქტობრივად, საკუთარ თავს ეჯიბრებოდა, რადგან მისი ბადალი ვირტუოზული ტექნიკის მქონე ქირურგი მე პირადად არ მეგულება. 2016 წლის 22 დეკემბერს ბატონი მერაბის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მისი სახელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მე დამევალა. ეს განუზომლად დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ყოველი ოპერაციის დროს ვგრძნობ მის მხარდაჭერასა და მფარველობას.
ნინო მერლანი:
– ერთმანეთი 1988 წლის აპრილში გავიცანით, მაშინ მერაბი ჭიათურაში მუშაობდა, მე კი მე-5 კურსის სტუდენტი ვიყავი. გაცნობიდან შვიდ თვეში ვიქორწინეთ. თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში უამრავი სიძნელე გადავიტანეთ ერთად. ორი შვილი შეგვეძინა, მარიამი და გიორგი. საოცრად მზრუნველი, გულისხმიერი, მოსიყვარულე მეუღლე და მამა იყო. ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ შვილებს კარგი განათლება მიეღოთ. უხაროდა, რომ გიორგიმ მისი პროფესია აირჩია. მისაბაძი იყო მერაბის დამოკიდებულება მოხუცი მშობლების მიმართ. სწორედ მათ მაგალითზე ჩამოყალიბდა პიროვნებად.
ბევრი რამ ვისწავლე მისგან. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო განათლება არ მაქვს, ყოველი რთული ოპერაციის შემდეგ მიყვებოდა, რა და როგორ გააკეთა. მეც გულისყურით ვუსმენდი. ბევრჯერ მითქვამს, ნეტავი პაციენტების ახლობლებმა იცოდნენ, მთელი ოჯახი როგორ ვგულშემატკივრობთ–მეთქი.
პროფესიის წყალობით, უამრავ ნიჭიერ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა. მისი პაციენტები ჩვენი ოჯახის მეგობრები ხდებოდნენ. ძალიან უყვარდა მეგობრებთან მოლხენა, როგორც კი დრო გამოუჩნდებოდა, შინ, ბუხართან, საოცარ საღამოებს მართავდა.
მხოლოდ ის მანუგეშებს, რომ ღირსეულად განვლო ცხოვრების გზა და სამუდამოდ დაიდო ბინა მადლიერი პაციენტებისა და მეგობრების გულებში.
მარი მარღანია