ჰომეოპათია
გააზიარე:
მკურნალობის ამ მეთოდს ბევრი სკეპტიკურად უყურებს, ბევრიც ბანალური “ჯადოქრობისგან” ვერ განასხვავებს... მიუხედავად ყველაფრისა, ჰომეოპათია პოპულარობის პიკზეა. გერმანიაში – იქ, სადაც მედიცინის ეს დარგი იშვა – მოსახლეობის 80% ჯანმრთელობას ჰომეოპათიურ წამლებს ანდობს.
ჰომეოპათიის ძირითად პრინციპებს თავი მოუყარა და სააშკარაოზე გამოიტანა XVIII საუკუნეში მოღვაწე გერმანელმა ექიმმა, ფარმაცევტმა, მეწარმემ... უკაცრავად, ქიმიკოსმა სამუელ ჰანემანმა. ის ქინინის ხის ქერქზე ცდებს ატარებდა, როდესაც შეამჩნია, რომ ქინინის კონცენტრირებული ხსნარი სწორედ იმ სიმპტომებს იწვევდა, რომელთა სამკურნალოდაც იყო მიმართული. მაგალითად, თუ სურდოს სამკურნალო საშუალებას გამოიყენებდა, ოღონდ მეტისმეტად მცირე კონცენტრაციით, ცხვირიდან გამონადენი გარდაუვალი იყო. ანალოგიური თვისებების ძიება გერმანელმა მეცნიერმა სხვა ნივთიერებებშიც დაიწყო და იპოვა კიდეც. ასე დაიბადა ჰომეოპათიის ძირითადი მცნება: “მსგავსი მსგავსითვე იკურნება”.
იმხანად ერთობ მოდური გახლდათ მკურნალობის ისეთი მეთოდები, როგორიც არის სისხლის გამოშვება, ვერცხლისწყლისა და ტყვიის აბების ყლაპვა, ოყნა დილა-საღამოს... ამ მეთოდების ფონზე იყო თუ რეალური ეფექტურობის წყალობით, ჰომეოპათიამ მალე მოიპოვა პოპულარობა.
ამჟამად არსებობს ჰომეოპათიის რამდენიმე მიმდინარეობა, რომლებიც შეიძლება ორ ძირითად მიმართულებად გავაერთიანოთ:
. კლასიკურად, რომელსაც ბელგიაში, საფრანგეთში, ინდოეთსა და საბერძნეთში მისდევენ. ჰომეოპათიის კლასიკური სკოლის პრინციპების თანახმად, ავადმყოფს ენიშნება ერთადერთი სწორად შერჩეული სამკურნალო საშუალება, რომელიც მოქმედებს როგორც ავადმყოფობის სიმპტომებზე, ასევე ავადმყოფის ფსიქიკაზეც, – რაღა თქმა უნდა, დადებითად! კლასიკური სკოლის მიმდევრებს თავი ჰანემანის იდეურ მემკვიდრეებად მიაჩნიათ და ჰომეოპათიას მთელ დანარჩენ მედიცინას უპირისპირებენ. ადვილი მისახვედრია, რამდენი მოწინააღმდეგე ეყოლებათ...
. კომპლექსური ჰომეოპათია უფრო თანამედროვე იდეებს ეფუძნება. ამ იდეების მიმდევრები ამტკიცებენ, ჰანემანის ეპოქის შემდეგ დაავადებათა ხასიათი შეიცვალა, რამაც ჰომეოპათიის გადახალისებაც გამოიწვია. თუ საუკუნეების წინათ დაავადებათა 80% მწვავე იყო, დღეს უმთავრესად ქრონიკული პათოლოგიები გვხვდება, რაც გარემოს ბრალიაო, ირწმუნებიან ისინი და დასძენენ, რომ ოდენ ჰომეოპათიური საშუალებით ესოდენ რთულ პირობებში აღმოცენებულ დაავადებათა განკურნება შეუძლებელია. მათი აზრით, ჰომეოპათიამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს თანამედროვე მედიცინასთან. მხოლოდ ერთად თუ დაამარცხებს ისინი ძველ თუ ახალ სნეულებებს.
ნჯღრევა-დაყოფის პრინციპი
ჩვეულებრივი (ბუნებრივი!) სამკურნალო საშუალების მარტივ კომპონენტებად დაყოფა და შემდეგ თითოეული ნაწილაკის გააქტიურება – აი, ეს გახლავთ ჰომეოპათიის ძირითადი პრინციპი. ვერ მიხვდით? ვეცდები, აგიხსნათ: იღებენ სამკურნალო ნივთიერებას, მაგალითად, გვირილის ექსტრაქტს, მის ერთ წილს საგულდაგულოდ ხსნიან ცხრა წილ სპირტში და ათჯერ ინტენსიურად შეანჯღრევენ (ამ პროცესს დინამიზაციას უწოდებენ); მიღებული ხსნარის ერთ წილს კიდევ ცხრა წილ სპირტს ამატებენ და მანამდე ანჯღრევენ, ვიდრე სასურველ შედეგს (მას პოტენციას უწოდებენ) არ მიიღებენ. ასე, მაგალითად: თუ საჭიროა გვირილის ექსტრაქტის ექვსი მეათედი პოტენციის მიღება (ჰომეოპათების ენაზე – Chammomilla D6), ეს მოქმედება 6-ჯერ უნდა განმეორდეს. ამის შემდეგ მზა სამკურნალო მასალას შაქრის ბურთულებზე დაიტანენ, წვეთებად ასხამენ ან კრემს ურევენ.
ეს პროცესი ერთი შეხედვით მართლაც ჯადოქრობას უფრო ჰგავს, ვიდრე ფარმაციას. ასეა თუ ისე, ჰომეოპათიის მამებს (უმთავრესად გერმანელებს, შიგადაშიგ კი ფრანგებსაც) მიაჩნიათ, რომ ამგვარი მოქმედებით ხსნარი ახალ, განსაკუთრებულ თვისებას იძენს: “ფოტონების ემისიის საშუალებით ნივთიერება დამატებითი კინეტიკური ენერგიით აღიჭურვება” ან “წყლის კლასტერები განსაკუთრებულ “მეხსიერებას” იძენს”. მართალია, უბრალო მოკვდავი ამ ფრაზებს ვერაფერს გაუგებს, მაგრამ ჰომეოპათებს მათ სიზუსტეში ეჭვი არ ეპარებათ.
ამას კიდევ რა უშავს; დაბნევა ახლა ნახეთ, ჰომეოპათიური ბურთულის მოქმედების მექანიზმზე რომ დავიწყებთ საუბარს. გრანულირებული, ბურთად ქცეული მასა ენის ქვეშ უნდა დავიდოთ. პირის ღრუსა და ნაწლავების ლორწოვან გარსებზე მოხვედრის შემდეგ წამლის აქტიური კომპონენტები იმუნოკომპონენტური უჯრედების რეცეპტორებზე იწყებენ მოქმედებას, რაც საბოლოოდ ამ უჯრედთა სხვადასხვა ტიპის ლიმფოციტად გარდასახვას უწყობს ხელს. ლიმფურ დინებაში მოხვედრილი ეს უჯრედები უმწიფარ ლიმფოციტებს “წვრთნიან”, რაც ერთგვარი იმუნური პასუხის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, შედეგად კი იმუნიტეტი ძლიერდება, სიმპტომები ქრება და დაავადება იკურნება.
თუ ვერც პრეპარატის დამზადებას და ვერც მისი მოქმედების მექანიზმს ვერაფერი გაუგეთ, შეგიძლიათ, თავი იმ ტერმინებით მოიწონოთ, რომლებსაც ფიტოთერაპევტებისგან ხშირად გაიგონებთ. ეს იმ ნივთიერებათა სახელებია, რომლებითაც ამა თუ იმ დაავადებას ებრძვიან:
. არნიკა ტრავმების, ჭრილობების დროს გამოგადგებათ;
. აკონიტი მოგიხდებათ დაავადების უეცარი, მწვავე დასაწყისის დროს, რომელსაც სხეულის ტემპერატურის მკვეთრი მატება მოჰყვება ხოლმე;
. კოკულიუსი თავბრუხვევისა და გულისრევის წამალი ყოფილა;
. ნუკს ვომიტა პირღებინების, კუჭში სიმძიმის შეგრძნების დროს მოგგვრით შვებას;
. იგნაცია ისტერიკისა და სტრესის დროს გიშველით.
სუსტი წერტილი თუ...
ბევრი ჰომეოპათიურ წამლებს ეჭვით უყურებს. ეს გასაგებიც არის – დღეს ხომ ექიმები უმთავრესად მტკიცებით მედიცინას ეფუძნებიან, ამ მიდგომით კი ჰომეოპათიური მიღწევები არცთუ დამაჯერებელი აღმოჩნდა, რასაც თავისი მიზეზი აქვს:
. კლასიკური ჰომეოპათია სიმპტომებზეა ორიენტირებული. წამლის ეფექტურობის შესასწავლად დაკვირვება ერთი და იმავე სიმპტომის მქონე ასეულობით ადამიანზე უნდა ჩატარდეს, ამდენი მოხალისის შეკრება კი ძალიან ძნელია. გარდა ამისა, ეფექტური კლინიკური კვლევის ჩასატარებლად რამდენიმე ასეული ათასი დოლარის, ევროს, უკიდურეს შემთხვევაში, ლარის დახარჯვაა საჭირო, ამ თანხის გაღება კი ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებსაც უჭირთ.
მიუხედავად ამდენი სირთულისა, მცირემასშტაბიანი კვლევების ჩატარება მაინც მოხერხდა. დასკვნები ამგვარია:
. ზოგიერთი ჰომეოპათიური პრეპარატი ძალზე ეფექტურად ებრძვის ვირუსებს – გრიპის, ჰერპესის ვირუსებს, ასევე ადენოვირუსსა და რინოსინციტიურ ვირუსს.
. ზოგიერთი ჰომეოპათიური პრეპარატი სასახსრე ხრტილზე მოქმედებს და ართროზის განკურნებასაც კი ახერხებს. ეს საშუალებები თანამედროვე სინთეზური მედიკამენტების მსგავსად ბოჭავს ციკლოოქსიგენაზასა და ლიპოქსიგენაზას – ფერმენტებს, რომლებიც ანთებასა და ტკივილს იწვევს.
. ზოგიერთი ჰომეოპათიური პრეპარატი კი თურმე სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და შედეგად თავბრუხვევას ხსნის. მტკიცებულებაც არსებობს: სპეციალური აპარატის წყალობით შესაძლებელი გახდა ამ პროცესის ვიდეოფირზე ჩაწერა.
. გერმანელმა ჰეპატოლოგმა (ღვიძლის პრობლემების სპეციალისტმა), პროფესორმა გებჰარდმა, დაამტკიცა, რომ ჰომეოპათიური წამლები ღვიძლს მძიმე მეტალებისგან (ტყვიისგან, კადმიუმისგან) და ვირუსებისგან იცავს.
ამ მტკიცებულებათა მისაღებად მეცნიერები ცდებს ცხოველებზე ატარებდნენ. როგორც ჩანს, როლში ისე შეიჭრნენ, რომ განსაკუთრებული დარგიც კი შექმნეს – ვეტერინარული ჰომეოპათია.
დამოუკიდებელი სამუშაო
ჰომეოპათიური მედიკამენტები მხოლოდ და მხოლოდ სპეციალისტის რეკომენდაციით უნდა დაინიშნოს. ეს – მათ გასაგონად, ვისაც ყური მოუკრავს, ამ ტიპის წამლები გვერდით ეფექტს პრაქტიკულად არ იწვევსო და ამით გათამამებული დამოუკიდებლად იწყებს ჰომეოთერაპიას.
თუ ჰომეოპათიური მედიკამენტებით თვითნებურად მკურნალობას მაინც არ იშლით, ზოგი რამ გაითვალისწინეთ:
. ექიმის დანიშნულების გარეშე მხოლოდ და მხოლოდ კომპლექსური მოქმედების საშუალებების მიღება შეიძლება, რომლებიც რამდენიმე კომპონენტს შეიცავს.
. ერთკომპონენტიანი, კონკრეტული განზავების მქონე ჰომეოპათიური წამლის შერჩევა სპეციალისტის პრეროგატივაა და ჰომეოპათიური მეცნიერებისგან შორს მდგომ ადამიანს ძალიან გაუძნელდება.
. ჰომეოპათიური საშუალებები სხვადასხვა ფორმით გამოდის. ზრდასრულ ადამიანს უმეტესად წვეთებს ან გრანულებს უნიშნავენ. სანთლებს უმთავრესად ბავშვებისთვის იყენებენ. რაც შეეხება ამპულირებულ ფორმას, რომელიც ორგანიზმში მოხვედრა მხოლოდ და მხოლოდ ინექციის გზით არის შესაძლებელი, მისი გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება.
. ჰომეოპათიური საშუალების მიღება რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან ერთი საათის შემდეგ. პრეპარატის მიღების პერიოდში სასურველია ერიდოთ ალკოჰოლს, მაგარი ჩაისა და ყავას. კლასიკური ჰომეოპათიის მიმდევრები ტკბილეულის ჭამას და, თქვენ წარმოიდგინეთ, მენთოლის შემცველი კბილის პასტის გამოყენებასაც კი კრძალავენ.
ანუ...
დასავლური სამედიცინო სკოლა ჰომეოპათიას კომპლიმენტურ და ალტერნატიულ მედიცინას მიაკუთვნებს. ამგვარი კლასიფიკაცია უკეთ ხსნის, რა სახით შეიძლება მკურნალობის ამ დარგის გამოყენება: უმჯობესია, ჰომეოპათიური საშუალებები სინთეზური პრეპარატების პარალელურად იქნეს მიღებული. ასეთი ტანდემი შედეგიანი იქნება, რადგან:
. ჰომეოპათიური პრეპარატები სინთეზურ მედიკამენტებზე გავლენას არ ახდენს;
. სინთეზურისგან განსხვავებით, ჰომეოპათიური საშუალებები მძიმე პათოლოგიების (მძიმედ მიმდინარე ართროზის, კიბოს, ღვიძლის ციროზის, ალცჰაიმერის) სამკურნალოდ არ გამოიყენება; სამაგიეროდ, სიმპტომებს საგრძნობლად ასუსტებს.
. ორივე ტიპის პრეპარატის მიღება ძალზე მოხერხებულია: ერთს ჭამამდე დალევთ, მეორეს კი ჭამის შემდეგ.