ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე – ბავშვთა პირველი ჰემატოლოგიური განყოფილების ფუძემდებელი საქართველოში

გააზიარე:

განათლებული, კეთილსინდისიერი, საქმის ერთგული, დარგის მოამაგე... შეგვეძლო, კიდევ არაერთი ეპითეტი მოგვეხმო, მაგრამ რა საჭიროა სიტყვამრავლობა, როცა ავთანდილ კვეზერელი-კოპაძის სახელი ყველა ამ ცნებას იტევს.

ფესვები

ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე 1925 წლის პირველ აპრილს თბილისში დაიბადა. 1944 წელს დაამთავრა დედაქალაქის მე-4 საშუალო სკოლა. ეს ის სკოლაა, რომლის მშენებლობისთვის ავთანდილის პაპას, ივანეს, სოლიდური თანხა გაუღია. შემდგომში მას ცნობილი პედაგოგი გრიგოლ კობახიძე ედგა სათავეში. როცა საქმე პროფესიის არჩევაზე მიდგა, ავთანდილს უყოყმანოდ მიუღია დედის წინადადება, შენგან კარგი ექიმი დადგებაო და 1944 წელსვე ჩარიცხულა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე.

კალათბურთის თამაშის დროს ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე დაშავდა, რის გამოც დიდი სამამულო ომის ქარცეცხლი არ გამოუვლია. სტუდენტობის დროს და შემდგომ წლებშიც კალათბურთს რესპუბლიკის უმაღლესი ლიგის გუნდებში თამაშობდა. მომავალი ექიმი, წარმატებული სპორტსმენი, გამორჩეული გარეგნობისა და ინტელექტის პატრონი, ქალაქშიც და მის ფარგლებს გარეთაც პოპულარული ყოფილა.

– ყველაფერს თავისი სათავე აქვს, – ამბობს ყარამან ფაღავა, თსსუ პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი, – პიროვნების სათავე ოჯახია. ბატონი ავთანდილი ტრადიციულ თბილისურ ოჯახში დაიბადა, რომელიც ლამის ერეკლე II-ის დროიდან ცხოვრობდა ავლაბარში. ავთანდილის პაპას, ივანეს, დიდი წვლილი შეუტანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, პირველი ქართული უნივერსიტეტისა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების დაარსებაში. მისი ვაჟი, ნიკოლოზი, ტექნიკური ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენელი – გზებისა და ხიდების ინჟინერი გახლდათ. ამასთან, იყო თვალსაჩინო საზოგადო მოღვაწე, ლიტერატორი, მეარქივე. მეუღლედ ბედმა აჩუქა ევგენია ლეონტიევა, გენერლის ასული, ბრწყინვალე პედიატრი, ზუბალაშვილების მიერ აშენებული საქართველოში პირველი პედიატრიული კლინიკის განყოფილების გამგე, ქართული პედიატრიის მებაირახტრის მარიამ უგრელიძის უახლოესი მეგობარი და თანამოაზრე. სწორედ ქალბატონმა ევგენიამ დაუდო სათავე კვეზერელი-კოპაძეების პედიატრიულ დინასტიას. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი ეკავა ბატონ ავთანდილს, საქართველოში ამ დარგის მიღწევების თვითმხილველსა და მემატიანეს. ის ბავშვობიდანვე იყო მამაპაპისეულ სახლში კლინიკის თანამშრომელთა შეხვედრების მოწმე, შემდეგ კი პრაქტიკულად არ ჩატარებულა პედიატრიაში ღონისძიება, რომლის მონაწილე ან ორგანიზატორიც არ ყოფილიყო.

ტარიელი და ავთანდილი ქართული ხასიათის ორი მთავარი არქეტიპია, თუმცა წინათაც და ახლაც ჩვენში ტარიელები ჭარბობენ. ბატონი ავთანდილი ამ მხრივაც ბედნიერი გამონაკლისი გახლდათ. ემოციებზე წინ მუდამ გონებას, ლოგიკას აყენებდა. ეს იყო მისი პიროვნების მთავარი თვისება.

1937 წლის ქარტეხილმა კვეზერელი– კოპაძეების ოჯახსაც გადაუარა. სანიმუშო პროფესიული მოღვაწეობისთვის ჯილდოს მინიჭებიდან სამ დღეში მავნებლობის ბრალდებით დააპატიმრეს და კარელიაში გადაასახლეს ნიკოლოზი. მაშინ ავთო 12 წლის იყო. ღამის სტუმრობის შესახებ არაფერი გაუგია, არც ის, მამა შუბლზე კოცნით რომ დაემშვიდობა. ოჯახი მძიმე განსაცდელისგან დედის დიდმა ავტორიტეტმა იხსნა. ქალბატონი ევგენია იმდროინდელი კომუნისტური ელიტის შვილებს მკურნალობდა. მთავრობისადმი გაგზავნილმა მისმა წერილმა გაჭრა, 1939 წელს ბატონი ნიკოს საქმე გადასინჯეს და ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. თანამდებობაც შეუთავაზებიათ, მაგრამ უარი უთქვამს და 1941 წელს თბილისის ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში დაუწყია მუშაობა.

1949 წელს ავთანდილმა ინსტიტუტი დაამთავრა და სპორტსა და ექიმის პროფესიას შორის რთული არჩევანის წინაშე დადგა. ბევრი უფიქრია და გადაუწყვეტია, რომ მედიცინაში შეთავსებით მომუშავე ადამიანი ექიმად არ ივარგებდა. ასე გახდა ექიმი, თუმცა ვერც სპორტს შეელია, ის მისი ცხოვრების წესად იქცა.

თბილისში, პრესტიჟულ კლინიკაში მუშაობას, მშობლებთან ერთად უზრუნველ ცხოვრებას ავთომ დამოუკიდებლობა არჩია. მისი რჩეული, მისივე თანაკურსელი ელენე მანჯგალაძე, სოხუმში გაანაწილეს და ავთანდილიც აფხაზეთში გადასახლდა. იქ იქორწინეს და სამაგალითო ოჯახი შექმნეს. იმხანად საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს აფხაზეთში გზავნიდნენ სამუშაოდ, ასე რომ, სოხუმში ბევრმა თბილისელმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი, რომლებიც სამსახურის შემდეგ ლენასა და ავთანდილის პატარა, თბილ, მუდამ ხალისიან ბინაში იკრიბებოდნენ "სტუდენტურ" პურმარილზე.

პირველი გამოწვევა

ავთანდილი ჯერ სოხუმის სანეპიდსადგურში მუშაობდა, მერე ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს, სადაც ახალბედა ექიმს უმძიმესი მდგომარეობა დახვდა. ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით ჯანდაცვის სამინისტროც კი შეშფოთებული იყო. ავთანდილს მუშაობის სტილი და მეთოდები ძირფესვიანად შეუცვლია, მათთვის, ვინც ჩვილებს ყურადღებას აკლებდა, დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადებია. ავადმყოფი ბავშვებისთვის იქვე გაუხსნია სტაციონარიც. მეგობარი ფიზიკოსის დახმარებით სიახლეც დაუნერგავს: ფიზიკოსს მისი იდეის მიხედვით შეუქმნია ხელსაწყო, რომელიც ჩვილის საწოლზე, მუშამბის ქვეშ მაგრდებოდა და თუ პატარა ჩაისველებდა, სიგნალს გამოსცემდა. ხმაურზე მომვლელი ხვდებოდა, რომელი ჩვილისთვის უნდა გამოეცვალა საფენი. პამპერსის ეპოქამდე, ცხადია, ჯერ კიდევ შორი იყო.

ახალგაზრდა ექიმის წარმატების ამბავი ჯერ აფხაზეთის, მერე კი საქართველოს ფარგლებსაც გასცდა და ბატონმა ავთომ საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის მინისტრის მადლობის წერილიც კი მიიღო. ექიმისთვის ეს დიდი სტიმული იყო, რომელიც უფრო მეტი პროფესიული სითამამისკენ უბიძგებდა.

– გუდაუთაში სამი ბავშვი გაურკვეველი ავადმყოფობით გარდაიცვალა, – მოგვითხრობს ბატონი ავთანდილის ქალიშვილი, ექიმი ჰემატოლოგი მარინე კვეზერელი-კოპაძე, – რამდენიმე კი მძიმე მდგომარეობაში იყო. ხელმძღვანელობას მამა გაუგზავნია ვითარებაში გასარკვევად. ახალგაზრდა ექიმს ავადმყოფი ბავშვის ოჯახში ასეთი სურათი დახვედრია: მოხუცი კაცი ჩვილის აკვნის გარშემო წითელბაფთიან თხას დაატარებდა და შელოცვის რიტუალს ასრულებდა. ბავშვს წითელას მძიმე ფორმა და ფილტვების ანთება ჰქონდა. მამას ავადმყოფის სოხუმში წაყვანა გადაუწყვეტია, მაგრამ ოჯახი გაჯიუტებულა. საბოლოოდ საქმეში რაიკომის მდივანი ჩარეულა. მის ავტორიტეტს გაუჭრია და მშობლებს უკან დაუხევიათ. მამას ბავშვი საავადმყოფოში გადაუყვანია და გადაურჩენია.

ასეთი ისტორია მამას ცხოვრებაში უამრავი იყო. გამოცდილებასთან ერთად ალღო ბევრჯერ დახმარებია რთულ სიტუაციაში, განსაკუთრებით იმ წლებში, როცა პირველ ნაბიჯებს დგამდა პროფესიულ გზაზე. მისი დიდი ხნის მეგობარი და კოლეგა, ქალბატონი ქეთევან ანჯაფარიძე, ამბობდა, არ მახსოვს, მცდარი დიაგნოზი დაესვასო.

აფხაზეთის ომის შემდეგ მამა ხშირად იხსენებდა იქაურ ამბებს და უკვირდა, სად გაქრა, სად დაიკარგა ის ხალასი დამოკიდებულება, რომელიც ადამიანებს აკავშირებდა. 1992-1993 წლებში თბილისს დევნილთა ტალღა მოაწყდა. მათ შორის იყვნენ მამას კოლეგები და ნაცნობები. არაერთ მათგანს გაუწოდა დახმარების ხელი და მათთვის ფსიქოლოგიური თუ მატერიალური მდგომარეობის შემსუბუქება სცადა.

სწრაფვა მეცნიერებისკენ

პროფესიული დაოსტატების სურვილმა ახალგაზრდა პედიატრი საკავშირო სამედიცინო აკადემიის პედიატრიის ინსტიტუტის კლინიკურ ორდინატურაში მიიყვანა. სწორედ იქ, მოსკოვში, დაიწყო სამეცნიერო საქმიანობა და მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული კლინიცისტი იყო, სიცოცხლის ბოლომდე არ უღალატია მეცნიერებისთვის.

ერთხელ ბატონმა ავთანდილმა თქვა, რომ მისი სამუშაო კაბინეტის კედელზე სამი სურათი ეკიდა: ალექსანდრა დობროხოტოვასი (სსრკ სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიკის წევრ-კორესპონდენტი, საბჭოთა კავშირის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი პედიატრი 1945-1952 წლებში), მიტროფან სტუდენიკინის (აკადემიკოსი, რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის პედიატრიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი) და პიმენ ყურაშვილის (საქართველოს პედიატრიის ინსტიტუტის პირველი დირექტორი). ეს ის სამი ადამიანი გახლდათ, ვინც უდიდესი წვლილი შეიტანა მის პიროვნულ და პროფესიულ ჩამოყალიბებაში.

მისი დისერტაციის ხელმძღვანელი სწორედ აკადემიკოსი ალექსანდრა დობროხოტოვა იყო. ავთანდილი კლინიკური ორდინატურის კურსს გადიოდა და არ ევალებოდა, მაგრამ ძალიან უნდოდა სადისერტაციო თემის აღება და დახმარება სიმკაცრითა და სამართლიანობით განთქმულ დობროხოტოვას სთხოვა. ახალგაზრდა ორდინატორის სითამამით აღფრთოვანებულ აკადემიკოსს მისთვის საცდელი თემა შეუთავაზებია – თუ ამას კარგად დაამუშავებ, დისერტაციაზე მერე ვისაუბროთო. სამ თვეში ავთანდილს ისე მოუმზადებია საკითხი, მუდამ თავშეკავებულ დობროხოტოვას აღტაცებით უთქვამს, შენგან კაცი დადგებაო.

ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე იყო პედიატრიის საკავშირო ინსტიტუტის პირველი კლინიკური ორდინატორი, რომელმაც დისერტაცია დაიცვა.

კლინიკური ორდინატურის დამთავრების შემდეგ კვლავ სოხუმში დაბრუნდა, ამჯერად – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ პედიატრად და სოხუმის ბავშვთა საავადმყოფოს განყოფილების გამგედ. მისი დამსახურებით მოგვარდა მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული საკითხები, რამაც ბავშვთა პოლიკლინიკებსა და სტაციონარებს სრულფასოვნად მუშაობის საშუალება მისცა. აფხაზეთის პედიატრიული სამსახურის მომძლავრებამ შექმნა წინაპირობა ექიმ პედიატრთა სამედიცინო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის, რომელსაც ბატონი ავთანდილი ხელმძღვანელობდა.

1959 წლის დეკემბერში თბილისში გაიხსნა პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორად პიმენ ყურაშვილი დაინიშნა. ინსტიტუტის სათავეებთან სხვა ცნობილ პედიატრებთან ერთად ბატონი ავთანდილიც იდგა. როგორც ჩანს, ყურაშვილი თვალს ადევნებდა ახალგაზრდა ექიმის მოღვაწეობას აფხაზეთსა და რუსეთში და როცა ჯანდაცვის სამინისტროში შემთხვევით შეხვდა ავთანდილს, უყოყმანოდ შესთავაზა საპასუხისმგებლო თანამდებობა. ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე ექვსი წლის განმავლობაში ჯერ ინსტიტუტის სწავლული მდივანი იყო, მერე კი დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.

ნოვატორული მიდგომები

1966 წელს ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე პედიატრიის ინსტიტუტის ბაზაზე ახლად დაარსებული ბავშვთა ჰემატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელად დაინიშნა, რომელსაც 45 წლის განმავლობაში ედგა სათავეში. წლების განმავლობაში მისი ხელმძღვანელობით მეცნიერთა ჯგუფი იკვლევდა საქართველოს ჯანმრთელ ბავშვთა სისხლის ნორმატივებს. ამ კვლევის შედეგად დადგენილი მონაცემებით დღესაც სარგებლობენ პედიატრები და ჰემატოლოგები. ბატონი ავთანდილი ძალიან დიდხანს სწავლობდა დედისა და ბავშვის სისხლის იზო-ანტიგენური შეუთავსებლობის საკითხებს. მან, პირველმა საქართველოში, აკადემიკოს კოტე ჩაჩავასთან ერთად დანერგა ამ პათოლოგიის მკურნალობის უნიკალური მეთოდი – შენაცვლებითი სისხლის გადასხმა. პირველად საბჭოთა კავშირში კრიოკონსერვირებული ერითროციტული მასა გადაესხა ახალშობილს. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და მკურნალობის ნოვატორულმა მეთოდმა 1975 წელს მოსკოვში, სიცივის მსოფლიო კონგრესზე, დიდი მოწონება დაიმსახურა. ორგანიზაციულ და სამეცნიერო სიახლეთა დანერგვის შედეგად ქვეყანაში ახალშობილთა ჰემოლიზური დაავადებების შემთხვევათა რაოდენობამ იკლო.

პირველად საქართველოში, თბილისის სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურში სხვადასხვა სეპტიკური დაავადების სამკურნალოდ დამზადდა ანტისტაფილოკოკური პლაზმა და ბატონმა ავთანდილმა ის ადრეული ასაკის ბავშვებში სეფსისის სამკურნალოდ გამოიყენა.

მისი სამეცნიერო მოღვაწეობის საინტერესო მიმართულება გახლდათ საქართველოში ბავშვთა რკინადეფიციტური ანემიის ეპიდემიოლოგიური კვლევა, რომელიც დაგვირგვინდა პირველი ქართული მონოგრაფიით – "ანემიები ბავშვთა ასაკში".

წარმატებულ პრაქტიკოს ექიმს და პოპულარული სამეცნიერო ნაშრომების ავტორს საზღვარგარეთაც ხშირად იწვევდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის იმდროინდელი პოლიტიკის გამო მხოლოდ ინგლისში, ირლანდიასა და პოლონეთში მოუხერხებია ჰემატოლოგთა და პედიატრთა საერთაშორისო კონგრესებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობა. ერთხელ ბატონი ავთანდილის ნაშრომი საკავშირო ჟურნალში დაუბეჭდავთ. მალევე ისრაელიდან წერილი მოსვლია, თქვენი სტატია ძალიან მოგვეწონა და თუ ნებას დაგვრთავთ, ვთარგმნით და ისრაელშიც გამოვაქვეყნებთო. ამ წერილის გამო ბატონი ავთანდილი დაუბარებიათ, სადაც ჯერ არის, და დაუკითხავთ, წერილი კი ჟურნალთან ერთად "განსახილველად" წაუღიათ. მიუხედავად იმისა რომ მეორე დღესვე დაუბრუნებიათ და ბოდიშიც მოუხდიათ, წერილი მაინც დაუხევია...

1979 წელს ავთანდილ კვეზერელი-კოპაძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. 1990 წელს პროფესორის წოდება მიენიჭა. არის 170 სამეცნიერო ნაშრომისა და 4 მონოგრაფიის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით პედიატრიასა და ჰემატოლოგიაში 15 საკანდიდატო დისერტაცია დაიწერა. ათი წლის განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დარგში სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი საბჭოს შეუვალი და სამართლიანი წევრი. არჩეული გახლდათ საქართველოს მედიკო– სოციალური და მედიკო-ბიოლოგიური აკადემიების ნამდვილ წევრად.

2010 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. დაჯილდოვდა ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით. მიენიჭა მედიცინის რაინდის წოდება.

წარმატებულ სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობასთან ერთად პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, სტუდენტებს შორის საუკეთესოთა გამოვლენას და მათთვის გზის გაკვლევას ცდილობდა.

– დღეს ბავშვთა ჰემატოლოგია რომ ერთ-ერთი წარმატებული დარგია საქართველოში, ეს დიდწილად ბატონი ავთანდილის დამსახურებაა, – აღნიშნავს პროფესორი ირაკლი ფავლენიშვილი, – დიდია მისი წვლილი ჰემატოლოგიის ფორმირებასა და ექიმ-მეცნიერთა სკოლის შექმნაში. ექიმთა მომზადება დღესაც ბატონი ავთანდილის მიერ შემუშავებული სარეზიდენტო პროგრამით მიმდინარეობს.

ბატონი ავთანდილი ჩემი დისერტაციის ოპონენტი გახლდათ და საკმაოდ ბევრი რამ მკითხა, შენიშვნებიც მომცა. ჩანდა, დისერტაცია თავიდან ბოლომდე გულდასმით, საფუძვლიანად ჰქონდა წაკითხული და გააზრებული (როგორც შემდგომ დავრწმუნდი, ასე იქცეოდა ყოველთვის, როცა ხარისხის მაძიებლის ოპონირება უწევდა). მისი უსაზღვროდ მადლიერი ვარ, რადგან თავის წარმოჩენის საშუალება მომცა.

არ დამავიწყდება, როგორი სითბოთი და სიყვარულით ხვდებოდნენ საქართველოს რეგიონებში, სადაც ტრენინგებს ვმართავდით პედიატრებისა და ნეონატოლოგებისთვის. იხსენებდნენ მის მიერ გაწვდილ დახმარების ხელს, ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიცემულ რჩევა-დარიგებებს და მძიმე ავადმყოფებისთვის გაწეულ შედეგიან კონსულტაციებს.

პროფესიონალიზმი, პატიოსნება და უანგარობა – თუ ექიმი ამ სამი პრინციპის ერთგულია, ის საზოგადოებისთვის აუცილებლად გამორჩეული პიროვნება იქნებაო, ამბობდა ბატონი ავთანდილი და თავადაც არასდროს ღალატობდა ამ პრინციპებს. მტკიცე ოჯახი, შესანიშნავი შთამომავლობა, მეგობრები, ურიცხვი მადლიერი პაციენტი, მათი მშობლები გახლდათ მისი ცხოვრების აზრი. სიამაყით ამბობდა, რომ მისი შვილები და შვილიშვილები სწორად არჩეული გეზის უტყუარ ანარეკლს წარმოადგენდნენ.

ავთანდილ კვეზერელი-კოპაძე 91 წლისა გარდაიცვალა.

მისი უფროსი ქალიშვილი, მარინე, პედიატრთა დინასტიის გზას აგრძელებს, უმცროსი, მაია, ფილოლოგია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობას. ოთხი შვილიშვილიდან თეონა დევდარიანს განსაკუთრებით დიდი პასუხისმგებლობა ხვდა წილად, რადგან პაპის ნაკვალევს მიჰყვება. როგორც თავად ამბობს, ბატონი ავთანდილის პროფესიული გზა მაგალითია მისთვის, ამხნევებს და სირთულეთა გადალახვაში ეხმარება.

მარი მარღანია

გააზიარე: