გაზაფხულის მზე და მისი გავლენა კანზე

გააზიარე:

ავტორი: მარი მარღანია
რესპოდენტი: ზაზა თელია

ნაცრისფერი ზამთრის შემდეგ სულსა და სხეულს ისე არაფერი კურნავს, როგორც ფერადი გაზაფხული. წელიწადის ამ დროს ყველაფერი ჭარბადაა: ემოციები, მხიარულება და მზის ულტრაიისფერი გამოსხივება... შემთხვევითი როდია, რომ მაისი მელანომისა და კანის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა. დერმატოვენეროლოგი ზაზა თელია გვირჩევს, როგორ მოვუაროთ კანს გაზაფხულზე, რომ უნებლიე შეცდომები მომავალში დიდ თავის ტკივილად არ გვექცეს.

#1 როგორ მოვემზადოთ გაზაფხულისთვის

ჩვენს ქვეყანაში ულტრაიისფერი გამოსხივება გაზაფხულობითაა ყველაზე ინტენსიური. სამწუხაროდ, ბევრს დღემდე სჯერა, რომ ზამთარსა და გაზაფხულის გრილ დღეებში მზისგან დამცავი საშუალებები ზედმეტია. სინამდვილეში, კანის კიბოს განვითარების რისკის შესამცირებლად, მათი გამოყენება რეკომენდებულია ყოველდღე, მთელი წლის განმავლობაში. ვინც ამ რეკომენდაციას ასრულებს, მას არცერთ სეზონთან შესახვედრად განსაკუთრებული მომზადება აღარ სჭირდება.

#2 რატომ გვეშინია UV გამოსხივების?

მზის ულტრაიისფერი A სხივები (UV-A) კანში ღრმად აღწევს, ხელს უწყობს მისი ელასტიკურობის დაქვეითებას და მის ადრეულ დაბერებას განაპირობებს. მეტიც - გრძელტალღოვანი გამოსხივება თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ასტიმულირებს და არაპირდაპირი გზით აზიანებს უჯრედებს, ეს კი მომავალში შესაძლოა კანის კიბოს მიზეზად იქცეს. გარდა ამისა, UV-A გამოსხივება ჰიპერპიგმენტაციასაც იწვევს.

UV-B გამოსხივება UV-A-სთან შედარებით მოკლეტალღოვანი და მაღალენერგიულია. ის, უპირველეს ყოვლისა, მზით დამწვრობაზეა პასუხისმგებელი. მართალია, B სხივები კანის მხოლოდ ზედაპირულ შრეში, ეპიდერმისში აღწევს, მაგრამ აზიანებს უჯრედების ბირთვს და ამგვარად ზრდის კანის კიბოს განვითარების რისკს.

#3 როგორ გავირუჯოთ ჯანსაღად?

თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ "უსაფრთხო გარუჯვა" არ არსებობს! გარუჯული კანი უკვე ნიშნავს დაზიანებულ კანს, რადგან რუჯი სხვა არაფერია, თუ არა ორგანიზმის პასუხი მზის აგრესიაზე. როცა კანი მზის სხივების ჭარბ ზემოქმედებას განიცდის, მისი ზედაპირული შრე, ეპიდერმისი, სქელდება და მელანინის – კანის ფერის განმსაზღვრელი პიგმენტის – დაჩქარებულ წარმოქმნას იწყებს. მელანინი ფარივით ეფარება უჯრედებს, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების არასასურველი ზემოქმედებისგან დაიცვას.

#4 როგორ შევარჩიოთ დამცავი?

არსებობს მზისგან დამცავი გარეგანი საშუალებების ორი ძირითადი ტიპი: ქიმიური (ორგანული) და ფიზიკური (მინერალური). ეს უკანასკნელი არ განიცდის ქიმიურ ტრანსფორმაციას და უბრალოდ აირეკლავს ულტრაიისფერ სხივებს, ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებისა და კანის ალერგიული დაავადების მქონე პირებისთვისაც შეიძლება. მზისგან დამცავი ფიზიკური საშუალებების ნაკლად მიიჩნევა მათი მსუყე კონსისტენცია და კანზე დატოვებული დამახასიათებელი თეთრი კვალი.

ქიმიური შემადგენლობის დამცავი საშუალებები შთანთქავენ კანის ზედაპირულ შრეში შეჭრილ UV სხივებს, გარდაქმნიან მათ და სითბოს სახით გამოყოფენ გარეთ. ქიმიურ დამცავებს, წესისამებრ, უფრო მსუბუქი კონსისტენცია აქვს, კანზე ადვილად ნაწილდება და ადვილადვე შეიწოვება, თუმცა შესაძლოა, მგრძნობიარე კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.

გაითვალისწინეთ: მზისგან დამცავი საშუალებები კანს უნდა იცავდეს არა მხოლოდ ულტრაიისფერი, არამედ ხილული სხივებისგანაც, განსაკუთრებით - ლურჯი სხივებისგან, რომლებიც მუქი კანის პიგმენტაციას იწვევს. აუცილებელია ინფრაწითელი გამოსხივებისგან დაცვაც, რადგან მას კანის უფრო ღრმა შრეებში სითბური ეფექტის და დაზიანების გამოწვევა შეუძლია. ამიტომ უმჯობესია ისეთი კრემის გამოყენება, რომლის ეტიკეტზეც არის წარწერა: ფართო სპექტრის (UVB და UVA) ან სრული სპექტრის (ლურჯი და ინფრაწითელი) დაცვა.

#5 როგორ გამოვიყენოთ სწორად?

თუ მზეზე ბევრ დროს გაატარებთ, კრემი მელანომის განვითარებისგან ვერ დაგიცავთ. ეტიკეტზე მითითებული SPF ინდექსი მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რამდენად იცავს ეს პროდუქტი დამწვრობისგან! მიუხედავად იმისა, რომ SPF 30 დამწვრობისგან 97%-იან დაცვას უზრუნველყოფს, ის არ წარმოადგენს მზეზე წოლის "ლიცენზიას". მზისგან დამცავი ფარფლებიან ქუდსა და სათვალესთან ერთად უნდა გამოიყენოთ.

კრემი უნდა წაისვათ შენობიდან გასვლამდე 20 წუთით ადრე სხეულის იმ უბნებზე, რომლებსაც ტანსაცმელი არ ფარავს. თუ იცურავეთ, გაოფლიანდით ან წყალი გადაივლეთ, კრემის ხელახლა წასმაა საჭირო. ჩვეულებრივ კი საცხის ფენა ორ საათში ერთხელ უნდა განახლდეს.

ბავშვებს ჯერ მთელ ტანზე წაუსვით დამცავი და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააცვით ტანსაცმელი – პატარები ბევრს მოძრაობენ, შესაძლოა, სამოსის კიდე აეკეცოთ და დაუცველი კანი მზის სხივების პირისპირ აღმოჩნდეს.

#6 მაკიაჟი და SPF

არსებობს დეკორატიული კოსმეტიკა, რომელიც მზისგან დამცავ ფაქტორსაც შეიცავს, თუმცა ის მავნე გამოსხივებისგან ვერ დაგიცავთ, რადგან ასეთ პროდუქტს იმ რაოდენობით ვერ წაისვამთ, რომ კანზე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი სათანადო ფენა შეიქმნას, ამიტომ დეკორატიული კოსმეტიკის ქვეშ აუცილებლად წაისვით მზისგან დამცავი საშუალებაც. არ აქვს მნიშვნელობა, მზიანი დღეა, ღრუბლიანი თუ მთელი დღის ოფისში გატარებას აპირებთ – ეს აუცილებელია სახის კანის დასაცავად.

#7 მზისგან დამცავი საშუალებები და D ვიტამინი

მითია, თითქოს SPF-ის შემცველი საცხები D ვიტამინის სინთეზის დაქვეითებას იწვევს. ამის არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ცნობილია, რომ მზისგან დამცავი საშუალება SPF15 ინდექსით UVB სხივების 93%-ისგან იცავს, SPF50-ის მქონე საცხი კი - 98%-ისგან. მაშასადამე, ჩვენი კანი ულტრაიისფერი სხივების 2-7%-ს მაინც შთანთქავს, რაც სავსებით საკმარისია D ვიტამინის გამომუშავებისთვის.

გააზიარე: